პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ზრდასრულთა განათლება – გარდატეხა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

მადონა ოქროპირიძე ახლა სამოცი წლისაა და კოდის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ცხოვრობს. სახლ-კარის მიტოვება მას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აიძულა. 2008 წლამდე ის დისევში, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა. იმ დროს ქმარი უკვე ათი წლის გარდაცვლილი ჰყავდა და სამი შვილის მომავალზე მარტო ზრუნავდა.

თავისი სოფელი უკანასკნელად 2008 წლის 11 აგვისტოს ნახა. ახსოვს, როგორ ფეთქდებოდა და ერთბაშად ეკიდებოდა სახლებს ცეცხლი… მისი სახლიც მაშინ დაიწვა.

ასე დაიწყო მისი დევნილობის ისტორია. 50 წლისა, ცხოვრების ახალ სირთულეებს უნდა შეჭიდებოდა, ისევ მარტოს ეზიდა ახლა უკვე დევნილობის მძიმე ტვირთი, უცხო გარემოს შეგუებოდა, შვილების დაბინავებაზე ეზრუნა, ომის აჩრდილს თუ ვერ ჩამოიშორებდა, მასთან ერთად ცხოვრება მაინც ესწავლა…

 

კოდის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სათემო განათლების ცენტრს ნებისმიერი შემხვედრი მიგასწავლით. დასახლებაში დევნილთა 450 ოჯახი ცხოვრობს. ოცი მათგანი კოდორის ხეობიდანაა, დანარჩენები – ცხინვალის რეგიონიდან. სამუშაო დღეა. საცხოვრებელი კორპუსების წინ კაცები ჭარბობენ: ეწევიან, საუბრობენ… ღრუბლიან ამინდში აქ ფერები უფრო მეტად მუქდება, დევნილთა ხუთსართულიანი კორპუსებიც უსახურდება, მიუხედავად ლურჯ-ყვითელი საღებავისა, ჭრელაჭრულა სარეცხისა…

 

ათი წლის წინ კოდაში ჩამოსახლებულ პირებს, გარდა იმისა, რომ ახალ გარემოში ცხოვრება უნდა ესწავლათ, საარსებო სახსარიც უნდა ეპოვათ; უნდა შეგუებოდნენ, რომ უხვმოსავლიანი მიწები დაკარგეს და ახლა სხვა ცოდნა, სხვა უნარ-ჩვევები დასჭირდებოდათ ოჯახების გამოსაკვებად. ბევრმა ეს მოახერხა მას შემდეგ, რაც კოდის დევნილთა დასახლებაში ახალი სივრცე გაჩნდა.

 

DVV International-ის მხარდაჭერით არაფორმალური განათლების ხელშემწყობი პირველი ცენტრები საქართველოში 2006 წელს გაიხსნა, 2014 წელს კი შეიქმნა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, რომელიც საქართველოს შვიდ რეგიონში ზრდასრულთა განათლების ათ ცენტრს აერთიანებს. ერთი მათგანია კოდის სათემო განათლების ცენტრი. დღემდე აქ უკვე 20 000–მა ბენეფიციარმა გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები – როგორც დევნილებმა, ისე ადგილობრივმა მოსახლეობამ.

კოდის სათემო განათლების ცენტრის კურსები თემში მოთხოვნად პროფესიებზეა ორიენტირებული: კაცები აქ სწავლობენ წყალგაყვანილობისა და ელექტროგაყვანილობის  მონტაჟს და შეკეთებას, მშენებლობას, კაფელ-მეტლახისა თუ ლამინატის დაგებას, შელესვა-შეღებვას, ავეჯის აწყობას, ქალები – თექის სათამაშოებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ცენტრში ფუნქციონირებს ორი სოციალური საწარმო, ინგლისურის კურსები ბავშვებისთვის, გიდების გადამზადების კურსები და ტიხრული მინანქრის სახელოსნო.

 

მადონა ოქროპირიძე კოდის სათემო განათლების ცენტრს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. იქ მუშაობა იმ დროს დაიწყო, როცა მომავლის ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდა. „კოდაში ჩასახლების პირველ წელს დღიური მუშა ვიყავი. იალურჯაზე დავდიოდით ქალები. დიდი მთაა, რუსთავს გადასცქერის. ეზოს რომ გვიან, იმ ცოცხებს ვკრავდით. მივდიოდით, გაუსაძლის სიცხეში ვამტვრევდით ტოტებს, ვკრავდით და ვაბარებდით. თითო ცოცხში 80 თეთრს გვაძლევდნენ და ასე ვაგროვებდი შვილების სარჩენ ფულს“.

მერე მეზობელმა სთხოვა, ვაკანსიების სანახავად გაჰყოლოდა იქ, სადაც ახლა სათემო განათლების ცენტრია. ვაკანსიებს თვითონაც გადაავლო თვალი და ბიზნესკონსულტირება და პროექტების წერის ტრენერობა აირჩია, რადგან პროფესიით ეკონომისტი იყო და ბიზნესპროექტების წერის გამოცდილება ჰქონდა. განაცხადის შეტანიდან ერთ კვირაში დაიბარეს. მერე ტრენინგებიც გაიარა             და ოფისმენეჯერად დაასაქმეს, თუმცა პროექტების წერის ტრენერობასაც ითავსებდა.

„ცხოვრების ახალ რელსებზე გადავედი. ბევრი რამ არის დამოკიდებული მიდგომაზე და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ახალი ცოდნის მისაღებად“, – ამბობს მადონა და ახლა თვითონვე ცდილობს, ხელი შეუწყოს დევნილთა თემის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სადაც ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა. სათემო განათლების ცენტრში მისულ ბენეფიციარებს ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრება და არწმუნებს, რომ განათლება ცხოვრებას ცვლის, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რომ ასაკი მეორეხარისხოვანია.

ახლა, როდესაც საკუთარ ცხოვრებას აანალიზებს, ამბობს, რომ უწყვეტი განათლების კონცეფცია მას ყველაზე რთულ პერიოდში დაეხმარა, ფარ-ხმალი არ დაეყარა. ცოდნა, რომელიც 50 წლამდე დააგროვა, ახლა უფრო პრაქტიკულად გამოიყენა და სხვა ტიპის საქმიანობად გარდაქმნა. ახალმა ცოდნამ და უნარებმა ის უფრო გამბედავი და პიროვნულ განვითარებაზე უფრო მეტად ორიენტირებული გახადა. არაფორმალური განათლება გახდა მისი სურვილების ხორცშესხმის იარაღი და ორიენტირი, სამყარო და საკუთარი თავი ახალი კუთხით დაანახა და პიროვნული შესაძლებლობის უკეთ გამოვლენის საშუალება მისცა.

 

ზრდასრულთა განათლება უწყვეტ სწავლას, უწყვეტ განვითარებას ნიშნავს. განათლების მიღების ეს უწყვეტი პროცესი კი მადონა ოქრიპირიძისთვის ნებისმიერ ვითარებაში ამოსავალი წერტილია. კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი ახლა ბევრ და სხვადასხვა საქმეს ხელმძღვანელობს, ცდილობს, სხვა ბენეფიციარებისთვისაც ეძებოს ნათელი წერტილები, რომ მათაც შეძლონ თავიანთი თავის რეალიზაცია. მადონა ოქროპირიძე ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, უკეთესი და უფრო წარმატებული გახადო საკუთარი ცხოვრება უწყვეტი განათლებით, შემეცნების უწყვეტი პროცესით, როდესაც ამაში ათასი რამ გიშლის ხელს. მადონა ოქროპირიძისთვის დევნილობა იქცა გამოწვევად, რომელმაც სწორედ მაშინ მოახდინა გარდატეხა მის ცხოვრებაში, როცა ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი