სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ციკლიდან „გამომგონებლობის მტრები“ (წერილი მესამე)

მიბაძვისგან გათავისუფლების უარყოფითი შედეგები
ხშირად სხვა ადამიანთა იდეები ჩვენს საუკეთესო გამოგონებებს უწყობს ხელს

 რატომ ქმნის ადამიანი ხელოვნებას, იგონებს მანქანებს ან წერს სიმღერებს?

ჩვენ ვიცით, რომ შემოქმედება ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელია მას შემდეგ, რაც პირველმა მხატვარმა (ან მხატვრებმა) 40 000 წლის წინ ესპანეთის ელ კასტილიოს მღვიმეებში განსაცვიფრებელი ნახატები შექმნა (თუ შექმნეს).

ზოგიერთს სჯერა, რომ არსებობს მხოლოდ ადამიანებისთვის დამახასიათებელი, „არტისტული ინსტინქტი”, რომელიც ახალი და ლამაზი საგნების გამოგონებისკენ გვიბიძგებს. თუმცა ინსტიტუციურად ჩვენ სხვა მოსაზრება გვაქვს კრეატიულობის მამოძრავებელი ძალის შესახებ. პატენტებისა და საავტორო უფლებების არსებული სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს გამოგონებებისა და არტისტული ნამუშევრების დიდი რაოდენობით წარმოებას. ეს სისტემა ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ მიესადაგება შესაძლო „შემოქმედებით ინსტინქტს”, არამედ იმიტომ, რომ ფულისადმი ადამიანების სწრაფვას ემსახურება. საავტორო უფლებებისა და პატენტის კანონები იმით უწყობს ხელს კრეატიულობას, რომ უზრუნველყოფს არტისტთა და ავტორთა მიერ შექმნილი სიახლეებისგან ეკონომიკური კომპენსაციის მიღებას. ყველა, ვინც გამოგონების კოპირებას გადაწყვეტს, დაისჯება.

მოკლედ, ჩვენი სამართლებრივი სისტემა სიახლის შექმნის გარეგანი და ხილული სტიმულების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული. რამდენად ეფექტურია ასეთი სტიმულირება, დამოკიდებულია გამომგონებელთა რაციონალურ რეაქციაზე ასეთი წაქეზების მიმართ. ეკონომიკასა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული ახალი კვლევა, თავის მხრივ, გვიჩვენებს, რომ გამომგონებელთა რეაქციები სხვადასხვაგვარია.

ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ, საზოგადოდ, ადამიანები არ გამოირჩევიან მომავლის ჭვრეტის ნიჭით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მათ ცხოვრებას ეხება. ჩვენ გვახასიათებს ანგარება და ტენდენციურობა; ჩვეულებრივ, გაზვიადებულად ვაფასებთ წარმატებას და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ წარუმატებლობას. მაგალითად, ახალდაქორწინებულთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არასოდეს გაიყრებიან, თუმცა მათი ნაწილი აუცილებლად დაშორდება (და შორდება კიდეც) ერთმანეთს. სტუდენტები, წესისამებრ, უფრო მაღალ ნიშნებს ელიან, ვიდრე იმსახურებენ, ისევე როგორც უობეგონის ტბის ბინადრებს ჰგონიათ, რომ საშუალოზე მაღალი უნარებით არიან აღჭურვილნი (უობეგონის ტბა – გამოგონილი მოდელური დასახლება-იდეალი გარისონ კეილორის პოპულარული რადიოშოუდან, – ლ.ა.).

უფრო მეტიც – ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის ქრისტოფერ ბუკაფუსკოსა და ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორის ქრისტოფერ სპრინგმანის უახლესი გამოკვლევის თანახმად, ჩვენ შორის არსებული ყველაზე კრეატიული პიროვნებებიც ისევე არიან მიდრეკილი ზეოპტიმიზმისა და გადაჭარბებული შეფასებისკენ, როგორც ჩვეულებრივი, არც ისე არტისტული ადამიანები. ამ ექსპერიმენტის ცდისპირები უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ. მათ შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღოთ ნახატების კონკურსში, რომელსაც ექსპერტი განსჯიდა. სტუდენტებმა იცოდნენ, რომ კონკურსზე სულ ათი ნამუშევარი იქნებოდა წარმოდგენილი, მაშასადამე, თითოეულ მათგანს ცხრა კონკურენტი ეყოლებოდა, ხოლო გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებდა 100 დოლარს. ამასთან, ყოველ მხატვარს წინასწარ განუსაზღვრეს სხვა პირი, ე.წ. ფსონის დამდები.

ათი ნამუშევრის ნახვის შემდეგ ფსონის ყოველ დამდებს სთხოვეს დაესახელებინათ თანხა, რომელსაც გადაიხდიდნენ კონკურსანტის გამარჯვების შანსისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სთხოვეს, „თავიანთი” მხატვრების გამარჯვების შანსის ფსონი დაესახელებინათ. იმავდროულად მეორე მხარეს, „მხატვრებსაც” სთხოვეს, დაესახელებინათ ფულის ის მისაღები რაოდენობა, რომელსაც აიღებდნენ თავიანთი ნამუშევრის ფსონის პირველი ჯგუფისთვის (ფსონის დამდებებისთვის) დასათმობად.

ალბათ, მოსალოდნელი იყო, რომ მხატვრებმა და ფსონის დამდებებმა სხვადასხვა რამ იწინასწარმეტყველეს – მხატვრებმა თავიანთი მოგების შანსი გააზვიადეს, ფსონის დამდებებმა კი უფრო გონივრულად შეაფასეს ის. შედეგად მხატვრებმა საშუალოდ 75 დოლარი მოითხოვეს 100-დოლარიანი პრიზის მოგების რეალურად არსებული 1:10 შანსისთვის, ფსონის დამდებები კი იმავე შანსის შესაძენად საშუალოდ 18 დოლარის გადახდაზე დათანხმდნენ. აქ ყველაზე დიდი დივერგენცია (შეუსაბამობა, განსხვავება) გამოიწვია მხატვრების მიერ საკუთარი შანსების მეტისმეტად მაღალმა შეფასებამ და ზეოპტიმიზმმა; ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კონკურსის მოგების 50%-ზე მეტი შანსი ჰქონდათ, მაშინ როდესაც რეალური ალბათობა 10 მონაწილისა და 10 ნამუშევრის შემთხვევაში თითოეულისთვის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენდა.

ეს შემთხვევა ზურგს უმაგრებს იმ მოსაზრებას, რომ ოპტიმისტური ტენდენციურობა არსებობს და ბუნებრივია. ამავე დროს, შესაძლოა, ეს იყოს გასაღები კრეატიულობის ბუნებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო პოლიტიკის უკეთ წარმოსადგენად. ხანდახან კრეატიულობის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ღონისძიებები კარგად ეთანხმება ადამიანთა შემოქმედებითობას და ოპტიმისტური ტენდენციურობის არსებობა მოწმობს, რომ შესაძლებელია უფრო კრეატიული ნამუშევრების შექმნის ხელშეწყობაც.
ექსპერიმენტის კიდევ ერთ შედეგად ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ოპტიმისტური ტენდენციურობა მუშაობს როგორც სუბსიდია სიახლის შექმნა-წარმოებისთვის. მოსალოდნელია, რომ მან, ვინც გაზვიადებით აფასებს თავისი წარმატების შანსს, მეტი ინვესტიცია გაიღოს საკუთარი კრეატიულობისთვის, ეს კი შესაძლოა ნაყოფიერების გაზრდის საწინდარი გახდეს. შემოქმედს რაციონალურად რომ გამოეთვალა თავისი გამარჯვების შანსი, ნაკლებს გარისკავდა, რადგან მრავალკონკურენტიან ველზე მოგების ალბათობა უფრო მცირეა, მაგრამ ადამიანისთვის დამახასიათებელი ოპტიმისტური ტენდენციურობის გამო შემოქმედი ვერ აცნობიერებს თავისი შანსის რეალურ სიმცირეს. შემოქმედი თავის კრეატიულობაში (ირაციონალურად) უფრო მეტ ინვესტიციას დებს და ჩვენ ამით უფრო მეტს გვთავაზობს.

ამ ირაციონალური ოპტიმიზმიდან და კრეატიულობაში მეტის ინვესტირების იმპულსიდან გამომდინარეობს, რომ საზოგადოებას შეუძლია, უფრო ნაკლები ენერგია ხარჯოს საავტორო უფლებებსა და პატენტებზე, ვიდრე ეგონა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სამართლებრივი დაცვა, ფაქტობრივად, ხელს უშლის კრეატიულ სამუშაოს. არაფრისგან ძალიან ძნელია რამის შექმნა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრეატიულობა კუმულაციური პროცესია. პროცესი, რომელიც ხშირად დაზუსტებას, ადაპტირებას და არსებულის ახალთან შერევას ითვალისწინებს. 

ძველი ნამუშევრები ხშირად ახლის სამშენებლო მასალას წარმოადგენს. გაიხსენეთ, რომ „რომეო და ჯულიეტამ” „ვესტსაიდურ ისტორიამდე” მიგვიყვანა, სტეფანი მაიერის საგა „ბინდი” (Twilight) ახალი სახით წარმოგვიდგა ბრიტანელი ავტორის ი. ელ. ჯეიმსის „რუხის 50 ელფერში” (Fifty Shades of Grey). თავის მხრივ, ს. მაიერის „ბინდი” შინაარსობრივად ვაშინგტონის შტატის ინდიელთა ტომის, კვილიუტების, ლეგენდებსა და ტრადიციულ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. პატენტირებისა და საავტორო უფლებების კანონები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრეატიულობის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის არის შექმნილი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ხშირად ზღუდავენ ახალ ნამუშევრებს, რადგან შემოქმედისგან მოითხოვენ ძველი (უკვე არსებული) მასალის გამოყენებისა თუ ადაპტირების უფლების დაუყოვნებლივ ყიდვას.

ჩვენი კანონები ალბათ ხელს შეუწყობდნენ კრეატიულობას, არტისტების შემოქმედებითი აქტივობისთვის სტიმულის მიცემა რომ შეეძლოთ. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ პატენტები და საავტორო უფლებები, რომლებიც „სამუდამოდ” არის განსაზღვრული, უკვე ზედმეტობაა, ამიტომ ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს, უფლებები „შეზღუდული დროით” იქნეს გაცემული. დღეს მთავარი კითხვა ალბათ ასე ჟღერს: რა დონემდეა აუცილებელი დაცვა და რა დოზით უნდა იყოს შესაძლებელი „ძველი” მასალის გაზიარება, ადაპტირება და გადამუშავება?

„ოპტიმისტური ტენდენციურობის” შესახებ ახალი გამოკვლევები გულისხმობს, რომ მოკლევადიანი პატენტები და საავტორო უფლებები შესაძლოა „უკეთესი” წონასწორობისკენ გადადგმულ ნაბიჯებად იქცეს. არტისტულ შემოქმედთა ირაციონალური ოპტიმიზმის წყალობით ჩვენ კვლავ ვნახავთ ახალ ხელოვნებას, ლიტერატურას და გამოგონებებს, ეს ნამუშევრები კი, თავის მხრივ, უფრო მალე „გათავისუფლდებიან”, რათა გამოვიყენოთ ისინი როგორც შენატანი მომავალი ავტორებისა და გამომგონებლების კრეატიულობისთვის.
ავტორები: 

ქრისტოფერ სპრინგმანი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა;
კელ რაუსტიალა, კალიფორნიის უნივერსიტეტი (UCLA)
წყარო: www.psychologytoday.com/articles/201304/the-enemies-invention

თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი