პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აწუხებთ თუ არა თქვენ შვილებს დეპრესია?

თუ დედებსა და მამებს, ბებიებსა და პაპებს, ძიძებსა და აღმზრდელებს და თვით მასწავლებლებსაც ვთხოვთ ჩამოთვალონ ბავშვთა გავრცელებული დაავადებები, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი დიდ  და მრავალფეროვან ჩამონათვალს შემოგვთავაზებენ, წითელა-ჩუტყვავილით დაწყებული, ნაირ-ნაირი ალერგიებით დამთავრებული, მაგრამ არავინ ახსენებს დეპრესიას. სიტყვა ,,დარწმუნებით”  იმიტომ გამოვიყენეთ, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვები ამას ადასტურებს… მეტიც, როცა გამოკითხულებს დეპრესიას უხსენებენ, ისინი კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ბავშვებში ასეთი დაავადება არ არსებობს. ფსიქოლოგები კი საწინააღმდეგოს აცხადებენ: ჩვილ ბავშვებშიც კი გვხვდება დეპრესიის შემთხვევები.   

ჩვეულებრივი ვირუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ადამიანისაგან ადამიანზე ვრცელდება, ნაღვლიანობის ,,ვირუსი”  ადამიანიდან ცხოველებსაც გადაეცემა. არსებობს საერთო ბიოლოგიური კანონზომიერებები და მათ მიხედვით, ადამიანთა და ცხოველთა 20%-ისათვის დამახასიათებელია დაქვეითებული ფსიქოლოგიური იმუნიტეტი. პატარებს, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, შეიძლება სიცოცხლის პირველ თვეებშივე  გამოეხატოთ დეპრესია.

როგორ უნდა გაარკვიოს მშობელმა, მიეკუთვნება თუ არა მისი შვილი დეპრესიულთა ჯგუფს? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამისათვის ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი. საკმარისია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. ეს, პირველ რიგში, ეხებათ დედებს. მათი შინაგანი განწყობა პირმშოს როგორც გენეტიკურ, ასევე საყოფაცხოვრებო დონეზეც გადაეცემა.  თუ თქვენ ბუნებით პესიმისტი ხართ და ვერც ბავშვის მამას უწოდებთ ხალისიანსა და იმედიანს, მაშინ პატარა ვის დაემსგავსება?  ის ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მარაგით  ნამდვილად არ იქნება განებივრებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  დეპრესია უკვე სახეზეა.. სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება ბავშვს ნაღვლიანობას აარიდებს.

ამერიკელი ფსიქოლოგები დედებს ორ კატეგორიად ყოფენ.  ერთნი შვილებს მხოლოდ ,,რძეს” აძლევენ, ანუ უზრუნველყოფენ იმ აუცილებელი მინიმუმით (კვება, ჩაცმა, ჰიგიენა, სეირნობა…), რომელიც მათი არსებობისათვის არის საჭირო, ხოლო მეორენი,  ,,რძესთან” ერთად შვილებს ცხოვრების ,,თაფლსაც”  აგემოვნებინებენ: ასწავლიან როგორ უნდა უხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება, როგორ აღიქვან თავიანთი არსებობა  განგების საჩუქრად. სიცოცხლით ტკბობის  განცდა დეპრესიისაგან დაცვის ყველაზე საიმედო ,,იმუნიზაციად” მიიჩნევა. მაგრამ როგორ განაცდევინებს ამ სიხარულს დედა, რომელსაც თავად ,,ნულოვანი” განწყობა აქვს? 

პასუხი ერთია: უნდა თავად შეიცვალოთ, ეს გჭირდებათ თქვენ და თქვენს პატარასაც, გარშემომყოფებსაც, სხვათა შორის. უცხო თვალით შეხედეთ თქვენს ცხოვრებას და ეძებეთ მასში დადებითი საყრდენები. ხშირად გაიღიმეთ, მოიწყეთ პატარ-პატარა დღესასწაულები, გაუკეთეთ თუნდაც მცირე საჩუქრები საკუთარ თავს და ახლობლებს. თუ ამანაც არ გიშველათ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქოანალიტიკოსს, რომ უმკურნალოთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ შვილი გადაარჩინოთ გადამდები შავნაღვლიანობისაგან.

 ფსიქოლოგებისავე  აზრით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რომელთა მშობლებს ეგრეთ წოდებული შუა ასაკის (30-დან 40 წლამდე) კრიზისის პერიოდი აქვთ. ამ ასაკისათვის დამახასიათებელია ღირებულებათა გადაფასება და ოჯახური ურთიერთობების გამწვავება. მიუდექით ცხოვრებისეულ სიძნელეებს ფილოსოფიურად, ნუ შექმნით მათგან ტრაგედიას, იყავით მიმტევებლები ერთმანეთის მიმართ, არ დაატეხოთ შვილს თავს თქვენი სასოწარკვეთა, მშვიდად! ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, – ასეთია ფსიქოლოგთა რჩევები ამ ასაკის მშობლებისათვის.

რისკის კიდევ ერთ ჯგუფს შეადგენს ოჯახური სამკუთხედი: წარმატებული, მტკიცე  ხასიათის, ძალაუფლების მოყვარული ქალი,  ერთადერთი შვილი  – გოგონა და ხელმოცარული მამა. უწყვეტად ხდება ურთიერთობების გარჩევა სოციალურად წარმატებულ დედასა (რომლის მიმართ შვილს აქვს ქალური სოლიდარობის განცდა) და ფინანსურად და პროფესიულად არასტაბილური მდგომარეობის მამას შორის. ეს ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ფსიქოლოგების რჩევა არ არის ძნელად მისახვედრი _ შეცვალეთ ოჯახური ურთიერთობების სტილი და კეთილგანწყობა აღდგება, ბავშვსაც საფრთხე გვერდით ჩაუვლის.

არც დანგრეული ოჯახები უქმნიან ამ მხრივ პატარებს ხელშემწყობ გარემოს და, სხვათა შორის, აქ გოგონები უფრო მალე ახერხებენ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენას. მათ თანატოლ ვაჟებს ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ ამისათვის. მათ სტანჯავთ მიტოვებულობის, დანაშაულის განცდა, კარგავენ ინტერესს სწავლისადმი. ხშირად დედები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როცა ყოფილი მეუღლის მიმართ აღძრული უარყოფითი ემოციები ვაჟზე გადააქვთ. მშობლებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ისედაც სუსტი ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მქონე შვილი ამგვარი ფსიქოლოგიური ხაფანგისათვის არ გაწირონ. 

სპეციალისტები დაავადების სეზონურ მახასიათებელზეც მიგვანიშნებენ: განსაკუთრებით ძლიერდება დეპრესია გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე. ემოციურ ვარდნას ამ პერიოდში ყველა ადამიანი განიცდის, მით უფრო, მელანქოლიისადმი მიდრეკილები.

დარდი და დეპრესია ყველა დაავადების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ფიზიოლოგები ადასტურებენ, რომ დადებითი ემოციები იწვევს სასიცოცხლო ძალების გააქტიურებას, ხოლო უარყოფითი _ პირიქით. ბავშვის განწყობის გამოსასწორებლად და ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გასაძლიერებლად, რეკომენდირებულია მხიარული თამაშები, მხიარული ლიტერატურული ან ფილმის პერსონაჟების მიბაძვა, მხიარული სანახაობები (ცირკი, კომედია…).  ნორვეგიელი ექიმები გვარწმუნებენ, რომ თავად ბავშვების ხელნაკეთი სასაცილო ნივთების მიმართ აღძრულ ემოციას ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი ახასიათებს.

რჩევაა, ბავშვებმა შეითვისონ იაპონური ჩვევა – მუდამ იღიმოდნენ, რადგან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არამარტო სიხარული აღძრავს ღიმილს, არამედ ღიმილიც რეფლექსურად იწვევს ეგრეთ წოდებული სიხარულის ჰორმონების სტიმულირებას. ეს ჰორმონები კი ამტკიცებენ ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის სისტემას და გვევლინებიან ბუნებრივ ანტიდეპრესანტებად. დეპრესიისაგან დაცვისა და მკურნალობის  საშუალებადაა მიჩნეული მხიარული ვარჯიში, ანუ აერობიკა, კოლექტიურ სპორტულ თამაშებში ჩართვა, სადაც იბრძვიან გამარჯვებისთვის.

შევეხოთ დეპრესიას პედაგოგებს შორისაც. ცხადია, ზემოთ ნახსენებ 20%-ში პედაგოგებიც არიან. შეუძლებელია, დეპრესიული პედაგოგის განწყობა არ გადავიდეს მოსწავლეებზე და არ იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. ამიტომ პედაგოგმაც უნდა შეძლოს გარედან შეხედოს საკუთარ თავს და მართოს და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. სხვანაირად ის ვერ შეძლებს ეფექტური სასწავლო პროცესის გაძღოლას და გაკვეთილისადმი ინტერესის გაღვივებას. უფრო მეტიც, მოსწავლეებს ასეთ პედაგოგთან თანამშრომლობა გაუჭირდებათ.

კლასის დამრიგებლებმა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როცა პატარებს უფრო უჭირთ გამკლავება საკუთარ ემოციებთან, დიდი გულისყური უნდა გამოიჩინოს, რომ ხელი შეუწყოს იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაბალი ფსიქოლოგიური იმუნიტეტი აქვთ.  მათ განსაკუთრებით სჭირდებათ  ჯგუფისადმი (კლასისადმი) მიკუთვნებულობის განცდა, რომ კეთილგანწყობილ გარემოში იგრძნონ თავი. ასეთ შემთხვევებში, მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი