ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

“რთული“ბავშვების ტიპები და მათთან მუშაობის ხერხები

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი – პედაგოგი, მშობელი, რომელსაც “რთულ“ ბავშვთან ურთიერთობა, მისი სწავლება და აღზრდა სერიოზულ თავსატეხს არ უჩენს. მაინც, როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ “რთული“, რით გამოირჩევა ის და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი სირთულე მომავალში სერიოზული პრობლემების მიზეზი არ გახდეს.

ჩვეულებრივ, „რთულს“ უწოდებენ ისეთ ბავშვს, რომელიც არ იცავს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს, ხშირად არღვევს დისციპლინას, უხეშობს, ჩხუბობს ან პირიქით, აპათიური და უნებისყოფოა, ადვილად ემორჩილება ჯგუფის „უარყოფით ლიდერს“, ადვილია მასზე გავლენის მოხდენა, არასასიამოვნო და მძიმეა მასთან ურთიერთობა. ისინი არსებითად განსხვავდებიან თანატოლებისგან თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით. „რთული“ ბავშვები, როგორც წესი მოითხოვენ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, ღიად გამოთქვამენ თავის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არ აინტერესებთ და არ სურთ სწავლა, არა აქვთ პატივისცემა მასწავლებლის მიმართ, თანატოლებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად იყენებენ ძალას. სწორედ ასეთი მოზარდები ხდებიან მომავალში კანონდამრღვევთა რიგებში, რადგანაც ყველაზე ხშირად არიან თანატოლთა ჯგუფისაგან უარყოფილი და იზოლირებულები.

იმისათვის, რომ სწორად წარვმართოთ “რთულ“ ბავშვთან მუშაობა და მოასალოდნელი პრობლემებიც ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გავარკვიოთ სირთულის გამომწვევი მიზეზები და მისი გამოვლინებები. ხშირად ბავშვის სირთულის მიზეზი ხდება:

  • დარღვევები ემოციური სფეროს განვითარებაში, რის გამოც ბავშვი ხდება ან უკიდურესად აგზნებადი, ან აპათიური, აუტისტური;
  • დარღვევები ინტელექტუალურ განვითარებაში;
  • განვითარების ნებელობითი სფეროს დარღვევები, რის გამოც ბავშვი ხდება ჯიუტი და თავნება, ან პირიქით – უნებისყოფო და გულგრილი;
  • სოციალური და პედაგოგიური ხელმიშვებულობა, როცა ბავშვს არ შეუძლია საზოგადოებასთან ადაპტირება და გარშემომყოფებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მისთვის არავის უსწავლებია;
  • ჰიპერმზრუნველობა, როცა ბავშვისაგან არაფერს ითხოვენ, მისი ყველა მოთხოვნა კი უპირობოდ და დაუყონებლივ სრულდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „რთული“ ბავშვები, როგორც წესი არ გვანან ერთმანეთს, თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, საკუთარი პრობლემები, სირთულეები აქვთ და აქედან გამომდინარე სპეციფიკურ, ინდივიდუალურ მიდგომას და აღზრდის განსაკუთრებულ, მათზე მორგებულ ხერხებს და საშუალებებს საჭიროებენ.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულ ბავშვებში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი ტიპები:

  • „აგზნებადი“ ტიპი – ახასიათებს ლიდერობისკენ სწრაფვა და იყენებს ყველანაირ ხერხს თანატოლებზე გავლენის მოსაპოვებლად – ეუხეშება მასწავლებელს, არღვევს წესრიგს და ა.შ. ასეთ ბავშვს ძალიან უჭირს ქცევის შედეგების პროგნოზირება, მაგრამ, როგორც კი მიხვდება, რომ ზღვარს გადავიდა ან რაიმე დააშავა, გამოსწორების პირობას იძლევა და ცოტა ხნით მართლაც ახერხებს ამას; თუმცა, მალე ყველაფერი ავიწყდება, ისევ ჩვეულ ქცევას უბრუნდება და თავისას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვს ლიდერობის სურვილი აქვს, არ იქნება გამართლებული დავავალოთ მას უხელმძღვანელოს ჯგუფს. ის დიდი ალბათობით კონფლიქტში შევა გარშემომყოფებთან ან პირიქით, შეეცდება სიტუაციიდან პირადი სარგებლობის მიღებას. სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება ასევე ასეთ ბავშვზე ზემოქმედება დარწმუნების გზით, საუბრის პროცესში მას ძალიან უჭირს არგუმენტების მოსმენა. ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი მხოლოდ ძალას აღიარებს, მასთან ურთიერთობაში უკეთეს შედეგს იძლევა მტკიცე, კატეგორიული, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ტონი. კარგი იქნება ასევე მისთვის ისეთი დავალების მიცემა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, ძალისხმევას. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ დავალება შეძლებისდაგვარად დაკავშირებული იქნება ბავშვის ინტერესებთან – სპორტთან, მუსიკასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარებასთან და ა.შ.;
  • „უმართავი“ ტიპი – ახასიათებს იმპულსურობა, უკიდურესად კონფლიქტურია. თავის გარშემო ის მუდმივად ნერვულ გარემოს ქმნის, ჩხუბობს, ავლენს უხეშობას და აგრესიულობას. მზად არის შეასრულოს ჯგუფის უარყოფითი ლიდერის ყველა დავალება, მაგრამ თავად არ არის ლიდერი გარემოში დამკვიდრებული წესების დაცვის უუნარობის გამო. არ არის ანგარიშიანი, არ შეუძლია არც საკუთარი და არც სხვისი ქცევის პროგნოზირება, უბრალოდ სურს დომინირება და მიზნის მისაღწევად ვერაფერი შეაჩერებს. უშედეგო იქნება დირექციის წევრების ჩართვა მასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი არ აღიარებს არანაირ ნორმებს, წესებს, არასოდეს განიცდის ადმინისტრაციული ზემოქმედების საფრთხეს, ახასიათებს გონივრული დასკვნების და რჩევების მიუღებლობა, უჭირს საკუთარი ქცევის ასოციალურობის ხარისხის შეფასება. სასურველია, რომ ამ ტიპის ბავშვი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს და პერიოდულად მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებდეს. კარგი იქნება ასეთი ბავშვისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებას საჭიროებს და შეძლებისდაგვარად შრომატევადია;
  • „შეუპოვარი“ ტიპი – ძალიან პატივმოყვარე და ლიდერობისთვის ყველაფერზე წამსვლელია, შურისმაძიებელი, გულღვარძლიანია და არაფერს ივიწყებს, აქვს ორგანიზაციული უნარები, ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლთა შორის, მისი შეხედულებები კონკრეტული, განსაზღვრულია და მკაცრად და თანმიმდევრულად იცავს მათ. ძალიან უჭირს განსხვავებული აზრის არა მხოლოდ მიღება, მოსმენაც კი. იმათ, ვინც არ ეთანხმება, ანგარიშს მკაცრად უსწორებს და სასტიკად ეპყრობა. ხანდახან ამჟღავნებს სადიზმისაკენ მიდრეკილებას. პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის და ის ჯგუფის სხვა წევრებზე გადააქვს. ასეთ ბავშვთან არანაირ შედეგს არ იძლევა დაშინება, ჩხუბი, მისი ქცევის მიუღებლობაში დარწმუნების მცდელობა, ასევე უშედეგო აღმოჩნდება მასთან „მეგობრული“ ურთიერთობის დამყარების მცდელობა. კარგი იქნება, თუ ქცევაში დადებითი ცვლილებების დაფიქსირებისთანავე ასეთ ბავშვს დავაკისრებთ ხელმძღვანელობას ჯგუფის მიერ კონკრეტული და ამასთან მისთვის საინტერესო სამუშაოს შესრულების პროცესში;
  • „აქტიური“ ტიპი – ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით კიდებს ხელს, მაგრამ იშვიათად მიყავს რაიმე ბოლომდე. თავისუფლად შეუძლია იყოს ლიდერი, თუმცა ჯგუფის აქტიურ წევრობაზეც თანახმაა. ის მიისწრაფის არა ლიდერობისკენ, როგორც ასეთისკენ, არამედ აქტიურობისკენ. წინდაუხედავია, თუმცა ძალიან მოხერხებული და ადვილად გამოდის რთული სიტუაციიდან. გაკვეთილზე შრომისუნარიანობას მხოლოდ 15 წთ. ინარჩუნებს, შემდეგ იწყებს დისციპლინის დარღვევას, შენიშვნებზე უხეშად პასუხობს, კონფლიქტურობის გამო ხშირად „უარყოფილია“ თანატოლთა მხრიდან. უშედეგო და ერთგვარად სახიფათოც კია ასეთი ბავშვის დაუყონებლივ დასჯა მიუღებელი ქცევის განხორციელების შემთხვევაში, ვინაიდან აფექტის მიმართ მას დაბალი მდგრადობა  ახასიათებს და შეიძლება ასეთი მოქმედებით ახალი პრობლემების წინაშე დავდგეთ. ასევე შედეგის მომტანი არ იქნება ასეთი ბავშვის წვრილმანი კონტროლი, მისი მონოტონურ შრომაში ჩაბმა,  შრომატევადი დავალებებით დატვირთვა. კარგი იქნება მისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომლის შესრულებასაც ის მცირე დროში შეძლებს. მივცეთ ინიციატივის გამოვლენის საშუალება, ავღნიშნოთ მისი წარმატება, თუნდაც მცირედი;
  • „დემონსტრატიული“ ტიპი – ის შესანიშნავი „მსახიობია“ და დახვეწილი მატყუარა. მისი მიზანია ნებისმიერ ფასად აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში. ჩრდილში ყოფნა მისთვის შემაწუხებელია და სერიოზულ დისკომფორტსაც უქმნის. შეუძლებელია მის მიერ მოყოლილი ისტორიები განვასხვავოთ სიმართლისაგან. მას ავადმყოფობის სიმულაციაც ისე დახვეწილად შეუძლია, რომ ექიმებსაც კი შეიყვანს შეცდომაში. ის მუდმივად არღვევს დისციპლინას გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად; უჭირს თანატოლების ჯგუფთან შეგუება. არ არის საჭირო ინტერესის ან გაოცების გამოვლენა, როცა ასეთი მოსწავლე თავის შეთხზულ ისტორიებს ყვება. უშედეგოა მისი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნა, ვინაიდან საკმაოდ უჭირს ურთიერთობა. კარგი შედეგი ექნება მხატვრული შემოქმედების ან თეატრეალურ წრეში მის ჩართვას. მასზე კარგად მოქმედებს ასევე გარშემომყოფთა მხრიდან გაკიცხვის საფრთხე ამა თუ იმ ქცევის გამო;
  • „უნებისყოფო“ ტიპი – მას  არა აქვს არც ნებისყოფა და არც ინტერესი იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებს. ის ზარმაცი და ინერტულია. ასეთი ბავშვის დახასიათებისას მასწავლებლები ამბობენ, რომ მას ფიქრიც კი ეზარება. ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ასრულებს მის წვრილმან დავალებებს, არასოდეს არის ლიდერი ან ინიციატორი რაიმე საქმეში. სიცრუე, შიში, ინტერესის არქონა ნებისმიერი სასწავლო და შრომითი საქმიანობის მიმართ ასეთი ბავშვის დამახასიათებელი ნიშნებია. არ იქნება გამართლებული ამ ტიპის ბავშვის დანიშვნა თანატოლთა ჯგუფის ხელმძღვანელად, ასევე მისთვის ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს. კარგი იქნება, თუ ყურადღებით ვიქნებით და შეძლებისდაგვარად შევზღუდავთ ასეთი ბავშვის ურთიერთობას სხვა ტიპის რთულ ბავშვებთან გამომდინარე იქიდან, რომ ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შეიძლება დამატებითი პრობლემების წინაშე დავდგეთ. აუცილებლად ავღნიშნოთ მისი წარმატებები და მიღწევები, თუნდაც მცირედი, ეს მისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი იქნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი, განურჩევლად იმისა „რთულია“ ის თუ არა, განუმეორებელი და უნიკალურია. მოქმედების ის ხერხი და სტრეტეგია, რაც ერთისთვის შედეგის და წარმატების მომტანია, შეიძლება მეორისთვის უშედეგო აღმოჩნდეს. ამიტომ, სირთულეების დაფიქსირებისას საჭიროა ყოველი კონკრეტული შემთხვევის  კარგად შესწავლა და საკორექციო მუშაობის პროგრამის მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.09.2018.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი