პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„თევზის ჭერა“ საწოლში (ენურეზი)

ენურეზი – ანუ ღამით შარდის შეუკავებლობა – ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია. მისი მიზეზი ძალიან ძნელი დასადგენია, ასევე ძნელია მისი თავიდან აცილება და კიდევ უფრო ძნელი – მისი აღმოფხვრა.

ჩვეულებრივ, ბიჭები 4-4,5 წლის ასაკში წყვეტენ ღამით ჩასველებას, გოგონები – ნახევარი წლით ადრე. ამ ასაკამდე შარდის შეუკავებლობა სერიოზულ პრობლემად არ უნდა ჩავთვალოთ. საერთოდ, ჩვენ ბევრად ადრე ვიწყებთ ბავშვებისთვის შარდის შეკავების სწავლებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც კიდევ არაერთხელ ჩაისველებენ საწოლში. ასე რომ, წარმატებად ვერ ვთვლით, რომ 3 წლის ბავშვის ლოგინი ხანდახან მშრალი გვხვდება. ეს, რა თქმა უნდა, კარგის ნიშანია, მაგრამ სულაც არაა საბოლოო გამარჯვების დამამტკიცებელი.

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

  1. უწინარეს ყოვლისა, პრობლემას უნდა მივუდგეთ მშვიდად და უნდა გვჯეროდეს, რომ შევძლებთ მის მოგვარებას. მით უმეტეს, რომ ხშირად ეს პრობლემა თავისით, ჩვენგან დამოუკიდებლად გვარდება.
  2. ნუ ელოდებით, რომ ბავშვი ღამით და დღისით ჩასველებას ერთდროულად გადაეჩვევა. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება.
  3. ნუ ელოდებით საოცრებას, რომ უცებ გადააჩვევთ თქვენს შვილს ჩასველებას. ამ გზით მხოლოდ ავნებთ მას. თუ ასეთი წარმატების მიღწევას შეძლებთ, შესაძლოა მარცხი განიცადოთ ბავშვის განვითარების სხვა სფეროში.
  4. როცა ბავშვი დღისით შარდის შეკავებას ისწავლის, ამის შემდეგ შეგვიძლია ღამითაც ვასწავლოთ ეს. აქ არის მხოლოდ ერთი საშუალება: საჭიროა ყოველი წარმატებული ეპიზოდის შექება. ნუ ეტყვით თქვენს ვაჟიშვილს, რას ელით მისგან, ნუ შეაწუხებთ მას, ნუ გაკიცხავთ. მასთან ერთად გიხაროდეთ, თუ მთელი დღის განმავლობაში შეძლებს მშრალი დარჩეს. უთხარით მას, რომ – ახლა ის უკვე დიდია, დააჯილდოვეთ ქებით და სიყვარულით. ამით გაამხნევებთ მას და წარმატებისკენ უფრო მიზანსწრაფულს გახდით.
  5. სასარგებლო იქნება, თუ ღამით ერთი-ორჯერ წაიყვანთ ტუალეტში. ეს ჩვევად არ გადაექცევა, თუმცა დაეხმარება, მშრალი დარჩეს, „საწოლში თევზი არ დაიჭიროს“ და შექებაც დაიმსახუროს. თქვენთვისაც კარგია: დილით რეცხვა არ დაგჭირდებათ.
  6. ნუ გაკიცხავთ ბავშვს, თუ მისი საწოლი დილით სველი დაგხვდებათ. ნუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას. ყველაზე მეტი, რაც ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უთხრათ, არის: „არაფერია, გენაცვალე, მალე შენ შეწყვეტ ლოგინში ჩასველებას ღამით, ახლა კი, მოდი, გაკოცო“.

ბავშვებს თანდაყოლილი არა აქვთ სისუფთავის ჩვევა. დავუშვათ, ჩვენ არ ვასწავლეთ ბავშვს სიფაქიზე, რა მოხდება? ორიდან ერთი: იგი ან ისევ ჩაისველებს შარვალში ან საწოლში, ან შეითვისებს ჩვენს ქცევას, მაშინაც კი, თუ ამას სპეციალურად არ ვასწავლით. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად სავარაუდოა.

შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, მაგალითად:

  1. სიბნელის შიში;
  2. უძნელდება ტუალეტამდე მისვლა;
  3. ბავშვმა შეიძლება უბრალოდ არ იცოდეს, რომ ლოგინში ჩასველება არ შეიძლება;
  4. დღისით მიღებული ძლიერი შთაბეჭდილება;
  5. ინფანტილიზმი ან ბავშვის საერთო განვითარების შეფერხება;
  6. ნაადრევი ან მკაცრი მცდელობა ვასწავლოთ ღამის ქოთნის ხმარება.

შეამჩნევდით, რომ აქ არსად არ არის ლაპარაკი სუფთა ფიზიოლოგიურ ფაქტორებზე, ისეთებზე, როგორიცაა საშარდე სისტემის დაავადება. თუმცა მშობლები, უპირველესად, სწორედ ამას ვარაუდობენ და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ბავშვებს სამედიცინო კვლევებს უტარებენ, რაც თითქმის ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა. მილიონი ბავშვიდან მხოლოდ ერთს შეიძლება ფიზიოლოგიური განუვითარებლობის გამო აღენიშნებოდეს შარდის შეუკავებლობა. მაშასადამე, ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა საღამოს სითხის შეზღუდვა, ამაოა. ღამით შარდის შეუკავებლობა უპირატესად განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, ეს არასწორი აღზრდის შედეგია, ან რაღაც ფსიქიკური დაძაბულობის გამოვლენა, ან შეიძლება ერთიც და მეორეც ერთდროულად.

უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაში უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად ყველაფერი ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და  მშობლებთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ალექსანდრე 5,5 წლის, ყოველ ღამე „იჭერს თევზს ლოგინში“. დედა მისადმი ყოველთვის ალერსიანი და მზრუნველია, მაგრამ ისე ეპყრობა ბიჭს, თითქოს ის მხოლოდ 3 წლისაა. მამა კი პირიქით – მკაცრი, პირქუშია და ვერ ეგუება ვაჟიშვილის ინფანტილიზმს. ბიჭუნას აკრძალული აქვს იყოს ისეთი, როგორიცაა და თავს სუსტად და უმწეოდ გრძნობს. ასეთ პირობებში ის კიდევ დიდხანს ჩაისველებს ლოგინში. არაცნობიერად ამაში ვლინდება მისი კონფლიქტი. ერთი მხრივ, მამა თვლის მას მოზრდილად და ეს წარმოშობს ბავშვში უძლურებისა და გაბოროტების შეგრძნებას, ამავე დროს, დედას უნდა, რომ იგი მეტხანს დარჩეს პატარად, მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებ დროს და ყურადღებას უთმობს მას. ამ შემთხვევაში შარდის შეუკავებლობა თითქოსდა ბავშვის მცდელობაა გვაჩვენოს, რომ იგი ჯერ ბავშვია, მაგრამ არც ისე პატარა, ამასთან, იგი განიცდის აგრესიულ კმაყოფილებას, როცა ხედავს, როგორ ჯავრობს მამა, როცა დილით ვაჟიშვილის ლოგინი სველი ხვდება.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რა ძნელია ამ ჩვევის აღმოფხვრა. ნუ ეცდებით 5-6 თვის განმავლობაში – საწოლზე დაკიდოთ პატარა ზარი, მომართოთ მაღვიძარა გარკვეულ დროზე, შეწყვიტოთ ბავშვისთვის ღამით სასმელის მიცემა. პრობლემისადმი თქვენს დამოკიდებულებაში მხოლოდ ერთმა უბრალო ცვლილებამ შეიძლება თავისთავად გადაწყვიტოს იგი. თუკი წარმატებას ვერ მიაღწევთ, რჩევისთვის ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს მიმართეთ. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ითვალისწინებს უწინარეს ყოვლისა ურთიერთობის შეცვლას მშობლებსა და შვილებს შორის და ბევრ დროს მოითხოვს. თუ სპეციალისტთან მისვლის საშუალება არა გაქვთ, გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთოთ ბავშვთან დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად, საბოლოო ჯამში მისთვისვე იქნება სასიკეთო და შედეგიანი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი