ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლის მიღმა დარჩენილი სქესობრივი განათლება

„დე, შენ სექსი გქონია?!“-  ვფიქრობდი, წერა იმ კონტრშემთხვევით დამეწყო, რამაც სტატიაზე მუშაობა გადამაწყვეტინა, მაგრამ სულაც არ მინდა, ერთი რეალური, მაგრამ “ყვითელი” შემთხვევის აღწერის გამო ჰქონდეს ამ წერილს მაღალი რეიტინგი. ამიტომ ამბავს  ბოლოსთვის მოვიტოვებ.

ინტიმური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება ბავშვის მოთხოვნილებაა. რამხელა ტაბუც უნდა დავადოთ უფროსებმა სქესთა შორის ურთიერთობებს, ბავშვები მის შესახებ მაინც იგებენ და მაინც საუბრობენ. საუბრობენ ბიჭებიც და გოგონებიც; საუბრობენ ყველგან, სადაც უფროსი არ არის; სახლებშიც, ეზოებშიც, სკოლებშიც.

უფროსებმა, რა თქმა უნდა, ვიცით, რა აინტერესებთ ბავშვებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ახლა ამ თემებისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამის დრო მაშინ დადგება, როცა სიმაღლეში გაგვასწრებენ და დედ-მამის ტანსაცმელს მოირგებენ. აი, მაშინ კი (უკეთეს შემთხვევაში) გვერდზე გავიყვანთ და მაქსიმალურად საჩუმათო გარემოში გავუმხელთ, რომ უკვე დიდია და „ეს“ უნდა იცოდეს.. ის ამ დროს იცინის, უხერხულად იშმუშნება და გეუბნება, დედა/მამა, ეს ამბავი დიდი ხანია იცის. შენც ფიქრობ, რომ ძალიან კარგი. ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდა.
სინამდვილეში, ტაბუდადებულ თემებზე საუბრები გარდატეხის ასაკის დადგომამდე ბევრად ადრე გაცილებით ადვილია. თუ მშობლები სექსზე, ყოველთვიურ ციკლზე, სქესობრივ მომწიფებასა და თანმდევ უხასიათობაზე, ბავშვებს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაველაპარაკებით, მათთვის გაცილებით ნათელი გახდება მომავალი;  მომზადებულები შეხვდებიან გამოწვევებს. ჩვენ კი მათ ნდობას დავიმსახურებთ, რადგან ყველაზე საინტერესო საკითხებზე უტყუარ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით.

ინფორმაციული ბუმის ეპოქაში და ქართული რეალობის გათვალისწინებით, როცა დღის სატელევიზიო ეთერიდან სექსუალური სცენები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ცხადია, რომ ადამიანის ინტერესი უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისადმი გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე წინა საუკუნეში.

მოკლედ, როგორ ადრეც უნდა გვეჩვენებოდეს ბავშვებთან ინტიმურ საკითხებზე საუბრები, მაინც იმ დროს უნდა დავიწყოთ, როცა ისინი შეგვეკითხებიან. და თუ არ შეგვეკითხებიან, ჩავთვალოთ, რომ ურთიერთობაში პრობლემა გვაქვს.

ამბავი, რაც ამ წერილის ინსპირაცია გახდა, ერთი ჩვეულებრივი დღის ბოლოს მოხდა, როცა შვილი სკოლიდან გამოვიყვანე, მანქანაში ჩავისვი და ტრადიციული დიალოგი  დავიწყე. ბავშვმა კი ცამოწმენდილზე მკითხა.

– დე, შენ სექსი გქონია?

გულმა იმხელაზე დაიძახა „ვაიმე“, მეგონა ხმამ გაოგნებისგან დაღებული პირიდან გამოაღწია. წამიერად დავფიქრდი, რა მეპასუხა. რამ აღარ გამიელვა თავში.

გამახსენდა ერთი წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში პირველმა ლედიმ  მონაწილე რომ შეამკო “სექსი გოგო” ხარო, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა, – „დედა, სექსი რა არის?“ მაშინ ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. გამახსენდა, რომ ერთი წლის წინ მეორე კლასელმა შვილმა უკმაყოფილოდ შემაქცია ზურგი და ჩაიბურტყუნა: – „შენ ხო არაფერი იცი!“

მოვიკრიბე ძალა. ახლა არ უნდა დავმარცხდე-მეთქი, ჩემ გულს ვუთხარი, ვაითუ სხვა დროს აღარც დაესვა მსგავსი შეკითხვა ჩემთვის, ღიმილით შევხედე და ვუთხარი, რომ სექსი მქონია.

– ვაა, მართლაა!
– ‎კი, მართლა. აბა, შენ როგორ მეყოლებოდი სექსის გარეშე.
გაჩუმდა.
– რაკი შენ გქონია, ე.ი. ძაან საზიზღრობა არ ყოფილა. მე კიდევ მითხრეს საშინელებააო.
– ბავშვობაში მეც ასე ვფიქრობდი. სრულწლოვანობის შემდეგ გემოვნება იცვლება. ვინ გითხრა, ისე?
– ‎სკოლაში მითხრეს, მეგობრებმა. მომიყევი რა, როგორია.
– ‎რა მოგიყვე, შეკითხვები დამისვი.
– ‎რა დროს ხდება სექსი?
– ‎როცა დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი.
– ‎შეიძლება ასეთ დროს ბავშვიც გაჩნდეს ქალის მუცელში?
– ‎კი, აბა რა. ადამიანები სექსით მრავლდებიან. ვისაც შვილი არ უნდა, თავს იცავს.
– ‎ანუ ზოგჯერ საშიშია.
– ‎კი. ზოგჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს. ზოგჯერ დიდი ბედნიერების მომტანი.

– დე, თუ სხვა შეკითხვები მექნება დაგისვამ ხოლმე, კარგი?
– ‎მკითხე რაც გინდა! – ‎ვუთხარი ღიმილით და შუბლის მაგივრად გულიდან მოვიწმინდე ოფლი, პირველ დიალოგს ტაბუდადებულ თემაზე გულახდილად რომ გავართვი თავი.

ვიღაც იფიქრებს, როგორ გაუბედა დედას ასეთი კითხვის დასმაო. ვიღაცა უფრო შორს წავა და მკერდში მჯიღს ჩაირტყამს, მეტი არ მინდა, ჩემმა შვილმა ეს მაკადროსო.

მე კი გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, დედა-შვილს გულახდილი საუბარი რომ შეგვიძლია. რაკი მეგობრებში ყურმოკვრით გაგებულ ინფორმაციას ჩემთან ამოწმებს. ე.ი. მენდობა. რა უფლება მაქვს გავაწბილო?!

როგორც ქართველებს გვიყვარს ხოლმა თქმა, პირველად არის ძნელი, თორემ მერე ყველაფერი გამოდის. რამდენიმე კვირის შემდეგ პედოფილიასა და უსიამოვნო შეხებაზეც  ვილაპარაკეთ. ანუ იმაზე, თუ ვინმემ თავი უხერხულად აგრძნობინა, პირველ რიგში მშობლებს უნდა უთხრას და ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რამდენად ახლობელია უსიამოვნების მიმნიჭებელი და რა ფორმით აგრძნობინა თავი ცუდად.

რატომ უნდა დავტოვოთ უფროსებმა ქუჩაში მოსმენილის ანაბარად შვილები, როცა შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა?

მით უფრო, როცა სქესობრივი განათლება სასკოლო პროგრამაში არ შედის. ძალადობის შემთხვევები გახშირებულია, გარემო საფრთხის შემცველია. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ან ტრანსპორტში გაეგლასუნება ვინმე ან მანქანას გაუჩერებენ და „სასურველ ადგილას წაყვანას“ შესთავაზებენ. მინდა შეეძლოს უარის თქმა, თავის დაცვა. ვიდრე სკოლას პასუხისმდეგბლობა დაეკისრება, რომ მისცეს ჩემ შვილს სქესობრივი განათლება, მანამდე მე შევაიარაღებ ინფორმაციით. მე არ მრცხვენია ჩემს შვილთან ამ ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი. რადგან ვთვლი, რომ ის რაც ბუნებრივია, სასირცხვილო და საჩუმათო არ არის.

მოკლედ, მათემატიკის და ბუნების გარდა, ბავშვებს ნამდვილი ცხოვრების სწავლება, საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვის უნარების გამომუშავება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მომზადება სჭირდებათ.

გამოცდილებით გეტყვით, რომ შვილის სქესობრივ განათლებაზე ზრუნვა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. ყველა შეკითხვას უნდა უპასუხო, ოღონდ ისე, რომ არც ზღვარს გადახვიდე და თან, რაც შეიძლება ნაკლებად დაგჭირდეს შემდეგი სიტყვების მოშველიება  – „გაიზრდები და მერე გაიგებ!“.

რომ გაიზრდება უჩვენოდაც ეცოდინება ყველაფერი, ოღონდ ვინ იცის, იქნებ შეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი