პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მე მასწავლებელი ვარ!

მე მასწავლებელი ვარ! დიდი ხანი არ არის რაც სკოლაში ვარ… არადა თურმე უკვე 10 წელი გასულა… რამდენმა თაობამ გაიარა ჩემ თვალწინ? ყველა მახსოვს, მახსოვს გვარებიც, სახელებიც. ყოველთვის მიკვირდა მასწავლებლების: როგორ იმახსოვრებენ ამდენ მოსწავლეს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიული უნარია. მახსოვს, რომელ კლასთან როგორ ვმუშაობდი, რომელ მოსწავლეს რა უყვარდა და რა მოსწონდა. თითოეული მათგანი მახსოვს და მენატრება. მინდა მათზე გიამბოთ, ჩემს მოსწავლეებზე, ჩემს პატარა ზვიგენებზე…რატომ ზვიგენებზე? 

მეგობარმა იაპონელების შესახებ სოციალურ ქსელში მოპოვებული ინფორმაცია გამაცნო. ძალიან მომეწონა:
„იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა.

რაც უფრო ღრმად  შედიოდნენ ოკეანეში, მით უფრო დიდხანს უნდებოდნენ უკან დაბრუნებას. თევზი თანდათან ძველდებოდა, კარგავდა გემოს და კარგავდა ღირებულებას, ამიტომ  მეთევზეებმა გემებზე დიდი მაცივრების დამონტაჟება დაიწყეს, მაგრამ გაყინულ თევზს მაინც სხვა გემო ჰქონდა და ისე არ იყიდებოდა, როგორც ახალი. მაშინ თევზსაჭერ გემებზე დაიწყეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარების განთავსება. თევზს ამ რეზერვუარებში აგროვებდნენ, სანამ ისინი არ გაივსებოდა და მერე ბრუნდებოდნენ უკან. ამ ხნის განმავლობაში  მათ კვებავდნენ და ცოცხლად მოჰყავდათ კუნძულზე. მაგრამ, რადგანაც თევზები დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის უძრავად იმყოფებოდნენ ამ რეზერვუარებში, ისინი მაინც კარგავდნენ ახალი თევზისთვის ჩვეულ გემოს და შესაბამისად  ეცემოდა მათი ფასი. საზრიანმა იაპონელებმა იფიქრეს, იფიქრეს და შემდეგი რამ მოიფიქრეს: ისინი თითოეულ რეზერვუარში სვამდნენ მომცრო ზომის ზვიგენს. ზვიგენები, მართალია თევზის ნაწილს ჭამდნენ კუნძულზე დაბრუნებამდე, მაგრამ გადარჩენილები ინარჩუნებდნენ ცოცხალ გემოს და ისეთივე გემო ჰქონდათ, როგორიც ახლადდაჭერილ თევზებს. რატომ?  – ზვიგენის არსებობა რეზერვუარებში თევზებს აიძულებდა ყოფილიყვნენ მუდმივ მოძრაობაში!”
აი, რატომ ზვიგენები. ხომ მიხვდით? კლასი სადაც 40 და ზოგჯერ მეტი მოსწავლეა, ზვიგენებზე მეტად სახიფათოა, რადგან მათაც როგორც პატარა მტაცებლებს საზრდო სჭირდებათ, სულიერი საზრდო. თუ არ იქნა ეს საზრდო მათთვის საინტერესო და სასარგებლო. დაკარგულია ის 45 წუთი, რომელიც მათთან ერთად გაატარე.
როგორც ზვიგენები აიძულებენ თევზებს მოქმედებაში ყოფნას, ასევე მაიძულებენ ჩემი მოსწავლეები, ვიყო მუდამ მოქმედებაში და ახალ-ახალი აქტივობები თუ ინფორმაციები მოვიძიო. ასეთ ზვიგენებთან ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვერ ჩაატარებ. თუ არადა ჩათვალე, რომ დაკარგე მოსწავლე. შენც  და მანაც დაკარგეთ საგნის ინტერესი. მიყვარს ასეთი ზვიგენები. მათ მე მასწავლებლად ჩამომაყალიბეს.

ყველამ იცის, რომ არ მიყვარს კლასი სადაც მარტო მე ვხმაურობ. მე მიყვარს ჩემი პატარა ზვიგენები… ყველა ინტერაქციული გაკვეთილი თუ კრეატიული იდეა მათ მიერაა პროვოცირებული. 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი საგნის სახელმძღვანელო რომლითაც ვასწავლი, მომწონს. არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მე ჩემი საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი რამ მაინც აღსანიშნავია: რაც დრო გადის მით მეტად ძლიერდება ეს გრძნობა და სურვილი, ჩემს მოსწავლეებსაც შევაყვარო და დავანახო ამ უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერების მნიშვნელობა, მომავალი და პერსპექტივა. მე გეოგრაფიას ვასწავლი. 

ამდენი რამ საიდან იცით? – წამოიძახა აღფრთოვანებულმა მეოთხეკლასელმა  ანანომ. ეს გეოგრაფიაა, მეცნიერება, რომელიც დედამიწას შეისწავლის –  ავუხსენი მოკლედ.

მაშინ მეც გეოგრაფი გამოვალ –  გამომიცხადა ამაყად. არ ვიცი, რამდენად მყარი იქნება ანანოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ანანოსაც და მის კლასელებსაც ინტერესი გაუჩნდათ ამ საგნის მიმართ. 
რამდენი გეგმა დამიწერია გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, რამდენი პროექტი გაგვიკეთებია მათი ინტერესების გათვალისწინებით…

სწავლა ეზარებოდათ, სიმღერა უყვარდათ. ძალიან საინტერესო პროექტი მივიღეთ, კვლევითა და გამოკითხვით; რაც მთავარია ერთად ვიმუშავეთ, წიგნებში ქექვაც აღარ ეზარებოდათ. მათთან ერთად უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგეთ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შესახებ. 

ფეხბურთის ფანებიც მყავდა. გამოგიტყდებით და არ მიყვარს, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაზე მათი ინფორმაცია მეც მომეწონა.

ერთი საინტერესო კლასი მყავდა. აბა ისინი იყვნენ მართლა ზვიგენები: ჭკვიანები და ლამაზები. თან არც მეტი არც ნაკლები 42 მოსწავლე იყო. წარმოიდგინეთ, აქედან უმეტესობა დღეს უკვე წარმატებული ადამიანია. მიუხედავად სიმრავლისა ამ კლასში ვისვენებდი, ალბათ იმიტომ, რომ „ძალიან ჩემები” გახდნენ. შევდივარ ერთხელ კლასში და სრული სიწყნარეა. ამოვიკითხე სია, გადავხედე, იგივე სიტუაციაა. რა გჭირთ? – ვკითხე. -არაფერი! – გაიკვირვეს.
– თუ არაფერი მაშინ დავიწყოთ დისკუსია….

– ეს გინდოდათ ხომ? ნახეთ რა დღეში ვართ! – დღესაც მახსოვს ბესოს თვალები. თემა არ მახსენდება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა იყო. გეოგრაფიაში იმდენი საკამათოა, რა გამოლევს. იმ დღეს მე მართლა ის მივიღე, რაც მინდოდა. „ჩემებიც” კმაყოფილები დარჩნენ.

რამდენჯერ უთქვამთ თქვენი გაკვეთილის მერეც გავაგრძელეთ კამათიო. 

წელსაც გავუშვი რამდენიმე ზვიგენი, მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. მიხარია, ძალიან მიხარია. მათი წარმატება ჩემი წარმატება მგონია, არა როგორც მასწავლებლის, არა… მე ვარ აბიტურიენტი, მე ვაბარებ და ვიღებ მაღალ ქულებს, მე თორნიკე ვარ, მე  ნიკა ვარ, მარი, ნინი, ქეთი….. ეს ყველა მე ვარ და მე ვაბარებ ყოველ წელს გამოცდებს, მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ისინი მე ვარ. 
ასე გრძელდება… თაობები იცვლებიან… ჩვენ მასწავლებლები ვრჩებით ჩვენს ახალ ზვიგენებთან… გვიმრავლოს…მე მიყვარს ჩემი ზვიგენები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი