პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ციკლიდან „გამომგონებლობის მტრები“ (წერილი მეორე)

პიტერ გრეი: მარცხის შიში ჩვენს ხედვას ავიწროებს
შემოქმედებითი აზროვნება შესაძლო შედეგებისგან თავისუფლების განცდას მოითხოვს
ფიზიკურ ძალისხმევასთან დაკავშირებულ ამოცანებს (როგორიცაა, ვთქვათ, სიმძიმის აწევა) და რუტინულ დავალებებს (ვთქვათ, ლობიოს მარცვლების დათვლა) ჩვენ უფრო უკეთ ვასრულებთ, როცა ჩატარებულ სამუშაოს გვიფასებენ, ხოლო იმ ამოცანებისთვის, რომლებიც წარმოსახვას, გამჭრიახობას ან სწავლას მოითხოვს, შესრულებულის შეფასებას საპირისპირო ეფექტი აქვს, ამიტომ ამ დროს მარცხისა არ უნდა გვეშინოდეს.

ამ განცხადებას სავსებით ეთანხმება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ფსიქოლოგის ტერესა ამაბილეს (Teresa Amabile) იდეა. ფსიქოლოგმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა იმ პირობების შესასწავლად, რომლებიც ზრდის ან ამცირებს ადამიანის კრეატიულობას.

ტერესა ამაბილემ ექსპერიმენტის მონაწილეებს (ბავშვებს, მოზრდილებს) სთხოვა, შეექმნათ შემოქმედებითი პროდუქტები – კოლაჟები, ლექსები ან მოკლე მოთხრობები. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნამუშევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასა რამდენიმე ექსპერტმა. მათი შეფასებები საკმაოდ თანმიმდევრული აღმოჩნდა – ყველა ექსპერტმა საინტერესოდ და კრეატიულად მიიჩნია ის პროდუქტები, რომლებიც ავტორთა მიერ კარგად იყო გააზრებული და ორიგინალურობით ან მოულოდნელობით გამოირჩეოდა.

რამდენიმე ცდის დროს ფსიქოლოგმა მონაწილეთა ერთ ჯგუფს წინასწარ უთხრა, რომ მათ ნამუშევრებს ექსპერტთა პანელი შეაფასებდა, მეორეს შეატყობინეს, რომ შეფასება კონკურსით მოხდებოდა და ყველაზე კრეატიული ნამუშევრები პრიზებით აღინიშნებოდა, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებისთვის მოსალოდნელი შეფასების შესახებ არაფერი უთქვამთ.

ექსპერიმენტების სერიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე საინტერესო ნამუშევრები იმ ჯგუფებმა შექმნეს, რომელთათვისაც შეფასების არავითარი პირობა არ წაუყენებიათ. ისინი უბრალოდ თამაშობდნენ და არ ადარდებდათ მოსალოდნელი შეფასება თუ პრიზი.

ტერესა ამიბილეს ექსპერიმენტების შედეგებს ზურგს უმაგრებს ჩრდილოეთ კაროლინის ჩეპელ ჰილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ბარბარა ფრედრიკსონის (Barbara Fredrickson) გამოკვლევებიც. იგი ამბობს, რომ დადებითი ემოციები აფართოებს აღქმასა და აზროვნებას – საშუალებას გვაძლევს, ჩვენი იდეები და ინფორმაცია ახლებურად, შემოქმედებითად და სასარგებლოდ გავაერთიანოთ, ხოლო უარყოფითი, პირიქით, ავიწროებს ხედვას, აღქმისა და აზროვნების საზღვრებს, რადგან ამ დროს იმ სტიმულზე ვახდენთ კონცენტირებას, რომელიც ჩვენში ემოციას აღძრავს (მაგალითად, შემფასებელზე, მარცხის შედეგებზე).

აღქმისა და აზროვნების ორივე გზა სასარგებლოა, ორივე ბუნებრივი შერჩევის შედეგია. როდესაც ადამიანი უშუალო საფრთხეს არ ელის, იგი თავს უფლებას აძლევს, ეძებოს ახალი გზები, ახლებურად გააკეთოს ჩვეული საქმეები და დაეხმაროს სხვებს, საფრთხის პირობებში კი გონება მისგან თავის დაღწევაზეა მომართული (თუ ვეფხვი მოგვდევს, ჯობს, თავის გადარჩენის კარგად ნაცადი მეთოდი გამოვიყენოთ და არა ახალი). ახალ იდეებს ყოველთვის ახლავს მარცხით დამთავრების საფრთხე, ანუ ჩვენში ბიოლოგიურადაა განპირობებული შემოქმედებითობის „გამორთვა” მაშინ, როდესაც მარცხს შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.

შეფასება, რომელიც თქვენ თვითონ არ გითხოვიათ და რომელსაც შესაძლოა განსაზღვრული შედეგი მოჰყვეს, როგორც ეს სკოლაში ან სამუშაოზე ხდება, თავისთავად უკვე საფრთხეა. რა თქმა უნდა, ექსპერტის აზრი შესაძლოა ძალზე წაადგეს ნაწარმოების ან იდეის გაუმჯობესებებას, განსაკუთრებით – თუ ამას შემოქმედიც ითხოვს, მაგრამ შემოქმედების უნარი ითრგუნება, როცა მთავარი მიზანი ნაწარმოების შეფასებაა – განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი, ამიტომაც კლასებში, რომლებიც შეფასებებზეა აგებული, ბავშვები ნაკლებად კრეატიულები არიან. მათი გონება შიშზეა ფოკუსირებული: ნეტავი როგორ ჩავაბარებ გამოცდას? როგორ შეიძლება ვასიამოვნო მასწავლებელს?

ასეთ პირობებში ძნელია იყო შემოქმედებითი. შეფასება და ქმედებაზე რეაქცია უმთავრესად ძალისხმევის წასახალისებლად არის სასარგებლო, – ამ დროს ჩვენ შემფასებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ, – მაგრამ კრეატიულობისთვის მხოლოდ ძალისხმევა არ კმარა. მეტი ძალისხმევით უფრო კრეატიულები ვერ გავხდებით. შემოქმედება მოდუნებას (რელაქსაციას) უფრო მოითხოვს. სიმშვიდისას ადამიანს საშუალება ეძლევა, პროცესში თავისი არაცნობიერი შესაძლებლობები ჩართოს – შესაძლებლობები, რომლებიც უცნაურ ასოციაციებსა და ახალ იდეებს შობს. ყველაზე უკეთ ეს თამაშის დროს ხდება და არა მაშინ, როდესაც ქება-დიდებას თუ პრიზს ველით.
ავტორი: პიტერ გრეი (ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის მკვლევარი, ავტორი წიგნისა Free to Learn

წყარო: www.psychologytoday.com/articles/201304/the-enemies-invention

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი