ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თამაში – ბავშვის განვითარების ყველაზე ბუნებრივი საშუალება

ცხოვრების შენება თამაშით

ბავშვისთვის თამაში თითქოს ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა. რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ბავშვს უძნელდება თამაშში ჩართვა? სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი ილვა ანდერსონი თამაშისა და ჩვენი საუკეთესო პერიოდის – ბავშვობის ფსიქოლოგიის მკვლევარი და პროექტის „ბავშვები, რომლებიც არ თამაშობენ“ ხელმძღვანელია.

თამაშით პატარა ადამიანი სხვებთან ურთიერთობას სწავლობს და საკუთარ თავზე სხვადასხვა როლს ირგებს. თამაში ყველა მსხვილ ძუძუმწოვარას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ადამიანია ერთადერთი არსება, რომელსაც ძალუძს თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს. სწორედ ამიტომ ადამიანს, სხვა ძუძუმწოვართა სახეობებთან შედარებით, ბავშვობის დრო უფრო ხანგრძლივი აქვს – ამ დროში მან ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს.

 

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვწეროთ უგრძესი სია იმისა, თუ რას იღებს ბავშვი თამაშის დროს. მაგალითად, ბავშვი სწავლობს ემოციების გამოხატვასა და გაზიარებას, სხვების მოსმენას და საკუთარი აზრების ფორმულირებას, თანაგრძნობას, დახმარების გაწევას და რაც მთავარია – ფანტაზიორობასა და ახლის გამოგონებას. ამ სიას შეგვიძლია ასი პუნქტი შევმატოთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი იმიტომ არ თამაშობს, რომ ეს მისთვის სასარგებლოა. ამ სარგებლის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცით. სახტუნაოთი მოხტუნავე ბავშვი სარგებელზე არ ფიქრობს. არ ფიქრობს, რომ ხტუნვით მოტორიკას ივარჯიშებს. ბავშვები თამაშით ერთობიან – მათთვის ეს მხიარულებაა, ჩვენ კი ამ ყველაფრის შეგრძნებაში უნდა დავეხმაროთ.

 

თამაშის უნარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიარულის ან საუბრის უნარი

 

ბავშვი თამაშს რამდენიმე თვის ასაკიდან იწყებს. პირველი, რასაც სწავლობს, „სარკისებრი კომუნიკაციაა“. ყველასთვის უთბილესი შეძახილი: „ვინაა ჩემი პატარა?“ – ბავშვისთვის მარტივი გასაგებია. ის იცინის, იმეორებს ჩვენს მოძრაობებს – ასე იბადება ურთიერთქმედება, მომავალი სოციალური უნარ-ჩვევები.

ბავშვთან ურთიერთობით, რომელსაც ჯდომაც არ ეხერხება, დედ-მამა მნიშვნელოვან სიგნალებს გზავნის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს თამაშია: ისინი იცვლიან სახის გამომეტყველებას, ხმას, უღიმიან, გამოთქვამენ მხიარულ ბგერებს. ასეთივე სიგნალებს ვიყენებთ ხუმრობის დროს. „ამ გზით ჩვენ ვაღებთ თამაშის სამყაროს კარს და ვაჩვენებთ შვილებს, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ საკვები და ძილი, – განმარტავს ანდერსონი. – თამაშით გართობის სიამოვნება დაკავშირებულია ცხოვრების სიამოვნებასთან, რომელიც თავის მხრივ სიამოვნებით სწავლებასა და ახლის შემეცნებას უკავშირდება“.

მისი თქმით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებში ყოველთვის თვალსაჩინო განსხვავებაა იმ ბავშვებს შორის, ვისი საწოლიც კედელთან დგას და ვისიც – გასასვლელში, სადაც თანამშრომლები ხშირად გადაადგილდებიან, შესაბამისად, საწოლთან იხრებიან და ბავშვის მიმართ მეტ ყურადღებას გამოხატავენ. ანდერსონი ამბობს, რომ კუთხეში მწოლიარე ბავშვის ფსიქიკა მომავალში უფრო  მოწყვლადი იქნება.

თამაშის დროს სამყაროს ყველა ბავშვი უსიტყვოდ უგებს ერთმანეთს

სიგნალებისა და სოციალური კოდების გაგების უნარი, რომელიც თამაშში არსებობს, აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლოდ ადამიანმა საზოგადოებაში წარმატებით იარსებოს. თამაშის პროცესში ჩასართავად ბავშვმა უნდა აითვისოს შემდეგი წესები:

თანამიმდევრობა – თამაშში არ არსებობს ისეთი მკვეთრი თანამიმდევრობა, როგორსაც რიგში დგომას შევადარებდით. ეს არის უფრო მოქნილი თანმიმდევრობა, რომლის დროსაც შესაძლებელია სათამაშოებისა და როლების გაცვლა, მაგრამ თუ ბავშვისთვის ეს ქმედება უცხოა, მისთვის თამაშიც რთულდება.

ურთიერთგაგება – შეუძლებელია ვინმეს თამაში დააძალო, ასევე, აუცილებელია თამაშის საგანზე შეთანხმება. სათამაშო მოედნებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების კონფლიქტის საგანი ძირითადად ის არის, რომ ყველას სხვადასხვა თამაში  სურს. ერთიანი პოზიციის გამონახვაში მათ მოზრდილები უნდა დაეხმარონ. არ არის აუცილებელი გადაწყვეტილება უფროსმა მიიღოს. მან უნდა უბიძგოს მშვიდობიანი თამაშისკენ, გამონახოს ყველა ბავშვისთვის საინტერესო გასართობი.

ურთიერთპატივისცემა – თამაშში უნდა არსებობდეს ყველა მონაწილისთვის  მისაღები წესები. ასეთებია: ნუ დააზიანებთ, ნუ ავნებთ და ატკენთ ერთმანეთს. თუ ბავშვი რამეს აფუჭებს, თამაში წყდება. საჭიროა უფროსის ჩარევა, თამაშის შეჩერება და საზღვრების დადგენა.

ეს წესები არის თამაშის ერთგვარი სოციალური კოდები, რომელთა გარეშე ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ ისწავლიან. თუ ასეთი ბავშვი საბავშვო ბაღში მოხვდა, მას დახმარება დასჭირდება, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ასეთ ბავშვებს უბრალოდ არ ათამაშებენ. მათ შესახებ ამბობენ, „არა, ის არ თამაშობს, ის ყველაფერს აფუჭებს ” ან „შეეშვით, მას არ ესმის ეს თამაშია“. ამ შემთხვევაში ბავშვი ვერასოდეს ისწავლის თამაშს.

თამაშის სწავლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტობრივი ცოდნის მიღება, თუმცა ხშირად მშობლებს ამის არ სჯერათ. მაგალითად, შვეციაში ასე ხდება: თუ ბავშვი ცხოველებს ეთამაშება, ვთქვათ ლეკვებს, აღმზრდელი ეკითხება „აქ რამდენი ლეკვია?“ ამით ის ბავშვის ცოდნას აკონტროლებს. სინამდვილეში კი, ხელს უშლის ბავშვს თამაშში და ანელებს თამაშით გამოწვეულ ემოციებს.

ანდერსონი გვიამბობს გოგონა მოლის ისტორიას, რომელიც მშობლებმა ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადაიყვანეს. ერთხელაც მოლიმ მამას უთხრა: „ამ საბავშვო ბაღში აღმზრდელები არ მუშაობენ, რადგანაც მთელი დღე თამაშობენ“. ეს იყო ბაღის საუკეთესო შეფასება.

სიღრმისეული და ზედაპირული თამაშები

ყველა ბავშვს აქვს თამაშისადმი მიდრეკილება, თამაშები კი ბავშვის გარემოსა და კულტურის გათვალისწინებით იცვლება. ამაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებს ბავშვი, რამდენად სიღრმისეულ და მრავალფეროვან სიუჟეტს მიმართავს.

„9 წლის ასაკში დიდი გატაცებით ვთამაშობდით მონებს, რომლებიც პლანტაციაზე ყვავილებს კრეფდნენ. ახლა 60 წლის ვარ და მახსოვს თუ, როგორ მცხელოდა იმ პლანტაციაზე“, – ჰყვება ანდერსონი.

მკვლევრები გამოყოფენ თამაშის სხვადასხვა დონეს: მარტივ თამაშებს, როდესაც ბავშვები შეისწავლიან საგნებსა და მათ თვისებებს და რთულსცენარიან თამაშებს, როდესაც თამაშის მონაწილე რამდენიმე როლს ირგებს, ჩვეულებრივი საგნები კი მისთვის თეატრალური რეკვიზიტი ხდება.

თამაშით ბავშვები სწავლობენ კვლევას, პრობლემების გადაჭრას, იზრდებიან ადამიანებად, რომლებიც ხედავენ შესაძლებლობებს და ალტერნატივას იქ, სადაც სხვები ყრუ კედელს აწყდებიან. როდესაც ბავშვი ჯერ მხოლოდ იწყებს თამაშს, ის ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება და თუ მისი თამაშის პროცესს უფროსები მხარს არ აუბამენ, თამაში შეჩერდება: ხუთი წლის ასაკში ბავშვები ისევე ითამაშებენ, როგორც ერთი წლის ასაკში.

 

თუ ბავშვი არ თამაშობს, უფროსების ბრალია

 

შვედური პროექტის „ბავშვები, რომლებიც არ თამაშობენ“ აქტივისტები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ თამაშის არმცოდნე ბავშვების ქცევას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამაში დამნაშავე უფროსები იყვნენ: მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელები.

 

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჯამბაზად მომუშავე ადამიანი იყო. მან ყურადღება მიაქცია თავისი პატარა მაყურებლის ქცევას. წარმოდგენის დროს ბავშვებს ვერაფრით შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ჯამბაზის ხელში ბანანს ტელეფონის ყურმილის ფუნქცია ჰქონდა. ბავშვები ბრაზობდნენ და გაჰყვიროდნენ: „სულელი ხარ? ვერ ხედავ, რომ ეს ბანანია და არა ტელეფონი?“.

 

ბავშვები, რომლებიც არ თამაშობენ, შესაძლოა საბავშვო ბაღში აუთსაირებად იქცნენ, შემდეგ კი იგივე განმეორდეს სკოლაშიც. მათ მასხრად აიგდებენ, დასცინებენ, რაც ფსიქიკურ დაავადებებს გამოიწვევს. ასეთ ბავშვებს ხშირად უწევთ საძილეების მიღება, რადგან ინსომნია აქვთ.

ზოგჯერ კი ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც არ თამაშობენ. არსებობს ამის ათი მიზეზი: უფროსები მხარს არ უჭერენ ბავშვების თამაშს, საბავშვო ბაღებში არასკმარისადაა თამაშისთვის ვარგისი ნივთები, ბავშვები ვერ უწევენ ორგანიზაციას სივრცეს, რათა ავეჯი სათამაშოდ გამოიყენონ, სკოლის განრიგში თამაშს დრო არ ეთმობა, მასწავლებლები არ მიესალმებიან „ხმაურიან თამაშებს“ და სხვ.

 

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ყველა ბავშვი მისი დახმარების გარეშეც კარგად თამაშობს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ბავშვს სჭირდება უფროსის დახმარება როგორც სწავლაში, ისე თამაშში, რადგან თამაშიც სწავლებაა. თამაშისკენ ყველაზე საუკეთესო ბიძგია თავად მისცე თამაშის მაგალითი. არ არის აუცილებელი განუმარტოთ ბავშვს, როგორ ითამაშაოს, საკმარისია ეს გააკეთოთ და ბავშვიც გაიმეორებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი