პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

“განვითარებული მკითხველი”

ვფიქრობ, ტელევიზია საკმაოდ მანათლებს – ყოველთვის, როცა კი ვინმე ტელევიზორს რთავს, მეორე ოთახში გავდივარ და წიგნს ვკითხულობ”. გრაუჩო მარქსი

აგვისტოს ბოლოა. ორი კვირაა, რაც სწავლა დაიწყო. გიომ მესამე წიგნი მოიტანა სკოლიდან ბუზღუნით. პაწუკა მოთხრობებია, პირველკლასელი ბავშვისთვის განკუთვნილი, ყოველ გვერდზე დიდი ნახატით და პატარა ტექსტით. უნდა წაიკითხოს და სკოლაში ტესტი ჩააბაროს. გიო უკვე მეოთხე კლასშია. ლინდგრენის ყველა წიგნი, „ჰარი პოტერის” შვიდივე ტომი, „ტომ სოიერი” და „ჰეკლბერი ფინი”, უამრავი ზღაპარი და სახალისო ენციკლოპედია აქვს წაკითხული, თუმცა ქართულ ენაზე. შტატებში ერთი თვის წინ გადმოვედით საცხოვრებლად, მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო მხოლოდ ნახევარი წლის წინ დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და ამიტომ იძულებულები ვართ, ახლა პირველი კლასისთვის განკუთვნილი წიგნები ერთად ვიკითხოთ. ეს წიგნები, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და სულ წუწუნებს, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა კითხვა, თანაც – საინტერესო წიგნების, მაგრამ ვერაფერს გააწყობს – ტესტირებით ეს დონე დაუდგინეს. „კითხვა” კი სკოლის ერთ-ერთი საგანია, რომელშიც ჩვეულებრივი ნიშნები იწერება: ყოველი წაკითხული წიგნის შესაბამისი ტესტი მოსწავლემ სპეციალური კომპიუტერული პროგრამით უნდა ჩააბაროს.

კითხვის ამ პროგრამით, რომელსაც „განვითარებული მკითხველი” (Accelerated Reader) ჰქვია, მისურის შტატის საჯარო სკოლების უმეტესობა სარგებლობს. ამ სკოლებს, წესისამებრ, საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა აქვს და საკუთარი დონის შესაბამის წიგნებს, მხატვრულსა თუ დოკუმენტურს, მოსწავლეები თავად ირჩევენ. წიგნების შეფასებას, ტესტების შექმნას, ერთიან ბაზაში შეტანას და სკოლების პროგრამაზე წვდომას კი კომპანია სახელად Renessaince Learning უზრუნველყოფს. ამჟამად კომპანიის ერთიან ბაზაში საბავშვო და უფროსკლასელთათვის განკუთვნილი მხატვრული და დოკუმენტური დაახლოებით 160 000 ინგლისურენოვანი წიგნია აღრიცხული თანდართული ტესტებით. თითოეული მათგანის დონე და მოცულობა შესაბამისი ქულებით არის განსაზღვრული, რაც სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებს გარედან აწერია. თუ მოსწავლეს სურს, წიგნი ქალაქის ბიბლიოთეკიდან გამოიტანოს ან მაღაზიაში შეიძინოს, შეუძლია, შესაბამის საძიებო პროგრამაში გადაამოწმოს მისი დონე, მოცულობა და შესაძლო ტესტები.

ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1984 წელს ჯუდით და ტერენს პოლებმა გადაწყვიტეს, უფრო მეტად განევითარებინათ შვილებისთვის კითხვის უნარები და წაკითხული წიგნების შეფასების მარტივი პროგრამა შექმნეს. ორი წლის შემდეგ, როცა მის წარმატებით მოქმედებაში დარწმუნდნენ, მათ კომპანია დააარსეს, რომელმაც მალე პირველი კომერციული პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს.

დღეს Renessaince Learning-ის მომხმარებელი ოცდაათი ათასი კერძო და საჯარო სკოლაა. კომპანიის საიტზე სიამაყით არის აღნიშნული, რომ 2012 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთდროულად 3.5 მილიონმა მოსწავლემ ისარგებლა პროგრამით და ტესტი ჩააბარა. სხვადასხვა კვლევა, რომელიც ამ პროგრამის მოქმედებას აფასებს, ადასტურებს, რომ მოცემული მეთოდოლოგიით მოსარგებლე მოსწავლეთა კითხვისა და ტექსტის გააზრების უნარები საკმაოდ აღემატებოდა იმ ბავშვებისას, ვინც ამ უნარების განსავითარებლად არავითარ დამატებით პროგრამას არ იყენებდა.

გარდა Accelerated Reader-ისა, აშშ-ში კითხვის ბევრი სხვა პროგრამაც არსებობს, რომლებითაც სკოლები სარგებლობენ, თუმცა ზოგიერთი სკოლა დღესაც ყველაზე მარტივ გზას იყენებს – მოსწავლე კითხულობს წიგნს და წერს მის მოკლე მიმოხილვას.

ამ ტიპის პროგრამების გამოყენება სკოლაში იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა მეტი იკითხონ, დღემდე პოლემიკის საგანია. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არასწორია ლიტერატურის კითხვა ნიშნის ან პრიზის მიღების მიზნით. მათი აზრით, ლიტერატურა თავისთავად უნდა შეუყვარდეს ბავშვს და არა შეფასებისა თუ ჯილდოს სანაცვლოდ, რადგან ამგვარი პოზიტიური თუ ნეგატიური მოტივაციით თავსმოხვეულმა კითხვამ შესაძლოა სულაც შეაძულოს ბავშვს კითხვის პროცესი. ზოგი მშობელი ამბობს, რომ ამ პროგრამის შედეგად, ზოგიერთი ბავშვი კითხვას მხოლოდ შესასრულებელ საშინაო დავალებად, ნიშნის მისაღებ საშუალებად მიიჩნევს. გარდა ამისა, ზოგჯერ მოზარდები ახერხებენ თანატოლებისგან კონკრეტული წიგნების ტესტის პასუხების მოპოვებას, ან წიგნის მოკლე შინაარსით იოლად გასვლას. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მოსწავლის კითხვის დონის განსაზღვრით და შესაბამისი წიგნების შერჩევით, იზღუდება მისთვის ხელმისაწვდომი წიგნების რაოდენობა. მით უმეტეს, რომ მცირე ტირაჟით გამოსული და ნაკლებად პოპულარული წიგნები არ არის შესული მოცემული კომპანიის ბაზაში და, შესაბამისად, ვერ იქცევს მოსწავლის ყურადღებას. გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, ასეთი პროგრამები მოსწავლეებში გარკვეული შეჯიბრების სურვილს იწვევს, რის გამოც ისინი არა საინტერესო, არამედ იოლად ჩასაბარებელ წიგნებს ირჩევენ. წიგნის კითხვისას კი შინაარსის გააზრებისა და დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ფაქტების დამახსოვრებაზე ფიქრობენ.

ორივე მხარის მოსაზრებების გაცნობის შემდეგ ამ წინააღმდეგობრივი საკითხების შესახებ მეც ბევრი მიფიქრია. ვფიქრობ, ამ თემის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წიგნების კითხვის მიზანი არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა. ჩემი აზრით, ამ პროცესის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ტიპის ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარის განვითარება და ლექსიკური მარაგის გაზრდაა. რაც უფრო მეტს წაიკითხავს მოზარდი, მით უკეთესად შეძლებს ის მომავალში დიდი სახელმძღვანელოების სწრაფად წაკითხვას და დამუშავებას. ამასთან, წიგნების კითხვა გარკვეულწილად ჩვევასაც წარმოადგენს. თუ ათ წლამდე ბავშვი მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს უთმობს თავისუფალ დროს, ცხადია, მას გაუჭირდება წიგნის როგორც დასასვენებელი ან ინფორმაციის მომწოდებელი მედიუმის აღქმა, რადგან იგი არ იქნება მიჩვეული სწრაფად კითხვას და ეს პროცესი მას სიამოვნებას ვერ მოჰგვრის. დადგენილია, რომ ბავშვები სწორედ იმ საგნების სწავლასა თუ იმ ტიპის საქმიანობაზე ამბობენ უარს, რომლებიც მათთვის მეტისმეტად რთულია.

აგვისტოს ბოლოა. ორი კვირაა, რაც გიო მეხუთე კლასშია. ინგლისურ ენაზე უკვე ასამდე წიგნი აქვს წაკითხული, უმეტესობა – ასაკის შესაბამისი, მეტწილად – ფენტეზი, სათავგადასავლო ან ენციკლოპედიურ-დოკუმენტური ლიტერატურა. ინგლისურად ადგილობრივივით საუბრობს, ძალიან სწრაფად კითხულობს და კლასში საუკეთესო მოსწავლეა. მე, როგორც მშობელი, რომელსაც ერთი წლის წინ მასთან ერთად უწევდა 6 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ორწინადადებიანი გვერდების ინგლისურ ენაზე კითხვა, დარწმუნებული ვარ, ენის ასე სწრაფად შესწავლას სწორედ კითხვის ამ ძალიან სასარგებლო პროგრამამ შეუწყო ხელი.

ცხადია, შეუძლებელია მოცემული პროგრამის ღირსებებისა და ნაკლოვანებების ერთ სტატიაში სრულად წარმოჩენა, მაგრამ ალბათ ბევრი ქართველი მშობელი და მასწავლებელი დამეთანხმება, რომ კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელებისა და სერიალების ეპოქაში მნიშვნელოვანია, ბავშვების ყურადღება ისევ წიგნებისკენ მივმართოთ. მით უმეტეს, თუ ამგვარ პროგრამებს კომპლექსურად კითხვის ხელშემწყობ იმ მეთოდებსა და ღონისძიებებთან ერთად გამოვიყენებთ, რომელთა შესახებ სხვა პოსტში გიამბობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი