ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ძალადობა მოზარდებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

უკანასკნელ წლებში, მოზარდებს შორის ძალადობის გახშირებულმა შემთხვევებმა, იმდენად აქტუალური გახადა ძალადობის თემა მოზარდებში, რომ განათლების სისტემასთან  და სკოლასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა უკანა პლანზე გადაწია. მაინც, რატომ გახშირდა და გამძაფრდა მოზარდებს შორის ძალადობის შემთხვევები?

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ძალადობის შემთხვევებს ბავშვებსა და მოზარდებში ყოველთვის ჰქონდა, აქვს და დიდი ალბათობით მომავალშიც ექნება ადგილი, ვინაიდან ბავშვის სოციალური განვითარება თანატოლებთან ურთიერთობის გარკვევის, მათ შორის სასურველი ადგილის დამკვიდრების გარეშე არ მიმდინარეობს და ამ პროცესს ყოველთვის თან ახლავს  ჩვენთვის, უფროსებისთვის არცთუ ისე მოსაწონი ქცევები ბავშვებში. თუმცა, ძალადობის შემთხვევაში, თავისი სისატიკით და დაუნდობლობით, დღევანდელი მოზარდი მაინც განსაკუთრებით გამორჩეულია თავისი წინამორბედებისაგან და ამასაც შეიძლება თავისი ახსნა მოეძებნოს. ოჯახისა და სკოლის როლი ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, დღეს, როცა მშობლების უმრავლესობას შვილების და ოჯახის სარჩენად ან უცხოეთში უწევს სამუშაოდ წასვლა და ან საკუთარ ქვეყანაში თავისი შრომის საფასურის მინიმალური ანაზღაურების მისაღებად დილიდან საღამომდე სახლიდან გასვლა და ბავშვების უყურადღებოდ დატოვება, პირადი და სამსახურეობრივი პრობლემებით დატვირთული პედაგოგი კი ასევე ცილდება მოზარდს, ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოება დომინანტურ პოზიციას იკავებს. მთლიანობაში, საზოგადოებაზე დღეს გაცილებით მეტია დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებისა და სკოლის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩეოდა, რაც იმაში იჩენდა თავს, რომ საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობა, პირველ რიგში, სკოლებში პოულობდა ასახვას და ეს ბუნებრივიცაა, სკოლა ხომ საზოგადოების სარკე და მისი მინი მოდელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, არ უნდა გვიკვირდეს დღევანდელ მოზარდებში ძალადობის შემთხვევების ასეთი მომრავლება, მათი მხრიდან გამოვლენილი სისასტიკე და დაუნდობლობა. დღეს, ჩვენი საინფორმაციო საშუალებები – პრესა, რადიო, ტელევიზია, სოციალური ქსელები ისეა გადატვირთული ძალადობის ამსახველი ინფორმაციებით, გადაცემებით, ვიდეო ჩანაწერებით, ფილმებით, გადაცემებით, რომ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ფსიქიკის მქონე მოზარდებისთვის, ნებით, თუ უნებლიედ, ის კარგ სასწავლო რესურსს წარმოადგენს ძალადობის  ახალი ფორმების და ტექნიკების გასაცნობად. საზოგადოებაში, სადაც ბავშვი ყოველდღიურად ძალადობის სცენის მოწმე ხდება, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან, ის თავად გახდება ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე.

სამწუხაროდ, მოზარდთა ძალადობაზე ჩვენ მაშინ ვტეხთ განგაშს, როცა უკვე საკმაოდ დაგვიანებულია და მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი ხდება. ამასთან, ვებრძვით შედეგებს და არა მის გამომწვევ მიზეზებს, რომ მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები. არადა, ცნობილია, რომ გაცილებით იოლია ძალადობის თავიდან აცილება, ვიდრე მისი ჩახშობა და შექმნილი ძალადობრივი სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა.

ვფიქრობ, საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი; როგორც წესი, ჩვენ გვაწუხებს და გვაშფოთებს ფიზიკური ძალადობა და სათანადოთ არ ვაფასებთ ემოციური და სიტყვიერი  ძალადობის გავლენას ბავშვზე, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. და, ეს მაშინ, როცა ემოციური ძალადობა, თავისი ზემოქმედებით, არანაკლები და უფრო მტკივნეულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდისთვის, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.

იმისათვის, რომ შევძლოთ ძალადობის თავიდან აცილება, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვინ, რა თვისებების, მახასიათებლების  მქონე  ბავშვი შეიძლება გახდეს მოძალადე ან ძალადობოს მსხვერპლი.

ძალადობის მსხვერპლის ტიპური მახასიათებლები:

  • დაბალი თვითშეფასება;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
  • შფოთიანობის მაღალი დონე;
  • სიმორცხვე, ჩაკეტილობა;
  • დეპრესიისკენ მიდრეკილება;
  • ასეთ ბავშვებს არ ჰყავთ მეგობრები. ისინი უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თანატოლებთან;
  • არიან ზედმეტად მგრძნობიარენი;
  • არა აქვთ სოციალური მხარდაჭერა, არიან თანატოლთა ჯგუფისაგან იზოლირებულები ან დაბალი სოციალური სტატუსის მატარებლები.

მოძალადის მახასიათებლები:

  • მაღალი თვითშეფასება;
  • საკუთარ თავში დარწმუნებულობა;
  • სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება;
  • იმპულსურობა, ადვილად აგზნებადობა;
  • მიაჩნია, რომ იმსახურებს ლიდერობას;
  • უჭირს კომპრომისზე წასვლა. დარწმუნებულია თავის უპირატესობაში;
  • ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევა უფროსებთან;
  • ადამიანების მიმართ არ გამოხატავს თანაგრძნობას და თანაგანცდას.

     ძალადობის თავიდან აცილების და დაძლევის გზები:

  • ნუ დაველოდებით სიტუაციის გამწვავებას და ძალადობის აღკვეთაზე ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქროთ, როცა ის მსუბუქი და ერთი შეხედვით უმტკივნეულო სახით ვლინდება; მაგალითად, როცა ბავშვი გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს, თანაკლასელს კი დამცინავი ღიმილი დასთამაშებს სახეზე მის მიერ დაშვებული შეცდომების ან გაუმართავი მეტყველების გამო, ეს უკვე ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ვინაიდან, თუ პასუხის გასაცემად ამდგარი მოსწავლე დაბალი თვითშეფასებით და საკუთარ თავში დაურწმუნებლობით ხასიათდება, თანაკლასელის ირონიული სახის დანახვაზე, ადვილი შესაძლებელია მომავალში მან უარი განაცხადოს პასუხის გაცემაზე მაშინაც კი, თუ განსახილველი საკითხი კარგად ეცოდინება;
  • ძალადობის მსხვერპლი, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, სხვებისაგან რაიმე ნიშნით (ჩაცმულობით, შესაძლებლობებით, ფიზიკური მდგომარეობით, წარმომავლობით და ა.შ.) გამორჩეული ბავშვი ხდება. ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვების საზოგადოებას უჭირს, განსხვავებულის მიღება. კარგი იქნება, თუ სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე ვიზრუნებთ ბავშვებში განსხვავებულის მიმღებლობის უნარის გამომუშავებაზე; ამ პერიოდში ასეთი რამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვინაიდან დაწყებითი კლასების ბავშვებში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მორალური პრინციპები და პატარები, როგორც წესი, ეყრდნობიან მასწავლებლის აზრს;
  • საკმაოდ რთულდება სიტუაცია მეორე სასკოლო ასაკიდან. ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, გაურბის უფროსებთან საკუთარი პრობლემების განხილვას, უჩნდება უნდობლობა მათ მიმართ. არ მოსწონს, როცა ისინი მის საქმეში ერევიან და დახმარებას სთავაზობენ. ბავშვს ეშინია, რომ თანატოლები მას დასცინებენ, თუ ის უფროსს (მასწავლებელს, ან მშობელს) მიმართავს დასახმარებლად. ასეთ დროს საჭიროა დიდი სიფრთხილე – მოვერიდოთ თანატოლებთან მის ურთიერთობაში მისი ნებართვის და თხოვნის გარეშე ჩარევას, მაგრამ, ნურც საკუთარ თავთან დავტოვებთ მარტო, მოვერიდოთ საყვედურებს, არ დავკარგოთ მისი ნდობა, გამოვხატოთ მის მიმართ მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
  • დაუშვებელია შეურაცხყოფის და დაცინვის მიზეზების ძებნა მსხვერპლში. შეიძლება ის ისეთი არ არის, როგორც ყველა სხვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რაღაცით სხვებზე ცუდია. და, მაშინაც კი, თუ ბავშვი უბრალოდ დარწმუნებული არ არის საკუთარ ძალებში და არ შეუძლია საკუთარი პოზიციის და თავის დაცვა, გამართლებული არ იქნება მივუთითოთ მას ამ სისუსტეზე. მშობლის სიტყვება – „აი, ასეთი რომ ხარ, იმიტომ გჩაგრავს ყველა“, შეიძლება ბავშვს საბოლოოდ დაუკარგოს საკუთარი ძალების რწმენა და მომავალში ახალი ძალადობის მსხვერპლი გახდეს;
  • მოვერიდოთ მოძალადე ბავშვთან მსხვერპლის ურთიერთობის გარკვევას. ღია ჩარევა მიუღებელია, ვინაიდან ეს არც პრობლემას მოაგვარებს და არც მსხვერპლს მიანიჭებს საკუთარი ძალების რწმენას, იმისათვის, რომ მომავალში აგრესიას შეეწინააღმდეგოს. უკეთესი იქნება, თუ დავეხმარებით მსხვერპლის როლში მყოფ ბავშვს გახდეს უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში. ვასწავლოთ როგორ უპასუხოს მოძალადეს, როგორი რეაგირება მოახდინოს მის ქცევაზე. შევთავაზოთ ბავშვს შეიცვალოს ქცევის ტაქტიკა – ხშირად საუკეთესო ხერხი მსგავს სიტუაციებში მოძალადის იგნორირება ან მისთვის მოულოდნელი ქცევის განხორციელებაა – მაგ. აუღელვებლობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ყველაფრის ხუმრობაში გადატანა შეიძლება დამაბნეველიც კი აღმოჩნდეს მოძალადისთვის; ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დავეხმაროთ ბავშვს შექმნილი სიტუაციიდან გამოვიდეს უფრო ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და მტკიცე ხასიათის მქონე;
  • არის ხოლმე ძალიან შორს წასული შემთხვევებიც, როცა ვერ ხერხდება ბავშვებს შორის ურთიერთობის მოგვარება. ასეთ დროს უმჯობესია ბავშვის გადაყვანა სხვა სკოლაში.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მოძალადესა და მსხვერპლს შორის ურთიერთობის  მოუგვარებლობის შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი, დროთა განმავლობაში, შეიძლება თავად გახდეს მოძალადე, რაც ახალ თავსატეხს გაუჩენს, როგორც უფროსებს, ასევე მის თანატოლებსაც.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი