შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესიული თვითგანვითარება და მისი ბარიერები

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სწავლებისა და სწავლის ხარისხს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალი მასწავლებელი განსაზღვრავს, მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ავლენს პროფესიული განვითარების სურვილსა და მზაობას. სწორედ მასწავლებელი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ობიექტური შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მუდმივად ვითარდება, ქმნის პირობებს თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის.    

ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: არის კი მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს პროფესიული თვითგანვითარების სურვილი? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი მასწავლებლების რაოდენობა არც თუ ისე მცირეა.   

მაინც რა წინააღმდეგობები შეიძლება დაუდგეს წინ პროფესიულ თვითგანვითარებას და, პირიქით, რა უწყობს ხელს თვითგანვითარების პროცესს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ცდაა ეს წერილი.    

პროფესიულ თვითგანვითარებას შეიძლება ჰქონდეს სამი მიმართულება: თვითდამკვიდრება, თვითსრულყოფა და თვითაქტუალიზაცია.

თვითდამკვიდრება. მასწავლებელი თავის პროფესიაში სხვადასხვა მოტივით ცდილობს დამკვიდრებას: ეს შეიძლება იყოს მიბაძვა მისთვის იდეალური მასწავლებლისათვის, უბრალოდ სურვილი, არ იყოს სხვაზე ნაკლები, შური სხვების, ე.წ. „ვარსკვლავების” ან დირექციის ფავორიტების მიმართ და სხვ. ეს მოტივები ხშირად მასწავლებელს აძლევს სტიმულს იმუშაოს საკუთარ თავზე, იზრუნოს პროფესიულ თვითგანვითარებაზე. თუმცა არიან მასწავლებლები, რომლებიც თვითდამკვიდრებას არა პროფესიული განვითარებით, არამედ სხვადასხვა მანიპულატორული ტექნიკის საშუალებით ცდილობენ. თვითდამკვიდრების ამ ტექნიკების საშუალებით იქმნება საქმისათვის თავდადების, მაღალი ინტერესებისკენ სწრაფვის ილუზია, სინამდვილეში კი მასწავლებელი ამისათვის ყველა გზასა და ხერხს იყენებს, მათ შორის ზოგჯერ არაეთიკურსაც. სამწუხაროდ, ამის მაგალითები სკოლაში არც თუ იშვიათად გვხვდება. აი თუნდაც ასეთი: მასწავლებელი კლასში ნამდვილი დიქტატორია. საკუთარ ურთიერთობას მოსწავლეებთან აგებს შიშსა და მორჩილებაზე, მაგრამ ამ გზით აღწევს მაღალ აკადემიურ შედეგებს. ის არ მუშაობს საკუთარ თავზე, არ აქვს პროფესიული განვითარების სურვილი, რადგან დარწმუნებულია თავის ძალებში და შეუძლია იტრაბახოს კოლეგებთან საკუთარი წარმატებების შესახებ, დაიმკვიდროს თავი სწორედ ამ გზით.  

არის  თვითდამკვიდრების სხვა ტექნიკაც. მაგალითად, მასწავლებელი მუდმივად გამოთქვამს საყვედურებს მოსწავლეების მიმართ მათი სიზარმაცის, უნიჭობის, უცოდინრობის გამო, „ცუდი კლასი” მისთვის არის საკუთარი წარუმატებელი პედაგოგიური საქმიანობის გამართლების საშუალება. თვითდამკვიდრებისათვის მასწავლებელს მთელი პასუხისმგებლობა გადააქვს მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე და არ ეძებს წარუმატებლობის მიზეზებს საკუთარ თავში. აქედან გამომდინარე, არც პროფესიულ თვითგანვითარებაზე ფიქრობს.  

ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან თავის დამკვიდრებისათვის ზოგიერთი თავს იმით იწონებს, რომ ბევრს კითხულობს პედაგოგიურ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ, ასახელებს ავტორებს, მათ ნაშრომებს, სინამდვილეში არც ერთი არ წაუკითხავს. საკმარისია, ჩაეძიო, ეს ნათელი ხდება. მაგრამ ამისათვის უნდა იყოს ადამიანი, ვინც თავად არის კომპეტენტური და ვისაც თვითდამკვიდრების ამგვარი ტექნიკით მასწავლებელი ვერ „გააცურებს”. 

ასეთი მანიპულაციური საშუალება ბევრია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სკოლის ხელმძღვანელი იყოს ექპერტ-ლიდერი, რომელიც ადვილად შეძლებს პროფესიულ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის გარჩევას ამგვარი ხერხებით მოქმედი მასწავლებლისაგან. სხვათა შორის, ამგვარი მანიპულაციებით მოქმედი მასწავლებლის ამოცნობის საუკეთესო საშუალება სკოლაში პროფესიული განვითარების ჯგუფების არსებობაა. ასეთი ჯგუფები მიზანმიმართული და ეფექტიანი საქმიანობით, თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნით არწმუნებენ ნეგატიური გზით თვითდამკვიდრებისაკენ მიდრეკილ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების აუცილებლობაში.

თვითსრულყოფა. თვითსრულყოფას ბიძგს აძლევს სურვილი აჯობო შენს თავს, მიაღწიო უფრო მაღალ შედეგებს, აიმაღლო ოსტატობა. ეს არის საკუთარ თავზე ყოველდღიური, ყოველწუთიერი მუშაობა, რომლის მიზანია ერთგვარ ეტალონთან მიახლოება (ჩვენს რეალობაში ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული უფრო მაღალი საფეხური).   

თვითსრულყოფის პროცესი, თავის მხრივ, გულისხმობს თვითანალიზს – ეს არის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენის პროცესი. იმის მიხედვით, რამდენად აღიარებს მასწავლებელი თავის სისუსტეებს, ირჩევა თვითსრულყოფის სტრატეგია. ამ ეტაპზე მასწავლებელი ქმნის თვითგანვითარების გეგმას, რომელშიც განსაზღვრავს, რა სახის საქმიანობები სჭირდება, იქნება ეს ტრენინგები, გაკვეთილზე დაკვირვება და უკუკავშირი, პროფესიული ლიტერატურის დამუშავება თუ სხვა; ადგენს განრიგს, როდის, რომელ თვეში რა გააკეთოს, როგორ შეაფასოს ამ გეგმის განხორციელების შედეგები, ვინ დაიხმაროს შეფასებაში და რა კორექტივები შეიტანოს პროფესიული თვითსრულყოფის შემდგომ ეტაპზე.

თვითაქტუალიზაცია – ეს არის თვითგანვითარების უმაღლესი დონე, რომელიც იწყება თვითსრულყოფისა და თვითდამკვიდრების (ოღონდ პოზიტიური ფორმებით) მომენტიდან და ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში გადის მათი ჩარჩოებიდან. ეს ხდება მაშინ, როცა პიროვნება იღებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან სრული იდენტობის განცდას, ანუ გრძნობს, რომ ეს სწორედ მისი საქმეა. აქ შეძლებს ის სრულად გამოავლინოს საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები. მისთვის საქმე სიამოვნებაა და არა რუტინა. ის შემოქმედია მაშინაც კი, როცა ასრულებს უმნიშვნელო ამოცანას. მისთვის არ არსებობს წვრილმანი და მეორეხარისხოვანი საქმე. აქ აღარ არის საჭირო თვითსრულყოფისათვის საქმიანობების დაგეგმვა, რადგან  თვითსრულყოფისაკენ სწრაფვა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე იქცევა ყოველდღიურ და ყოველწუთიერ აქტად, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას და ისე აღწევს საზოგადოების მიერ თავისი საქმიანობის აღიარებას, რომ არც კი ფიქრობს თვითდამკვიდრებაზე. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი მასწავლებლის სწავლების შედეგები გაცილებით მაღალია. თვითაქტუალიზებული პიროვნება თავადაც ბედნიერია და მოსწავლეებსაც აზიარებს ბედნიერების განცდას.
რა უშლის ხელს მასწავლებლებს პროფესიულ თვითგანვითარებაში? 

ეს არის ის წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება ყველა ჩვენგანს შეხვდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია მათი უმტკივნეულოდ გადალახვა, ზოგიერთი კი საერთოდაც ვერ ახერხებს ამას.

ეს წინააღმდეგობები შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი, განპირობებული სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით.
გარე ობიექტური წინააღმდეგობებია:

·დაბალი ხელფასი, რომელსაც არ შეუძლია მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მასწავლებელი იძულებულია იმუშაოს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი პოულობს სამსახურს უკეთესი ანაზღაურებით, მაშინვე ტოვებს სკოლას, ან ეძებს დამატებითი შემოსავლის წყაროს რეპეტიტორობით და არ რჩება დრო პროფესიული თვითგანვითარებისათვის. 

·დიდი ოჯახი – ზრუნვა შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვს და ამიტომ ვეღარ იცლის პროფესიული განვითარებისათვის.

·დიდი საათობრივი დატვირთვა, რომელიც არ გიტოვებს დროს თვითგანვითარებისათვის.

·ჯანმრთელობის მდგომარეობა – როცა ფიზიკური პრობლემები, მდგომარეობის გაუარესების მუდმივი შიში და მოლოდინი გიკარგავს პროფესიული თვითგანვითარების სურვილს. 
გარე სუბიექტური წინააღმდეგობები:
·სასწავლო დაწესებულებაში არ არის შექმნილი პირობები მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის. არ ტარდება სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები. არ არსებობს პროფესიული განვითარების ღონისძიებების შესახებ მასწავლებლების ინფორმირების სისტემა.

·მტრული დამოკიდებულება, შური, ზეწოლა (ხელმძღვანელობისა თუ კოლეგების მხრიდან), კონფლიქტები – ყველაფერი ეს უკარგავს მასწავლებელს პროფესიული თვითგანვითარების სურვილს.

·სკოლის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისა და დახმარების არარსებობა, რაგდან მას არ სურს შემოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები (ასეთი მასწავლებლების მართვა რთულია).
შინაგანი ობიექტური წინააღმდეგობები:

·თვითგანვითარების სურვილის არარსებობა შაბლონებისა და სტერეოტიპების ერთგულების გამო.
·თვითგანვითარების მოტივისა და მოთხოვნილების არარსებობა.
·თვითიდენტიფიკაციისა და რეფლექსიის დაბალი დონე.
·თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის სტრატეგიების ფლობის დაბალი დონე.  
შინაგანი სუბიექტური წინააღმდეგობები:

·ინერტულობა, სიზარმაცე. ცვლილებების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, პიროვნული ზრდის სურვილის არქონა.

·პროფესიაში განხიბვლა მარცხის, წარუმატებლობის გამო, პროფესიის აღქმა, როგორც „ნერვების მომშლელისა”, რომელიც არ გაძლევს ცხოვრებით კმაყოფილების საშუალებას.

·თავდაჯერებულობა, თვითკმაყოფილება („მე ისედაც ყველაფერი ვიცი…”), რომელიც ბლოკირებას უკეთებს თვითგანვითარებისკენ სწრაფვას.

·უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი სიახლის მიმართ, რადგან სიახლე არღვევს მყუდროებას და აიძულებს მასწავლებელს იმუშაოს საკუთარ თავზე მაშინ, როცა ის დარწმუნებულია, რომ არანაირი ინოვაცია არ სჭირდება განათლებას. 

 ამ წინააღმდეგობების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ გადავლახოთ ისინი?   

არიან პედაგოგები, რომლებსაც შეუძლიათ პროფესიულ თვითგანვითარებაზე ზრუნვა პრაქტიკულად ყველა პირობებში. ესენი არიან შემოქმედი, საკუთარი საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები. არიან ისეთებიც, რომლებსაც სჭირდებათ გეზის მიცემა, მოტივირება, მხარდაჭერა და მეთოდური დახმარება, ხელსაყრელი პირობების შექმნა. თუ ისინი ამ პირობებში მოახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებასა და თვითდამკვიდრებას, საქმისადმი დამოკიდებულებით დაუახლოვდებიან პირველ ჯგუფს. ამიტომ  მნიშვნელოვანია შემოქმედებითი და მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნა, რომ ყველა პედაგოგს გაუჩნდეს თვითგანვითარების სურვილი.
ასეთი ატმოსფერო კი გულისხმობს:

·მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის არსებობას.

·წარმატებული მასწავლებლების წახალისებისა და აღიარების სისტემის არსებობას.

·თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოს, რომელშიც ყველასათვის ცნობილია ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და ურთიერთთანადგომით წყდება პრობლემები.  

·შემოქმედებითობის მხარდაჭერასა და წახალისებას ადმინისტრაციის ძალდატანებისაგან „თავისუფალი სივრცის” მიცემით მასწავლებლებისათვის.

·ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, როცა მასწავლებელზე ხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების დელეგირება და გაფართოება. 

·დაცულობისა და სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის არსებობას.  

თუ ამგვარ ატმოსფეროში მასწავლებელი მაინც არ გამოამჟღავნებს თვითგანვითარების სურვილს, მაშინ  უნდა იფიქროს: არის კი იქ, სადაც უნდა იყოს?.. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი