პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლა + ოჯახი = მეგობრებს

წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ მანქანით ზოლში მოძრაობა მოგთხოვოთ, მაგრამ ქუჩები არ დახაზოს! საღებავიც კი არ დახარჯოს ზოლების გავლებაზე. თქვენ კი უხილავი საზღვრების დაცვა მოგეთხოვებოდეთ! ანუ იმ წესების დაცვა, რომელიც არ არსებობს! თქვენ მოძრაობის დროს ქაოსს ქმნიდეთ, ამის გამო კი გსაყვედურობდნენ.

დაახლოებით ასე მიდის სკოლებში მშობელთა ჩართულობის საქმე. საგანმანათლებლო პროცესებში მშობელთა მონაწილების არც ერთიანი ცენტრალიზებული სტანდარტი არსებობს და არც თავად სკოლებს გაუწერიათ ოჯახის მონაწილეობის პროგრამები. ასობით სკოლის კარი მშობლებისთვის კვლავ დახურულია და მხოლოდ პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ერთი ან ორი საათით იღება.

ოჯახის  მონაწილეობა  სასწავლო პროცესში მოსწავლეზე რომ დადებითად აისახება, მეტ-ნაკლებად ყველამ გაიგო, მაგრამ როგორ უნდა ჩაერთონ, ვინ უნდა ჩართოს ან რას ნიშნავს ჩართულობა, მაინც გაურკვეველი რჩება. უყურებენ მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთს გაყინული თვალებით. იციან, რომ ერთობლივი საქმე აქვთ, ერთ ქვაბში უნდა მოამზადონ სადილი, მაგრამ ორივეს თავისი რეცეპტი აქვს და არცერთი არ თმობს დროს ნაცადი ინგრედიენტების გადასახედად.

ყინულის ლღობას დრო სჭირდება!

ხიდის აშენებასაც დრო უნდა!

წესით და რიგით, სკოლა უნდა იყოს  მთელი ამ აქტივობების ინიციატორი და პროაქტიულად მაუწყებელი. სკოლამ უნდა შეიმუშაოს პროგრამები, მოიწვიოს მშობლები, სთხოვოს თანამშრომლობა, გადაამზადოს პედაგოგები, მაგრამ რაკი დრო გადის და ასე არ ხდება, ინიციატივების გამოთქმა მშობლებს თავადაც შეუძლიათ. არ ღირს ლოდინი, როდის შემოგთავაზებენ ჩართულობას. თუ ასეთი იდეები გაქვთ, სჯობს, თავად იაქტიუროთ, გაუზიაროთ სკოლას, დამრიგებელს, ადმინისტრაციას.

სანამ თანამშრომლობა უფრო მაღალ სტანდარტებზე გადავა, ურთიერთობა მარტივი აქტივობებით უნდა დაიწყოს.

ზოგადი წესი: ნებისმიერი ინიციატივის არსებობისას, რომელიც კლასს ეხება, უმჯობესია, მშობელმა ჯერ სხვა მშობლებს მიმართოს და მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. თანამოაზრეებთან ერთად კი სკოლის ადმინისტრაციას და კლასის დამრიგებელს დაელაპარაკოს. სასურველია, პირველადი შეხვედრა ვერბალური კომუნიკაციით შემოიფარგლებოდეს, ანუ მშობლებმა ორიოდე სიტყვით აუხსნან სკოლას და მასწავლებელს, რატომ და რა სახის ჩართულობა სურთ. მიზანი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

მშობლების ინიციატივების მიზანია: მეტი საერთო ინტერესი გაუჩნდეთ მშობლებს, შვილებსა და სკოლას. განიმტკიცონ ურთიერთობები და გაუმჯობესდეს მშობლების პოზიტიური ჩართულობის ხარისხი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის ხარისხსა და მოსწავლეთა მიღწევებზე.

 

ან ასე: მშობლების ინიციატივების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას; ასევე, სკოლასა და ოჯახს შორის მოკავშირის და მეგობრის დანახვას.

ან უფრო მარტივად: მშობლების მიზანია, აჩვენონ შვილებს, რომ ერთმანეთთან მეგობრობენ და ამით დაამარცხონ კლასში გავრცელებული ბულინგი.

 

შემდეგ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, მშობლებმა მარტივი ინიციატივების კრებული, რომელთა გაკეთებაც მაინცდამაინც დიდ ხარჯებს და ბევრი ადამიანის თავისუფალ დრო არ მოითხოვს, წერილობით წარუდგინონ სკოლას. გასათვალისწინებელია, რომ მშობელთა ჩართულობის პროექტი ხელს არ უნდა უშლიდეს საგაკვეთილო საათების მიმდინარეობას.

ასეთი აქტივობები კი მრავალია. მაგალითად:

  1.  „მკითხველთა კლუბი“ – აქტივობას ორი მიზანი აქვს. ა) ბავშვებმა შეიყვარონ კითხვა; ბ) წიგნებში აღწერილ რთულ და დელიკატურ საკითხებზე ღიად და თავისუფლად ისაუბრონ უფროსებთან ერთად.

 

ამ აქტივობაში აუცილებელია, ჩაერთოს ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც სემესტრში ერთხელ მაინც მოაწყობს „მკითხველთა კლუბს“. ამ კლუბის ფარგლებში კლასის გამოწვევების საპასუხოდ ქართულის პედაგოგთან ერთად შეარჩიეთ წიგნი, რომელსაც მშობლები და შვილები ერთად წაიკითხავენ. შემდეგ კი მოაწყობთ შეხვედრას, სადაც ასევე, ერთად განიხილავთ წაკითხულ წიგნს/მოთხრობას. სასურველია, განხილვები გასვლით შეხვედრებზე მოაწყოთ და მისი ფასილიტაცია მასწავლებელმა უზრუნველყოს. შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, მედიათეკა, მწვანე გარემო ან რომელიმე მოსწავლის სახლი.

 

  1. გასვლითი ღონისძიებები, რომელიც სკოლის კედლებში ბავშვების რუტინულ ყოფას გაამრავალფეროვნებს. მასწავლებელს დრო იშვიათად რჩება არაფორმალური განათლებისთვის. ასეთ დროს მშობლებს ადვილად შეუძლიათ ბავშვებისთვის იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე სკოლის ფანჯრებიდან ჩანს. ამისთვის კი შენობიდან მათი ერთობლივი გაყვანა საუკეთესო გამოსავალია. სად შეიძლება კლასის წაყვანა:

 

  • მშობელი ერთგვარი რესურსია. ყველა მშობელს განსხვავებული სოციალური კავშირები აქვს. შესაძლოა, რომელიმე მათგანს საინტერესო სამსახური ჰქონდეს. კარგი იქნებოდა, შვილის კლასელების დაპატიჟება და მათთვის მისი სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა;
  • ექსკურსიის ორგანიზება შოკოლადის ან ლიმონათის საწარმოში. ინფორმაცია ბავშვთა ექსკურსიების შესახებ მოძებნეთ ქართული წარმოების პროდუქტების ვებგვერდებზე;
  • სემესტრში ერთხელ მაინც თეატრში/ოპერაში/მუზეუმში/კონცერტზე ერთობლივი გასვლა, რომლის შემდეგაც გაიმართება ნანახის განხილვა. მართალია, ზოგიერთი მშობელი თავად ზრუნავს შვილის სულიერ აღზრდაზე, მაგრამ, როცა საქმე კლასში საერთო ინტერესების გამომუშავებას ეხება, სახელოვნებო ექსკურსიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სასურველია, განხილვა ისე დაიგეგმოს, რომ მშობლებმა და ბავშვებმა ერთმანეთთან აზრის გაზიარება შეძლონ.

 

  1. ღირებულებითი განათლების პროექტი

 

ბულინგის და რელიგიური თუ პოლიტიკური ომების ეპოქაში მნიშვნელოვანია, ბავშვებს თანამედროვე განვითარებული მსოფლიოს აღიარებულ ჭეშმარიტებებზე გავუმახვილოთ ყურადღება. იქნება ეს ადამიანის უფლებები, კონფლიქტების მართვა, მოლაპარაკების ხელოვნება თუ სხვა. კარგი იქნება, თუ მშობლები თავიანთი სოციალური კავშირების გამოყენებით მოახერხებენ ბავშვების შეხვედრას:

 

  • სახალხო დამცველს ან მისი აპარატის წარმომადგენელთან, რომელიც ისაუბრებს ადამიანის უფლებათა შესახებ;

 

  • დიპლომატებთან, რომლებიც ისაუბრებენ მოლაპარაკების ხელოვნებაზე და კონფლიქტების დიალოგით გადაჭრის შესახებ;

 

  • რაგბის კავშირის წევრთან, რომელიც ისაუბრებს, რატომ გამოდის ეროვნული გუნდი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;

 

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რომელიც გააცნობს პირადი სივრცის დაცვის აუცილებლობას.

 

 

 

  1.  ექსკურსია, პიკნიკი და გასვლითი გაკვეთილი მშობლების მონაწილეობით

 

ექსკურსია ის გამონაკლისია, რომლის ორგანიზებასაც სკოლა მშობლებს ანდობს. თუმცა ფორმა, რომელსაც დღეს ვხედავთ, ცალკე ბავშვები ანიმატორებთან ერთად და მასწავლებლები-მშობლები – სუფრასთან, წყალში ყრის და ანადგურებს ექსკურსიის არსს. მშობლის მონაწილეობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს დაფინანსებით, ავტობუსის მოყვანითა და მწვადების შეწვით. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მშობლები, შვილები და მასწავლებლები ერთად გაერთობიან. ამისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ შედგეს გეგმა, გაიწეროს თამაშები-აქტივობები, გადანაწილდეს როლები, შედგეს მუსიკის “play list” და რაც მთავარია, ყველამ ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ, რომ ზრდასრულები ვართ. ვირბინოთ, ვიხტუნოთ, ვიმღეროთ, ვიხმაუროთ – ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ, მათი მშობლები, ერთმანეთთან ვმეგობრობთ, რომ მათაც აიღონ მაგალითი. ამასთან, ისტორიული ძეგლის მოლოცვის, მონახულების, მნიშვნელობის გაცნობის გარდა, ექსკურსიას შეიძლება ჰქონდეს უბრალოდ პიკნიკის სახე. მაგალითად, ასეთი სათაურით „სკოლა + ოჯახი = მეგობრებს“.

 

 

ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება დაგეხმარებათ, მოიხსნათ სკოლასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მეგობრული დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია.

მშობლებო, ღრმად ამოისუნთქეთ, გათავისუფლდით და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენ! ეს თქვენს შვილებს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე სისტემის დაქირავებულ რომელიმე თანამშრომელს!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი