ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ეჭვიანობა ბავშვებში

ერთხელ, მეტროთი მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის უნებლიე მოწმე გავხდი. ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც თავისი პატარა, დაახლოებით 1,5 თვის მძინარე გოგონა გულზე ჰყავდა მიხუტებული, ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მისი უფროსი ბიჭუნა, 2 წლის ლუკა გვერდიდან არ ცილდებოდა და ხელში აყვანას სთხოვდა. დიდი მცდელობის მიუხედავად ბავშვმა მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ, ის დედას მუხლებზე შემოეხვია და მის ხელს ჩაებღაუჭა. ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობით შეწუხებული მგზავრები ადგილს ათავისუფლებდნენ, რომ პატარა ლუკა დედის გვერდით დაესვათ. თუმცა, ბავშვი უარს ამბობდა დაჯდომაზე და არც იქვე, შორიახლოს მჯდომ ბებიას ეკარებოდა. დედა შეეცადა მუქარით მოეგვარებინა „პრობლემა“ და ბავშვს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ ხელს არ გამიშვებ და არ დაჯდები, იცოდე აქ დაგტოვებ და უშენოდ წავალ“. დედის გარეშე დარჩენის საფრთხე ბავშვისთვის იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ ის შეეცადა ტირილით გამოეხატა თავისი გრძნობები – უკმაყოფილება და შიში. მგზავრები ამჯერად ატირებული ბავშვის დაწყნარებას შეეცადნენ, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად ეს ვერავინ მოახერხა. ლუკა, ცრემლიანი თვალებით დედას შეჰყურება და მისგან ელოდა თანაგრძნობას. მოცემულ სიტუაციაში  ჩვენ უფროსი შვილის მხრიდან უმცროსის მიმართ ეჭვიანობის  ტიპურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

რატომ ეჭვიანობენ ბავშვები, რა არის ბავშვებში ეჭვიანობის მიზეზები, რა სახით ვლინდება ის პატარებში და რა შეიძლება გავაკეთოთ ეჭვიანობასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად.  აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები ბევრი მშობლისთვის საინტერესო და საყურადღებო უნდა იყოს.

ეჭვიანობა ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობაა, ის ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება დაფიქსირდეს; თუმცა, ეგოცენტრულობიდან გამომდინარე ბავშვები ბევრად უფრო ეჭვიანები არიან, ვიდრე ზრდასრულები. ასაკობრივი თავისებურებების გამო,  ეგოცენტრიზმი, როგორც ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის უკიდურესი ფორმა ბავშვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს. პატარა ბავშვს საკუთარი თავი „სამყაროს ცენტრად“ ჰყავს წარმოდგენილი, მოითხოვს, რომ ყველა, განსაკუთრებით კი მშობლები მხოლოდ  მისით იყვნენ დაკავებული, მასზე ზრუნავდნენ, მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ. ამიტომ, ის მაშინვე ნერვიულობას და ეჭვიანობას იწყებს, თუ მშობლის სიყვარულში მოზიარე უჩნდება და დედა იძულებული ხდება სხვასაც გაუნაწილოს თავისი ყურადღება  და მზრუნველობა.

ბავშვური ეჭვიანობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს და-ძმებთან ურთიერთობისას. ხშირ შემთხვევაში ასეთი ეჭვიანობა დრამატულად ვლინდება, დიდხანს გრძელდება და ნებით თუ უნებლიედ ემოციურად ითრევს მშობელსაც.

უმცროსი ბავშვის გამოჩენა ოჯახში პრაქტიკულად პირველივე დღეებიდანვე იწვევს უმცროსის ეჭვიანობას, მაშინაც კი, თუ დედის ფეხმძიმობის პერიოდში ის მოუთმენლად ელოდა პატარა დაიკოს ან ძამიკოს დაბადებას. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ეჭვიანობა ასეთ შემთხვევაში ძალიან ბუნებრივია და ის გამოწვეულია მშობლების სიყვარულის დაკარგვის შიშით. ხშირად ბავშვი არც მალავს და ღიად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას უმცროსის მიმართ, რომელსაც ის სერიოზულ მეტოქედ აღიქვამს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სიტუაციაში მშობელმა შეარჩიოს ქცევის სწორი სტრატეგია რათა პირველმა ბავშვმა სიმარტოვე არ იგრძნოს და ადვილად დაძლიოს ეჭვიანობა უმცროსის მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვლინდება ეჭვიანობა, უფროსს მოქმედების კონკრეტული სტრატეგია სჭირდება ბავშვის ქცევის სამართავად.

ბავშვური ეჭვიანობის გამოვლენის ძირითადი სიტუაციები და რეკომენდაციები მის სამართავად: 

სიტუაცია 1. უფროსი ბავშვი უარს ამბობს დაუთმოს ახალშობილს თავისი საწოლი. კარგი იქნება, თუ მას სხვა საწოლში პატარას დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიყვანთ. მაგრამ, თუ ეს დროულად არ გავაკეთეთ და უფროსი ბავშვის  „მიგრაცია“ დაემთხვა სამშობიაროდან ახალშობილის გამოყვანას, ავუხსნათ მას, რომ ის უკვე დიდია და შეიძლება ახლა  დაიძინოს არა ჩვილების, არამედ დიდი ბავშვების საწოლში. საჭირო მოქმედებისთვის პატარა „მესაკუთრის“ მოტივირებაში დაგვეხმარება ასეთი ფრაზაც: „შენ ახლა დაიძინებ „უფროსების“ საწოლში, როგორც დედა და მამა იძინებს“;

სიტუაცია 2. ბავშვი უარს ამბობს „უცხო“ პატარასთან დედის დატოვებასა და საბავშვო ბაღში წასვლაზე.  კარგი იქნება, თუ სერიოზულ ცვლილებებს ბავშვის ცხოვრებაში ოჯახში უმცროსი წევრის შემოსვლას არ დავამთხვევთ – უფროსს საბავშვო ბაღში შევიყვანთ უმცროსის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე და არა მაშინ, როცა ჩვილის მოვლით დაკავებულობის გამო უფროსისთვის დრო აღარ გვრჩება;

სიტუაცია 3. ჩვილის ძუძუთი კვების პროცესში უფროსი ითხოვს, რომ მასაც მოაწოვონ ძუძუ, როგორც პატარას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი ბავშვი უკვე გამოსულია ძუძუთი კვების ასაკიდან, არ ღირს ასეთ სიტუაციაში ამის გამო ჩხუბი და კატეგორიული ტონით საუბარი, რადგანაც, დიდი ალბათობით, ეს ბავშვის ისტერიკის მიზეზი გახდება. უფრო სწორი იქნება, თუ ვეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედა უფროსს მოაწოვებს ძუძუს, უმცროსს აღარ ეყოფა რძე და ის მშიერი დარჩება. კომპენსაციისთვის  შეიძლება ბავშვს შევთავაზოთ რამე გემრიელი იმისათვის, რომ მისი აზრები სხვა მიმართულებით გადავრთოთ. როგორც წესი, ძუძუთი კვების გარდა უფროსი ბავშვები ხშირად მშობლებისაგან ითხოვენ ყველაფერს იმას, რასაც უმცროსისთვის აკეთებენ – ითხოვენ, რომ უფროსებმა აჭამონ, ჩააცვან, ხელში აყვანილი ატარონ. რასაკვირველია, ბავშვის ასეთი თხოვნის კატეგორიული იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ არც მათი სრულად დაკმაყოფილება იქნება გამართლებული. სასურველია  „ოქროს შუალედის“  მოძებნა –  შეძლებისდაგვარად დავისვათ ბავშვი მუხლებზე, ავიყვანოთ ხელში კიბეზე ასვლისას, დაძინებისას წავუკითხოთ ზღაპარი. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი მიხვდება, რომ ის დედას ადრინდელივით უყვარს. გავითვალისწინოთ, რომ მოთმინება, ალერსი და სიყვარული ბავშვური ეჭვიანობის კარგი წამალია;

სიტუაცია 4. უფროსი ბავშვი ითხოვს, რომ ახალშობილი სამშობიაროში დააბრუნონ. ასეთ სიტუაციაში არ იქნება გამართლებული ბავშვთან ჩხუბი და მისი საყვედურებით ავსება. შევეცადოთ ავუხსნათ მას, რომ დაიკო ან ძამიკო ძალიან კარგია, რადგანაც როცა უმცროსი წამოიზრდება, ისინი შეძლებენ  ერთად თამაშს. ამასთან, თუ ბავშვი დედის ფეხმძიმობის დროს ინტერესით ელოდა ბავშვის დაბადებას, შეიძლება მას ვუთხრათ, რომ პატარამ იცის ეს და მოხარულია მასთან შეხვედრით;

სიტუაცია 5. უფროსი ბავშვი არ იძინებს, ხელს უშლის პატარას და მასაც არ აძლევს ძილის საშუალებას. ასეთ სიტუაციაში, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრად, კატეგორიული ტონით ან ჩხუბით მოვითხოვოთ მისგან სიჩუმის დაცვა, შევთავაზოთ მას ჩურჩულით ლაპარაკი. ასეთ თამაშში ის სიამოვნებით ჩაერთვება;

სიტუაცია 6. უფროსი ბავშვი მიტოვებულად გრძნობს თავს, ხდება გულჩათხრობილი, ნაღვლიანი, დეპრესიული, იკეტება საკუთარ თავში, როცა დედისაგან სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას ისეთი დოზით ვეღარ იღებს,  როგორც ადრე. აღნიშნული ცვლილებების პირველივე ნიშნების შემჩნევისას ხშირად შევაქოთ ის, ვეთამაშოთ, როცა პატარას სძინავს, ავიყვანოთ ხელში, მოვეხვიოთ და ვაკოცოთ. ტაქტილური შეგრძნებები ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. უფროსმა ბავშვმა არ უნდა იგრძნოს მშობლიური ალერსის, სიყვარულის, მზრუნველობის და დედის ხელების სითბოს დეფიციტი;

სიტუაცია 7. უფროსი ამღავნებს აგრესიას და ცდილობს ტკივილი მიაყენოს პატარას. ასეთ სიტუაციაში დასჯამ  შეიძლება არასასურველი ქცევის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ არსებობს უმცროსი ბავშვისათვის ტკივილის მიყენების რისკი, ნუ დავტოვებთ მათ მარტო, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვური ეჭვიანობის იგნორირება, მისი თვითდინებაზე მიშვება, ყურადღების არმიქცევა იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით გაივლის, არ იქნება გამართლებული. თუ ჩვენ ადრეულ ასაკში არ დავეხმარებით ბავშვს ეჭვიანობის გრძნობის დაძლევაში, დიდი ალბათობით მომავალში ის მისი ხასიათის თვისება გახდება, ეჭვიან ადამიანად ჩამოყალიბდება, თავადაც დაიტანჯება ამ გრძნობით და სხვებსაც დატანჯავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი