ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ის ყველგან არის და ყოველსავეს აღავსებს“…

(ახალი რელიგია უნამუნოს მოთხრობიდან)

მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მწერლობის აქტუალურ თემებს შორის ღვთისმაძიებელი ადამიანის ვნებების გამოსახვა უდავოდ უპირველესთა შორის უნდა დავასახელოთ. ეს თემა ისევე ძველია, როგორც სამყარო. ძველი მწერლობის ნიმუშებშიც მრავლად გვხვდება ღვთისმაძიებელი გმირი, მაგრამ გაორებული, რწმენაშერყეული, ექსისტენციალური ფილოსოფიური კითხვებით აფორიაქებული გმირი უფრო მოდერნისტული მწერლობის კუთვნილებაა.

ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამებში მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობას საკმაო დრო და ადგილი ეთმობა. მეთორმეტე კლასში უკვე კომპაქტურად და თანმიმდევრულად ვასწავლით სიმბოლისტურ ლირიკას, იმპრესიონისტულ და ექსპრესიონისტულ პროზას, მოდერნისტული მწერლობის ნოვატორულ ძიებებს, თემატურ სიახლეებს.  ამ ეპოქის ტექსტებში ეს თემა მეინსტრიმულია. ლიტერატურა ყოველთვის ახლოს იყო ფილოსოფიასთან, მაგრამ მოდერნისტული ტექსტები მხატვრულთან ერთად უთუოდ ფილოსოფიურიც არის. მიგელ დე უნამუნო სწორედ ამგვარი ხელწერის ავტორთა რიცხვს მიეკუთვნება. როგორ გავიგოთ მხატვრული ტექსტის ფილოსოფიური ხასიათი? ის უსათუოდ უნდა მოიცავდეს ფილოსოფიურ დასკვნებს, რეფლექსიებს, ახალი გზა და ხედვა უნდა აღმოაჩენინოს მკითხველს. მაგალითისთვის დავასახელებ თომას მანის მოთხრობა „ტონიო კრიოგერს“ და უნამუნოს მოთრობას „წმინდა მანუელ სათნო, წამებული“… პირველში ასახულია მარტოსული, გარიყული, ზედმეტი ადამიანის ფილოსოფიური ფიქრები ყოფის არსზე და დასკვნები ადამიანთა რაობაზე, ხოლო მეორეში უფლის ძიების ადამიანური გზა. საშუალო დონის მწერლისთვისაც კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ტონიო კრიოგერისა და დონ მანუელის მსგავსი გმირების გამოძერწვა, მათნაირი უწყინარი ცხოვრების მდინარის დახატვა მკითხველის წინაშე, მაგრამ მანის და უნამუნოს ოსტატობა ამ მოთხრობების მთავარი იდეების სიღრმესა და სიახლეშია. მოკლედ და კონკრეტულად? ტონიო კრიოგერი ეძებდა სიყვარულს, ჰუმანიზმს, ადამიანურ სითბოს, ურთიერთგაგებას და აღმოაჩინა, რომ ადამიანები ძალიან შორს არიან მისი ფაქიზი სულის მოთხოვნილებებისგან… მაგრამ ტონიომ ამის გამო მათზე უარი კი არ თქვა, მეგობარს გამოუტყდა, რომ ეს მერკანტილური, ხარბი, შურიანი, მლიქვნელი, გულგრილი არსებები მას მაინც ძალიან უყვარს. ის ვერ უარყოფს მათ, პირიქით, ეცდება ცხოვრება ადამიანთა სიყვარულს მიუძღვნას და მათ სამსახურში იყოს ყოველთვის. ამაზე დიდებულ ჰუმანისტურ იდეას სხვაგან ვერსად მივაგნებთ! რაც შეეხება უნამუნოს გმირს, დონ მანუელს, ის ეძებდა უფალს, რწმენას, გზას, იცხოვრა, როგორც წმინდანმა, იყო თავისი სოფლის, ვალვერდე დე ლუსერნა, ლიდერი, ლამის მესია, ყველას მხსნელი და თანამდგომი, მაგრამ ამ ღვთისნიერმა კაცმა აღმოაჩინა, რომ მას სულაც არ სწამდა ის, რასაც ემსახურებოდა. ვერ მიეგნო ჭეშმარიტი რწმენისთვის და ამით დიდ შინაგან ქარტეხილებს ებრძოდა, თუმცა გარეგნულად არასდროს შესტყობია ეს ბობოქარი ვნებათაღელვანი, არასდროს არავისთვის გაუცრუებია იმედები და როცა თავისი ათეისტი მეგობარი ლასარო ეკითხება, თუკი თავადვე გეპარებათ რწმენაში ეჭვი, სხვებთან როგორღა ქადაგებთო, დონ მანუელმა მას ასეთი მონოლოგით უპასუხა: „მთავარია, მათ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, ხოლო ამ სიმართლით, ჩემი სიმართლით, ისინი ცხოვრებას ვერ შეძლებენ. დაე, იცხოვრონ! ესაა ეკლესიის მიზანიც, სწორედ მან უნდა წააქეზოს ხალხი, რომ იცოცხლოს. ჭეშმარიტი რელიგიაო? ყოველგვარი რელიგია ჭეშმარიტია, სანამ ის ხალხს, ვინც მას აღიარებს, სულიერად ცხოველყოფს, ანუგეშებს მათი ხვედრის გამო. კაცი ამქვეყნად იმისთვის გაჩნდა, რომ მოკვდეს. და ყველა ხალხისთვის ყველაზე ჭეშმარიტი რელიგია მისი საკუთარი რელიგიაა, ის, რაც თავად შექმნა. ჩემი რელიგია რაღაა? ჩემი რელიგია ის არის, რომ ვეძიებ ნუგეშს სხვათა ნუგეშისცემაში, თუმცა კი ნუგეში, რაიც შემიძლია მათ მივცე, ჩემი ნუგეში არ იქნება“…

დონ მანუელს მიაჩნია, რომ სასულიერო პირის მორალური ვალია საქმით ემსახუროს ხალხს, აჩვენოს თავისი საქმენი, რადგან სიტყვისა ხალხს ნაკლებად ესმის. ამ თვალსაზრისით ეს გმირი რადიკალურად უპირისპირდება ილიას განდეგილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყოველგვარი ქმედება ამაოა და მხოლოდ სიტყვა, ლოცვა თუ იხსნის მის სულს, ხოლო სხვათა სულების ხსნაზე ის სულაც ვერ ფიქრობს და ამიტომაც მარცხდება… როცა დონ მანუელს ჰკითხეს, ბერად რატომ არ აღიკვეცეთო, მან მიუგო: „მე ღმერთს არც განდეგილობისთის გავუჩენივარ და არც მეუდაბნოედ. მარტოობა სულს ჩამიკლავდა, ჩემი მონასტერი ჩემი ვალვერდე დე ლუსერნაა. მე ვერც მარტოობაში სიცოცხლეს შევძლებდი და ვერც მარტოობაში სიკვდილს. მხოლოდ ჩემი სოფლისთვის უნდა ვიცხოვრო, ჩემი ხალხისთვის უნდა მოვკვდე. ვით გადავარჩენ საკუთარ სულს, თუ უწინ ხალხის სულზე არ ვიფიქრე?“

დონ მანუელი დიდად ენათესავება კონსტანტინე გამსახურდიას რომანების გმირებს: კონსტანტინე სავარსამიძეს, გიორგი პირველს, კონსტანტინე არსაკიძეს, თარაშ ემხვარს. მათ მუდმივად აწამებთ სულიერი გაორება, რწმენის დეფიციტი, დაუსრულებელი ძიებები და უპასუხო კითხვები, რის გამოც ბევრ განსაცდელს აწყდებიან ცხოვრებაში… თუმცა მათთვის ქრისტიანული ტრადიციები ყოველთვის უძვირფასესია… არ ტყუის დონ მანუელი, როცა დაიჟინებით უმტკიცებს ლასაროს, რომ რელიგია ადამიანთა სულიერი და გონებრივი სიმშვიდის გარანტიაა. რწმენის ნაკლებობამ და უღმერთობამ დასცა უნამუნოს დიდი სულიერი ნათესავის – დავით კლდიაშვილის გმირებიც, უპირველესად პლატონ სამანიშვილი, რომელსაც ნახევარძმის ძმის სახით ახალი სიცოცხლის გაჩენა თავზარს სცემდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა, არ სჯეროდა, რომ მის გამოკვებას შეძლებდა და ამ უღმერთობამ ეს კეთილშობილი და ნათელი კაცი სასტიკ ცხოველად აქცია. პლატონის სინდრომი, შიში ამოუცნობისადმი და სკეპტიციზმი მორალურად ანადგურებს ადამიანს, ის ეშმაკს უახლოვდება… ეშმაკი კი დონ მანუელისთვის „უცნობია“… ის მოთხრობის მთავარ გმირს, მთხრობელს, ანხელა კარბალინოს, კითხვაზე, ეშმაკს რომ თქვენთვის რამე ეჩურჩულა, რას იზამდითო, ასე პასუხობს: „ჩემო გოგონა, ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ! სულ არ ვიცნობთ!“ საგულისხმოა მოთხრობის მთავარი გმირების, და-ძმა კარბალინოების ე.წ. „მოლაპარაკე სახელები“. გოგონას ანხელა ჰქვია, იგივე „ენჯელ“ ინგლისურად, ანუ ანგელოსი, ხოლო მის ღვთისმაძიებელ ძმას ლასარო, ანუ ბიბლიური ლაზარე. ლასაროსა და დონ მანუელს შორის გაიხსნა დიდი საიდუმლო, რომ მოძღვარს სინამდვილეში არ სწამდა ორთოდოქსული რელიგიის, მაგრამ თავს იკატუნებდა მრევლის წინაშე. მოთხრობის კულმინაციური სცენაა ლასაროს ზიარება. ლასარომ მოძღვრის გულწრფელ აღსარებას საკუთარ ურწმუნოებაზე დიდი ნდობით უპასუხა და ღვთისმსახურებაზე სიარულიც კი დაიწყო. მისი ზიარების დღეც დადგა. დონ მანუელი იანვრის თოვლივით გაფითრებული აღასრულებდა წესს და უჩვეულოდ ცახცახებდა, როცა ლასაროს ზიარების ბარძიმი და პური მიუახლოვა პირთან, ხელი ისე აუკანკალდა, რომ ბარძიმი ხელიდან გაუვარდა. ლასარომ თავად აიღო ძირს დავარდნილი პური და პირთან მიიტანა… მრევლი ქვითინებდა. მწერალი ბიბლიურ ალუზიას აცოცხლებს: „და მაშინ იყივლა მამალმა, რადგან ჟამი იყო ალიონისა“… მამლის ყივილი ალიონისას ასოციაციურად აცოცხლებს სახარებისეულ სცენას მაცხოვრისა და პეტრე მოციქულის ამბიდან…

მოთხრობის ეპიგრაფად უნამუნოს გამოტანილი აქვს კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი წერილის სიტყვები: „უკუეთუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ“… ეპიგრაფიც და მოთხრობის გმირების ცხოვრებაც ემსახურება იმ ანთროპოცენტრისტული იდეის გამოხატვას, რომ ადამიანი თვითონ არის ღვთის სახე-ხატი და თავისი რელიგიაც თავადვე აქვს შინაგანი ფსიქოკონსტიტუციის სახით. განა ამ იდეას არ ესხმის ხორცი „ვეფხისტყაოსანში?“ ლასარო და დონ მანუელი ნიცშეს ჯვარცმულ დიონისოს განასახიერებენ… ლასაროს ლიბერალიზმი საღია და ობიექტური, მას მიაჩნია, რომ ადამიანმა თავი უნდა განიკურნოს პროგრესის კულტისგან, ხოლო მასების დასაშოშმინებლად საჭიროა, რომ „ხალხი ილუზიებით ცხოვრობდეს“… ეს ილუზია კი დონ მანუელმა ვალვერდე დე ლუსერნას ხალხისთვის თავისი წმინდა ცხოვრებით შექმნა. როცა ანხელას და ლასაროს ღრმად მორწმუნე დედა, რელიგიური პაროქსიზმით შეპყრობილი, გრძნობამორეული, ეკითხებოდა დონ მანუელს, ღმერთის ხილვა ხომ მეღირსებაო? მოძღვარმა მას მშვიდად უპასუხა:  „ის ყველგან არის და ყოველსავეს აღავსებს, მას აქედანაც იხილავ, აკი მასში ყოველ ჩვენგანს ვჭვრეტთ და ყოველ ჩვენგანში  – მას“…

სიმბოლურია დაფლული ქალაქის მითი, რომელიც ვალვერდე დე ლუსერნას მაცხოვრებლებისთვის საკრალურია. მათ ღრმად სწამთ, რომ სოფლის ტბის ფსკერზე ქალაქია დაფლული და წმინდა იოანეს ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზე იქაური ეკლესიიდან ზარების რეკა ისმის ხოლმე. ხალხის წარმოდგენით ეს ფეოდალური და შუასაუკუნეობრივი ქალაქი ტბის ფსკერზე მართლაც ცოცხლობს (ასოციაციურად გვაგონდება ილიას ლექსი „ბაზალეთის ტბა“ და მითი, რომელმაც პოეტს ეს ლექსი შთააგონა და ვაჟას „ბახტრიონში“ ასახული ბატალური სცენა, რომელიც  ლურჯ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის  წინამღოლობის და მეომართა ურყევი რწმენის ამბავს ასახავს). ლასარო დას გამოუტყდა, რომ მისი წარმოდგენით, „დონ მანუელის სულის სიღრმეშიც ასეა  დაფლული და დამარხული ქალაქი და ზოგჯერ იქიდანაც ისმის ხოლმე ზარების რეკა“…

ლასარო კარბალინოს ნამდვილად დაეჯერება… დიახ, სწორედ ესაა უნამუნოს ახალი რელიგია, რომელიც ეხმიანება იაკობის ბიბლიურ სიბრძნეს, რომ „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“… მწერალი მოთხრობის ფინალში მკითხველთან დიალოგში დაბეჯითებით იტყვის: დონ მანუელსა და ლასაროს რომ ხალხისთვის თავიანთი საიდუმლო გაემხილათ, ხალხი მათ ვერაფერს გაუგებდა, ისინი მხოლოდ მათ საქმეებს აღიარებდნენ… მოთხრობის გმირებმა კი გვაჩვენეს, რომ ღვთის ძიებების გზაზე ამ მიგნების წყალობით შესაძლებელია მშვიდად გალიო წუთისოფელი, იღწვოდე და იქმოდე და ამით ადამიანობდე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი