ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

XXI საუკუნის უნარები

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა, ერთ საჭირბოროტო საკითხზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მასწავლებლის საქმიანობას, შესაბამისად, ჩვენს გაზეთსა და ავტორებს. მე, რასაკვირველია, ყურადღებით ვეცნობი ჩვენი პოპულარული ინტერნეტგაზეთის სტატიებს და გამოხმაურებებს ამ სტატიებზე. მკითხველი მართლაც არ გვაკლია, კომენტარების უმრავლესობა პოზიტიურია, თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ მკითხველი მკვეთრად უარყოფით მოსაზრებას გამოთქვამს. ამ კომენტარების შინაარსი ერთი წინადადებით ასე შეიძლება გადმოვცეთ: „ამოვიდა ყელში ამდენი მოთხოვნა, ამ მათხოვრული ხელფასების შემხედვარე!” ეს პათოსი კიდევ უფრო მკვეთრია სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში. უკანასკნელ ხანს მასწავლებლის ხელფასი მართლაც იზრდება, თუმცა ინფლაციის ტემპს ვერ უსწრებს, შედეგად მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობა უარესდება. ეს ძალზე სერიოზული პრობლემა გახლავთ და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მომავალს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ მიმართულებით გარღვევა უნდა მოხდეს. ფაქტია, სერტიფიცირების მცირე დანამატმა სერტიფიცირებულთა ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოასწორა და სამომავლოდაც მხოლოდ პროფესიული განვითარების სქემით მოპოვებული კრედიტების იმედად ვერ ვიქნებით. სადღეისოდ ჩვენს მასწავლებლებს მოკრძალებული ხელფასით უწევთ იმ პრობლემებთან ბრძოლა, რაზეც ჩვენი გაზეთი წერს. ხშირად მათი აღშფოთება სამართლიანია, მაგრამ, ჩემი აზრით, უსამართლობაა, რომ მათი რისხვა ჩვენს ავტორებს ატყდებათ თავს.

ახლა კი განსახილველ საკითხებს დავუბრუნდეთ. ოცდამეერთე საუკუნის პირველსავე წლებში მოწინავე ქვეყნებმა (აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა) თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობაზე მორგება დაიწყეს. მალევე დაიწყო მოძრაობა, რომელსაც „XXI საუკუნის უნარები” უწოდეს. ამ მოძრაობაში ჩართულმა ცნობილმა სპეციალისტებმა სასწავლო საგნების ახალი პროგრამები შექმნეს, დაიწყო მათი პილოტირება. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საჭირო უნარებს შორის სასიცოცხლოდ აუცილებლად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება და შემოქმედებითობა ანუ კრეატიულობა. განათლების მუშაკებს მხარი სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც აუბეს – პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა… ისინი თანხმდებიან, რომ ეს უნარები მხოლოდ წარმატების მისაღწევად კი არ არის აუცილებელი, არამედ მათ გარეშე შესაძლოა მომავალში ცხოვრებაც კი გაჭირდეს სხვადასხვა მიზეზით შექმნილი ურთულესი პირობების გამო (ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, გლობალური დათბობა, მძაფრი რეგიონული დაპირისპირებები პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვ.). ეს სირთულეები უკვე არსებობს და ზრდის ტენდენციაც აშკარაა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ამჟამინდელი ვითარების თუნდაც სრულყოფილი შეფასებითაც ვერ განვსაზღვრავთ, რა მოხდება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ექსპერტების აზრით, XXI საუკუნის უნარები სწორედ ამას გულისხმობს – მოულოდნელ ვითარებაში გარკვევისა და გამოსავლის პოვნის უნარს. ცხადია, ეს უნარები სულაც არ არის ახალი, ათასწლეულების განმავლობაში მთელი კაცობრიობის პროგრესს სწორედ ისინი განაპირობებდნენ. ამ უნარების მქონე ადამიანების დამსახურებაა ყველა გამოგონება, მარტივი ხელსაწყოებით დაწყებული (რომლებიც თავისი ეპოქისთვის სულაც არ იყო მარტივი), მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მომხდარი უზარმაზარი აღმოჩენებით დამთავრებული.

ქვემოთ შევეხებით უცხოელ ექსპერტთა მიერ ხაზგასმულ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვისაც აქტუალურია.

განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების არათანაბრობაა. ზოგიერთ სკოლაში წარმატებით ხორციელდება ახლებური მიდგომებით სწავლება, მაგრამ სკოლების და, შესაბამისად, მოსწავლეების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის სწავლას. დღევანდელი გამოწვევაა, ახალმა მიდგომებმა მთლიანად მოიცვას საჯარო განათლების სიტემა. 

ექსპერტების აზრით, მასწავლებლები ცდებიან, როცა მიაჩნიათ, რომ თუ მოსწავლე ამჟღავნებს კრიტიკულ აზროვნებას ერთ საგანში, ე.ი. შეუძლია, ყველა სხვა საგანშიც გამოამჟღავნოს. კრიტიკული აზროვნება არ არის უნივერსალური უნარი, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ზოგჯერ ჩვენ მანამდე ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ სააზროვნო უნარის ამუშავებას, სანამ ის არ შეგვხვდება ჩვენთვის ნაცნობი ფორმით. მაგალითად, პატარა ბავშვებსაც კი ესმით შემდეგი პირობის ლოგიკა: „თუ შეჭამ ბოსტნეულს, დაიმსახურებ ნამცხვარს სადილის შემდეგ”. ისინი ასკვნიან, რომ თუ არ სურთ ნამცხვარი, არც ბოსტნეულის ჭამაა სავალდებულო. მაგრამ თუ ჩვენ ამ პირობას ფორმულად ვაქცევთ, ბავშვისთვის ნაცნობ ბოსტნეულს და ნამცხვარს ასოებით შევცვლით და ასეთი სახით მივაწვდით, ბავშვი ვერაფერს გაიგებს. მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნებში, რომლებშიც საამისოდ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია აქვთ.

თუმცა თეორიულად უკვე აღარ ვკამათობთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული სწავლის ან თუნდაც პროექტით სწავლების ეფექტურობაზე – ვთანხმდებით, რომ ასეთი სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, იმუშაონ ავთენტურ პრობლემებზე და ჩართული იყვნენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები დაწვრილებითაა განხილული დამხმარე თეორიულ ლიტერატურაში, მასწავლებლებმა იციან მათ შესახებ, სჯერათ მათი ეფექტურობა, მათი უმეტესობა ამ მეთოდებს პრაქტიკაში არ იყენებს. მაინც რატომ არ იყენებენ მასწავლებლები მეთოდებს, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასარგებლოდ? ისინი მიზეზთა შორის ასახელებენ საკლასო მენეჯმენტს. როცა მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად ეს ხმაურს იწვევს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის გაღება უხდება, რომ შემოქმედებითი ხმაური ქაოსში არ გადაიზარდოს. ამასთან, თანამედროვე მეთოდებით მუშაობას მასწავლებლის მხრივას სჭირდება გარკვეული მომზადება, მაგალითად, განსახილველი საკითხის ღრმა ცოდნა, მუდმივი მზადყოფნა გაკვეთილის მსვლელობისას მომხდარი ცვლილებებისთვის. ეს მომქანცველი სამუშაოა. 

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მასწავლებლების მაქსიმალური თანამშრომლობაა. ჩვენ ბევრს დავკარგავთ, თუ მასწავლებლებს არ მივცემთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. მაგრამ ამ მიმართულებითაც უამრავი ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. მაგალითად, როგორ უნდა გამონახონ სკოლებმა და მასწავლებლებმა ზედმეტი თავისუფალი დრო თანამშრომლობისთვის? მზად არის თუ არა ამ თანამშრომლობისთვის სკოლების ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა? ვინ უნდა უხელმძღვანელოს იმ უამრავ ინტერნეტრესურსებს (საიტებს, ბლოგებს და ა.შ.), რომლებიც ამ პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის იქნება საჭირო?

კიდევ ერთი საკითხი – მოსწავლეების შეფასება. ფაქტია, რომ შემაჯამებელი შეფასების ყველაზე მოხერხებულ ფორმად ტესტებით გამოკითხვა რჩება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კარგ ტესტს შეუძლია მეტ-ნაკლები წარმატებით დაადგინოს მაღალი დონის უნარების ფლობა (მაგ., კრიტიკული აზროვნებისა, ანალიზისა და სხვ.). მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სრულყოფილმა ტესტმა უნდა შეაფასოს მოსწავლის კრეატიულობა, მოგვცეს საშუალება დავინახოთ, როგორ მივიდა ის კონკრეტულ პასუხამდე. უფრო მეტიც – ისეთი დავალებებიც კი შეიძლება მივცეთ, რომლებიც თანამშრომლობას მოითხოვს. ასეთი ტესტების შედგენა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებს შეუძლიათ და, შესაბამისად, თანხებთან არის დაკავშირებული. 

სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ კრეატიულობისა და კულტურული განათლების დარგში ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის კენ რობინსონის რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას კრეატიულობის შესახებ. სხვა ექსპერტების მსგავსად, კენ რობინსონიც მიიჩნევს, რომ კრეატიულობა XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა. მისი აზრით, თანამედროვე მწვავე პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ამ უნარის ათვისებითაა შესაძლებელი. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „ელემენტი” (2009) და „ჩვენი გონების საზღვრების მიღმა – როგორ ვისწავლოთ კრეატიულობა” (2001).

კენ რობინსონი ამბობს, რომ ადამიანებს შეცდომა მოსდით, როცა კრეატიულობა კრიტიკულ აზროვნებასთან შეუთავსებელ, ყოველგვარი წესისგან თავისუფალ, არასტრუქტურირებულ საქმიანობად მიაჩნიათ, სადაც მხოლოდ ახალი იდეები დომინირებს. მაგრამ კრეატიულობა არ არის მხოლოდ ახალი იდეები, რადგან ზოგიერთი მათგანი სრულიად გიჟურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ნამდვილ კრეატიულობას მუდამ თან ახლავს კრიტიკული აზროვნება. 

შეცდომაა ისიც, როცა ადამიანებს კრეატიულობა ბუნებისგან ბოძებულ განსაკუთრებულ თვისებად მიაჩნიათ, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულნი. განათლების პოლიტიკაში კრეატიულობა უნდა განიხილებოდეს როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნარი. კენ რობინსონი არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, თითქოს კრეატიულობა მხოლოდ განსაკუთრებულ აქტივობებში გამოვლინდება. მაგალითად, უმრავლესობა შემოქმედებითობას ხელოვნებას უკავშირებს, სინამდვილეში კი ის შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის ყოველგვარ საქმიანობაში. კიდევ ერთი სტერეოტიპის თანახმად, კრეატიულობა ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია, შემოქმედი თავისი სურვილისამებრ იქცევა, მისი მოქმედება გარშემო მყოფებს ხშირად ახირებად, სიგიჟედაც კი მიაჩნიათ. სინამდვილეში კრეატიულობა მკაცრად დისციპლინირებული პროცესია, რომელიც მოითხოვს უნარს, ცოდნას და ექვემდებარება კონტროლს. რასაკვირველია, მას სჭირდება წარმოსახვა და შთაგონებაც.

თუ დავუკვირდებით, სულ უფრო იშვიათად ისმის: „ეს ხომ მუდამ ასე იყო”. სამაგიეროდ, ამა თუ იმ ორგანიზაციის განცხადებაში სულ უფრო ხშირად ვკითხულობთ: „გვჭირდება თანამშრომელი, რომელიც დაჯილდოებულია ინოვაციური ნიჭით, აქვს განსხვავებული აზროვნება”. ჩვენ გარშემო მართლაც უამრავი ახალი რამ ხდება და სასიცოცხლოდ გვჭირდება გამომგონებლობის ყოველი წვეთი, რათა ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ.
კრეატიულობა კოლაბორაციული უნარია. კრეატიული ადამიანი შთაგონებულია სხვების იდეებით. არავინ ატარებს ცხოვრებას ვაკუუმში. ის ხალხიც კი, ვინც „თავის ჭკუაზე” ცხოვრობს, – მაგალითად, გარაჟებში ჩაკეტილი გამომგონებლები, – თავის აღმოჩენებს სხვა ადამიანების აზრებსა და მიღწევებზე აფუძნებს. კენ რობინსონს საუკეთესო მაგალითად თომას ედისონი მიაჩნია. ის იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი გამომგონებელი, რომელმაც 1.100-ზე მეტი პატენტი აიღო, მაგრამ სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი ნიჭი სხვების მობილიზების უნარი გახლდათ. მას პრობლემებზე მომუშავე მთელი ჯგუფები ჰყავდა.

რობინსონი ამტკიცებს, რომ შესაცვლელია კიდევ ერთი წარმოდგენა, თითქოს კრეატიულობის სწავლა შეუძლებელია. სინამდვილეში კრეატიულობის სწავლის გზები არსებობს. უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, რობინსონმა ერთმანეთისგან გამოყო კრეატიული სწავლება და კრეატიულობის სწავლება. კრეატიული სწავლება ნიშნავს, რომ მასწავლებელი პოულობს გზებს მოსწავლის ინტერესებისა და სასწავლო საგნის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, გაკვეთილზე წარმოიშობა ახალი, საინტერესო იდეები, რითაც შესასწავლი მასალაც უფრო მიმზიდველი ხდება მოსწავლისთვის. რაც შეეხება კრეატიულობის სწავლას, ის გულისხმობს ისეთ პედაგოგიკას, რომლითაც კრეატიულ აზროვნებას ასწავლიან, როცა მოსწავლეებს შთააგონებენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, იყვნენ ინოვაციურები, არ ეუბნებიან პასუხებს და სანაცვლოდ უჩვენებენ გზებს, რომლებიც მათ პასუხებამდე მისასვლელად ან სულაც ახალი დასკვნების გამოსატანად სჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი