ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ერთი მასწავლებლის ისტორია

გერმანიაში მასწავლებლები იშვიათად ტოვებენ სამსახურს, ისიც მხოლოდ დიდი დატვირთვის გამო

 

ქცევის მენეჯმენტიდან კვირაში სამოცდაათ სამუშაო საათამდე – ვისბადენელი მასწავლებელი მარაიკა ჰაშემერი „გარდიანის“ ავტორს ჰოლი ველჰემს ესაუბრა:

 

– მასწავლებელი, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გავხდი. მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლების ნაკლებობა იყო. შესაბამისად, მთელ კურსს რეკომენდაცია მოგვცეს, მასწავლებლობა დაგვეწყო. ჩემი თანაკურსელების თითქმის ნახევარმა იმ წელს მასწავლებლობა არჩია.

გერმანიაში, წესისამებრ, არჩეული სპეციალობის შესასწავლად ხუთწლიან კურსს გადიხარ. ჩემს შემთხვევაში ეს ინგლისური და გერმანული ენები იყო. ამას მოჰყვა სწავლების მეთოდების ორწლიანი კურსი.

დღეს, როგორც მასწავლებელს, კვირაში სამოცდაათიდან ოთხმოც საათამდე მიწევს მუშაობა.

სწავლის პერიოდში ადგილობრივ გაზეთში ვწერდი. ამან თეატრალურ საქმიანობამდე მიმიყვანა.

ერთ დღეს კონცერტის შემდეგ ინტერვიუს ვართმევდი ერთ-ერთ თეატრალურ ჯგუფს. მათ მითხრეს, რომ ხალხს ეძებდნენ მიუზიკლისთვის. მე ვუთხარი, რომ ვმღეროდი და მათაც მოსმენაზე დამიბარეს.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ თეატრალურ პროექტში მიმიწვიეს. ამას მოჰყვა სხვა წარმოდგენებიც. საბოლოოდ მე თვითონ დავიწყე სპექტაკლების დადგმა. მასწავლებლის დიპლომის აღების შემდეგ დრამის კურსებზე ჩავეწერე და დრამის სწავლების სერტიფიკატიც ავიღე.

სკოლაში სწავლების პირველ წლებში კლასში შესვლისა მეშინოდა. სწავლების ჩემეული იდეალი რეალობას არ დაემთხვა.

მიუხედავად მოსწავლეთა სწავლების პროცესში ჩართვის შესახებ წაკითხული სტატიებისა თუ გავლილი ტრენინგებისა, თითქმის არაფერი გამომდიოდა – მოსწავლეები დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებდნენ.

იმედი გამიცრუვდა, მაგრამ არ დავნებდი. შთაგონება და იდეალისტური განწყობა აუცილებელია, თუმცა რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი – შეუძლებელია, ყველა მოსწავლეს აღუძრა მოტივაცია.

სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, განსაკუთრებით – დასავლურ სამყაროში, დიდ შესაძლებლობად განიხილება და მეც, მთელი ეს ხანია, ვცდილობ, ერთ ადგილზე არ ვიდგე. იცვლება სწავლების პროცესისადმი ჩემი დამოკიდებულებაც – ფოკუსირებას ვახდენ იმ მიმართულებებზე, რომლებიც წარმატებულია.

აქვე უნდა ვაღიარო, რომ დიდ ბრიტანეთში ერთწლიანი სტაჟირების დროს გაკვირვებული დავრჩი იმ ტერმინოლოგიით, რომელსაც ინგლისის სკოლებში იყენებენ.

გამაკვირვა მოსწავლეების დაყოფამ „მოწინავეებად“ და „ჩამორჩენილებად“. მგონია, რომ შეუსაბამო ტერმინებია ბავშვებთან სამუშაოდ. ასევე გამაკვირვა რთული ყოფაქცევის მოსწავლეთა კლასიდან იზოლირებამ და თანაკლასელებთან საუბრის აკრძალვამ – ეს მათ „კარცერში“ ჩასმას ჰგავდა.

გერმანიაში მოსწავლეებს ფორმა არ აცვიათ. ინგლისში გასაოცრად ბევრი დრო მიაქვს მოსწავლებისადმი მასწავლებლების შენიშვნებს პიჯაკის ჩაცმისა თუ პერანგის გასწორების თაობაზე.

ბუნებრივია, ყველა ბავშვი ცდილობს, რაღაცნაირად განსხვავდებოდეს დანარჩენებისგან, რაც ინგლისში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პაექრობას ემსგავსება.

სამაგიეროდ, მომეწონა ნათელი და მკაფიოდ გაწერილი სასკოლო წესები და სასკოლო პოლიტიკა. გერმანიაში სხვაგვარადაა – ყველა მასწავლებელი თვითონვე აყალიბებს კლასში წესებს – ან ინდივიდუალურად, ან კოლეგებთან შეთანხმებით.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სულ უფრო ვცილდებით „დასჯას“ და მსგავს მეთოდებს.

მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ მეორეს ჩაარტყა, ორივეს სამედიაციო კლასში ვგზავნით, ან ორივეს ვაწერინებთ, როგორი გრძნობაა, როდესაც ვინმე გირტყამს. ეს იმისთვის,  რომ ბავშვებმა აღიქვან ის ზიანი, რომელსაც ერთმანეთს აყენებენ.

გერმანიაში მასწავლებელი კვირაში საშუალოდ სამოცდაათი-ოთხმოცი საათი მუშაობს. ამასთან, ძალიან იშვიათია, რომ მასწავლებელმა სკოლა მიატოვოს. თუ მაინც მოხდა ასე, ვფიქრობ, მიზეზი მხოლოდ დიდი დატვირთვა შეიძლება იყოს.

ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროში დავიწყე მუშაობა არასრული განაკვეთით. უნდა ვაღიარო, რომ ეს ნამდვილი შვება აღმოჩნდა, რადგან საკლასო ოთახში თუ დავალებების გასწორებაში გატარებული საათები ნამდვილად არ უწყობს ხელს მასწავლებლის ჯანმრთელობას.

ოცდახუთ საათს, ჩვეულებრივ, სკოლაში ვატარებთ, დანარჩენ დროს კი გაკვეთილისთვის მომზადებასა და დავალებების გასწორება-შეფასებებს ვუთმობთ, რაც ჯამში ორმოც საათზე მეტს მოითხოვს.

ფაქტობრივად შეუძლებელია, გამონახო დრო არასასკოლო საქმეებისა თუ აქტივობებისთვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიის ნაწილია.

გერმანიაში განათლების სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მოქმედი მასწავლებლები სამინისტროს დეპარტამენტებში. ამჟამად ვმუშაობ ევროპულ და საერთაშორისო განყოფილებაში მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებსა და eTwinning-ზე (eTwinning – ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც მასწავლებლებს, ბიბლიოთეკარებსა და სკოლის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთობლივი პროექტები სხვადახვა ქვეყანასა და სკოლაში – ლ. ა.).

ჩემი სკოლა მრავალეროვანი და მულტიკულტურულია. სკოლის თეტრალური წრე ფართო შესაძლებლობას გვაძლევს, შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ ეს მრავალფეროვნება. მე ვეხმარები მოსწავლეებს იმ რეალობის დანახვაში, რომელიც გერმანიაშია და იმ ცრურწმენების გააზრებაში, რომლებიც უცხოელებისადმი არსებობს – ჩვენ ხშირად იმ ადამიანებთან ვმეგობრობთ, რომლებიც გვგვანან და გაუცნობიერებლად ვიზიარებთ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. თეატრალურ წრეში მოსწავლეებს ვურჩევ როლებს და ვავალებ ინტერვიუებს, რომლებიც დაეხმარება მათ, მეტი გაიგონ არაგერმანელების კულტურისა და ცხოვრების წესის შესახებ; ვეხმარები, იპოვონ მეგობრები მთელ მსოფლიოში (სკაიპის ან ფეისბუქის დახმარებით), გაიგონ, როგორც ცხოვრობენ და სწავლობენ ისინი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაიჯერონ ერთი რამ: რასაც აკეთებენ, შედეგის მომტანია. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მათი საქმიანობა უმნიშვნელოა. არ მინდა, ჩემი მოსწავლეებიც ასე ფიქრობდნენ. ბევრს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მოსწავლეები საზოგადოებისთვის არაფერს ქმნიან. მე კი მჯერა, რომ ბავშვებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

ერთ-ერთი პროექტის მიმიდნარეობისას ვკითხე კლასს, რას ფიქრობდნენ – შეეძლოთ თუ არა მსოფლიოში რამის შეცვლა. უმეტესობამ მიპასუხა, არაო. ბავშვების აზრით, მსოფლიო სულელური სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ.

ამის შემდეგ მათ გავახსენე ახალგაზრდა კაცი, სახელად კრეიგ კილბურგერი (კანადელი აქტივისტი, რომელმაც 1995 წელს, 12 წლისამ, წმ. კალაბრინის კათოლიკურ სკოლაში თანაკლასელებთან ერთად დაიწყო საპროტესო კამპანია აზიაში არასრულწლოვანთა შრომის წინააღმდეგ. კამპანიამ მსოფლიოს უფლებადამცველთა და კანადის პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიიპყრო და სათავე დაუდო უფლებაცვითი ორგანიზაციის Free The Children-ის შექმნას, რომელსაც კრეიგი და მისი ძმა მარკი ჩაუდგნენ სათავეში – ლ.ა.). მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ კილბურგერის ამბავი, მაგრამ მაინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი: „ისინი ცნობილი ხალხია“, „მათ უამარავი ფული აქვთ“.

მე კი ვუთხარი, რომ შეეძლოთ გაეკეთებინათ, რაც სურდათ, შეეძლოთ ეცადათ შერკინებოდნენ საკითხებს, რომლებიც, მათი აზრით, მოსაწესრიგებელი იყო მათ სკოლაში, სამეზობლოსა თუ ქალაქში. ამისთვის მოსწავლეებს სამი კვირა მივეცი.

ამ ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვებს არაერთი პრობლემა აწუხებდათ: უსახლკაროებისა, ადამიანები, რომლებსაც საჭმელი აკლდათ, სამეცნიერო წრის არარსებობისა და სხვა. რამდენიმე პროექტი მართლაც დამაფიქრებელი აღმოჩნდა.

იქნებ ყველამ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც სურს, მაგრამ ასეთი პროექტები მათ დაეხმარება, გააცნობიერონ მთავარი – ძალისხმევას ყოველთვის მოჰყვება შედეგი!

ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ მასწავლებლის მსოფლიო პრიზის (Global Teacher Prize) ნომინანტთა სიაში შემიყვანეს.

ამ კონფერენციაზე გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებლობა!

შეუძლებელია სიღარიბეზე, ომზე, რასიზმზე ან ტერორიზმზე საუბარი განათლებაზე საუბრის გარეშე. განათლება უშუალოდ უკავშირდება მსოფლიოში არსებულ უამრავ პრობლემას და, ამავე დროს, მათი მოგვარების გასაღებია.

წინათ მეც სკეპტიკურად განვეწყობოდი ხოლმე, როდესაც მესმოდა: „შევცვალოთ ეს!“ ვფიქრობდი: „კარგი, გავაკეთებ, რაც შემიძლია“. დღეს კი ამისი მჯერა. რად გვინდა პომპეზური ფრაზები? მე უბრალოდ ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვისაც სჯერა, რომ „ჩვენ შევცვლით!“

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი