შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში

მასწავლებლები და მშობლები შვილებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბავშვების მხრიდან სასკოლო ნივთების სახლში დატოვება, შესასრულებელი სამუშაოს სხვა დროისთვის გადადება ან დავიწყება, გაკვეთილის მოუმზადებლობა, გუნდში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა და ა.შ., რაც თავისთავად აისახება მოსწავლეთა სწავლის შედეგებსა და საბოლოო წარმატებაზე. 

მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ბავშვებმა შეიძინონ კითხვის, წერისა და არითმეტიკული გამოთვლების უნარები. თუ დავუკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ამ სამი ფუნდამენტური კომპეტენციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი პასუხისმგებლობის გრძნობაა. ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, გამოირჩევიან სწავლისა და ქცევის მართვის უნარებით, არიან მოტივირებულები, დამოუკიდებლები და აღწევენ წარმატებას როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ეს თვისება თანდაყოლილი არ არის. ის უნდა გამომუშავდეს ეტაპობრივად, გარკვეული მიდგომებისა და სტრატეგიების საშუალებით. ამის გახორციელების საუკეთესო ადგილი კი სახლი და სკოლაა, სადაც ბავშვმა საკუთარ განათლებასა და ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს.

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელსა და მასწავლებელს, ჩამოუყალიბონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყონ მის შემდგომ განვითარებას. 

აჩვენეთ პირადი მაგალითი. ბავშვებს გაცილებით მოსწონთ იმის კეთება, რასაც თავად ხედავენ, ვიდრე იმის, რასაც ეუბნებიან. ისინი უკეთესად სწავლობენ უფროსების მაგალითებიდან. ბავშვისთვის იმის თქმა, რომ იყოს პასუხისმგებლიანი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. უფრო ეფექტურია, მას დავანახოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.  

ჩართეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე გააზრებული ჰქონდეს, თუ რას ნიშნავს გარემოს და საზოგადოების წინაშე პირადი პასუხისმგებლობა. ამისათვის შესაძლებელია ბავშვი უფროსებთან ერთად ჩაერთოს საზოგადოებრივ პროექტებში, მაგალითად, სამეზობლოს დასუფთავებაში, ხეების დარგვაში, მაკულატურის შეგროვებაში და ა.შ. ამის პარალელურად კი უნდა მოხდეს თითოეული აქტივობის მნიშვნელობის გააზრება როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ კონტექსტში.

თანდათანობით გაართულეთ პასუხისმგებლობები. არ არსებობს „ჯადოსნური ასაკი”, როდესაც ბავშვი მოულოდნელად ხდება პასუხისმგებლიანი. ის ამას ითვისებს თანდათანობით. შეიძლება ეს პროცესი სიარულისა და ლაპარაკის სწავლასაც კი შევადაროთ. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლებელია ეტაპობრივად, ასაკის მატებასთან ერთად მიეცეს ისეთი დავალებები, როგორიც არის სათამაშოების ალაგება, სუფრის გაშლისა და ალაგების პროცესში დახმარება, შინაური ცხოველებისა და ყვავილების მოვლაში დახმარება და ა.შ.  

მიანდეთ ბავშვებს დავალების დამოუკიდებლად შესრულება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პასუხიმგებლობის განვითარებისთვის. ბავშვს უნდა მისცეთ სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულების საშუალება. ამისათვის:

შექმენით შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხა. მიეცით თქვენს შვილს/მოსწავლეს ასაკის შესაბამისი დავალება _ ის, რის გაკეთებასაც დამოუკიდებლად შეძლებს. 
ჩართეთ შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხის შედგენის პროცესში, გაითვალისწინეთ მისი მოსაზრებები და სურვილები. 
მიეცით საშუალება, შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხიდან შეარჩიოს ის დავალება, რისი გაკეთებაც ურჩევნია.
დავალების შესრულებამდე დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად გაიგო, რა ევალება ან როგორ უნდა გააკეთოს. დიდი ამოცანები შესაძლებელია დანაწევრდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს მათი შესრულება.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შეცდომით ასრულებს დავალებას, ნუ გაუბრაზდებით, ხელახლა აუხსენით და მიეცით საშუალება, თავიდან დაიწყოს მისი გაკეთება. 
ზოგჯერ ნება დართეთ, შეასრულოს რთული დავალებები. წინასწარ ნუ ივარაუდებთ, რომ ის ამის გაკეთებას ვერ შეძლებს.
აღნიშნეთ და დააჯილდოვეთ, როდესაც ის პასუხისმგებლიან საქციელს გამოავლენს და წაახალისეთ შესრულებული სამუშაოსთვის.
შესაძლებელია, ბავშვს დავალებათა ნუსხა კვირის დღეების მიხედვით გაუნაწილოთ და თვალსაჩინო რომ იყოს, ცხრილის ან სხვა გრაფიკული ორგანიზატორის სახე მისცეთ. ყოველდღე ცხრილის შესაბამის გრაფაში, შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოს მიხედვით, ბავშვმა უნდა აღნიშნოს წინასწარ შეთანხმებული სიმბოლო, მაგ.: მოწყენილი ან გახარებული ღიმილაკი. კვირის ბოლოს კი ერთად დაითვალეთ სიმბოლოები და შესაბამისად შეაქეთ.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას უკავია. ადამიანი, როდესაც თავად აკეთებს არჩევანს რამდენიმე ალტერნატივიდან, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი გადაწყვეტილების გამო. 

შეუქმენით ბავშვებს ისეთი გარემო, სადაც ისინი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. მაგალითად, ზოგჯერ შესაძლებელია ვკითხოთ ბავშვს, როდის ურჩევნია საშინაო დავალების შესრულება: სადილის წინ თუ მის შემდეგ? როგორ უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის? სამი ჩამოთვლილი სათაურიდან, რომელზე სურს ესეს დაწერა? და ა.შ.
ესაუბრეთ ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი და მიიღონ გადაწყვეტილება მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 
პატივი ეცით ბავშვის არჩევანს, რითაც მის ნდობას დაიმსახურებთ.
შეეკითხეთ ბავშვს, რამდენად სწორი იყო მისი არჩევანი? რა შედეგი მიიღო? ხომ არ შეცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებას და რატომ? და ა.შ.
აღიარეთ ბავშვის ძალისხმევა და მონდომება. გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, შეაქოთ ბავშვი პასუხისმგებლიანი საქციელის გამო, ვიდრე ყურადღება გაამახვილოთ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. 
შემაფასებელი განცხადება არ უნდა ატარებდეს ზოგად ხასიათს, ის კონკრეტულად უნდა მიუთითებდეს, რა იყოს ბავშვის საქციელში ღირებული და მნიშვნელოვანი, რა მოგეწონათ და რატომ.
ნუ დაელოდებით ბავშვის მიერ დავალების წარმატებით დასრულებას, აღიარეთ მისი ძალისხმევა სამუშაოს შესრულების პროცესშიც. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მის საქმიანობას აფასებენ, ის უფრო მეტი მონდომებით და ხალისით გააგრძელებს მუშაობას.
გამოიყნეთ პოზიტიური უკუკავშირი, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვის საქციელი შესწორებასა და დახვეწას საჭიროებს. პირველად აღიარეთ ის, რაც მას კარგად გამოუვიდა და მხოლოდ ამის შემდეგ უთხარით, რა აქვს გასაუმჯობესებელი. 
იმსჯელეთ პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე ეფექტურია, მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვებთან ერთად განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც ორიენტირებულია პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ჩვენებასა და მის გათავისებაზე. ამისათვის შესაძლებელია:
ბავშვებს მიაქცევინოთ ყურადღება მათ თვალწინ მომხდარ ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც პასუხისმგებლობის მნიშვნელობის დანახვასა და მიღებული შედეგების გააზრებაში დაეხმარებათ.
გააცანით პასუხისმგებლობის არსთან დაკავშირებული ისტორიები, მხატვრული ნაწარმოებები, ფილმები და ა.შ. სთხოვეთ, იმსჯელონ მათ შესახებ. ყურადღება გაამახვილებინეთ მიღებულ შედეგებზე და შეაფასებინეთ ისინი.
გაარკვიეთ, რა წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ცნებისადმი:

1.თქვენი აზრით, რას გულისხმობს სიტყვა “პასუხისმგებლობა”?

2.მოიყვანეთ მაგალითები სხვადასხვა წყაროდან (მხატვრული ლიტერატურა, ისტორია, პირადი ცხოვრება და ა.შ.), რომლებიც პასუხისმგებლიან საქციელს უკავშირდება.

3.როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები განაპირობებს და რა უშლის ხელს ადამიანის პასუხიმგებლიან პიროვნებად ჩამოყალიბებას?

4.რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის განვითარება როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე? შეაფასეთ მისი მნიშვნელობა.

5.შეაფასეთ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა 1-დან 10 ქულამდე და ახსენით, რატომ დაწერეთ ეს კონკრეტული ქულა? და ა.შ.

უბიძგეთ ბავშვებს მიზნების დასახვისკენ. მიზნების დასახვა ეხმარება ბავშვს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვანზე და ნაკლები ყურადღება დაუთმოს უმნიშვნელო საკითხებს. როდესაც ბავშვი მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, ის უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება შესასრულებელ სამუშაოს. მიზნების დასახვა შესაძლებელია ყველა მიმართულებით, მაგ.: სასკოლო დავალებების შესრულება, სპორტში წარმატების მიღწევა და ა.შ.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა იმ თვალსაზრისით, რომ ის არა მარტო ინდივიდის, არამედ საზოგადოების წარმატებასაც განაპირობებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი განვითარების ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი