ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მორალური განვითარების სტადიები და კვლევა სასკოლო ასაკის ბავშვებში

 ლოურენს კოლბერგის მიხედვით
შესავალი
მორალი განუყოფლადაა დაკავშირებული პიროვნულ ურთიერთობებთან. ჩვენი მორალური რწმენების უმრავლესობა ფორმირდება იმ ადამიანების გავლენით, ვინც ჩვენ გარშემოა. მშობლებისგან, მეგობრებისგან, ხალხისგან, რომელსაც ტელევიზორსა თუ ინტერნეტში ვხედავთ, ვიგებთ, რა არის ეთიკური და რა – არა. ჩვენ ან ვიჯერებთ იმას, რისიც მათ სჯერათ, ან, თუ ადამიანი არ მოგვეწონა, აქტიურად უკუვაგდებთ მის შეხედულებებს და საწინააღმდეგო მოსაზრებებს ვიყალიბებთ. გარდა ამისა, მორალი არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ჩვენი მორალური განწყობები განსაზღვრავს იმ წესებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ვემორჩილებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. 

ადამიანში მორალური განწყობების ფორმირების პროცესი ფსიქოლოგთა დიდ ინტერესს იწვევს. ვეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე წამყვანი თეორია, რომლებსაც საფუძვლად სერიოზული პრაქტიკული კვლევები უდევს და ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ოჯახი, რელიგია, თანატოლები და ტელევიზია. 
ფსიქოანალიტიკური თეორია
ზიგმუნდ ფროიდის თანახმად, მორალი ყალიბდება 3-6 წლის ასაკში, მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილი ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსები იჩენს თავს. უმცროსი ასაკის ბავშვებს სურთ დაეუფლონ საპირისპირო სქესის მშობელს, მაგრამ ისინი ამ სურვილს სასჯელისა და მშობლიური სიყვარულის დაკარგვის შიშის გამო უარყოფენ. მშობლებთან სიახლოვის შესანარჩუნებლად ბავშვები იქმნიან სუპერეგოს, ანუ სინდისს თავისი სქესის მშობელთან იდენტიფიცირებით, რომლის ზნეობრივ სტანდარტებსაც საკუთარი პიროვნებისთვის იღებენ. საბოლოოდ ბავშვები ზნეობრივ სტანდარტებთან ერთად ინტენსიური ემოციების ინტერნალიზაციასაც ახდენენ, მანამდე მათივე სქესის მშობლისადმი გამიზნულ მტრულ გრძნობას საკუთარი თავისკენ მიმართავენ და ყოველთვის, როცა სუპერეგოს არ ემორჩილებიან, ეს ინტერნალიზებული მტრობა მათში დანაშაულის მტკივნეულ განცდას აღძრავს. ფროიდის მიხედვით, მორალური განვითარება 5-6 წლის ასაკისთვის მნიშვნელოვანწილად დასრულებულია, რაც შუა ბავშვობაში კიდევ უფრო ძლიერდება სუპერეგოს მეშვეობით.

დღეს მკვლევართა უმრავლესობა ფროიდის თვალსაზრისს არ ეთანხმება. ჯერ ერთი, აღარ მიიღება ფროიდის მოსაზრება დანაშაულის გრძნობის როგორც საკუთარი თავისადმი მიმართული მტრული იმპულსის თაობაზე. მეორეც, მიიჩნევა, რომ დასჯისა და მშობლების სიყვარულის დაკარგვის შიში ზნეობრივი ქცევის ცნობიერად ფორმირების მოტივია. ის ბავშვები კი, რომელთა მშობლებიც ხშირად იყენებენ მუქარას, ბრძანებებს ან ფიზიკურ ძალდატანებას, ხშირად არღვევენ სტანდარტებს, მაგრამ ამის გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.

მიუხედავად არცთუ დიდი მხარდაჭერისა, ფროიდი მართალი იყო იმაში, რომ დანაშაულის გრძნობა მორალური ქცევის მნიშვნელოვანი მოტივია. ემპათიაზე დამყარებული დანაშაულის გრძნობის გამოწვევა იმის ახსნით, რომ ბავშვის მოქმედება დაზარალებულის ტკივილის ან წუხილის მიზეზია და მან იმედი გაუცრუა მშობელს, ბავშვზე იძულების გარეშე გავლენის მოხდენის საშუალებაა. 

სოციალური დასწავლის თეორია 
სოციალური დასწავლის თეორია მორალს არ განიხილავს როგორც განვითარების განსაკუთრებული მიმდინარეობით ადამიანისთვის დამახასიათებელ ქმედებას. მორალური ქცევა, როგორც რეაქციათა ნებისმიერი სხვა ერთობლიობა, უფრო შეძენილად მიიჩნევა გაძლიერებისა და მოდელირების საშუალებით.

ოპერანტული განპირობებულობა არ არის საკმარისი, რათა ბავშვს საშუალება მიეცეს, ზნეობრივ პასუხისმგებლობას დაეუფლოს. იმისთვის, რომ საქციელი განმტკიცდეს, თავდაპირველად იგი სპონტანურად უნდა წარმოიქმნას, მაგრამ ბევრი პროსოციალური ქცევა თავიდანვე განმტკიცებისთვის ისე ხშირად არ იჩენს თავს, რომ ავხსნათ ბავშვობაში მისი სწრაფად განვითარება. ამიტომ სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები ფიქრობენ, რომ ბავშვები მორალურ ქცევას მოდელირებით – იმ მოზარდებზე დაკვირვებით და მიბაძვით სწავლობენ, რომლებიც ავლენენ შესაბამის ქცევას. როდესაც ბავშვები ზნეობრივი რეაქციის უნარს იძენენ, ქება მის სიხშირეს ზრდის. მოდელები ყველაზე მეტად სკოლამდელებზე ახდენს გავლენას.
ჟან პიაჟე
პიაჟეს მიხედვით, მორალი განისაზღვრება როგორც ადამიანის პატივისცემა სოციალური ნორმების მიმართ და მისი სამართლიანობის გრძნობა. მისი აზრით, ზნეობრიობის განცდა ბავშვებში ვითარდება როგორც მათი მუდმივად განვითარებადი კოგნიტური სტრუქტურებისა და ასევე მუდმივად მზარდი სოციალური გამოცდილების ურთიერთქმედების შედეგი. ბავშვთა მორალური განვითარება ორ სტადიას გაივლის.

პირველ სტადიაზე, რომელსაც პიაჟემ მორალური რეალიზმი (შუა ბავშვობის დასაწყისი) უწოდა, ბავშვებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ყველა წესის შესრულება. მაგალითად, თამაში უნდა ითამაშონ მხოლოდ განსაზღვრული წესებით. ზნეობრივი ქცევის შესახებ ამ ასაკის ბავშვი მისი შედეგებით მსჯელობს, ხოლო განზრახვა მისი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მიაჩნია, რომ ის ბავშვი უფრო დამნაშავეა, ვინც დედას ეხმარებოდა და შემთხვევით ხუთი თეფში გაუტყდა, ვიდრე ის, ვინც გაბრაზებისას განზრახ გატეხა ერთი თეფში.
შუა ბავშვობის დასასრულს ბავშვები გადადიან მორალური რელატივიზმის სტადიაში. ახლა ისინი აცნობიერებენ, რომ წესები მხოლოდ ადამიანების ურთიერთშეთანხმების პროდუქტს წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში მათი შეცვლა შეიძლება. ამას ბავშვები იმის გაგებისკენ მიჰყავს, რომ არ არსებობს აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი და რომ მორალური ქცევა დამოკიდებულია განზრახვაზე და არა შედეგზე.

პიაჟეს ნაშრომები მრავალ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მასთან მორალური განვითარება 12 წლის ასაკში მთავრდება, ყოველ შემთხვევაში, თავად პიაჟეს მეტი სტადია აღარ გამოუყვია, ხოლო ადამიანის ინტელექტუალური განვითარება ამ ეტაპზე არ ჩერდება, ეს მხოლოდ ფორმალური ოპერაციების სტადიის დასაწყისია, რომელიც მინიმუმ 16 წლამდე გრძელდება. შესაბამისად, შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ მორალურ საკითხებზე ფიქრი მთელი მოზარდობის განმავლობაში მიმდინარეობს. ამიტომაც კოლბერგი მორალურ დილემებს უყენებდა როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებსაც და გამოყოფდა სტადიებს, რომლებიც გაცილებით შორს მიდის, ვიდრე პიაჟეს მიერ გამოყოფილი სტადიები.
ლოურენს კოლბერგი 
კოლბერგმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის მორალური განვითარების კვლევაში. თავდაპირველად მისი ცდისპირები იყვნენ 72 ჩიკაგოელი ბიჭი, რომლებიც სამ ასაკობრივ ჯგუფს (10, 13 და 16) წარმოადგენდნენ. კოლბერგი მათ მორალურ დილემებს უყენებდა და მათი გადაწყვეტილებების საფუძველზე აფასებდა მათ მორალურ განვითარებას. აი ერთ-ერთი დილემა, რომელიც კლასიკურად იქცა: 
“ევროპაში ერთი ქალი კიბოს იშვიათი ფორმით იყო ავად და კვდებოდა. არსებობდა ერთადერთი წამალი, რომელსაც, ექიმების აზრით, ამ ქალის შველა შეეძლო. ეს წამალი აღმოაჩინა აფთიაქარმა, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა. წამლის წარმოება ძვირი ჯდებოდა, თუმცა აფთიაქარი ითხოვდა მის თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტს. წამლისთვის საჭირო მასალას ის 200 დოლარად ყიდულობდა, მზა წამლისთვის კი 2 000 დოლარს ითხოვდა. ავადმყოფი ქალის ქმარმა, ჰაინცმა, ყველა ღონე იხმარა, მაგრამ 1 000 დოლარზე მეტი ვერ შეაგროვა. მან აფთიაქარს სთხოვა, ან იაფად მიეყიდა მისთვის წამალი, ან ნისიად მიეცა და დაჰპირდა, რომ მოგვიანებით გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, მაგრამ აფთიაქარმა უპასუხა: “არა, ეს წამალი მე აღმოვაჩინე და ახლა მისით ფულის შოვნა მინდა”. სასოწარკვეთილი ჰაინცი ღამით შეიპარა აფთიაქში და წამალი მოიპარა. მოიქცა თუ არა ჰაინცი სწორად? რატომ?” 
კოლბერგს აინტერესებდა არა ის, ჩათვლიდა თუ არა კონკრეტული ცდისპირი ჰაინცის საქციელს მორალურად ან ამორალურად, არამედ ის, როგორ დაასაბუთებდა თავის პასუხს. ამიტომაც ინტერვიუს გეგმა შეიცავს დამატებით კითხვებს, რომლებიც ბავშვის აზროვნების გაგებაში გვეხმარება. შემდეგ ცდისპირს მიეწოდება სხვა დილემებიც, რათა მივიღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია მისი მორალური აზროვნების შესახებ.

მას შემდეგ, რაც ცდისპირთა პასუხები შეისწავლა, კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების სამი ძირითადი დონე და თითოეული მათგანი ორ სტადიად დაყო. პირველ დონეს მან პრეკონვენციური დონე უწოდა, მეორეს – კონვენციური, ხოლო მესამეს – პოსტკონვენციური.

თავის მიერ გამოყოფილი სტადიები კოლბერგს რომელიმე კონკრეტული ასაკისთვის არ მიუწერია. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ადამიანები მორალური აზროვნების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. არც ერთი ადამიანი ზუსტად არ შეესაბამება ამ ექვსიდან რომელიმე სტადიას.
განვიხილოთ თითოეული სტადია:
დონე I. პრეკონვენციური მორალი (10 წლამდე)

სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება. კოლბერგის პირველი სტადია პიაჟეს მორალური განვითარების პირველ სტადიას შეესაბამება. ბავშვს მიაჩნია, რომ ვიღაც “ყოვლისშემძლე ადამიანები” ადგენენ წესების ფიქსირებულ კრებულს, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ამ სტადიაზე მყოფი ბავშვი ჰაინცის შესახებ ამბობს, რომ ის არასწორად მოიქცა, როცა წამალი მოიპარა, რადგან ეს “კანონსაწინააღმდეგოა” ან “ქურდობა ცუდია”. როდესაც ბავშვს სთხოვენ, ვრცლად გამოთქვას საკუთარი აზრი, ის, ჩვეულებრივ, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით პასუხობს – ხსნის, რომ ქურდობა ცუდი საქციელია, რადგან ამ შემთხვევაში დაგსჯიან.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ სტადიაზე მყოფი ბავშვების დიდი უმრავლესობა ჰაინცს დამნაშავედ მიიჩნევს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მის საქციელს მხარს დაუჭერენ, თუმცა მაინც პირველ სტადიაზე იმყოფებიან. ბავშვს შეუძლია თქვას: “ჰაინცს შეუძლია წამლის მოპარვა, რადგან თავდაპირველად მან ის ითხოვა, თანაც მოიპარა არცთუ ისე დიდი ნივთი, ამიტომ მას არ დასჯიან”. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჰაინცის საქციელს ეთანხმება, მისი მორალური აზროვნება მაინც პირველ სტადიაზე იმყოფება, რადგან მას აღელვებს, რის ნებას იძლევიან “ყოვლისშემძლე ადამიანები” და რისი გაკეთებისთვის სჯიან სხვებს.

ამ სტადიაზე ბავშვები ჯერ კიდევ არ აზროვნებენ ისე, როგორც საზოგადოების წევრები. ისინი ზნეობას განიხილავენ როგორც რაღაც გარეგანს, მათგან დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ, რადგან ასე ამბობენ “დიდი ბიძიები”.
სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტული ჰედონიზმი. ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც “ყოვლისშემძლე ფიგურისგან” გამომდინარეობს. სხვადასხვა ინდივიდს შესაძლოა სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდეს. მაგრამ თავდაპირველად ეს გაგება ძალზე კონკრეტულია, ისინი მართებულად მიიჩნევენ, როდესაც ადამიანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ერთმა ბავშვმა თქვა, რომ თუ ჰაინცს უნდოდა, მისი ცოლი გადარჩენილიყო, მას უნდა მოეპარა წამალი, მაგრამ მას ამის გაკეთება არ დასჭირდებოდა, უფრო ახალგაზრდა და ლამაზ ქალზე რომ დაქორწინებულიყო. მეორე ბავშვმა თქვა, რომ ჰაინცს უნდა მოეპარა წამალი, რადგან “შესაძლოა, მათ ჰყავდათ შვილები და მას სჭირდებოდა ვინმე ოჯახში, ვინც ყურადღებას მიაქცევდა მათ, თუმცა იქნებ მას არც უღირდა მოპარვა, რადგან შესაძლოა ჩაესვათ ციხეში იმდენი ხნით, რომ ცოცხალი ვერც გამოსულიყო”. 

ამ სტადიაზე ჰაინცისთვის სწორია ის, რაც მის პირად ინტერესებს თანხვდება.

პირველ და მეორე სტადიებზე მყოფი ბავშვები საუბრობენ დასჯაზე, თუმცა სხვადასხვანაირად იღებენ მას. პირველ სტადიაზე დასჯა ბავშვის აზროვნებაში დაკავშირებულია ბოროტებასთან, დასჯა “ადასტურებს”, რომ ქცევა არასწორი იყო. მეორე სტადიაზე კი დასჯა უბრალოდ საფრთხეა, რომელსაც ადამიანს, ბუნებრივია, სურს გაექცეს. 

მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვები შეიძლება ამორალურებად მოგვეჩვენოს, მაგრამ მათ აქვთ განსაზღვრული წარმოდგენები სამართლიან საქციელზე. ეს არის სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება, რომლის მიღმაც ორმხრივი ვალდებულების ფილოსოფია დგას – სამსახური სამსახურის წილ. რაც შეეხება ჰაინცის შემთხვევას, ცდისპირები ხშირად ამბობენ, რომ ჰაინცი მართალი იყო, როდესაც წამალი მოიპარა, რადგან აფთიაქარს არ სურდა სამართლიანი შეთანხმების გაფორმება, ან ამბობენ, რომ ჰაინცს უნდა მოეპარა წამალი თავისი ცოლისთვის, რადგან შესაძლოა, მან გარკვეული ხნის შემდეგ გაწეული სამსახურისთვის სამაგიერო გადაუხადოს ქმარს.
დონე II. კონვენციური მორალი. (10-დან 16 წლამდე)

სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები. ამ სტადიაზე ბავშვები – რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოზარდ ასაკს არიან მიღწეულები – მორალს განიხილავენ როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ და “კარგად” მოიქცნენ. კარგი საქციელი აღნიშნავს კარგი მოტივებისა და ისეთი პიროვნებათაშორისი გრძნობების ქონას, როგორებიცაა სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა. ბავშვები მიიჩნევენ, რომ ჰაინცი მართალი იყო, რადგან “ის კარგი ადამიანია, ცოლის გადარჩენა უნდოდა”, ან “მისი განზრახვა კეთილშობილურია, რადგან უნდოდა იმ ადამიანის შველა, რომელიც უყვარდა”. ცდისპირები ხშირად ამბობდნენ, რომ თუნდაც ჰაინცს არ ჰყვარებოდა მეუღლე, მას მაინც უნდა მოეპარა წამალი, რადგან “არა მგონია, რომ ქმარი უნდა იჯდეს და უყურებდეს, როგორ კვდება მისი ცოლი”.

თუ ჰაინცის მოტივები კეთილშობილური იყო, აფთიაქარის განზრახვაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდია. მესამე სტადიაზე მყოფი ცდისპირები აფთიაქარს ახასიათებენ როგორც “ეგოისტს”, “ძუნწს” და “მხოლოდ საკუთარი თავით დაინტერესებულ პიროვნებას, რომელსაც სხვისი ბედი არ აღელვებს”. ზოგჯერ აფთიაქარის საქციელი ცდისპირებში იმდენად დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რომ ისინი მის ციხეში ჩასმასაც კი მოითხოვენ. მესამე სტადიისთვის დამახასიათებელ ტიპურ პასუხად 13 წლის დონის პასუხი მიიჩნევა:
“ყველაფერი აფთიაქარის ბრალია, ის უპატიოსნოა, ცდილობს იშოვოს ბევრი ფული და ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს. ჰაინცს უყვარდა ცოლი და მისი შველა უნდოდა. ვფიქრობ, ყველა ასე მოიქცეოდა. არა მგონია, ის ციხეში ჩასვან. მოსამართლე მომხდარს ყველა მხრიდან შეაფასებს და მიხვდება, რომ აფთიაქარი ძალიან ბევრს ითხოვდა”. 
ზემოთქმულიდან ჩანს, რომ დონი საკითხს მოქმედ პირთა მოტივებისა და ხასიათის თვისებების გათვალისწინებით განიხილავს. ის საუბრობს შეყვარებულ ქმარზე, უპატიოსნო აფთიაქარზე და გამგებ მოსამართლეზე. მისი პასუხი კონვენციურია, რადგან მიაჩნია, რომ ამ შეხედულებას მთელი საზოგადოება დაეთანხმება – ყველა მართალი იქნება, თუ გააკეთა ის, რაც ჰაინცმა.

არსებობს ანალოგია კოლბერგის პირველ სამ სტადიასა და პიაჟეს ორ სტადიას შორის. ორივეგან გვხვდება გადასვლა უპირობო მორჩილებიდან რეალისტურ აზროვნებაზე და კეთილშობილურ მოტივებაზე, თუმცა კოლბერგთან ეს გადასვლა სამ სტადიას იკავებს, პიაჟესთან კი ორს.
სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება. მეოთხე სტადიაზე მყოფ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად აღელვებთ საზოგადოება. ამჯერად ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს, რათა სოციალური წესრიგი შენარჩუნდეს. ბევრი ცდისპირი ამბობს, რომ მათ ესმით ჰაინცის კეთილშობილური მოტივები, მაგრამ ქურდობას ვერ გაამართლებენ. რა მოხდება, თუ ყოველმა ჩვენგანმა დაარღვია კანონი ყოველთვის, როცა კი მოეჩვენება, რომ ამისთვის საკმაო საფუძველი აქვს? შედეგად მივიღებთ ქაოსს და საზოგადოება ვეღარ იარსებებს. აი, როგორ ახსნა ეს ყველაფერი ერთმა ცდისპირმა:
“მე არ მინდა ჩამთვალონ ადამიანად, რომელიც მანიაკურად მოუწოდებს ყველას წესრიგისკენ, მაგრამ თუ ყოველი ჩვენგანი ისე მოიქცა, როგორც მოუნდება, იხელმძღვანელა საკუთარი წარმოდგენებით სიკეთესა და ბოროტებაზე, ვფიქრობ, დადგება ქაოსი. ჩემი აზრით, თანამედროვე ცივილიზაციას გამოარჩევს განსაზღვრული სამართლებრივი სტრუქტურა, რომელსაც ადამიანებმა უნდა მისდიონ”. 
ვინაიდან მეოთხე სტადიაზე ცდისპირები მორალურ გადაწყვეტილებებს საზოგადოების გადასახედიდან იღებენ, ისინი აზროვნებენ როგორც სოციუმის ნამდვილი და სრულფასოვანი წევრები.
პირველ სტადიაზე ბავშვები ასევე ეწინააღმდეგებიან ქურდობას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პირველ და მეოთხე სტადიაზე ცდისპირები ერთსა და იმავე პასუხებს იძლევიან, ამიტომაც ადვილი გასაგებია, რატომ აიძულებდა მათ კოლბერგი საკუთარი მოსაზრებისა განვრცობასა და დასაბუთებას.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი (16 წლიდან)

სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები. მეხუთე სტადიაზე რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ კარგი საზოგადოება ყველაზე უკეთ შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები ნებით ერთვებიან საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს საზოგადოების შიგნით აქვთ განსხვავებული ღირებულებები, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ყველა ჭკვიანი ადამიანი ეთანხმება ორ პუნქტს: პირველი – დაცულ იქნეს ისეთი ბაზისური უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება; მეორე – ნებისმიერი უთანხმოება მოგვარდეს დემოკრატიული პროცესების დახმარებით.

ჰაინცის დილემასთან დაკავშირებით რესპონდენტები, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგებიან კანონის დარღვევას, რადგან კანონი – ეს სოციალური კონტრაქტია, თუმცა ჰაინცის ცოლის სიცოცხლის უფლება მორალური კანონია, რომელიც დაცული უნდა იქნეს, ამიტომ რესპონდენტები ხანდახან ამართლებენ ჰაინცის საქციელს:
“ქმრის მოვალეობაა, უშველოს ცოლს. ის ფაქტი, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, აღემატება ყველა ნორმას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ჰაინცის საქციელის შესაფასებლად. სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრება”.
ამ ახალგაზრდამ შემდეგში თქვა, რომ მორალური კუთხით ჰაინცს უნდა ეშველა თუნდაც უცნობი ადამიანისთვის. როდესაც მას ჰკითხეს, უნდა დაესაჯა თუ არა მოსამართლეს ჰაინცი, მან უპასუხა:
“როგორც წესი, მორალური და სამართლებრივი შეხედულებები თანხვდება, თუმცა აქ ისინი წინააღმდეგობაში მოდიან. მოსამართლემ მორალური კანონი უფრო მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნიოს, მაგრამ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონიც, ჰაინცს უნდა დააკისროს მსუბუქი სასჯელი”.
კოლბერგი ამტკიცებდა, რომ იმის განსაზღვრისთვის, იმყოფება თუ არა ადამიანი მეხუთე სტადიაზე, არ არის საკმარისი მისი მხრივ აზრის მხოლოდ ვერბალური გამოხატვა; აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სოციალური პოზიცია. მეოთხე სტადიის ცდისპირებიც ხშირად საუბრობენ “სიცოცხლის უფლებაზე”, მაგრამ ეს წესი აქ იმიტომ მოქმედებს, რომ სოციალური ან რელიგიური ჯგუფები მათთვის უმაღლეს ავტორიტეტებს წარმოადგენენ. თუ მათი ჯგუფი საკუთრებას უფრო მეტად რომ აფასებდეს, ვიდრე სიცოცხლეს, ისინი ჰაინცის საქციელს ცუდად მიიჩნევდნენ. მეხუთე სტადიაზე კი ადამიანები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი საზოგადოების დაფასება. მაგალითად, მათ ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ სიცოცხლის გარეშე საკუთრება ბევრს არაფერს ნიშნავს. ისინი ცდილობენ ლოგიკურად განსაზღვრონ, როგორი უნდა იყოს საზოგადოება.
სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ამ უმაღლეს საფეხურზე სწორი ქმედება განისაზღვრება სინდისის თვითამორჩეული ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა. ეს ფასეულობები აბსტრაქტულია და არა ათ მცნებასავით კონკრეტული. მეექვსე საფეხურზე მყოფები, წესისამებრ, საუბრობენ ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე, თითოეული პიროვნებისთვის პატივის მიგება და ღირსების პატივისცემა. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი შემდეგნაირად მსჯელობს:
“თუ ჰაინცმა ყველაფერი არ იღონა ცოლის გადასარჩენად, ის ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა სხვა ფასეულობას დააყენებს. არავითარი აზრი არ აქვს საკუთრების უფლების პატივისცემას სიცოცხლის უფლებაზე მაღლა მისი დაყენებით. ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს კერძო საკუთრების გარეშეც შეუძლიათ ერთად ცხოვრება. ადამიანის სიცოცხლისა და პიროვნების პატივისცემა აბსოლუტია და, მაშასადამე, ადამიანების საერთო ვალია, ერთმანეთი სიკვდილისგან იხსნან”.
კოლბერგის მიხედვით, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი აღწევს მეექვსე სტადიამდე. 
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორი ურთიერთდაკავშირებული ტენდენცია, რომლებიც ამ სტადიებს ახასიათებს: 1. თავდაპირველად მორალური მსჯელობა დაფუძნებულია გარეგნულ შედეგებზე, ხოლო მოგვიანებით – ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებზე. 2. თავდაპირველად მორალური აზროვნება გამოირჩევა კონკრეტულობის მაღალი დონით, ხოლო მოგვიანებით ის საკმაოდ აბსტრაქტული ხდება.

მორალური განვითარების კვლევა სასკოლო ასაკის მოზარდებში
ჩვენი კვლევის მიზანი იყო, კოლბერგის მიერ შემუშავებულ სტადიებზე დაყრდნობით შეგვედარებინა კონვენციური და პრეკონვენციური სტადიები. ჩვენ შევარჩიეთ 75 ცდისპირი. აქედან 60 მოთავსდა 6-დან 10 წლამდე კატეგორიაში, ხოლო 15 – 10-დან 15 წლიამდე. ზნეობისა და მორალის განვითარებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ეს ფაქტორები მუდმივად ცვალებადია. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, რა ახდენს რეალურად გავლენას თანამედროვე გარემოში მორალურ განვითარებაზე.

პრეკონვენციური დონე დამოკიდებულია დასჯა-მორჩილების პრინციპზე, პიროვნება ორიენტირებულია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები 6-დან 10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ემთხვევა კოლბერგის მიერ გამოყოფილ მორალური განვითარების შესაბამის სტადიას.

კონვენციურ დონეზე მნიშვნელოვანია ორიენტაცია ახლობლებზე, საზოგადოებაზე, კანონის დაცვასა და მოვალეობის შესრულებაზე.

ჩვენ მიერ მიღებული შედეგები 10-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიში ნაწილობრივ ემთხვევა კოლბერგის მიერ გამოყოფილი მორალური განვითარების დონის დეფინიციას, მაგრამ არის განსხვავებებიც. აღმოჩნდა, რომ გოგონებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული მორალური პასუხისმგებლობა და უფრო მეტად ამჟღავნებენ პროსოციალურ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ მიღებულ მონაცემებში კონვენციურ დონეზე გამომჟღავნდა პოსტკონვენციური ტიპის მორალური მსჯელობა. ის უფრო მეტად გოგონებმა გამოამჟღავნეს, ვიდრე ვაჟებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ კოლბერგის კვლევა ჩატარდა მხოლოდ ვაჟების პოპულაციაზე და მასში გათვალისწინებული არ იყვნენ გოგონები.

სტადია: 10 წლამდე (პრეკონვენციური)

1. სწორად მოიქცა თუ არა ჰაინცი, როდესაც აფთიაქიდან წამალი მოიპარა?

● 75% ქურდობას აფასებს როგორც უარყოფით ქცევას: არ უნდა ჩაედინა ქურდობა, რადგან ცუდი საცქიელია და დაიჭერენ. არასწორად მოიქცა.
● 20% – ქურდობა ცუდია, მაგრამ ჰაინცს უნდა მოეპარა წამალი, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა და ნაწილობრივ სწორად მოიქცა. მას უნდა გადაერჩინა ცოლი, რათა შემდეგში, საჭიროების შემთხვევაში, ცოლიც დაეხმარებოდა.
2. როგორ აფასებთ ჰაინცის საქციელს, კარგად მოიქცა ის თუ ცუდად?
ამ კითხვაზე პასუხი არ განსხვავდებოდა პირველი კითხვის პასუხებისგან. უმეტესობას მიაჩნდა, რომ ჰაინცი ცუდად მოიქცა, მაგრამ ცოლი უნდა გადაერჩინა.
3. ჰაინცის მიერ წამლის მოპარვა ვალდებულება იყო თუ მოვალეობა?
● ბავშვებს გაუჭირდათ განესხვავებინათ ვალდებულება და მოვალეობა, მაგრამ უმრავლესობამ უპასუხა, რომ ჰაინცს ცოლი უნდა გადერჩინა, რადგან ის მისი ცოლი იყო და არ უნდა დაეშვა მისი სიკვდილი.
4. ჰაინცს რომ არ ჰყვარებოდა ცოლი, მოიპარავდა თუ არა წამალს?
● 90%-ზე მეტის აზრით, რომ არ ჰყვარებოდა, მისთვის წამალს არ მოიპარავდა.
● დანარჩენებს მიაჩნდათ, რომ ცოლი იყო და მაინც მოიპარავდა.
5. დავუშვათ, რომ კვდება არა ჰაინცის ცოლი, არამედ ვიღაც სხვა. ამ შემთხვევაში უნდა მოეპარა თუ არა ჰაინცს წამალი?
● 80%-ზე მეტმა თქვა, რომ უცნობისთვის არ უნდა მოიპარო. თუ არ იცი, როგორია ის, კარგი თუ ცუდი, კეთილი თუ ბოროტი, არ უნდა დაეხმარო.
6. ქურდობა უკანონობაა. ეწინააღმდეგება თუ არა ის მორალურ პრინციპებს?
● ნაწილის აზრით, ქურდობა ცუდია, მაგრამ ის უფრო ცუდია, თუ ვინმე გიკვდება.
● ნაწილი ამბობდა: თუ მოვიპარავთ, დაგვიჭერენ, ამიტომ არ უნდა მოვიპაროთ.
7. რა იყო ყველაზე საპასუხისმგებლო ქმედება ამ სიტუაციაში? ბავშვებს ვთხოვეთ, თავი ჰაინცის ადგილას წარმოედგინათ და ეთქვათ, როგორ მოიქცეოდნენ.
აზრები გაიყო:
● მოვიპარავდი და გადავარჩენდი.
● არ მოვიპარავდი, ქურდობა ცუდი საციელია.
● არაფერს გავაკეთებდი.
სტადია: 10-16 წ.წ. ( კონვენციური)

1. 2. სწორად მოიქცა, წამალი რომ მოიპარა. სიყვარული ადამიანს ყველაფერს გააბედვინებს. არც ისე ცუდად მოიქცა ჰაინცი – დაარღვია კანონი, მაგრამ გადაარჩინა ადამიანი.
3. ცოლის წინაშე მას ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრა.
4. რომ არ ჰყვარებოდა, არ მოიპარავდა წამალს. სიყვარულმა აიძულა მოპარვა.
5. უცხოს გადასარჩენად წამალი არ უნდა მოეპარა, თუ ვალდებულება არ ეკისრა მის წინაშე და არც უყვარდა.
6. უკანონობა მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ არა ყოველთვის. ამ შემთხვევაში, რომ არ მოეპარა, უფრო მეტად შეწუხდებოდა, როცა ცოლი მოუკვდებოდა.
7. საპასუხისმგებლო საქციელი იყო წამლის მოპარვა, რადგან სიცოცხლეს ვერ დააბრუნებ, ხოლო ქურდობის გამო ცოტა დაისჯები, მაგრამ არ მოკვდები. მთავარია სიცოცხლე.
კოლბერგის თეორიის კრიტიკა
კოლბერგის თეორიის კრიტიკა უმთავრესად სამი საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს:
1. უნივერსალურია მისი სტადიები თუ მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის ხალხს შეესაბამება?
2. ღირს თუ არა მორალური განვითარების სტადიებად დაყოფა?
3. ითვალისწინებს თუ არა ის სქესობრივ განსხვავებებს?
არის თუ არა კოლბერგის სტადიები უნივერსალური? კოლბერგი ხაზს უსვამდა, რომ მისი სტადიები ნებისმიერი კულტურისთვის უნივერსალურია. ამის დასამტკიცებლად მან ცდები ჩაატარა ტაივანის ერთ-ერთ ქალაქში, მალაიზიურ სოფელში აბორიგენებთან, თურქულ სოფელში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში. ტაივანსა და ამერიკაში კვლევამ ვაჟებთან ერთი და იგივე ასაკობრივი თავისებურებები გამოავლინა.

ბოლო ორი სტადია არ იყო განვითარებული სოფელსა და აბორიგენთა ტომში. უდავოა, რომ მორალური განვითარება ხდება მაშინ, როცა პიროვნება ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ეცნობა, ამიტომაც კროსკულტურული კვლევები მოწმობს, რომ მხოლოდ ურბანიზებული და განათლებული საზოგადოების წევრები აღწევენ მორალური განვითარების უმაღლეს საფეხურებს.

გარდა ამისა, მრავალ კულტურაში არსებობს ღირებულებები, რომლებიც კოლბერგის იერარქიას ეწინააღმდეგება. კოლექტიურ საზოგადოებაში გაზრდილი ხალხი გამოირჩევა კოლბერგის დილემების სტრუქტურული მთლიანი ახსნით და არა რომელიმე გმირზე კონცენტრირებით. მაგალითად, მათ შესაძლოა თქვან, რომ პრობლემა ჰაინცის მორალურობა ან ამორალურობა კი არ არის, არამედ ის, რომ გმირი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა წამლისთვის საჭირო თანხის შეუგროვებლობის გამო.

მოგვიანებით კოლბერგმა აღიარა, რომ აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა იმ ჯგუფის სოციალური და მორალური ნორმები, რომელსაც ადამიანი მიეკუთვნება. მან დაასკვნა, რომ მის მიერ გამოყოფილი ექვსი სტადია შესაძლოა არ მოერგოს ყველა ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა კულტურის წიაღში ცხოვრობენ.
შესაძლებელია თუ არა მორალური განვითარების სტადიებად დაყოფა? იმისთვის, რომ განვითარების ამა თუ იმ ტიპს სტადიური ვუწოდოთ, ის ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უპირველესად, სტადიები უნდა იყოს მკვეთრი და მუდმივი, მაგალითად, ადამიანი იმყოფებოდეს ან პირველ, ან მეორე სტადიაზე და არა შუალედურ მდგომარეობაში; მეორე – სტადიები შეუცვლელად, თანმიმდევრულად უნდა მისდევდეს ერთმანეთს: პირველი ყოველთვის უსწრებდეს მეორეს, მეორე – მესამეს და ა. შ.

კოლბერგის კვლევები გვიჩვენებს, რომ ცდისპირები მუდამ ერთი სტადიისთვის დამახასიათებელ პასუხებს არ იძლეოდნენ, მათი მსჯელობა იცვლებოდა და განიცდიდა როგორც პროგრესს, ასევე რეგრესს. კოლბერგმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცდისპირმა უკან – მეოთხედან მეორე საფეხურზე გადაინაცვლა. კვლევათა წყებამ აჩვენა ისიც, რომ პრეკონვენციური აზროვნება ვლინდებოდა შუა და უფროსი ასაკის მოზარდებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა პიროვნულ ინტერესებს.

კრიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ არასწორი და უსამართლოა, რომ რაც უფრო მაღალია სტადია, მით უფრო მაღალია მორალის დონე. მეექვსე სტადია ასახავს ლიბერალურ და რადიკალურ პოლიტიკურ შეხედულებებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ლიბერალები უფრო განვითარებული არიან მორალურად, ვიდრე კონსერვატორები? ძალიან ცოტა ემპირიული ფაქტი მოწმობს ამას. 

დაბოლოს, მივადექით კოლბერგის თეორიის ყველაზე მნიშვნელოვან და სერიოზულ პრობლემას – იმას, რომ ამ თეორიას აქვს ანტიფემინისტური მიმართულება.
მორალურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები 
ოჯახი
მორალური აზროვნების ფორმირებაში განუზომელია მშობლების წვლილი. ბავშვები, რომლებიც ემოციურად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე და განიცდიან ძლიერ მიჯაჭვულობას მათ მიმართ, მათზე გაცილებით მორალურები იზრდებიან, ვისაც ასეთი ურთიერთობები არ აქვს.

გულისხმიერი დამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის ხელს უწყობს იმას, რომ შვილები პატივს სცემენ მშობლებს და მიისწრაფვიან, დაემსგავსონ მათ, რაც ბავშვს, საბოლოო ჯამში, დადებით მორალურ თვისებებს უყალიბებს. ბავშვები, რომლებიც გრძნობენ უფროსების მზრუნველობას, სიყვარულს და ნდობას, თავადაც ანალოგიურად ექცევიან სხვებს. მოზარდები, რომლებიც საწინააღმდეგო ატმოსფეროში ცხოვრობენ, განიცდიან “აგრესორთან იდენტიფიკაციას” და თუმცა ეშინიათ მშობლების, ანტისაზოგადოებრივ შეხედულებებს და ხასიათის თვისებებს არ იცვლიან.

აუცილებელია, მშობლები თვითონვე იყვნენ ზნეობრივად განვითარებულები, ამით ისინი შვილებს სთავაზობენ პოზიტიურ როლურ მოდელებს. ბავშვებს და მოზარდებს აქვთ მისწრაფება, მოახდინონ მშობლების ქცევის კოპირება. და თუნდაც მშობელი საუბრობდეს პატიოსნებაზე, თუ ბავშვი ხედავს, რომ იგი მორალურად არ იქცევა, თვითონაც უპატიოსნო საქციელს დაისწავლის. მოზარდები უფრო ადვილად ექცევიან უფროსების გავლენის ქვეშ, ამიტომ აუცილებელია, უფროსებმა მისდიონ ზნეობრივ წესებს. მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ შვილების დადებითი ქცევა, მარტო საუბარი ხშირად არ კმარა.
თანატოლები
როგორც ცნობილია, მოზარდ მეგობრებს მიდრეკილება აქვთ, ერთნაირად მოიქცნენ. ეს ეხება როგორც პროსოციალურ და ანტისოციალურ ქცევას, ასევე ნეიტრალურ მორალურ საქციელსაც. საზოგადოებას აშფოთებს, რომ მოზარდებს დიდი გავლენა აქვთ ერთმანეთზე, რის გამოც ისინი რისკიან საქციელს სჩადიან ან ამჟღავნებენ დევიანტურ ქცევას, მოიხმარენ ნარკოტიკებს და არღვევენ კანონს. მეგობრების მსგავსება შეიძლება აიხსნას იმით, რომ მოზარდები მეგობრებად ირჩევენ თავიანთ მსგავსებს, ან იმით, რომ მოზარდები უშუალო გავლენას ახდენენ ერთმანეთის ქცევაზე. 

ბრაუნმა და თეობალდმა აღწერეს ოთხი ხერხი, რომელთა საშუალებითაც თანატოლებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთის ქცევაზე: 

1. თანატოლთა მხრივ ზეწოლა;
2. ნორმებთან შესაბამისობის მოლოდინი;
3. შესაძლებლობების შექმნა;
4.  კოპირება.

ხანდახან ეს ფაქტორები ერთდროულად ურთიერთქმედებს. განვიხილოთ მოზარდი გოგონას, ლორის მაგალითი, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალ სკოლაში გადავიდა და თანატოლთა ახალ წრეში მოხვდა. როდესაც ისინი პარასკევ საღამოს კინოში ერთად წავიდნენ, ლორი შოკირებული დარჩა. მან გაიგო, რომ მისი ახალი მეგობრები არასოდეს იხდიდნენ ფულს ფილმის საყურებლად. ნაცვლად ამისა, ისინი აგროვებდნენ ფულს და ყიდულობდნენ ბილეთს ერთი გოგონასთვის, რომელიც სავსებით კანონიერად შედიოდა დარბაზში, მერე კი ერთ-ერთ კარს აღებდა და შიგნით უშვებდა დანარჩენებს. ლორი გრძნობდა, რომ მახეში მოხვდა, რადგან, თუმცაღა გოგონების საქციელს არ ამართლებდა, მათ ის ნამდვილად ნორმალურად მიაჩნდათ (ნორმებთან შესაბამისობა) – მათ მოიგონეს ხერხი, არ გადაეხადათ ფული და ამას ყოველკვირა აკეთებდნენ (შესაძლებლობების შექმნა), ისინი რიგრიგობით შედიოდნენ კინოთეატრში არალეგალურად (კოპირება) და ლორის გვარიანად მოხვდა, როცა მან უარი თქვა, შეერთებოდა გოგონებს (ზეწოლა თანატოლთა მხრივ).

თანატოლებს შეუძლიათ, დადებითი გავლენაც მოახდინონ ერთმანეთზე, შთააგონონ ერთმანეთს კარგი და მორალური ქცევის განხორციელება, ხოლო კარგმა ქცევამ შესაძლოა მოზარდი თანატოლებს შორის პოპულარული გახადოს და უფრო მეტს უბიძგოს, მიბაძოს მას. რაც უფრო ახლო მეგობრები ჰყავს მოზარდს, სავარაუდოდ, მით უფრო მაღალია მისი მორალური განვითარების დონე.
რელიგია
კვლევათა უმრავლესობა მოწმობს, რომ რელიგია დადებით გავლენას ახდენს მოზარდთა ქცევაზე. მაგალითად, მორწმუნე ახალგაზრდა უფრო თავშეკავებულია ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების მიმართ, ვიდრე მისი ნაკლებად მორწმუნე თანატოლი. ისინი ასევე ნაკლებად ამჟღავნებენ დევიანტური ქცევის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ვანდალიზმი, ჩხუბი და უხამსი სიტყვების გამოყენება. მორწმუნე თინეიჯერებს იშვიათად აქვთ სქესობრივი კონტაქტი ქორწილამდე.

მაინც რატომ აქვს რელიგიას ასეთი დადებითი გავლენა? ამ კითხვაზე მრავალი პასუხი არსებობს. უპირველესად, ორგანიზებული ეკლესიის წევრობა მოზარდს არცთუ მცირე სოციალურ კაპიტალს აძლევს. სოციალური კაპიტალი – ეს არის ხალხი, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს მას. მეორე – ეს შესაძლებლობას აძლევს, დაეხმაროს სხვებს. მესამე – რელიგიის საშუალებით მოზარდის გარშემო იკრიბება ხალხი, ვინც მზადაა, მის დადებით საქციელს ხოტბა შეასხას. დაბოლოს, რელიგიათა უმრავლესობა პროპაგანდას უწევს ისეთ დადებით, პროსოციალურ ცნებებს, როგორებიცაა სიყვარული და სიკეთე.
ტელევიზია 
დღითი დღე იზრდება ტელევიზიისა და მასობრივი მედიასაშუალებების როლი ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აღელვებს, რა გავლენას ახდენს ტელევიზია მოზარდის ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე. მღელვარების მიზეზი უმთავრესად ძალადობისა და სექსუალობის შემცველი სცენებია.

ძალადობა ტელევიზიით რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს აგრესიას რეალურ ცხოვრებაში: ტელევიზორში ძალადობა არც ისე შოკისმომგვრელია და უფრო მსუბუქი ჩანს, ხანდახან ნორმალურიც კი. შემთხვევაში აგრესიის დემონსტრირებას უმეტესად დადებითი პერსონაჟები ახდენენ და მათი ამგვარი ქცევა, წესისამებრ, ჯილდოვდება და აღტაცებას იწვევს. გარდა ამისა, ტელევიზორში ნაჩვენები საბრძოლო მოქმედებების დემონსტრაცია მაყურებლის ნერვულ სისტემას აღიზიანებს, რის შედეგადაც მათ უფრო მეტად უჭირთ თავიანთ აგრესიასთან გამკლავება, თუ ვინმემ მათი პროვოცირება სცადა, გამუდმებით ასეთი სცენების ყურების შემდეგ კი ადამიანს ძალადობა შოკს აღარ ჰგვრის და ის აღარ განიცდის თანაგრძნობას თავისი მსხვერპლის მიმართ. 
ზემოთ განხილულ თეორიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მორალური აზროვნების განვითარება მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის ვიწრო ჩარჩოში ჩასმაც არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს. მორალური აზროვნების განვითარება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მისთვის ერთი კონკრეტული სტრატეგიის ან მიმდინარეობის განსაზღვრა უმართებულო იქნებოდა. თითოეული თეორია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამით ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თავისებურად სწორი და ძალზე ღირებულია ამ საკითხის შესწავლისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლორა ბერკი, “ბავშვის განვითარება”, თბ. 2010 წ.
2. Грейс Крайг, Дон Бокум, “Психология Развития”, 9-е издание, изд. “ПИТЕР”, 2011 
3. Филип Райс, Ким Долджин, “Психология подросткового и юношеского возраста”, 12-е издание, изд. “ПИТЕР”, 2010 г.
4. Уильям Крейн, “Теории развития”, 5-е издание, Москва, 2002 г.
5. В. С. Мухина, “Возрастная психология”, Москва, 2003 г.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი