პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ცოდნის დაგროვებიდან ცოდნის გამოყენებაზე

Sanskriti Educational Society 

წარმოიდგინეთ ასეთი განათლების სისტემა: ვთქვათ, თქვენ ხართ მე-5 კლასში და თქვენს სასწავლო გეგმაში შემდეგი საგნებია: ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა, ცეკვა, სპორტი… წარმოგიდგენიათ? დარწმუნებული ვარ, ბევრი მშობელი და პედაგოგიც აღშფოთდებოდა ასეთი სწავლებით. რატომ? რატომ და ჩვენი ცნობიერება მიჩვეულია ისეთ სტანდარტებს, რომლის დარღვევა ბევრ ინტელექტუალსაც კი ვერ წარმოუდგენია.

დავიწყოთ იქიდან, რომ რა გვგონია ჩვენ ცოდნა? რა არის ცოდნა და რა მიზანს ვუსახავთ განათლებას? უმრავლესობა თვლის, რომ ცოდნა ჯერ უნდა „დააგროვოს“ და მერე უნდა გამოიყენოს… მერე… როდესმე… „ცოდნის დაგროვების“ პროცესი ძალიან ჰგავს პირველყოფილ შემგროვებლობას, მომავალში გამოკვების მიზნით. მიღებულ და დაგროვებულ ცოდნას „ვახმობთ“, „ვამწნილებთ“ და მომავალში გამოსაყენებლად „ვაკონსერვებთ“. ეს მეტაფორები ზუსტად გამოხატავს თანამედროვე განათლების სისტემის არსს. ფრაზეოლოგიზმი „კარგად დაამწნილე, არსად დაგეკარგოს!“ – შეიძლება ამ მეტაფორების ფინალად მოვიაზროთ. ისეც ხდება, რომ შეგროვებულ და დაკონსერვებულ ცოდნას მოხმარების ვადა გასდის და საკვებადაც უვარგისი ხდება.

თუ ცოდნას ვაგროვებთ მომავალში გამოსაყენებლად, გამოდის, რომ ცოდნა – საკვებია, ოღონდ ისეთი საკვები, რომელსაც მაშინვე კი არ მივირთმევთ და ვამუშავებთ, არამედ სახვალიოდ ვინახავთ. ამ აზრს კლასიკოსებიც გვიმყარებენ და სხვა სტატიებშიც დამიმოწმებია ეს ციტატები:

„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო…“,

ან: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასაო“… და სხვა.

სწავლის კენწერო არავინ იცის, როდის დადგება და, სავარაუდოდ, არასდროს.

ცოდნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულობა; ვთქვათ, 20-30 წლის შემდეგ მართლაც მიაღწიე გარკვეულ შედეგს და ამ შედეგით გაიხარე 2 დღე და რუტინაში იცხოვრე 3 ათეული წელი… არ ვიცი, ალბათ ჯერ კიდევ არსებობენ თანამედროვე განათლებაში სადო-მაზოხისტები, რომლებსაც მოსწონთ ტანჯვით მოპოვებული „გამარჯვება“, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ახლმა ტექნოლოგიურმა საუკუნემ სულ სხვა გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და აუცილებელი გახადა მენტალური ევლოლუცია, რაც განათლების სისტემის ძირეული შეცვლის გარეშე წარმოუდგენელია. ადამიანი ჩაიკეტა, დანაწევრდა, დაიკარგა ჰარმონიულობა და სიხარული და ცოდნის მოტივაციად მხოლოდ გაურკევევლი წარმატება და წარმატების მოლოდინი იქცა.

გამოსავალი ერთადერთია: ცოდნა კი არ უნდა დავაგროვოთ, არამედ მიღებისთანავე გადავამუშავოთ და მოვიხმაროთ, ქმედებად ვაქციოთ:

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“ – ყოველ ჯერზე შემიძლია გავიმეორო რუსთაველის ეს ფრაზა.

დიახ, ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, მსოფლმხედველობის ცვლილება, სამყაროს სურათის შეცვლა, ხედვის განსხვავებული პარამეტრები.

ცოდნის დაგროვებიდან ცოდნის მოხმარებაზე უნდა გადავიდეთ. შეიძლება შემეკამათოთ, რომ დაგროვებული ცოდნაც მოხმარებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ ეს სრულიად სხვა რამ არის: საკვები მიღებისთანავე უნდა გადამუშავდეს, ისევე, როგორც ცოდნა, არავითარი შენახვა და გადანახვა და დამწნილება.

პარამეტრების შეცლა უდავოდ გამოიწვევს საკვების შეცვლასაც. ანუ სრულიად სხვა საკვებია, რომელიც დაგროვებისთვის გამოიყენება და სხვა – მაშინვე მოსახმარად. ეს არის განთლების სისტემის ეკოლოგიურ პროდუქტებზე გადასვლა, ცოდნის ეკოლოგიურობა გააუმჯობესებს ჩვენი შემეცნებისა და აღქმის  უნარებს.

დავუბრუნდები, რითაც დავიწყე. შედიხარ კლასში მუსიკის გაკვეთილზე და ამ გაკვეთოლზე რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრას კი არ სწავლობ, არამედ სწავლობ მაგალითად, კლასიკური ნაწრამოებების მოსმენას, ეს სულ სხვა პროდუქტია, ეკოლოგიური პროდუქტი; ამ პროდუქტის მიღება იწვევს შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარებას, შემდეგ შედიხარ იოგას გაკვეთილზე, ხოლო ამის შემდეგ ფერწერული ტილოების არსში უნდა შეაღწიოთ… არაფერს არ აგროვებთ, პირდაპირ ერწყმით მუსიკას, ფერს, ბგერას, ცეკვას… იკვებებით ემოციებით.

გგონიათ, რომ რაღაც ახალს ვიგონებ და ვოცნებობ? არააა… გეტყვით, რომ მსოფლიოში ამგვარი განათლების კერები უკვე არსებობს და წლებია, წარმატებითაც მუშაობს.

როცა თანამედროვე ალტერნატიული განათლების სისტემებს ვეძებდი, გადავეყარე ძალიან საინტერესო Sanskriti Educational Society -ის(ინდოეთი)  განათლების კერებს და პროგრამებს და გაოცებული და აღფრთოვანებული დავრჩი ამ სისტემით. საბავშვო ბაღებიდან მოყოლებული მე-12 კლასის ჩათვლით, აგრეთვე უნივერსიტეტები, პროფესიული სკოლები, საშინაო სკოლები… ეტაპობრივად სრულიად განსხვავებული სწავლებაა და ეს სისტემა, ღრმად და ფილოსოფიურად გააზრებული, ემსახურება თანამედროვე ჰარმონიული ადამიანის აღზრდას.

 

ამ სკოლების მიზანია, განავითაროს მოზარდი ფიზიკურად, სოციალურად, ემოციურად და ინტელექტუალურად; სწავლების მიმართ მოსწავლეებს პოზიტიურ განწყობას უყალიბებს, რაც მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. სკოლა უმუშავებს მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სამყაროსთან ჰარმონიულობის მიღწევაში დაეხმარებათ.

სანსკრიტის სკოლის მასწავლებელი უმეტესწილად შთააგონებს მოსწავლეებს, ის ფასილიტატორია და ეხმარება მათ სასწავლო მიზნების შესრულებაში;

სასწავლო პროცესის ეფექტურობისათვის მასში ჩართული არიან: მშობლები, სტუდენტები, მასწავლებლები, დამხმარე პერსონალი და მოხალისეები. ყველა ეხმარება მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში (უფროს კლასებში).

სანსკრიტის საგანმანათლებლო სისტემა ორიენტირებულია ემოციური და ინტელექტუალური ცოდნის მიღებაზე და გაერთიანებაზე, რომლის გარეშე ჰარმონიული ადამიანი არ არსებობს.

თანამედროვე განათლების ტრადიციული სისტემა კი მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნის კერაა, რომელიც მშრალ ლოგიკურ-ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს მხოლოდ, მარჯვენა ნახევარსფეროს კი აუთვისებელს ტოვებს.

მხოლოდ ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მოქმედებას მოაქვს ბედნიერება და სიხარული, რაც ასე სჭირდება ადამიანს და მთელს სამყაროსაც.

პოეზიის სწავლების დროს ხშირად მივმართავ ალტერნატიულ გზებს, მაგალითად, ვეკითხები სტუდენტებს, რომელ მელოდიას ჰგავს ესა თუ ის ლექსი და რატომ? ან რომელ ნახატს შეუსაბამებენ მას… რა განცდა ეუფლებათ, როცა კონკრეტულ ლექსს კითხულობენ და თუ შეუძლიათ თავისუფალი ესე დაწერონ ამ განცდებზე?

ეს ის კითხვებია, რომლებიც შეუძლიათ მასწავლებლებმაც გამოიყენონ პოეზიის სწავლებისას და სანსკრიტის სკოლას თუ ვერ დააარსებენ, შეუძლიათ საკუთარი გაკვეთილი აქციონ უნიკალურ გამოცდილებად, როემლში მოსწავლეები თავის თავს იპოვნიან.

დრო და ბედნიერება არ მოგიცდით…

ამიტომ ლოდინი არ ღირს. თქვენ თუ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სისტემა და დღესვე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გაკვეთილი და ამით შეცვალოთ ყველა მოსწავლე, რომელიც კლასშია და მათ შეუძლიათ შეცვალონ სხვები…

უფრო დაწვრილებით კი სანსკრიტის განათლების საზოგადოებაზე წაიკითხეთ აქ: https://www.sanskritieducation.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი