სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დამოუკიდებლად სწავლის უნარებიგარემოებათა ანალიზი

დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება. თუმცა არც ისე ფართოდაა გამოკვლეული, რა ზეგავლენას ახდენს დამოუკიდებლად სწავლის უნარების ადრეულ ასაკშივე განვითარება პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებაზე. სუზან ქერი, ჰენრი მორსი და ელიზაბეთ მორსი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორები არიან. ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე, მათ განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად სწავლის უნარები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადრეულ ასაკში ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში აკადემიური წარმატების მიღწევაში.
დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებსაც 6-7 წლამდე კარგად განვითარებული აქვთ დამოუკიდებლად სწავლის უნარები, უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; ისინი უფრო სწრაფად ახერხებენ ახლად შესწავლილი თეორიული საკითხების გააზრებას, გაცნობიერებას, თავიანთ გამოცდილებასთან დაკავშირებას და ცოდნისა თუ აღქმის მოდიფიცირებას. სუზან ქერის მოსაზრების თანახმად, ადამიანი დამოუკიდებლად სწავლის უნარს მუდმივად ივითარებს, ადრეულ ასაკში კი ამ უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული უნარები ტვინის წინა კორტექსით რეგულირდება, რომლის განვითარების პროცესი განსაკუთრებით აქტიურია დაბადებიდან 6-7 წლამდე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ადრეულ ასაკში სწავლება, თავის მხრივ, ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარების ეფექტურად გამოყენებას, კონკრეტულად კი _ ისეთი უნარების, როგორიცაა ინფორმაციის ორგანიზება, ფოკუსირება, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა, თვითკონტროლი.
დამოუკიდებლად სწავლის უნარები სკოლამდელი და სასკოლო სასწავლო პროგრამების მისაღწევ შედეგებს შორის გვხვდება, თუმცა სკოლამდელი თუ სასკოლო განათლების საფეხურზე არ არსებობს კათედრა, რესურსები, პედაგოგი ან მენტორი, რომელიც პასუხისმგებელია სწავლის უნარის გამომუშავების ხელშეწყობაზე. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარება მოსწავლეების ძალისხმევის ამარა რჩება.
ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარების სტრატეგიებზე. თვითრეგულირებადი სწავლის თემაზე ჟურნალ “მასწავლებელში” უკვე დაიბეჭდა რამდენიმე სტატია. ამ წერილში გავაანალიზებთ იმ საჭიროებებს და ნაკლოვანებებს, რომელთა გადახედვა და შეფასება შესაძლებელს გახდის დამოუკიდელი სწავლების უნარების დროულად და ეფექტურად განვითარებას.
დავიწყოთ იმ გარემოებით, რომ დაწყებითი განათლების სასწავლო პროგრამებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე ჰუმანიტარული საგნების სწავლებას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აგვიანებს დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებას. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში ივითარებენ დამოუკიდებლად სწავლის უნარებს, უკეთ ახერხებენ თვითრეალიზაციას ზუსტ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში, მეტი სიზუსტით და თავდაჯერებულობით ახერხებენ პროფესიული ინტერესების განსაზღვრას და შესაფერისი მიმართულების შერჩევას უმაღლესი განათლების საფეხურზე თუ პროფესიაში.
დამოუკიდებლად სწავლის უნარებში ორ ათეულზე მეტი კონკრეტული უნარი მოიაზრება, რომელთა გაერთიანება ოთხ ძირითად კატეგორიად შეიძლება:
•           ინფორმაციის მიღება (ბეჭდვითი ან მულტიმედია საშუალებებით), დამუშავება და გამოყენება;
•           კრიტიკული ანალიზი და რეფლექსია;
•           სწავლის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება, დროის მართვა;
•           ჯგუფური მუშაობა.
აღნიშნული უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ რა გარემოებები ან მოვლენები აფერხებს მათ განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა ფსიქო-სოციალური თუ სტრუქტურული ფაქტორები შეიძლება ახდენდეს უარყოფით გავლენას აღნიშნული უნარების ჩამოყალიბებაზე. ამ ფაქტორებზე დაკვირვება შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს და მშობლებს, ადრეულ ეტაპზე დაადგინონ პრობლემები და მეტი ყურადღება გაამახვილონ იმ ხელისშემწყობ ღონისძიებებზე, რომლებიც კონკრეტული პრობლემის დაძლევას/შემსუბუქებას უზრუნველყოფს.
ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს შორის გამოიყოფა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ნეიროგანვითარების დარღვევა, რაც განაპირობებს დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებაში ჩამორჩენას, სოციალურ ფაქტორადაც იქცევა. მშობლებსა და მასწავლებლებს მეტწილად არ აქვთ სპეციალური განათლება ამ საკითხის შესახებ, რაც მათ ადეკვატურად რეაგირებაში დაეხმარებოდა. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი აშშ-ის ბავშვებისა და მოზარდების (3-17 წლები) 9-11%-ს აღენიშნება. ნევროლოგთან მშობელთა მიმართვიანობის ნაკლებობის გამო ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყოს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნაც, რომ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბიჭებში თითქმის სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გოგონებში (4.5% _ გოგონებში, 13.9% _ ბიჭებში). დარღვევა უშუალოდ უკავშირდება დამოუკიდებლად სწავლის უნარებს, რადგან ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებში ვლინდება უყურადღებობა, გაფანტულობა, დავალების შესრულებისას ხშირი შეცდომები, მარტივი მითითებების შეუსრულებლობა, კონცენტრაციის მოკლე ხნით შენარჩუნება, დაგეგმვის უუნარობა, მოჭარბებული მოტორული აქტივობა, იმპულსურობა, გაუაზრებელი მოქმედება, ლოდინის უნარის ნაკლებობა, განრიგის დაუმორჩილებლობა, მოსმენის უნარის დეფიციტი სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობებში.
სხვა ფსიქო-სოციალური გარემოებები, რომლებიც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებაზე, არის დაბალი თვითშეფასება, ეკონომიკური პრობლემები და სწავლისათვის საჭირო რესურსების ხელმიუწვდომლობა. ამ დროს ბავშვებში ვლინდება ისეთი ნიშნები, როგორიცაა ინფორმაციის დამახსოვრების პრობლემები, ინიციატივის უქონლობა, თხრობის უნარის განუვითარებლობა, დროის განსაზღვრის და დაგეგმვის უუნარობა.
დამოუკიდებლად სწავლის უნარების სტრუქტურულ ფაქტორებში იგულისხმება სასწავლო სისტემით და სწავლების პრაქტიკით განპირობებული გარემოებები, რაც აფერხებს დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებას. სტრუქტურულ გარემოებებს შორის რამდენიმე ძირითადს განვიხილავთ:
1.         პირველი ასეთი გარემოება გახლავთ გაკვეთილის ფაზებს შორის გამოყენებითი ნაწილის ინტეგრირებასა და ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები. ეს, გარკვეულწილად, გაკვეთილის ხანმოკლე დროითა და მისაწოდებელი მასალის დიდი მოცულობითაა განპირობებული. დამოუკიდებლად სწავლის უნარს უმთავრესად გაკვეთილის გამოყენებით ნაწილში განხორციელებული აქტივობები უწყობს ხელს. აღნიშნული სირთულის დაძლევისთვის სასურველია სასწავლო პროექტების აქტიურად გამოყენება, რათა მოსწავლეებს კლასის გარეთ მიეცეთ ამ უნარების ზრდის შესაძლებლობა. 
2.         შემდეგ გარემოებად დავასახელებთ ინდივიდუალურ აქტივობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მასწავლებლისთვის რთულია, ხანმოკლე გაკვეთილის განმავლობაში ყველა ტიპის მოსწავლეს მისცეს შესაძლებლობა და საჭირო დრო ჩართულობისთვის. საქმე განსაკუთრებით რთულდება, როცა კლასი მრავალრიცხოვანია და სხვადასხვა ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს აერთიანებს. ამ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური პორტფოლიო ხელს შეუწყობს განათლების ინდივიდუალურად დაგეგმვასა და წარმართვას (იხილეთ https://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofo_lobJaniZe_1.pdf).
3.         კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩვენს სკოლებში აღინიშნება, გრძელვადიანი სასწავლო ჯგუფების პრაქტიკის ნაკლებობაა. გრძელვადიან სასწავლო ჯგუფებში მოსწავლეები გამოიმუშავებენ არა მხოლოდ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, არამედ როლების განსაზღვრის და განაწილების უნარს. სხვადასხვა ქვეყანაში გრძელვადიან სასწავლო ჯგუფებს ორგანიზაციული დავალებების და მასწავლებლის ასისტენტის როლის შესრულება უწევთ, რაც, თავის მხრივ, ავითარებს დამოუკიდებლად სწავლის უნარებს (იხილეთ რესურსი ინგლისურ ენაზე: https://www.co-operation.org/home/introduction-to-cooperative-learning/).
4.         შემდეგი გარემოება შესაძლოა არა მხოლოდ სტრუქტურული ნაკლოვანებით, არამედ სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული. ტექნოლოგიების არამიზნობრივად გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებს მოსწავლის რეფლექსიისა და დროის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება-გამოყენებას. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებში განსაკუთრებით დიდია ტექნოლოგიების არამიზნობრივად გამოყენებს საფრთხე. მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას ისინი აღარ ავლენენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა იმპულსურობა, დაუფიქრებელი მოძრაობები, გაუჩერებლად საუბარი. ასევე, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მათი კონცენტრაციის უნარიც გაუმჯობესდა, ვინაიდან ტექნოლოგიებთან მძაფრი მიჯაჭვულობა უვითარდებათ. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიების ხშირი და არამიზნობრივი გამოყენების შემდეგ ისინი რეალურ კონტექსტში ორჯერ უფრო მძაფრად ავლენენ ჩვეულ სიმპტომებს (იხილეთ საგანმანათლებლო მულტიმეტია რესურსები ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების წასახალისებლად https://www.mangrum-strichart.com/products/product-detail.asp?pid=AE34F4E715E4 თამაში ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა დადებითი აზროვნება, მოტივაცია, ორგანიზაციული უნარები, დამახსოვრება, კონცენტრაცია, მიზნების დასახვა).
5.         აღსანიშნავია დამოუკიდებელი სწავლის უნარების შეფასების ინსტრუმენტების არარსებობა. დამოუკიდებლად სწავლის უნარების შეფასება და შედეგების გათვალისწინება ხელს უწყობს აკადემიური შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. აშშ-ის სკოლებსა და უნივერსიტეტებში დამოუკიდებლად სწავლის უნარების თვითშეფასების მეთოდი ფართოდ გამოიყენება. შეფასების ფორმები კომპლექსურია ან კონკრეტულ სწავლის უნარზეა ფოკუსირებული. შეფასების ინსტრუმენტებისა და მოდელების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება შემდეგი ვებგვერდების მეშვეობით შეგიძლიათ:
https://www.how-to-study.com/assessments/ _  აშშ-ის მიჩიგანისა და ინდიანის უნივერსიტეტების პროფესორების, ჩარლზ მანგრუმისა და სტივენ სტიხარტის მიერ შექმნილი სწავლის საგანმანათლებლო რესურსების ონლაინ-პორტალი.
https://www.educationplanner.org/students/self-assessments/improving-study-habits.shtml _ გვთავაზობს რუბრიკას სწავლის უნარების გაუმჯობესებისთვის.
https://www.schoolfamily.com/school-family-articles/article/836-learning-styles-quiz _ მშობლებს სთავაზობს მცირეწლოვანი ბავშვების სწავლის სტილის შეფასების მოკლე ტესტს.
დამოუკიდებლად სწავლის უნარების ინტეგრირება სწავლების პროცესში რთულია, რადგან არ არსებობს შესაბამისი კურიკულუმი, ადამიანური რესურსი, საგანმანათლებლო მასალები და სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის და მშობელთათვის (კურიკულუმის და სახელმძღვანელოების მაგალითისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: https://www.how-to-study.com/study-skills-products.asp).
არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, სასურველია, მასწავლებლებმა და მშობლებმა დიდი ყურადღება დაუთმონ დამოუკიდებლად სწავლის უნარების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბარს; ასევე, მიაწოდონ მოსწავლეებს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი უნარები დაეხმარება მათ, გახდნენ დამოუკიდებლი შემსწავლელები; დაეხმარონ მოსწავლეებს ამ ტიპის უნარების შეფასებაში, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში. აღნიშნულის მისაღწევად, ცხადია, სასურველია, ადგილობრივად შემუშავდეს ან ითარგმნოს და გავრცელდეს უკვე არსებული კურიკულუმის და სასწავლო რესურსების ნიმუშები დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებისთვის (მაგალითისთვის იხილეთ: https://www.how-to-study.com/study-skills-products.asp).
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი