კომპეტენციების დაუფლება, როგორც ცოდნის ფუნქციონალური ხარისხის გაზრდის საშუალება

კარს მოგვადგა ახალი სასწავლო წელი და მასწავლებლებს ბევრი გვაქვს საფიქრალი და საკეთებელი. უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლის წინაშე არსებულ მოთხოვნებს და სტანდარტების „დაგეგმილ შედეგებს“ დღეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა და უნარები განსაზღვრავს, არამედ კიდევ „რაღაც სხვა“, ცოდნის არა სტრუქტურული, არამედ ფუნქციონალური ხარისხი. ამ „ზესაგნობრივ“, ანუ როგორც უწოდებენ,  „მეტასაგნობრივ/მეტაშემეცნებით“ პროცესებში გულისხმობენ შემოქმედებით  ძალისხმევას, გონებრივ  ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა  შემეცნებითი აქტივობის ანალიზსა და მართვას.  ამისთვის კი  მოსწავლეთა მხრიდან მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების შეპირისპირება, გააზრება/გაგება, ანალიზი, საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირება/შეფასება, საგნობრივი ცოდნისა და უნარების დაუფლებისკენ სწრაფვა საკმარისი აღარაა.

 

მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ქმედებების დაუფლება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას  მოსდევს დამოუკიდებლად, შემოქმედებითი გზით ახალი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების, მათ შორის, ათვისების პროცესის დამოუკიდებელად ორგანიზება, ანუ სწავლის უნარის გამომუშავება. „ათვისების უნარის“ მიღწევა კი, თავის მხრივ, გულისხმობს სასწავლო საქმიანობის ყველა კომპონენტის სრულფასოვან ათვისებას  სასწავლო მოტივების, მიზნების, ამოცანების, ქმედებებისა და ოპერაციების (ორიენტირება, მასალის გარდაქმნა, დაკვირვება და შეფასება) გათვალისწინებით.

 

თავის მხრივ, შემეცნებითი, „განმავითარებელი“ ქმედებები ის განზოგადებული ქმედების ხერხებია, რომლებიც, ერთი მხრივ, სხვადასხვა საგნობრივ სფეროში ფართო ორიენტაციის  შესაძლებლობასაც აძლევს მოსწავლეებს და, მეორე მხრივ,  თავად ეს  ქმედებებიც მათი გააქტიურების გზითვე ვითარდება და ყალიბდება.

  • რა შეიძლება გააკეთოს ამ მხრივ მასწავლებელმა? კონკრეტულად რომელი სასწავლო ქმედებების დაუფლებას უნდა შეუწყოს ხელი? ან როგორ შეძლოს მათი გააქტიურება/ჩამოყალიბება მოსწავლეებში?

 

ამ მიმართულებით ორი რიგის პრობლემა იკვეთება:

I – ეს იმ დავალებების ხასიათია, რომელთაც ტრადიციულად ჩვენ ვაძლევთ   მოსწავლეებს (ძირითადად, სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით). სახელმძღვანელოებში მეტწილად  წარმოდგენილია შემდეგი  ტიპის დავალებები:

  • ჩასვი, გამოყავი, ხაზი გაუსვი, შეავსე, ამოხსენი ნიმუშის მიხედვით და ა.შ. რაც მიუთითებს სასწავლო-შემეცნებითი პროცესის რეპროდუქციულ ხასიათზე. შედეგადაც ვიღებთ მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის რეპროდუქციულ სტილს. ასეთი სწავლება მეტწილად მასალის დამახსოვრებას ემსახურება და ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, რითაც სწავლის ფუნქციონალურ ხარისხს ნამდვილად ვერ გავზრდით.

II – გასათვალისწინებელია, რომ სახელმძღვანელოებში გადმოცემული ინფორმაციის მოცულობა (ინფორმაციულობა) არ შეესაბამება მისი ათვისების შესაძლებლობას, რაც იწვევს  წინააღმდეგობრიობას  შინაარსსა და სწავლების პროცესუალურ კომპონენტებს შორის (მიზანსა და „განმავითარებელ“, მეტაშემეცნებით ქმედებებს შორის). ეს უკანასკნელი კი პირდაპირ კავშირშია სწავლის მოტივაციასთან.

  • რა გზას დავადგეთ მასწავლებლები? რომელი გზა შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ოპტიმალურად?

ეროვნული სასწავლო გეგმა გვთავაზობს რეალურ შესაძლებლობას, თავი გავართვათ სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროცესის ამ სირთულეებს და სათანადო შედეგებზე  გავიდეთ.  ესაა გამჭოლ კომპენტენციებზე აქცენტირება.

  • რატომ კომპეტენციები?

ისინი ხელს უწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად და რეალურად ხდება ცოდნის შეძენა.

  • როგორია კომპეტენციის სტრუქტურა, რას ითხოვს ის ჩვენგან?

 

ისტორიის საგნის სწავლების მაგალითზე  ვნახოთ, კონკრეტულად როგორ იცვლება ინფორმაციის გადაცემის სისტემა კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დროს (სიტუაციის, მასწავლებლისა და მოსწავლის მობილიზების, თვითრეგულაციისა და რესურსების სწორად განაწილების გზით) და შესაბამისად, როგორ იზრდება ცოდნის ფუნქციონალური ხარისხიც:  

 

მაგალითად, ისტ.VII.9-ის  მიზნის   მისაღწევად („მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში“ –  ისტ.VII.9) მოსწავლე უნდა დაეუფლოს ცოდნას რელიგიის შესახებ და გაიაზროს მისი ისტორიული მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიულ მემკვიდრეობაში. მოცემულ საკითხს სახელმძღვანელოში რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა, რომლის შესწავლის დროსაც, ცხადია, მასწავლებელი  გვერდს ვერ აუვლის რელიგიის წარმოშობის საკითხს და ძველი მსოფლიოს რელიგიების ზოგად დახასიათებას. მიდგომების თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განსხვავდება ტრადიციული, ჩვეულებრივი გაკვეთილი და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი:

 

 

თემა: „პოლითეიზმიდან  მონოთეიზმამდე“
ტრადიციული, ჩვეულებრივი გაკვეთილი კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული გაკვეთილი
Ι. საშინაო დავალების გამოკითხვა: ჩვეულებრივ ესაა პასუხები გაკვეთილის, პარაგრაფის ბოლოს  დასმულ შეკითხვებზე. Ι. საშინაო დავალება შეიძლება შესრულდეს მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად შედგენილი შეკითხვების მიხედვით, რომლებსაც  ისინი თანაკლასელებს დაუსვამენ.
ΙΙ. ახალი გაკვეთილის შესავალი:  მასწავლებლის მიერ შესასწავლი თემის გამოცხადება, მაგალითად, „პოლითეიზმი“ (ძველი ბერძნების, ზოგადად, ძველი მსოფლიოს რელიგიების მიხედვით). ΙΙ. გაკვეთილის თემას ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებენ (თემის ფორმულირება), რომლის დროსაც მოსწავლეები გადმოსცემენ გაკვეთილის ძირითად აზრს ისე, როგორც ეს თავად გაიგეს: „გაკვეთილის თემაა…“.

 

ΙΙΙ.  გაკვეთილის ძირითადი  ნაწილი:

ა) მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს და  საუბრობს სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტსა და თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით:

·         როგორ  წარმოიშვა სამყარო ძველი მსოფლიოს რელიგიების მიხედვით.  როგორ იყო, მათი აზრით, სამყარო „მოწყობილი“;

·          რა ადგილი ეკავა, რა მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიას ძველი ადამიანების ცხოვრებაში;

·         და სხვ.

ΙΙΙ. პრობლემური სიტუაციის შექმნა:

ა) მოსწავლეები სახელმძღვანელოს ტექსტის დახმარებით გამოავლენენ წინააღმდეგობრიობას „ღმერთების როლის“ შეფასებაში ძველი  ბერძნებისა და, ზოგადად, ძველი ადამიანების  ცხოვრებაში:

„1 ფაქტი: ადამიანები ეთაყვანებოდნენ ღმერთებს და არ შეეძლოთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა“;

„2 ფაქტი: ადამიანები ეკამათებოდნენ ღმერთებს“ .

 

ბ) მოსწავლეები აყალიბებენ პრობლემას (თემის ძირითადი შეკითხვა, საკითხი, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, რათა გადაიჭრას წინააღმდეგობრიობა):

·         „რატომ ეკამათებოდნენ ღმერთებს ადამიანები?“

გ) მოსწავლეები წამოაყენებენ  ვერსიებს:

·         „მობეზრდათ  ღმერთების თაყვანისცემა“;

·         „აღარ ეშინოდათ ღმერთების“ და სხვ.

დ) მასწავლებელი ახდენს ცოდნის აქტუალიზაციას, რომელიც აუცილებელია პრობლემის გადაჭრისათვის, პრობლემაში გარკვევისთვის, რომლის გარეშეც პასუხს ვერ მივიღებთ: „მაშასადამე, საჭიროა ვიცოდეთ:

·         მითები სამყაროსა და ღმერთების შექმნაზე;

·         მითები ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობაზე;

·         ზნეობრივი ნორმები, რომლებიც აღიარებული იყო ძველი საბერძნეთის პოლისებში, ძველ აღმოსავლეთში და ა.შ.“.

ე) პასუხის მოძიება სახელმძღვანელოს ტექსტისა და  სხვა მასალების  დახმარებით: მოსწავლეები წაიკითხავენ მითებს სამყაროსა და ღმერთების  შექმნაზე, იმუშავებენ სახელმძღვანელოს თვალისაჩინოებებზე და პასუხს გასცემენ შეკითხვებს:

·         „ძველი მსოფლიოს რომელი  მოვლენები შეიძლება  ასახულიყო ამ მითებში?“

·         „რა წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ადამიანებს სამყაროზე?“

·         „რა მსაგვასება-განსხვავებაა ძველაღმოსავლურ და ძველბერძნულ ღმერთებს შორის?“

·         „თქვენი აზრით, ღმერთების რომელი ქცევა ეწინააღდეგებოდა ძველი ადამიანების, მაგალითად, ძველი ბერძნების მორალურ ღირებულებებს?“  და ა.შ.

ვ) მოსწავლეები კითხულობენ მითებს ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობაზე  და პასუხობენ კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ძველი საბერძნეთის ღმერთები ჰგავდნენ თავად ძველ ბერძნებს?“

ზ) მოსწავლეები ეცნობიან ძველი ბერძნების, პოლისების  ზნეობრივ ღირებულებებს და მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე, შემდეგ კი წამოჭრიან შეკითხვას: „ძველ ბერძნებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ სჯეროდათ ღმერთების არსებობის. რატომ?“

ΙV.  ცოდნის განმტკიცება, მასალის შეჯამება სხვადასხვა დავალებებით.

 

ΙV. ა) თემის შეკითხვებზე პასუხი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც თავად იპოვეს მოწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებულ მასალაში.

ბ)  რეფლექსიის ეტაპზე, მოსწავლეებს  საშუალება აქვთ,  გადახედონ თემის ფორმულირებას და სურვილის შემთხვევაში მოახდინონ მისი კორექტირება  

 

V. საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის. V. ინდივიდუალური საშინაო დავალების მიცემა.

 

 

როგორც ვხედავთ, მასწავლებელი ინფორმაციის მიწოდებისას ასრულებს მხოლოდ კოორდინატორის როლს, ის ქმნის სამუშაო პირობებს,  არ კარნახობს მოსწავლეებს თავის პოზიციას, გამოდის თანამშრომლის, სასწავლო პროცესის რეალური თანამონაწილის როლში. მის მიერ მიცემული დავალებები კი  მოსწავლეთა  მხრიდან მოითხოვს ანალიზის, შედარების, განზოგადებისა და ისტორიული მასალის ტრანსფორმაციის უნარს. ასეთი დავალებები ნაკლებადაა ჩართული  სახელმძღვანელოებში, მაგრამ პროფესიონალმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს  მოსწავლეებისათვის მათი შეთავაზება, უნდა მოახერხოს ისეთი სასწავლო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა, მაგალითად,

  • „ჭკვიანი ტესტების“ შედგენა, რომელიც არამარტო ფაქტების ცოდნაში, არამედ  მოსწავლის მხრიდან ისტორიული მოვლენების განვითარების ზოგად ნიშან-თვისებებში გარკვევას დაადასტურებს  (ყოველი ასეთი დავალება შეიძლება გახდეს მოკლე განხილვის საგანი, რომელიც მოსწავლეს შეხედულებების „გადახედვის“, კორექტირების საშუალებას მისცემს);
  • შედარებითი და კლასიფიკაციის ცხრილების, ლოგიკური სქემების  შედგენა;
  • ციფრული მონაცემების მოძიება დასკვნების გასაკეთებლად;
  • რამდენიმე საინფორმაციო წყაროს მოძიება/მოსწავლეთა მედიაწიგნიერების უნარების წარმოსაჩენად;
  • ისტორიული პერსონალიების განსაზღვრა კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით (შემოქმდებითი და კრიტიკული აზროვნების გასავითარებალად);
  • ეკონომიკური და სამეურნეო სტრუქტურის ამსახველი მასალის შეთავაზება (სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებისათვის) და ა.შ.

 

ამგვარი მუშაობით ჩვენ მივიღებთ რეპროდუქციული მიდგომებიდან კონსტრუქტივიზმზე და კვლევითი უნარების გააქტიურებისკენ მიმართულ გაკვეთილებს, რომლის მიზანიც და შედეგიც თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის უმნიშვნელოვანესი – ცოდნის ფუნქციონალური ხარისხის გაზრდა და კომპეტენციების დაუფლება იქნება.

 

კომენტარები

comments