ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ატესტაციის შედეგების პოზიტიური ასახვა განათლების სისტემაში

დღეს ყველაზე აქტუალური თემა პედაგოგიურ საზოგადოებაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის სავალდებულო სისტემად გარდაქმნაა. ამ მოსალოდნელი ცვლილების გარშემო გაცხარებული საყოველთაო დისკუსია მიმდინარეობს. პირველი საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს, სახელფასო ანაზღაურების ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა ზრდის სახელფასო ანაზღაურებას, ის არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას. დღევანდელი ხელფასი არ არის ადეკვატური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ასახული კომპეტენციების. ამავე დროს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯარო სამსახურში ნებისმიერი სახელფასო სარგოს რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. არგუმენტებს მოკლებულია, ჩვენი ქვეყნის საჯარო სამსახურის ხელფასების ევროპული ქვეყნების და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ამავე სამსახურების ხელფასებთან შედარება. მაგრამ აქ, ვფიქრობ, მთავარია სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა. არაფრით არ შეიძლება ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში – განათლების სისტემაში – არსებული სახელფასო უზრუნველყოფა ყველაზე დაბალი იყოს სხვა საჯარო სამსახურების ხელფასებთან შედარებით! გავიხსენოთ თუნდაც დასუფთავების სამსახურებში არსებული ხელფასები და შევადაროთ ის დღეს არსებულ სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასს.  

  ჩვენ შევეცდებით მასწავლებლების პროფესიული საქმიანობის შეფასების საფუძველზე განვიხილოთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების გამოცდილება და განათლების სისტემაში შრომის ანაზღაურების დიფერენცირებული და მასტიმულირებელი სისტემები. ამ საკითხში ცალკე თანხის რაოდენობებზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ არ გავითვალისწინებთ რა პრინციპებს ეყრდნობიან ამ ქვეყნებში მასწავლებლებისათვის შესაბამისი სახელფასო სარგოს განსაზღვრისას. მთავარი აქ სამართლიანობა, ობიექტურობა და პროცესების გამჭვირვალეობაა. სახელფასო ანაზღაურების გაზრდა ან პრემიალური სისტემა არ უნდა იყოს საჩუქარი „კარგი საქციელისათვის”! უნდა არსებობდნენ პროფესიული საქმიანობის შედეგების შეფასების ადეკვატური და ობიექტური სისტემა, მკაფიო პროცედურები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები.   

მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების და მიღებული შედეგების საფუძველზე სკოლაში მნიშვნელოვანი საკადრო და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის გადაწყვეტილებების სისტემას სწორედ პედაგოგთა ატესტაცია წარმოადგენს. 

    პედაგოგთა ატესტაციას, მის საფუძველზე მიღებულ  უკუკავშირსა და მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის  შეფასებას  ჯერ  კიდევ  არ  აქვთ  სათანადო   ზეგავლენა სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხზე, მაგრამ   ეს  სიტუაცია  შეიძლება  გამოსწორდეს.

     მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში პედაგოგთა ატესტაციის  ინოვაციური  სისტემებია შემოღებული, მისი შედეგები იშვიათად გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებისას ან უმნიშვნელო გავლენა აქვთ განათლების სისტემაზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში მასწავლებლების სერტიფიცირების პროცესი. სერტიფიცირებული  მასწავლებლების ხელფასი არ „გაზრდილა” მათ „უმნიშვნელო” დანამატი მიიღეს საბაზო ხელფასებზე. სერტიფიცირებული მასწავლებლების ნაწილი კვლავ დაუსაქმებელი დარჩა.

 TALIS კვლევების მიმოხილვის  შედეგების  თანახმად, ყოველი  მეხუთე  მასწავლებელი  მუშაობს  სკოლაში, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში  თვითატესტაცია (თვითშეფასება)  არ  ჩატარებულა, ყოველ მერვეს  ატესტაცია საერთოდ არ  გაუვლია და ბოლო 18 თვის  მანძილზე არ მოუსმენია შეფასება თავისი მუშაობის  შესახებ.  უფრო მეტიც, მხოლოდ პედაგოგთა უმცირესობა მიიჩნევს, რომ ატესტაცია და  შეფასება  გავლენას  ახდენს  მათ პროფესიულ განვითარებაზე (ოთხიდან ერთი), კარიერულ ზრდაზე (ექვსიდან  ერთი) ან  ანაზღაურებაზე (ათიდან ერთი). პედაგოგთა ¾–მა აღნიშნა, რომ  მათ მიერ  მიღწეულმა  სწავლების  ხარისხის  ზრდამ  ვერ  პოვა  აღიარება. ამდენივემ  თქვა, რომ  მუშაობისას  ინოვაციური  მეთოდების  გამოყენებას  არ  მოსდევს  შესაბამისი  ანაზღაურება,  მხოლოდ  მეოთხედზე  ოდნავ  მეტმა – რომ  ცუდი  მუშაობისთვის შესაძლებელია მასწავლებელი  სკოლიდან გაათავისუფლონ. 

ასეთი  მოვლენები  განსაკუთრებულ  წუხილს  იწვევენ, როდესაც  ეს ხდება  ისეთ   სასკოლო  განათლების სისტემებში, სადაც  მასწავლებლებს შემოქმედებითი მიდგომების ძიების თვალსაზრისით ხელშემწყობი პირობები აქვთ. მაგრამ ბევრ ქვეყანაში მასწავლებლებს მრავალწლიანი მუშაობისთვის (ანუ „სტაჟისათვის”) უფრო ადვილად აჯილდოებენ, მაშინაც კი, როცა ისინი სამუშაოს თავს ვერ ართმევენ, ვიდრე თვითგანვითარებისთვის ან  ინოვაციებისთვის.

    ნათელია, რომ  შეფასების, ატესტაციის და  უკუკავშირის   გამოყენება სასურველია უფრო  ქმედითი  იყოს.  ზოგიერთი  ქვეყნის  გამოცდილება  გვიჩვენებს, რომ  ატესტაციისა და  სწავლების  პროცესის   სრულყოფილების  ურთიერთკავშირი  შესაძლებელია  მოხდეს  დიდი  დანახარჯების  და  ძალისხმევის   გარეშეც, რომ  ატესტაციის განხორციელებისთვის  შესაძლებელია საკმარისი იყოს თვითშეფასება, შეფასება კოლეგების მხრიდან, გაკვეთილებზე  დასწრება  და  დირექტორთან ან  გამოცდილ  კოლეგებთან  დიალოგი, მუდმივი  უკუკავშირი/მხარდაჭერა. იმ ხარისხიანი  სწავლებისა და  სფეროების განსაზღვრის  გარდა, რომელიც სრულყოფას მოითხოვს, ატესტაცია შესაძლებელია იყოს საფუძველი  კარგი  პედაგოგების უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის. გაწეული შრომის დროის მიხედვით  ანაზღაურება, შემოქმედებითი შვებულებები, სკოლის ბაზაზე კვლევების ჩატარების  შესაძლებლობა, დიპლომის შემდგომი განათლების მხარდაჭერა ან პროფესიული განვითარება სამუშაო ადგილზე –  მხოლოდ  რამდენიმეა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც კარგად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოიაზრება და რომელიც შეიძლება შესთავაზონ მასწავლებელს იმ  შემთხვევაშიც კი, როდესაც  ბიუჯეტი  ხელფასის  გაზრდის  საშუალებას არ იძლევა.

       სწორად   ჩატარებული  ატესტაცია  და  უკუკავშირი  შეიძლება   პედაგოგებისთვის პოზიტიურ  გამოცდილებად  იქცეს, გააძლიეროს მუშაობით გამოწვეული სიამოვნება;  ხელი  შეუწყოს  პიროვნულ  განვითარებას, ასევე სწავლების  პრიორიტეტული  ამოცანების  შესრულებისა  და  მათი  ეფექტურობის  ზრდას.

      TALIS  მონაცემები  ადასტურებს, რომ მასწავლებელთა  უმრავლესობა, რომლებიც  თავიანი მუშაობის შესახებ იღებენ რეკომენდაციებს, იღებენ ამას საკმაოდ მშვიდად და მხოლოდ  უმნიშვნელო  ნაწილში  შეფასება  იწვევს  დისკომფორტს და ღელვას. საშუალოდ  ათიდან  რვა პედაგოგი მიიჩნევს, რომ შეფასება სწორია; 3/4 აღნიშნავს, რომ უკუკავშირი  სასარგებლოა მათი  მუშაობისთვის; უმეტესობამ  კი  თქვა, რომ  მან  ხელი  შეუწყო  მუშაობით  კმაყოფილების  და პროფესიული  განვითარების  ზრდას, თან  ამასთან  ერთად  დარტყმის  ქვეშ არ  დააყენა  დასაქმების  პრობლემა.  ფართოდ გავრცელებული შიშების ფონზე ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, რომ ატესტაციამ და შეფასებამ,  ანგარიშვალდებულებასთან ერთად  შეიძლება  ნეგატიურად  იმოქმედოს  მასწავლებელთა  სოციალურ  განწყობაზეც.  პირიქით, ატესტაციის  შედეგები  შეიძლება  გახდეს მიზეზი, რომ პედაგოგს განუმტკიცდეს საკუთარ კომპეტენციაში რწმენა. ასევე  აღნიშნავენ, რომ  ატესტაციას ისინი   მიჰყავთ  მუშაობის  იმ  ასპექტების  ცვლილებისკენ, რისკენაც  ის არის  მიმართული. 

ზოგიერთ შემთხვევებში, ატესტაციის  ფარგლებში, შეფასების შედეგად ყურადღების  გამახვილება მუშაობის იმ პარამეტრებზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  სკოლის რეფორმირებისთვის, განათლების ექსპერტები ახერხებენ გავლენა მოახდინონ  პედაგოგთა  დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, იმისათვის, რომ ცვლილებები მათ მუშაობასა და მთლიანად სკოლაში პედაგოგიურ პრაქტიკაში შეესაბამებოდეს მოცემული განათლების  სისტემის  მისაღწევ  პრიორიტეტულ მიმართულებას.

      თვითონ  პედაგოგების  თქმით, ატესტაციისა და  უკუკავშირის  სისტემების  გაძლიერებამ  შესაძლებელია  ხელი  შეუწყოს  პედაგოგიური  ცოდნისა  და  უნარ–ჩვევების  განვითარებას. მაგ. როდესაც  სასკოლო განათლების  სისტემაში  მუდმივად  მოქმედებს  შეფასება, ამას მივყავართ  სკოლისა და  პედაგოგთა  ატესტაციებს  შორის  კავშირის  გაძლიერებამდე. ატესტაციის  შედეგები  ხშირად  გამოიყენება  კონკრეტული  მასწავლებლის  პროფესიული  განვითარების  დაგეგმვაში. ატესტაციის  შედეგების და კარიერული ზრდის მჭიდრო  კავშირი  კიდევ  იმითაა გამართლებული, რომ  ის იძლევა პასუხს  იმ უკმაყოფილებაზე, რომელსაც მასწავლებლები გამოხატავენ მათი პროფესიული განვითარების სრული  არარსებობის  გამო და კიდევ იმის გამო, რომ  მათი  აზრით, შრომის  ანაზღაურება  არაა სათანადოდ  დაკავშირებული  პედაგოგის  ეფექტურ  მუშაობასთან. 

       ამგვარად, ატესტაციასთან  დაკავშირებული  შიშების  გადალახვა შესაძლებელი გახდება, თუ  სკოლის და  სასკოლო  განათლების  სისტემის  შეფასების  კულტურა   კონსტრუქტიული, შემოქმედებითი და ურთიერთთანამშრომლობას  დაეფუძნება. პოლიტიკოსები,  ადმინისტრატორები, სკოლის  დირექტორები და პედაგოგები ნათლად  უნდა  ხედავდნენ ატესტაციისა და უკუკავშირის ორმაგ დადებით ეფექტს, მის სარგებელს  როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე საერთოდ პედაგოგიური პრაქტიკის  განვითარებისთვის.

           პედაგოგთა  ეფექტური ატესტაცია სკოლის ხელმძღვანელობისგან მოითხოვს ახალ  კომპეტენციებს…

        აღიარებას, ანაზღაურებასა და  პედაგოგის  ეფექტურობას შორის კავშირი – ეს ის საკითხია, რომელიც  ეხება  არა  მხოლოდ  ატესტაციას,  არამედ სკოლის დირექტორების  ძალისხმევას წარმატებული მუშაობის ეფექტური მეთოდებით გამოვლენის დანერგვისას. ის  ფაქტი, რომ  მასწავლებლების  რიცხვი, რომლებიც  მიიჩნევენ, რომ  სკოლის  დირექტორები  ხელს  არ  უწყობენ  ეფექტურ  სწავლებას,  4–ჯერ  მეტია, ვიდრე  მათი, რომლებიც  ამბობენ, რომ  ბოლო დროს ატესტაცია  არ  გაუვლიათ,  მიუთითებს  სისტემატიური  მუშაობის  აუცილებლობაზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პედაგოგთა ატესტაციის ეფექტურობა არსობრივად დამოკიდებულია იმაზე, ფლობენ თუ არა სათანადო ცოდნას ისინი, ვინც  შეფასების   მექანიზმებს შეიმუშავებენ, ატარებენ მას და იყენებენ მის შედეგებს.

იმისათვის, რომ უკუკავშირის მექანიზმები იყოს წარმატებული, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რომ მისი ორგანიზატორები აცნობიერებდნენ თავიანთ  პასუხისმგებლობას  და  ფლობდნენ  შესაბამის  კომპეტენციებს.

        ამგვარად, მუშაობის მეთოდების სრულყოფილების მიზნით უკუკავშირის  გამოყენებისას პროფესიონალიზმი – მთავარი პირობაა ეფექტური შეფასებისას. შეფასება  მუშაობის  ხარისხის  გაუმჯობესების  მიზნით,  მოითხოვს, რომ  შემსრულებლები, კერძოდ  მასწავლებლები სკოლის განვითარებისა  და სრულყოფილების  პროცესში მონაწილეობდნენ. ამიტომ კვლევითი უნარების განვითარებასთან ერთად  შეფასების უნარ–ჩვევების სწავლება სასურველია საწყისი პედაგოგიური განათლების ნაწილად იქცეს. ასევე, სკოლის  ხელმძღვანელობისთვის  მომზადება  განათლების  სფეროში  უკუკავშირის  მექანიზმზე  აქცენტით უნდა  მოიცავდეს  ლიდერობის  პოტენციალის  განვითარებას. არსებობს  სპეციალისტების  სხვა  ჯგუფები, კერძოდ  „ინსპექტორები” (შემფასებლები), რომლებიც  აუცილებელია  მივიზიდოთ   სკოლებისა  და  მასწავლებლების  ატესტაციის  პრაქტიკის  შემუშავებისა და  გავრცელებისთვის.            

         …ამასთან  ერთად ატესტაციას და უკუკავშირს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სკოლის,  როგორც  საგანმანათლებლო   დაწესებულების    სრულყოფილებას.

        პედაგოგები  ადასტურებენ, რომ  ატესტაცია  და უკუკავშირი  ხელს  უწყობენ  მათ  პროფესიულ  განვითარებას –  ანუ  მთლიანად  სკოლის  განვითარებას. პედაგოგთა  ატესტაციის და  მათი  ეფექტური მუშაობის  შესახებ ამ ატესტაციის  შედეგად მიღებულმა უკუკავშირმა უნდა განაპირობოს სკოლის  მუშაობის  ხარისხის  ზრდა, რადგან  პასუხისმგებელ პირებს გადაწყვეტილების მიღებისას შეუძლიათ დაეყრდნონ საიმედო და  ადექვატურ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ყველანაირი რეფორმა გამომდინარეობს სკოლის, როგორც სასწავლო დაწესებულების კონცეფციიდან, რომელიც ძლიერ  და  სუსტ მხარეებზე  დაყრდნობით,  მიღებულ შეფასებას  რესურსების, პროცესების და შედეგების შესაბამისობის ანალიზისთვის იყენებს. 

თარგამანი, რედაქტირება და კომენტარები – კახა ჟღენტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი