ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თამაზ ჭილაძის ავტობიოგრაფია

რამდენჯერმე შევთავაზე ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ირონიული თუ სკეპტიკური დამოკიდებულება ამგვარი ტექსტების მიმართ: „მემუარები რომ დაწერო, უნდა ირწმუნო შენი განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, ანუ შენივე სიბრიყვე!..“ ან კიდევ: „ძნელია ცხოვრების მოგონებად ქცევა. მემუარისტები ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ფანტაზიორები არიან… – ახალ სინამდვილეს ქმნი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს, მაგრამ, რასაკვირველია, ნამდვილი არ არის…“. თუმცა ამისთვის მაინც დიდხანს ემზადებოდა და მკითხველსაც ამზადებდა: ჩანაწერების გამოცემული და გამოსაცემად გამზადებული წიგნები, ბოლოდროინდელი ინტერვიუები, ძმის შესახებ დაწერილი „ოთართან ერთად“ – ყველგან მოსინჯა და დაზვერა საკუთარ თავთან მისასვლელი გზები. და ახლა, როცა თითოეული ჩვენგანი თამაზ ჭილაძის გვერდით გატარებული წუთების წამოკრეფას ვცდილობთ, შეგვიძლია სულ ცოტა ხნით, რამდენიმე გვერდზე თვალი მივადევნოთ მის თავგადასავალს. ცხადია, ეს რეკონსტრუქცია ავტორთან შეუთანხმებლად ხდება, მაგრამ მისი საინტერესო, მრავალფეროვანი, დრამებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გათვალისწინებით. და რაც მთავარია, ამ ამბების მთხრობელი თვითონვეა – სხვადასხვა დროსა და გარემოში…

1

ჩემი ავტობიოგრაფია სულ რამდენიმე თარიღით შეიძლება შემოიფარგლოს: დავიბადე 1931 წელს, 1954 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1956 წელს გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი „ლექსები“, 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობა „გასეირნება პონის ეტლით“, 1965 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა ჩემი პირველი პიესა „აკვარიუმი“, 1992 წელს მივიღე რუსთაველის პრემია.

რადგან ვგრძნობ, რომ ავტობიოგრაფია მარტო თარიღები არ არის, ხოლო იმის გადმოცემა, რაც თარიღებს მიღმაა, ჩემს ძალას აღემატება, რამდენადაც ეს იგივეა, წიგნი დავწერო ჩემთვის არასაკმაოდ ნაცნობ ადამიანზე, ამიტომ ჩამოთვლილ თარიღებს მხოლოდ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან შტრიხს დავუმატებ, თუნდაც იმას, რომ ღმერთმა არ ისურვა, ჩემი ოჯახი შემექმნა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, უცნაურად აეწყო ჩემი ცხოვრება. არადა, რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი (ამჟამადაც!), მაგრამ შეიძლება სწორედ ამის გამოც, ბოლოს მარტო აღმოვჩნდი…

 

2.

სხვათა შორის, ძალიან პატარას მახსოვს ჩემი თავი. ქუჩაში, ფეხშიშველი, პერანგისამარა ვიღაც კაცს ველაპარაკები (ჩემი ჭკუით), მერე შევიტყვე, ენა უფრო მოგვიანებით ამომიდგამს. ახლაც ფეხისგულებით მახსოვს იმ ქვების სიგრილე.

 

3.

მახსოვს, მამამ გადაწყვიტა, ოთარსა და მე მუსიკა გვესწავლა. მისაღებ გამოცდაზე გვეცვა მუქი ლურჯი ხავერდის შარვალ-ხალათი, ყელზე დიდი, თეთრი ქათქათა ბაფთები გვქონდა შებმული და, ოთახის ფინიებივით, საცოდავები ვიყავით…

 

4.

სიყმაწვილეში ხშირად მიჩხუბია, ხშირად მივდიოდი დასისხლიანებული შინ. დედა გაგებით ხვდებოდა ამ ამბავს. აბა, ხომ არ გამოიქცეოდიო? – იტყოდა ხოლმე, რაც კანონად გვექცა მეც და ოთარსაც. ძალიან მწვავე ლიტერატურულ პოლემიკაში არასოდეს მოვხვედრილვარ, თორემ ალბათ არც იქიდან გამოვიქცეოდი და მწარედაც დავიჩეჩქვებოდი.

 

5.

ბევრ ნამდვილ მწერალს შევხვედრივარ როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში და მისაუბრია მათთან და, რა თქმა უნდა, ნამდვილ გენიოსს – გალაკტიონ ტაბიძეს, რომელმაც ჩემი ლექსები განიხილა 1955 წელს, როცა მწერალთა კავშირის პოეზიის სექციის გამგე იყო.

 

6.

1964 წელი. პრაღა. დამხვდნენ ვაცლავ ჩერნი და ირჟი ზუზანეკი. ჩემი ჩეხურად ნათარგმნი წიგნი მაღაზიის ვიტრინაში დევს, ამიტომ არც ისე უცხოდ ვგრძნობ თავს. სასტუმროში პირველად იტალიელი ვეგონე პორტიეს. არა, ქართველი ვარ-მეთქი.

– ოჰო, საქართველო!

აქ საქართველო საკმაოდ კარგად იციან და სიმპათიითაც არიან განწყობილნი.

ებრაელების სასაფლაო. კაფკას საფლავი. კაფკა ასვენია მშობლებს შუა. გაყინულ მარადისობაში უფრო ადვილი აღმოჩნდა მისთვის თანაგრძნობის გაწევა, ვიდრე სიცოცხლეში. საფლავზე კენჭები აწყვია. მეც დავდე ერთი კენჭი…

 

7.

– ყველაზე დიდი მწერალი?

– რუსთაველი.

– უცხოელი?

– შექსპირი.

– თანამედროვე?

– ოთარ ჭილაძე.

– მწერლობის გარდა, რა გიყვართ?

– კლასიკური მუსიკა.

– კომპოზიტორი?

– აქაც, ვინც ნამდვილია, ყველა.

– ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?

– ფიროსმანაშვილი.

– ნახატი?

– ბოტიჩელის „გაზაფხული“. უცებ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ გამახსენდა, აშკარად ამ ნახატითაა შთაგონებული.

 

8.

1971 წელი. პრემიერა! დარბაზში ვერ შევედი, თითქოს იქ სასამართლოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც ჩემი ბედი წყდებოდა.

სისულელეა!

ის, რაც სცენაზე ხდება, უკვე თეატრს ეკუთვნის და არა შენ.

 

9.

1975 წელი. მე და არჩილ სულაკაური ვცხოვრობთ ბიჭვინთაში, ერთ კორპუსში, ერთმანეთის მეზობლად. არც ვსვამ, არც სიგარეტს ვეწევი, არც ვმუშაობ. ერთადერთი გასართობი სათამაშო ავტომატების ატრაქციონია (შექმნილი ძირითადად ადამიანის ბნელი ინსტინქტების გათვალისწინებით). ვახურდავებთ ფულს (ეს ატრაქციონი ფულის მახეა!) და სიამოვნებით, გატაცებით ვესვრით თოფს ბულბულებს, თუთიყუშებს, ვეფხვებს, სპილოებს, ერთმანეთს ვაჯახებთ მანქანებს, ვაფეთქებთ „მფრინავ თეფშებს“, წყალქვეშა ნავის ტელესკოპიდან ვზვერავთ და მერე ტორპედოებს ვუშენთ გემებს და აღტაცებულნი ვყვირით, როცა ეკრანი წითლად ნათდება და აფეთქების ხმა გაისმის…

ნაპირზე დავხეტიალობთ, ვუყურებთ, როგორ იჭერენ თევზს ანკესებით.

არჩილმა საქართველოს რუკა იყიდა – ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური. ქვეყანა სხვადასხვა ფერით შეღებილ რაიონებადაა დაყოფილი, დაჭრილი, დანაწევრებული, დახარისხებული – როგორც ძროხის ან ცხვრის დახარისხების სქემა მზარეულთა სახელმძღვანელოებში.

 

 

10.

– ბუნების რომელი მოვლენა გიყვართ – წვიმა, ქარი, თოვლი?

– არც წვიმა, არც ქარი, არც თოვლი არ მიყვარს. მიყვარს ჩვეულებრივი წყნარი დღე, ოქტომბერში თბილისში რომ იცის.

– სპორტი გიყვართ?

– საყურებლად კი. ბევრი რამ არ არის ისეთი ნამდვილი, როგორც წარმატება სპორტში.

– რომელია თქვენთვის მთავარი სიტყვა ქართულ ენაში?

– სამშობლო!

 

 

11.

1974 წელი იყო, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ვმსახურობდი. მაშინ ამ ჟურნალს ბევრი კითხულობდა, საზღვარგარეთიდანაც კი იწერდნენ. ერთ დღეს ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც უკვე დიდიხანია ვიცნობდი – ერთუბნელები ვიყავით, ვერელები, – რედაქციაში მერაბ კოსტავა მოიყვანა, სტატია დაწერა და მთხოვა, წამომყევიო. მაშინვე წავიკითხე. შესანიშნავი სტატია იყო, პროფესიონალი მუსიკოსის დაწერილი. მალევე დაიბეჭდა. მადლობის სათქმელად მოვიდა, უკვე მარტო. მე ვთხოვე, – სტურუამ რუსთაველის თეატრში „ღალატი“ დადგა, იქნებ ნახო და რამე დაწერო-მეთქი.

ერთი კვირის შემდეგ მართლაც კარგი რეცენზია მოიტანა, რომელიც, რასაკვირველია, მაშინვე დაიბეჭდა. რამდენიმე ხნის მერე რედაქციაში ერთი ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი მოვიდა, ეტყობა ჟურნალ-გაზეთების თვალთვალი ჰქონდა დავალებული, მითხრა, – რას შვებით, კაცს დასაჭერად აქვს საქმე, თქვენ კი ბეჭდავთო. ჩემო ბატონო, ვუპასუხე, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ჩემი საქმე ბეჭდვაა, თქვენი, ეტყობა, დაჭერა-მეთქი.

 

 

12.

1980 წელი. გუშინ მომივიდა (მეორედ!) წერილი მოსკოვის გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიიდან“, დაბეჯითებით მთხოვენ „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების“ სერიისთვის დავწერო წიგნი რუსთაველზე. საოცარი წინადადებაა, რადგან, გარდა თავისთავადი მნიშვნელობისა, ფანტასტიკურად დაემთხვა ჩემი ბოლო სამი წლის ოცნებას – დავწერო წიგნი რუსთაველზე! მაგრამ საქმე ისაა, რომ რასაც რუსები მთავაზობენ, იმის აღსრულება შეუძლებელია, რადგან რუსთაველის ცხოვრება სრულიად უცნობია ჩვენთვის, ეს, ეტყობა, მოსკოვში არ იციან. ვერ წარმომიდგენია ამ სერიით გამოცემული, ვთქვათ, ასეთი წიგნი – „ჰომეროსის ცხოვრება“, ასევეა რუსთაველიც!..

 

13.

ნაწყვეტი მწერალთა კავშირში წარმოთქმული სიტყვიდან ამერიკელ მწერლებთან (ბობ დილანი,…) შეხვედრაზე

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ პირველად არ უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. ასეთ უცნაურ განცდას, ჩემი აზრით, თავისი მიზეზი აქვს, ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ჩვენში კარგად იცნობენ და ღრმად აღიქვამენ ამერიკულ ლიტერატურას, რომელიც, თავიდანვე ვიტყვი, ჩვენთვის მახლობელი გახდა მხატვრული აზროვნების ისეთი კორიფეების წყალობით, როგორებიც არიან: უიტმენი, დიკინსონი, მარკ ტვენი, ფოლკნერი… ეს ბრწყინვალე მხატვრები ჩვენს წარმოდგენაში ქმნიან იმ სამყაროს, რომელიც ძალიან გასხვავდება ჩვენი საკუთარი სამყაროსგან და, ამავე დროს, ძალიან მოგვაგონებს კიდეც მას და იმასაც გვახსენებს, რომ ლიტერატურის მთავარი მიზანი მსოფლიოს ყველა  მწერლისთვის საერთოა და ეს გახლავთ გაგება და მხარდაჭერა ადამიანისა… (1982 წ.)

 

ერთხელ წიგნი ვაჩუქე, წიგნებს ხშირად ვჩუქნიდით ერთმანეთს, არ ვგულისხმობ ჩვენს წიგნებს, ეს თავისთავად. მაშინ ძალიან ძნელი იყო კარგი წიგნის შოვნა. სად არ ვეძებდით, ვის არ ვთხოვდით, რა ფასად არ გვიჯდებოდა სასურველი წიგნი. რატომღაც მომინდა, წიგნზე რამე წამეწერა და წავაწერე კიდეც: დიდ ძმას უფროსი ძმისაგან!

– ეს რა არისო? – მკითხა ღიმილით.

– არაფერი, სიტყვების თამაშია-მეთქი.

არადა, თამაში კი არა, სინამდვილე იყო. მაშინ პირველად გამოვთქვი და ვაღიარე ის, რასაც დიდი ხანია ვგრძნობდი და დიდი ხანია ვფიქრობდი. ალბათ მისივე პირველი ლექსების წაკითხვის შემდეგ.

 

15.

1986 წელი. მწერალთა საკავშირო ყრილობაზე რუსმა მწერალმა ვალენტინ რასპუტინმა შეურაცხყო ქართველი ხალხი. ქართველმა მწერლებმა დავტოვეთ დარბაზი, დარჩა მხოლოდ ერთი მწერალი…

 

16.

1990 წელი. 12 აპრილიდან 19 აპრილამდე ვიყავი საფრანგეთში.

თვითმფრინავში (მოსკოვი-პარიზი) შემთხვევით შევხვდი და ვესაუბრე პიტერ ბრუკს…

პარიზში წელკავმა გამაშეშა. კაფეში ვიჯექი და ღვთისმშობლის ტაძარს შევცქეროდი.

ეიფელის კოშკთან თითქმის ხელით გადმომიყვანეს მანქანიდან (იქ მყოფთ არაბი ემირი ვეგონე!). ძალიან ციოდა.

არც ერთ სხვა ქვეყანასთან იმდენი საერთო არა გვაქვს, ისეთი სულიერი ნათესაობა არ გვაკავშირებს, როგორიც საფრანგეთთან.

ყველაფერზე მეტად მომეწონა ხალხი!

ასეთ ხალხს უნდა ჰქონდეს სწორედ ასეთი ქვეყანა.

ეს მაგალითია იმისა (თუ ჭკუის სასწავლი არა!), რომ ხალხმა თვითონ უნდა შექმნას არამარტო თავისი საცხოვრისი, არამედ ცხოვრების პირობები!

უპირველეს ყოვლისა – თავისუფლება!

 

 

17.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ცხოვრებაში არავისი უფროსი არ ვყოფილვარ, ოთარისა და თინას გარდა, ისიც მხოლოდ ასაკის გამო.

 

18.

– შეყვარებული თუ ყოფილხართ?

– ბევრჯერ!

– რას ნიშნავს „ბევრჯერ“? მაინც რამდენჯერ?

– არ ვიცი, არ დამითვლია.

– რამდენი წლის იყავით, პირველად რომ შეგიყვარდათ?

– ყველა სიყვარული პირველია. მათი დანომრვა არ შეიძლება. ექვსი წლის ვიყავი. საბავშვო ბაღში მიყვარდა ჩემი ტოლი გოგო, თანაც სერიოზულად, ანუ უიმედოდ.

 

 

19.

ოოო, ეს ჩემთვის მეტად ძვირფასი ფოტოა, როცა ვუყურებ, რატომღაც ბიჭვინთა მახსენდება. აი, ისევ ბიჭვინთა! ზოგჯერ შუაღამისას, ჩემი მორიგი, ტროპიკული წვიმების პერიოდივით გაუთავებელი უძილობის ჟამს, მოულოდნელად მომელანდება ხოლმე ბიჭვინთის სანაპირო და, გაგიკვირდება, მე კი არა, ჩემი მეორე მე გადის ხოლმე სანაპიროზე და სიბნელეში დანთქმულ ზღვას ესაუბრება.

უცნაურია, ბიჭვინთის მზე, თითქოს ღმერთის მიერ გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, ადამიანურ ტემპერატურაზე, თითქოს შენი არსების ნაწილი ხდება, რაღაც უცნაური, შენთვისაც გაურკვეველი, სიხარულში გაზავებული ვიღაცის მოლოდინი და ამ შემთხვევაში ის ვიღაცა ამ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა აღმოჩნდა. მას მერე დიდმა ხანმა გაიარა, ეს ფოტო ამ თაროზე უკვე ოცდაათი წელია რაც დევს, სამართლიანად დაიმსახურა, სურათიდან ჩვენებად გადაქცეულიყო, რომელიც ჩემს ბინაში ჩასახლდა, მართალია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ შეუძლია ილუზია შექმნას სინამდვილისა, თითქოს დრო არ არსებობს, ყველაფერი ახლა, ამ წუთას იწყება და უსასრულოდ გრძელდება… მართალია, სიბერე გახსენების დროა, მაგრამ მაინც არ შეიძლება მოიგონო ის, რაც არასოდეს დაგვიწყებია. იმიტომ კი არა, რომ შენ არ გინდა დაივიწყო, არამედ საერთოდ შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც დღესაც ისევე გაღელვებს თუ გამშვიდებს, ისევე გიჩენს იმედს, რომ ცოტა ხანს კიდევ იყო ამქვეყნად (მხოლოდ ქალს შეუძლია ეს იმედი გაგიჩინოს!).

 

20.

ვერაფრით ვეგუები ჩემს ასაკს, მზარავს ციფრების დაუნდობლობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემში, ჩემი არსების სიღრმეში, სადაც ჩემი მეორე, ანუ მთავარი „მე“ ცხოვრობს, არაფერი იცვლება, ისევ ის ამინდი დგას, როგორიც იდგა ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის წინ…

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თამაზ ჭილაძე – „ოთართან ერთად“, 2011.
  2. თამაზ ჭილაძე – „ოწინარი“ (ჩანაწერები), 2012.
  3. თამაზ ჭილაძე – „დრო და არითმეტიკა“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან), 2016.
  4. თამაზ ჭილაძე – „არაფრისგან – ყველაფერი“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან), 2018.
  5. „თან საკითხავი 79 ამბავი მერაბ კოსტავაზე“, 2018.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი