პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი…“

იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.

 

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

 

– შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

– ვერ პოულობენ… – დავუდასტურე მე.

– ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

– მართალია, – ისევ მივუგე მე.

– მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…“

 

ე კ ზ ი უ პ ე  რ ი, „პატარა უფლისწული“

 

 

საიდუმლო ინიციატორული ორგანიზაციას Fedeli d Amore, ანუ Fidelés d Amour  -„მიჯნურობის მორწმუნენი“-ს თავისი საიდუმლო ენა ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ძმობის წევრებმა იცოდნენო.  „მიჯნურობის მორწმუნენი“ აღიარებდნენ „ერთადერთი ქალის“ კულტს, რომელიც განასახიერებდა ქალურ საწყისს, სიბრძნეს, სოფიას.

პოეტი გვიდო კავალკანტი იყო ამ საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სიყვარული რწმენის წყალობით მის ადეპტებს მოუვლენდა ხსნას და უღვიძებდა სულს „ახალი ცხოვრებისთვის“. დანტე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ტრფობის ობიექტი ქალი მეტრფეს ღირსეულად ჩათვლიდა, მხოლოდ მაშინ მოუვლნდა ხსნას და მისცემდა ახალ ძალას.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ასეთი იყო მაგალითად, დანტეს მკვლევარი, Luigi Valli, – „პოეტები, რომლებიც ცხოვრობდნენ განსაკუთრებული მისტიკურ-საიდუმლო ცხოვრებით, მათთვის ხელოვნება არ იყო ხელოვნებისათვის, არც მჭევრმეტყველება – მჭევრმეტყველებისათვის, ისინი თავიანთ სიყვარულის გამოცდილებას მიმართავდნენ მისტიკაზე…“. იულიუს ევოლა აღნიშნავს აგრეთვე, რომ „მიჯნურობის მორწმუნეებს“ ჰქონდათ თავიანთი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები; მათი იდეები შენიღბული იყო სასიყვარულო პოეზიით, სინამდვილეში კი ჰქონდათ თავიანთი საიდუმლო დაშიფრული ენა, რომლის მეშვეობითაც ისინი ინფორმაციას იღებდნენ, გადასცემდნენ  და ცვლიდნენ. სასიყვარულო სიმბოლოები და მეტაფორები სულაც არ ემყარებოდა მათ პირად გამოცდილებასო; სიყვარულის ენა იყო ხელოვნური და სიმბოლური, რათა გამოეთქვათ სრულიად სხვა ამბები. მათ პოეზიას ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა: ერთი, რაზედაც ლაპარაკი  იყო ლექსში და მეორე – საიდუმლო მნიშვნელობა, რომელიც მხოლოდ ძმობის წევრებისთვის იყო გასაგები (იულიუს ევოლა, სქესის მეტაფიზიკა)

ამ მოსაზრებას ბევრი სხვა მკვლევარიც იზიარებდა. მე ეჭვი შემაქვს მათ ასეთ სკეპტიკურ დაკვირვებაში, თითქოს ყველაფერი ძალაუფლებას და პოლიტიკას ემსახურებოდეს (თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური იდეალები „მიჯნურობის მორწმუნეებს“ ჰქონდათ და ცვლილებების გზებსაც ეძებდნენ). თუ საიდუმლო დაშიფრული ენა მხოლოდ ძმობის წევრებს ესმოდათ, მაშინ საუკუნეებით დაშორებულმა მკვლევრებმა როგორ შეძლეს მათი გაშიფვრა? და კიდევ, ადამიანები, რომლებიც ზენაარს და არსს მიელტვოდნენ და ერწყმოდნენ, შეუძლებელია, რომ მათთვის ერთადერთი ღირებული პოლიტიკა ყოფილიყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრისთვის სულიერ გზაზე მოპოვებული სულიერი ძალა ძალაუფლების წყაროდაც გადაქცეულა.

კონცეპტუალურ მეტაფორებს, სიმბოლოებს, ნიშნებს ხომ არასდროს არა აქვთ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული მნიშვნელობები. პირიქით, კონცეპტი იმას ნიშნავს, რომ მას ურთიერთსაპირისპირო სემანტიკის გამოხატვა შეუძლია.

ასეთია ვარდის სიმბოლო-მეტაფორაც. ვარდი ერთდროულად სიკვდილისა და სიცოცლის, სიხარულისა და მწუხარების მეტაფორაა. თვითონ ვარდიც ხომ ეკლებთან ერთად არსებობს? სიცილი და ტირილი ერთადაა… სხვათა შორის, არსებობს ოშოს ერთი მედიტაცია, რომელსაც ეწოდება „მისტიური ვარდი“. ამ მედიტაციაში საინტერესო ისა, რასაც ზემოთ განვიხილავდით: სიცილისა და ტირილის ემოციის გამოვლენა. მედიტაციის მონაწილეები 3 საათის განმავლობაში გამუდმებით იცინიან (7 დღე) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში (ისევ 7 დღე) გამუდმებით ტირიან… რას ემსახურება სიცილ-ტირილი? ადამიანში ჩაგუბებული ემოციების გამოდევნა-გამოთავისუფლებას. ემოციათა ჩაგროვებას თავისი მიზეზები აქვს. უმეტესად საზოგადოებისგან ტაბუირება სიცილ-ტირილის ბუნებრივი გამოვლენისა და სხვა. ასეთი კათარზისის შემდეგ უკვე ხდები „დამკვირვებელი“, მაღალი მთიდან დასცქერი თითქოს ყველაფერს და ემოციებისგან თავისუფალი ხედავ „ნამდვილ ცას“.

ეს მედიტაცია ვარდის ორბუნებოვნებამ გამახსენა. ვარდის ორბუნებოვნება კი მისტიკური საზოგადოების „მიჯნურობის მორწმუნეების“ საქმიანობის განსხვავებულმა აღქმა-ინტერპრეტაციამ.

იმის თქმა მინდა, რომ ერთი რაიმე მოვლენა განსხვავებული პარამეტრებით შეიძლება აღიწეროს იმის მიხედვით, ვინ უყურებს ამ მოვლენას და რა სიღრმეს ხედავს მასში.

ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელსაც „მიჯნურობის მორწმუნეები“ მიმართავდნენ, სწორედ „ვარდი“ იყო. ვარდი – ეს იყო ინიციაციის სიმბოლო, რომელიც უკავშირდებოდა არსის მიწვდომას, ამაღლებას, გასხივოსნებას. ზემოაღწერილი მედიტაციისა არ იყოს, ცხოვრებაში მიჯნურები გადიოდნენ დაცემას და აღდგენას, სიკვდილს და ხელახალ დაბადებას და მხოლოდ ამ ეტაპების შემდეგ იღებდნენ ისინი ინიციაციას. ისრით განგმირული წყვილების ფეხზე წამოდგომა ანუ ხელახალი დაბადება, სწორედ ვარდით აღინიშნებოდა.

ვფიქრობ, ინიციაციის გზა სიმბოლურად არის გადმოცემული ოშოს მედიტაციაში. ამის მიღწევა მედიტაციით შეუძლებელია, მაგრამ თუ მედიტაციას გავიგებთ, როგორც ინიციაციის რიტუალს, მაშინ გასაგები გახდება ვარდის მისტიკა.

მიჯნურობის ადეპტები ხშირად აღწერენ ვარდს ამ მნიშვნელობით.

დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიის“ 30-ე ქებაში წერს:

„შიგ ვარდის გულში შემიყვანა მადონამ ჩემმა,

ვარდის ფურცელნი აღაკმევდნენ ნელსურნელებას,

მარადიული გაზაფხულის სადიდებელად“.

33-ე ქებაში კი სინათლეს შერწყმული პოეტი წერს:

„აქ ვჭვრეტდი სუბსტანცს, შემთხვევასა, არსთა რაობას,

ეს ყოველივე ისე იყო ერთად შერწყმული,

რომ აქ ნათქვამი მხოლოდ მკრთალი ჩრდილია მისი“.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ვარდები“, რომელშიც ერთი სტროფი რუსთაველის „ვარდებს“ ეძღვნება და ვფიქრობ, რომ ამ სტრიქონებში სწორედ ის მისტიკური მნიშვნელობაა, რომელსაც „მიჯნურობის მორწმუნეები“ დებდნენ ვარდის  სახე-სიმბოლოში და სწორედ ამ „ვარდებით“ არის სავსე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. საბოლოო აზრი კი ისეთია, როგორიც გალაკტიონის ამ სტრიქონებში:

„იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი –

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.“

 

მეტი თვალსაჩინოებისათვის გალაკტიონ ტაბიძის ამ ლექსს მთლიანად გთავაზობთ და ჩვენ კი ამ თემაზე გაგრძელებას გპირდებით.

 

გალაკტიონ ტაბიძე

ვარდები

მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,

სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,

ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.

 

დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს

ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,

მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,

სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.

 

დაე, მაისის ხატავდეს ხელი

ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.

რომელი იყო პოეტი წრფელი,

რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?

 

ვარდები იგი ელადის გემმა

დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,

როგორც სახება და დიადემა

სილამაზისა და სინამდვილის.

 

რომელი ლხინი იყო უვარდო,

და ან – რომელი დღე საცნაური,

ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,

რაა უვარდოდ დღესასწაული?

 

სახეთა ფერი და ნეტარება,

ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,

პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:

მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.

 

მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,

როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.

დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,

და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.

 

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,

აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,

ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს…

ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!

 

ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!

შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,

როცა მზიანი იყავი ისე,

როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.

 

და ორნამენტით აკრთობდა დემონს

იმ მშვენიერი წიგნების ძალა,

წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო

ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.

 

ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,

რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,

სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი

და ლეონარდო იყო და-ვინჩი.

 

იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი –

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.

 

ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს

და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,

მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს

და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი