ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ასე ძალადობის ,,მატარებელს“ ვერ შევაჩერებთ

ახლა არდადეგებია და ალბათ  მსუბუქ და საამურ თემებზე საუბარი გვირჩევნია, მაგრამ არდადეგებს ისევ მოჰყვება სამუშაო პროცესი და  ჩვეული მარათონი. ამიტომ სჯობს  ახლა მოვიცალოთ საკუთარ თავთან მისაბრუნებლად. ძალადობა უარყოფითი სოციალური ქმედებაა და საჭიროა მისი აღკვეთა, მაგრამ საზოგადოება ისევ სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება. 

რას ვგულისხმობ? 

ხანგრძლივ, ანუ გრძელვადიან ტრენინგებზე ყოფნა მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ სიახლოვისა და გულახდილობის განცდას უყალიბებს. ფაქტია, ეს გულახდილობა გარდა სასკოლო ამბებისა, პირად, ოჯახურ, მეზობლურ და ასე შემდეგ ამბებსაც მოიცავს. ასეთი გულახდილი ,,დისკუსია” მოჰყვა შესვენების დროს ერთი მოხდენილი, აქტიური ქალბატონისათვის კოლეგის ნათქვამს: – შავი ტანსაცმელი როდისღა უნდა გაიხადო, ცოცხალს ხომ ეტანჯვინებოდი, ახლა გულისწამსვლელ სიცხეში  მკვდარსაც ეწირებიო. ამ მინიშნება-გამოპასუხებაში გაირკვა, რომ  კარგი  გოგო  და კარგი  ბიჭი სიყვარულით დაქორწინდნენ, ოთხი შვილი შეეძინათ. გარეგნულად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ქმარს თანდათან დაუმძიმდა  ხასიათი:  ეჭვიანობდა, ყველგან ღალატი ელანდებოდა და ყოველი მისი დათრობა ცოლ-შვილის გარეთ გამოყრითა და ლეწვა-მტვრევით მთავრდებოდა, ბავშვებს ხშირად მეზობლის სინათლის შუქზე უწევდათ მეცადინეობა, როცა ,,მამა ცუდად იყო” (ასეთ განმარტებას აძლევდა დედა შვილებისათვის მამის საქციელს). რომ გაიზარდნენ და მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს ცუდად ყოფნა, რა გითხრეს თქვენმა შვილებმა? _ ვეღარ შევიკავე თავი.  პასუხი: – არაფერი, უყვარდათ მამა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნეტა ცოცხალი მყავდეს, ყველაფერს ავიტანდი. 

ათი სამუშაო დღე უკან გვქონდა მოტოვებული და დაბეჯითებით შემეძლო მეთქვა, რომ ეს ქალბატონი, გარდა მისი გარეგნული ხიბლისა,  გახლდათ მოტივირებული, გონიერი, კომუნიკაბელური, ტაქტიანი იუმორის მქონე პედაგოგი, რომელიც თავისი გამორჩეული კალიგრაფიით დაუზარელად და მოხერხებულად ამზადებდა საპრეზენტაციო ფურცლებს… აკეთებდა შთამბეჭდავ პრეზენტაციებს… 

სამოქალაქო განათლების თემები რას უტრიალებს თუ არა ადამიანის უფლებებსა და მათ შორის ძალადობას? ამ თემებზე საუბრისას ის ყოველთვის საღ და ადეკვატურ დასკვნებს გვიზიარებდა. მაგრამ სინამდვილეში თავად ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მას მოწამებრივი როლი მარტო საკუთარი თავისთვის კი არა შვილებისთვისაც კი მოურგია. რაც მთავარია, საკუთარი ამბავი  ჩვეულებრივად მიაჩნდა.

ცხადია, წერილი  უბრალოდ ამბის მოსაყოლად არ წამომიწყია. მინდა, ის დავუკავშირო ოჯახური ძალადობის თემას, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ყველაზე დახურულ თემად საქართველოში იმ სტერეოტიპის ,,წყალობით”, რომ ოჯახში რა ხდება, ეს არავისი საქმე არ არის. საკანონმდებლო ცვლილებებს ფესვგადგმული სტერეოტიპები გასაქანს არ აძლევს.  მახსენდება ორი-სამი თვის წინ მარტოხელა დედების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული ერთ-ერთი შეხვედრა. დისკუსიაში ქალთა ფონდ ,,ტასოს” გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მარინა თაბუკაშვილმა აღნიშნა: ,,ჩვენი სკოლისა და მასწავლებლების დამსახურებაა, რომ ქალები და გოგონები იტანენ ძალადობას, ხდებიან ამ ძალადობის მსხვერპლი, უფრო მეტიც,  სრულიად უასაკონი, ბავშვები მარტოხელა დედებად იქცევიან და ისინი განწირული არიან განკვეთისათვის, ზურგის შექცევისათვის… ხშირად საზოგადოება უჭრის მათ გზას ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებისაკენ და  პროსტიტუციისა ან სუიციდისაკენ უბიძგებს. სკოლაში ეს თემები (სქესობრივი აღზრდა, ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები…) რომ სწორად ისწავლებოდეს, არც ასეთი საზოგადოება გვეყოლებოდა და ახალგაზრდაც ნებსით თუ უნებლიეთ  ერთხელ აბნეული გზისათვის მთელი ცხოვრება სტიგმის ქვეშ არ იცხოვრებდა. მაგრამ ჩვენი მასწავლებლები არ არიან მზად ამისთვის”. ამ ნათქვამში არის, რა თქმა უნდა, მწარე სიმართლე, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასწავლებლებიც ამ საზოგადოების ღვიძლი შვილები არიან და გავრცელებული სტერეოტიპები მათ ცნობიერებაშიც საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა ყველაზე მეტად მასწავლებელს მართებს ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულებების შეცვლა, რომ მომავალ თაობას სწორი ორიენტირები მისცეს.  

განათლების სისტემის გენდერულმა დაუბალანსებლობამ ამ ტრენინგზეც იჩინა თავი: ჯგუფში მხოლოდ ქალები იყვნენ. ზემოთ ნახსენებ დისკუსიაში, რომელიც თვითმართულ დებატებში გადაიზარდა, ტრენინგის თვრამეტივე მონაწილე ჩაება. ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის ისეთი მაგალითები მოვისმინე, ცალკე წიგნის თემად გამოდგებოდა: ,,ჩემი ქმარი ჩუმად გამომყვებოდა უკან და დაუსტვენდა, ვაი ჩემი ბრალი, თუ უკან მივიხედავდი: –  რა იცოდი, მე რომ ვიყავი, რატომ მომხედეო… ”  ,,ჩემს მულს ქმარი დღედაღამ ამუშავებს, თვითონ ტელევიზორთან ზის და საღამოს ამ საწყალმა წიგნის წასაკითხად თუ მოიცალა, საქმე გამოგელიაო, დაჰყვირის. ვეღარ შეძლო სკოლაში მუშაობა, მოუმზადებელი ხომ არ მივალ ბავშვებთანო და თავი დაანება…”; ,,ჩემი ახლობლის გოგო მოიტაცეს, მას არ უნდოდა მომტაცებელთან დარჩენა, მაგრამ დედ-მამამ თავშერცხვენილი ვიღას უნდიხარო და უკან წამოსვლის ნება არ მისცეს. ორი შვილი ეყოლა, ქმარი ამწარებდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, ერთ დღესაც სახლიდან დაიკარგა… ახლა თქვეს თურქეთში მუშაობს და შვილების წაყვანა უნდაო”.

ტრენინგის პროგრამა თავისას ითხოვდა და შევეცადე, ეს თემა პატარა კვლევით დამესრულებინა და სამი პოზიცია შევთავაზე პედაგოგებს: 

ოჯახში ძალადობის ატანა დაუშვებელია – დაეთანხმა 5 მონაწილე;

ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა აიტანო – დაეთანხმა 6 მონაწილე;

ოჯახში ყველაფრის ატანა დაუშვებელია, მაგრამ ზოგი რამ  უნდა მოითმინო – დაეთანხმა 7 მონაწილე;

ამ თვალსაზრისით არც სასკოლო სახელმძღვანელოები ქმნიან სასურველ სურათს (სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზში, რომელიც 2012 წელს ჩატარდა, ვკითხულობთ: ,,… ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი თემების სწავლების დროს, როგორიცაა დემოკრატია, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, არაა ან არასაკმარისადაა გამახვილებული ყურადღება გენდერულ უთანასწორობაზე, სქესთა თანასწორი წარმომადგენლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიაზე, ოჯახურ ძალადობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე, რის გარეშეც წარმოუდგენელია აღნიშნული თემის სრულყოფილი გააზრება.)   დასკვნების გამოტანა მარტივია – ასეთი ღირებულებების მქონე პედაგოგებისთვის შეუძლებელია ეფექტური პროცესის წარმართვა მოსწავლეებში გენდერული მგრძნობელობის ასამაღლებლად, ყოველგვარი ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის, საწინააღმდეგო განწყობების ჩამოსაყალიბებლად.

ძალადობის ,,მატარებელს” სიჩქარე დიდი ხნის აკრეფილი აქვს და მისი შეჩერება იოლი არ არის.  ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია თავად პედაგოგებს შორის გენდერული თანასწორობის საბაზისო საკითხების, ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რასაც მოჰყვება დამოკიდებულებების შეცვლაც. მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან სკოლა საზოგადოებისაგან მოწყვეტილად ვერ წარმართავს ამ პროცესს. ამ მიმართებით საზოგადოების ცნობიერებაც უნდა ამაღლდეს. ზოგადად,  ეს პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს და უწყვეტად გაგრძელდეს. სხვანაირად ეფექტი დააგვიანებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი