ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცვალებადი პარადიგმები – როგორ განვახორციელოთ მდგრადი ცვლილება განათლების სისტემაში

მე ვეცადე, “დამეჭირა” არსი, გამეგო, რა არის ეს, რას ნიშნავს, იყო შენს სტიქიაში. ვესაუბრე მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, ხალხს ბიზნესის სამყაროდან, პოეტებს, მშობლებსა და ბავშვებს და მეჩვენება, რომ არგუმენტები სავსებით დამაჯერებელია. როდესაც ადამიანები ამყარებენ კავშირს თავიანთ ნიჭთან, რომელიც მათში ცხოვრობს, შეეხებიან მას და აღმოაჩენენ, რა შეუძლიათ, ისინი იცვლებიან, სხვანაირები ხდებიან და ჩემთვის ეს არის ის საფუძველი, რაზეც უნდა აშენდეს განათლების ახალი სისტემა. ეს ნიშნავს არა ძველი მოდელის გამყარებას თუ გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პიროვნული შეგრძნებების რეკონსტრუირებას და მათ სინერგიას, – არ ვიცი, მართებულია თუ არა ეს გამოთქმა ამ შემთხვევაში, ახალ ეკონომიკურ მიზნებთან მიმართებით – კენ რობინსონი:

დღეს საქმე გვაქვს ცვლილებების ორ მძლავრ შემადგენელთან. ერთია ტექნოლოგია და თქვენ ეს იცით. რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს ადამიანთა უმეტესობას გულწრფელად ესმის.

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: ვინ მიიჩნევს თავს “ბეიბი ბუმერების” თაობის წარმომადგენლად ან მათზე უფროსად? ასეც ვიფიქრე. ვინ არ არის ამ თაობების წარმომადგენელი? ვინ ეკუთვნის “იქს” და “მილენიუმის” თაობებს? კარგი. თუ 30-ზე მეტისა ხართ… ხელი ასწიეთ, თუ მაჯის საათს ატარებთ… აი, ეს მინდოდა. უბრალოდ, მაინტერესებდა (სიცილი). ეს საინტერესოა – თუ თინეიჯერებით სავსე ოთახში მაჯის საათს მოიკითხავთ, აღმოჩნდება, რომ უმეტესობა მას არ ატარებს. ამას მიზეზი აქვს. მინდა, ორი ასპექტი განვიხილოთ. ისინი არ ატარებენ მაჯის საათს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ – მათთვის დრო ყველგან არის. ის არის მათ აიფონებზე, მობილურ ტელეფონებზე, აიპოდებზე – ყველგან. მაშ, რაღად უნდათ (მაჯის საათი – ლ.ა.)? ჩემს ქალიშვილს არ ესმის, რა საჭიროა, მეკეთოს მაჯაზე სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ დროს მიჩვენებს. იგი ამბობს: “ეს მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს”, ანუ მოიკოჭლებს. ერთი ფუნქციის მქონე მოწყობილობაა. რად ვარგა? მაგრამ ჩვენ ეს ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია. ჩვენ გვაქვს სხვა მოწყობილობებიც, მაგრამ მაჯის საათის ტარება ჩვეულებრივი, ისედაც გასაგები ამბავია და ეს მნიშვნელოვანია. ალბათ, სწორედ ეს უნდა გავიაზროთ და ის საკითხები, რომლებიც ისედაც გასაგებია და ჩვეულებრივი, უნდა გამოვყოთ და გავაანალიზოთ. მე ვგულისხმობ – ჩვენ ხომ წინასწარ არ ვფიქრობთ საათის გაკეთებაზე დილაობით? ამას უბრალოდ ვაკეთებთ.

ჩვენი შვილები კი არ ატარებენ მას და ეს რაღაც მნიშვნელოვანზე მიგვითითებს. ერთი ბიჭი, სახელად მარკ პრენსკი, ამბობს ამას და მიუთითებს, რომ ჩვენი შვილები განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ. ეს ყმაწვილი ამბობს, რომ არსებობს განსხვავება “ციფრულ ადგილობრივებსა” (ინგლ., digital natives) და “ციფრულ იმიგრანტებს” (ინგლ. digital immigrants) შორის. თუ ამ დროში დაიბადე და 20 წელზე ნაკლები ასაკისა ხარ, მაშინ “ციფრული ადგილობრივი ხარ”. ისინი ციფრული ენით საუბრობენ. ისინი ამ მოწყობილობებსა და ნივთებთან ერთად დაიბადნენ და ეს ყველაფერი (ციფრული ტექნოლოგიები – ლ.ა.) თავში აქვთ, როგორც დედაენა. ჩვენს თაობას ეს შეგრძნება ნაკლებად აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ჩქარდება და ჩქარდება, უფრო და უფრო. ახალ ჰორიზონტზე ადამიანის გონება და საინფორმაციო სისტემა ალბათ კიდევ უფრო ინტეგრირდება და შეერწყმება ერთმანეთს. ქვემოთ, სურათზე, ხედავთ ტვინის უჯრედს (წითელი), ხოლო მის ქვემოთ ლურჯად სილიკონის ჩიპზე გაზრდილი ტვინის უჯრედია (იხ. სურათი 1). ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს.
სურათი 1. ადამიანის ტვინის უჯრედი (წითელი) და სილიკონის ჩიპზე გაზრდილი ტვინის უჯრედი
არის მოვლენები, რომლებიც წინ გვაქვს და რომლებსაც პრეცედენტი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კულტურაზე. მომავალი გვპირდება, რომ იქნება გამორჩეული და არაჩვეულებრივი. რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, ამის საფუძველს გვაძლევს: ეს არის კაცობრიობის მოსახლეობის ზრდის მრუდი გრაფიკზე (იხ. სურათი 2). როგორც ხედავთ, 1750 წელს, როდესაც უილიამ შიფლიმ სამეფო საზოგადოება დააარსა და ზუსტად არ იცოდა, რა ეკეთებინა საღამოობით, დედამიწაზე დაახლოებით 1 მილიარდი კაცი ცხოვრობდა. ისინი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყვნენ განსახლებულნი, ძირითადად – შორეულ ადგილებში, რასაც მოგვიანებით იმპერია (ბრიტანეთის – ლ.ა.) დაერქვა. მათი უმეტესობა მოგვიანებით ინდუსტრიალიზებულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. ლონდონი იმ დროს ერთი პატარა დასახლება იყო.

სურათი 2. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ცვლა 1750-2150 წლებში.
დღეს, თუ მრუდს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ჩვენ 6 მილიარდი ვართ. დიდი ნახტომი 1970 წელს მოხდა, უკეთ, 1970-დან 2000-მდე, როდესაც დედამიწის მოსახლეობა 3 მილიარდით გაიზარდა. 1968 წელს, ალბათ გახსოვთ, სიყვარულის ღამე იყო (გულისხმობს 60-იანების პაციფისტურ მოძრაობას – ლ.ა.). ეგებ ეს დამთხვევაა, მაგრამ ამაში ცოტ-ცოტა ყველას მიგვიღია მონაწილეობა. საინტერესოა, რომ მუქი ხაზი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ზრდას აჩვენებს. ნამდვილი ზრდა მზარდ, განვითარებად ქვეყნებში მოხდა: აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში – და დღეს ის 9 მილიარდისკენ მიდის.
მეორე მოვლენა, რომელიც ასევე დღეს მიმდინარეობს, არის დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ურბანიზაცია. მე-18 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნემდე, ადამიანების უმეტესობა სოფლად ცხოვრობდა. მოსახლეობის დაახლოებით 3% თუ ცხოვრობდა ქალაქებში.
სურათი 3. ქალაქ კარაკასის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი, ვენესუელა
რა თქმა უნდა, ინდუსტრიალიზაციამ და დიდმა სოციალურმა მოძრაობებმა გამოიწვია ადამიანების მიგრაცია სოფლიდან ქალაქისკენ, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ქალაქების მოსახლეობა კაცობრიობის მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.
ამჟამად კაცობრიობის 50% ქალაქელია. ექვსი მილიარდის 50%. მალე ეს პროცესი სამომავლო 9 მილირდის 60%-ს მიუახლოვდება. არა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ განვითარებად ქვეყნებში. დღეს ამ მასობრივ მიგრაციას პრეცედენტი არ გააჩნია. ეს ბრწყინვალე, გაჩახჩახებული ქალაქები კი არ იქნება საინფორმაციო ჯიხურებით, მიწის გადასახადებით და “სტარბაქსის” ყავახანებით, არამედ მასიური, ფართოდ განფენილი, ადგილობრივი წესებით აშენებული დიდი ქალაქები. დაახლოებით ისეთი, როგორიც სურათზე ჩანს (სურათი 3).

ეს კარაკასია, ვენესუელის დედაქალაქი. მასიური, სწრაფად მზარდი მეტროპოლისი. დღეს, მაგალითად დიდ ტოკიოში დაახლოებით 35 მილიონი კაცი ცხოვრობს, რაც კანადის მთელ მოსახლეობაზე მეტია. მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდში დედამიწაზე 20-ზე მეტი მეგაქალაქი იქნება, ხოლო 500-ზე მეტ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. ალბათ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. ეს არის უპრეცედენტო გარემოებები. დედამიწის რესურსების, სიახლისა და ინოვაციების უპრეცედენტო მოხმარება. დგება ახლებური აზროვნების საჭიროება ახალი ტიპის სოციალური სისტემების შესაქმნელად, გზების მოსაძებნად, რათა ადამიანებმა შეძლონ თავიანთი თავის პოვნა. რათა მათ ცხოვრებას ჰქონდეს მიზანი და შინაარსი.

განათლება ამ პრობლემის მოგვარების მთავარი კომპონენტია. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. მაკკინზის ანგარიშიც გვიდასტურებს ამ ფაქტს: აშშ-ში, 1980 წლიდან მოყოლებული, განათლებაზე დახარჯული სახსრები, თუ რეალურ ფულში გადავიტანთ, 73%-ით გაიზარდა; სასკოლო კლასების ზომა შემცირდა და მიუახლოვდა ისტორიულად დაბალ დონეს, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნის დონე არ შეცვლილა. მეტი ფული, უფრო ნაკლები ბავშვი კლასში, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნის დონე არ იცვლება; სკოლის მიტოვების დონემ იმატა, სკოლადამთავრებულთა რაოდენობა იკლებს და ეს დიდი პრობლემებია.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სისტემა ცდილობს, მომავალს შეხვდეს მოქმედების ძველი წესებით, იმ საქმიანობით, რომელსაც წარსულში მისდევდა. ამავე დროს, იქვეა მილიონობით გაუცხოებული ბავშვი, რომლებიც ვერ ხედავენ სკოლაში სიარულის აუცილებლობას. როდესაც ჩვენ სკოლაში მივედით, იქვე დავრჩით, რადგან ერთი ისტორიით გვკვებავდნენ: თუ ბევრს იმუშავებ (ისწავლი), კარგად დაამთავრებ სკოლას, მერე მიიღებ საუნივერსიტეტო ხარისხს და იშოვი კარგ სამუშაოს. ჩვენს შვილებს აღარ სჯერათ ამ ისტორიის და მათ ამის სრული უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ჯობს, გქონდეს საუნივერსიტეტო ხარისხი, ვიდრე არ გქონდეს, მაგრამ ეს ხარისხი აღარ წარმოადგენს მომავლის გარანტიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარისხის მისაღებად გასავლელი გზა შენგან იმ თვისებების მარგინალიზაციას ითხოვს, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვნად მიგაჩნია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რომელიც დევს არსებული სისტემის შინაარსში, არის “აკადემიური” და “არააკადემიური” ბავშვების იდეა: როდესაც ამბობენ, რომ “პროფესიული სწავლება/განათლება” არც ისეთი კარგია, როგორიც “აკადემიური”, როდესაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თეორიული ხარისხების მქონე ხალხი ბუნებრივად უკეთესი ხალხია, ვიდრე ის, ვისაც რეალური საქმის კეთება შეუძლია და ვისი პროფესიაც წინათ აღიარებული იყო სავაჭრო გილდიების სისტემათა მიერ, ეს განათლების სისტემაში ჩაქსოვილი ინტელექტუალური აპარტეიდია. ამის გამო უამრავი ხალხი ცდილობს ამ სისტემის დაცვას ან შეკეთებას. ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მითების სამყარო და აუცილებელია, ამას სხვა თვალით შევხედოთ.
ეს გახლავთ ამ მიდგომისა თუ დაშვების ერთ-ერთი შედეგი. მინდა გკითხოთ: რამდენ აქ მყოფთაგანს, ვინც 30 წელსაა გადაცილებული, გაქვთ ამოკვეთილი ნუშურები? ამას საგანგებოდ ვკითხულობ. ეს არის მოვლენა, რომელიც წინათ ჩვეულებრივად მიგვაჩნდა – ჩემი თაობის ხალხს, 50-იანებში დაბადებულებს. ახლა ვიცი, რომ ეს დაუჯერებელია, როგორ შეიძლება?! მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი თაობის ადამიანებს, 50-იან, 60-იან და 40-იან წლებში დაბადებულებს, როგორც კი ყელი გაგვიცივდებოდა, ნუშურებს გვჭრიდნენ. როგორც კი ხველას დაგვაწყებინებდა, მოგვადგებოდნენ და სასწრაფოდ ამოგვჭრიდნენ ნუშურებს. ეს რუტინული პროცედურა იყო. მილიონობით ნუშურა ჯირკვალი ამოიჭრა იმ წლებში.

დღესაც ტარდება ტონზილექტომია (ნუშურების ამოჭრა), მაგრამ ის რუტინული ოპერაცია აღარ არის. დღეს ის უჩვეულოც კია. ავადმყოფს უნდა ჰქონდეს ქრონიკული დაავადება, რომელსაც სხვაგვარად ვერ კურნავენ – მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოკვეთენ ნუშურებს. ჩემს ბავშვობაში კი უბრალოდ გვჭრიდნენ მათ და სადღაც ყრიდნენ (ნეტავ სად?). ზოგიერთი ნებითაც იჭრიდა, რომ უფასო ნაყინი მიეღო (სიცილი).

ჩვენი შვილების თაობა გადაურჩა ტონზილექტომიის ეპიდემიას. სამაგიეროდ, ამ თაობის დაავადებაა ე.წ. ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი – არარსებული და გამოგონილი დაავადება. ეს გახლავთ ამერიკაში ამ დაავადების გავრცელების რუკა. შეცდომით არ გამიგოთ – იმას არ ვგულისხმობ, რომ ყურადღების დეფიციტის მსგავსი დარღვევა არ არსებობს. მე არ მაქვს სათანადო კვალიფიკაცია, რომ ამის შესახებ ვილაპარაკო. ბევრ ფსიქოლოგსა და პედიატრს ვიცნობ, რომლებიც ადასტურებენ მის არსებობას, თუმცა ეს ჯერ კიდევ საკამათოა.

რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ ეს დარღვევა თუ დაავადება არ არის ეპიდემია. მე მგონი, ამ ბავშვებს წამლებს ისევე რუტინულად უწერენ, როგორც ჩვენ გვჭრიდნენ ნუშურებს. ისეთივე უცნაური საფუძვლით და მსგავსი მიზეზით – სამედიცინო “მოდის” გამო. ჩვენი შვილები ცხოვრობენ ისტორიაში ყველაზე ინტენსიური სტიმულირების ეპოქაში. ისინი პირდაპირ ალყაშემორტყმულნი არიან ინფორმაციით და ყურადღების წარმტაცი ნაკადებით ყოველგვარი შესაძლო პლატფორმიდან: კომპიუტერები, აიფონები, სარეკლამო საინფორმაციო ნაკადები, ასობით სატელევიზიო არხი და კიდევ ვსაყვედურობთ, რომ ყურადღება აქვთ დაფანტული? რას არ აქცევენ ყურადღებას? იმ ძირითადად მოსაწყენ ინფორმაციას სკოლაში?

არა მგონია, შემთხვევითი იყოს, რომ ADHD-ის შემთხვევათა რაოდენობამ სტანდარტიზებული ტესტების პარალელურად იმატა. ახლა ჩვენს შვილებს ასმევენ რიტალინს, ადერალს და მსგავს წამლებს, ხშირად – საკმაოდ სახიფათო პრეპარატებს, რათა კონცენტრირებულნი იყვნენ ან დამშვიდდნენ. ეს ნონსენსია. რუკაზე ხედავთ, რომ ღია ფერით აღნიშნულ ადგილებში ამ დაავადების შემთხვევა არც ისე ბევრია. კალიფორნიაში, სადაც მე ვცხოვრობ, ხალხი წუთ-ნახევარზე მეტს ვეღარ გითმობს ყურადღებას… თუმცა გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ რაც უფრო აღმოსავლეთით მიიწევ, ეს სინდრომი მით უფრო მძაფრდება: ოკლაჰომაში ხალხს ინტერესი უნელდდება, არკანზასში უკვე ვეღარაფერზე ფიქრობს, ხოლო ვაშინგტონში აღმოაჩენ, რომ მათ საერთოდ აღარაფერი აინტერესებთ…

ეს ფიქტიური ეპიდემიაა. ადრეც მითქვამს, რომ მე ხელოვნება მაინტერესებს, თუმცა მარტო ხელოვნების საკითხებზე არ ვმუშაობ – ასევეა მეცნიერებისა და მათემატიკის შემთხვევაშიც; უბრალოდ, ხელოვნებაზე ვსაუბრობ, რადგან იგი ამ გავრცელებული მენტალიტეტის მსხვერპლია.

ხელოვნება ხელს უწყობს ადამიანის ესთეტიკური გამოცდილების იდეას. ესთეტიკური გამოცდილება კი ერთ-ერთი სფეროა, სადაც ადამიანის გრძნობები უმაღლეს წერტილში ადის. ამ დროს ადამიანი განიცდის და გრძნობს, რომ ცოცხალია და ცხოვრობს. ანესთეზია კი ის არის, როდესაც გრძნობები დახშულია, რაც კლავს ადამიანურ ბუნებას და რასაც აღნიშნული წამლები შვრება. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს განათლებას ვაძლევთ და იმავდროულად ანესთეზიაში ვამყოფებთ.

ვფიქრობ, საწინააღმდეგოს უნდა ვაკეთებდეთ. კი არ უნდა დავაძინოთ ჩვენი შვილები, პირიქით, უნდა გავაღვიძოთ და რაც სულში აქვთ, იმისკენ მივმართოთ. მაგრამ დღეს რაც გვაქვს, როგორც განათლების სისტემა, ინდუსტრიალიზმის ინტერესებსა და მის იმიჯზეა მოდელირებული. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: სკოლები ჯერ კიდევ ორგანიზებულია როგორც საქარხნო ხაზები; ზარის რეკვა, განცალკევებული სათავსები, სპეციალიზებული და ცალკეული საგნები. ჩვენ ბავშვებს ისევ ჯგუფურად ვაძლევთ განათლებას. ჩვენ მათ ასაკობრივ ჯგუფებად ვაქცევთ სისტემაში. რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ გვგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვებს საერთო აქვთ, ასაკია? დაახლოებით იგივეა, ვიფიქროთ, რომ ნივთის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი წარმოების თარიღია. მე ვიცნობ უამრავ ბავშვს, რომლებიც თავისი ასაკის სხვა ბავშვებზე უკეთესად სწავლობენ სხვადასხვა დისციპლინას, ან უკეთესად სწავლობენ დღის რომელიღაც მონაკვეთში, ან მცირე თუ დიდ ჯგუფში. ზოგიერთს სულაც მარტოობა უყვარს. თუ საერთოდ გაინტერესებთ სწავლის მოდელები, არ უნდა დაიწყოთ საწარმოო ხაზის მსგავსი სქემის მენტალიტეტით. დააკვირდით, ინდუსტრიულ მოდელში ეს საბაზო ტერმინებია: გამოყენებადობა, სარგებელი (ინდუსტრიული მოდელიდან), რომლებიც აყალიბებენ კურიკულუმს ან სასწავლო გეგმას; ხაზობრიობა, რაც სუბიექტს არჩევანს უყალიბებს და დათქმები იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანია და რა – უმნიშვნელო. შესაბამისობა, მსგავსება, კონფორმიზმი, რაზეც მიუთითებს სტანდარტიზებული კურიკულუმებისა და სტანდარტიზებული ტესტების მომრავლება. ეს ინდუსტრიული სტანდარტიზაციაა.

როგორც ხედავთ, ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წავიდეთ. ამას ვგულისხმობ, როდესაც პარადიგმის ცვლილებაზე ვლაპარაკობ. ჩვენ კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ის, რაც ჩვეულებრივი ამბავი გვგონია. მაგრამ როგორ უნდა შეაფასო კრიტიკულად ის, რაც არ იცი? აი, რა ართულებს საქმეს.

ეს ბერტრან რასელის გამონათქვამია, რომელიც დასავლური ფილოსოფიის კვინტესენციურ შეკითხვად მიმაჩნია. რა არის ეს? ჩვენ იმას წარმოვადგენთ, რაც ჰამლეტს ეგონა თუ უბრალოდ ერთი უმნიშვნელო კოსმოსური შემთხვევა ვართ? ერთი პატარა, უმნიშვნელო პლანეტა… მაგრამ რამდენად პატარაა, რამდენად უმნიშვნელოა იგი? ძნელია მისი გამოსახულების წარმოდგენა, რადგან სამყაროში მანძილები ისეთი უსაზღვროა… მაგალითად, ეს არის სურათი “ჰაბლის” ტელესკოპიდან (დედამიწის ორბიტაზე მომუშავე დიდი ამერიკული ტელესკოპი), რომელზეც მაგელანის ღრუბლებია გამოსახული. სამყაროში მანძილები სინათლის წელიწადებით იზომება და ეს ძალიან დიდი მანძილებია.

მაგელანის ეს ნისლოვანება ჩვენგან 170 000 სინათლის წლის მანძილზეა. წარმოგიდგენიათ? ეს დიდი მანძილია, ძალიან დიდი. და სად არის ამ სიდიდეში დედამიწა? პრობლემა ის არის, რომ ამ უზარმაზარი მანძილების წარმოდგენისას ძნელია დედამიწის ზომის აღქმა და იმის გაგება, რამდენად დიდი ან მცირეა ის. ამ ზომების წარმოდგენა შეფარდებითი მანძილების აღქმას ართულებს.

ინტერნეტში ამ სურათს წავაწყდი (იხ. სურათი 4). ვფიქრობ, იგი ფანტასტიკურია.

სურათი 4. მაგელანის დიდი ღრუბელი. გადაღებული “ჰაბლის” ტელესკოპით
ამ სურათების ყურებისას აზრად მომივიდა, დედამიწისა და მზის სიტემის პლანეტებისთვის ერთად მომეყარა თავი მათი ზომების შესადარებლად. ეს მზის სისტემის რამდენიმე პლანეტის და მის იქით სხვა ციური სხეულების ჯგუფური სურათივით გამოდის. ეს ჯგუფური სურათები ამ სურათით იწყება (იხ. სურათი 5).

 
სურათი 5. მზის სისტემის პლანეტები: დედამიწა, ვენერა, მარსი, მერკური და პლუტონი
ამ სურათზე (მე-5 სურათი), შეიძლება ითქვას, კარგად გამოვიყურებით… (გამოტოვებულია რამდენიმე წინადადება) ჩვენ ვიცით, რომ მზე დიადი სხეულია, მაგრამ, თუ დავაზუსტებთ, რამდენად დიდია, ვთქვათ, დედამიწასთან შედარებით?

სურათი 6. მზის სისტემის პლანეტები და მზე

 
აი, შეხედეთ, ეს ასტროფიზიკოსებთან გადავამოწმე – თქვეს, რომ ეს შედარება სწორია და სურათი დაახლოებით ასეთია (იხ. სურათი 6). ამ სურათზე ჩვენ მზესთან ერთად ვართ. დაიმახსოვრეთ მზის გამოსახულება, რადგან ის არ არის ყველაზე დიდი სხეული ამ სამყაროში.
სურათი 7. მზე სხვა ვარსკვლავებთან (არქტურუსი, პოლუქსი და სირიუსი) შედარებით

ეს არის ჩვენი მზე სხვა ციურ ობიექტებთან ერთად (იხ. სურათი 7), რომლებიც არ არიან მზის სისტემაში, მაგრამ ჩანან ღამის ცაზე. მე-7 სურათზე იუპიტერი ერთი პიქსელიღაა, დედამიწა კი არ ჩანს.

ამ სურათზე, ჯობს, არქტურუსთან ვიმეგობროთ, – წუთით შეხედეთ მას, – მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ანტარესი უნდა იყოს (იხ. სურათი 8). როგორც ხედავთ, ეს საოცარი სამყაროა და თუ ადრე ნათქვამს დავუბრუნდებით, ჩვენ უსასრულოდ პატარები ვართ ამ დიად კოსმოსურ სქემაში.
 
სურათი 8. სამყაროს დიდი ვარსკვლავები (ანტარესი, ბეთელჰოიზე, ალდებარანი, რიგელი, არქტურუსი, პოლუქსი და სირიუსი)
ახლა კი მინდა ვთქვა, რომ პირველი, რაზეც არ უნდა გედარდათ ამ დილას, დაივიწყეთ, გადააბიჯეთ. მეორე კი, რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ ჩვენ განსაკუთრებული ძალა გვაქვს და ამას ასე ავხსნი: დედამიწაზე მობინადრე არც ერთ სხვა სახეობას არ ემართება შეშფოთების შეტევა ზემოთ ნაჩვენები სურათების ნახვისას. მათ, არც ადრე და არც ახლა, არ შეუძლიათ ასეთი სურათების შექმნა. ჩვენ გვაქვს ეს საოცარი, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ძალა, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოვსახოთ საგნები და განვიცადოთ ის, რაც შეიძლება ჩვენი წარსული გამოცდილების მიღმა იდგეს. გამოვხატოთ ისინი ისეთი კონცეპტუალური ან სიმბოლური ფორმებით, რომლებიც სხვა ადამიანებისთვისაც ადვილი მისახვედრია და მათი ყურადღების მიპყრობა შეუძლია.
ამიტომ ჩვენ ის სახეობა ვართ, რომელსაც შეუძლია შექმნას ჰამლეტი და ინდუსტრიული რევოლუცია, ააგოს ეს შესანიშნავი შენობები საოცარი ხედებით, შექმნას ჰიპ-ჰოპი და ჯაზი, კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია, ჰაერში მოგზაურობა და ტურბო ძრავა და ყველა ის საგანი, რომლებიც ახასიათებს ადამიანთა არნახულ კულტურას. მაგრამ ჩვენვე ვანადგურებთ მას ჩვენი განათლების სისტემით.

მინდა, დავასრულო ამაზე საუბარი და წამოვიწყო ახალი თემა ერთი მაგალითით.

ცოტა ხნის წინ ჩატარდა ძალიან კარგი გამოკვლევა დივერგენტული აზროვნების საკითხებზე. დივერგენტული აზროვნება არ არის კრეატიულობა. მე კრეატიულობას ფასეულობის მქონე ორიგინალური იდეების ჩამოყალიბების პროცესს ვეძახი. დივერგენტული აზროვნება მისი სინონიმი არ არის, მაგრამ იგი შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანი უნარია. ეს არის შესაძლებლობა, მოიფიქრო კითხვაზე მრავალი შესაძლო პასუხი, იპოვო კითხვის ინტერპრეტირების სხვადასხვა გზა, იაზროვნო ისე, რასაც, სავარაუდოდ, უწოდებს ლატერალურს ედუარდ დე ბონო – როდესაც აზროვნებ არა ხაზობრივად ან კონვერგენტულად, როდესაც ხედავ მრავალ პასუხს ერთის ნაცვლად. ასეთი აზროვნების ტესტები არსებობს. მაგალითად შეიძლება გამოდგეს კითხვა ქაღალდების სამაგრის შესახებ: რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ ქაღალდის სამაგრი?

ეს ერთ-ერთი რუტინული კითხვაა. ადამიანთა უმეტესობა ათ-თხუთმეტ შესაძლო ფუნქციას ასახელებს, ხოლო ის, ვისაც ძლიერი დივერგენტული აზროვნება ახასიათებს, 200-მდე ფუნქციას უპოვის ხოლმე ამ ნივთს. ისინი ამას შემდეგნაირად აღწევენ: “შეიძლება, ეს სამაგრი 70 მ სიმაღლისა იყოს და ღრუბლოვანი რეზინისგან იყოს გაკეთებული?” ან: “ჯიმ, ეს სამაგრი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვიცით?” ასეთი აზროვნების შესასწავლად ტესტებიც არსებობს. წიგნიც კი დაწერილა სათაურით “Breakpoint and Beyond”. ამ ტესტების პროტოკოლში ნათქვამია, რომ თუ ვინმე განსაზღვრულზე მაღალ ქულებს დააგროვებს, განხილულ იქნება როგორც დივერგენტული აზროვნების გენიოსი. როგორ ფიქრობთ, 1500 გამოკითხული ადამიანიდან რამდენმა პროცენტმა დააგროვა დივერგენტული აზროვნების გენიოსის ქულები? კიდევ ერთ რამეს გეტყვით მათ შესახებ: გამოკითხულნი საბავშვო ბაღის ბავშვები იყვნენ. მაშ, როგორ გგონიათ, რამდენმა პროცენტმა მიაღწია გენიოსის დონეს? 80%-მა? არა, 98%-მა! ეს გახლდათ გრძელვადიანი, ლონგიტუდური კვლევა. ამ ბავშვებს ტესტი ჩაუტარეს 5 წლის შემდეგაც, 8-10 წლის ასაკში. როგორ გგონიათ, რამდენი იყო მაჩვენებელი? – 32%. ტესტი მათ მომდევნო 5 წლის შემდეგაც ჩაუტარეს, 13-15 წლის ასაკში – მაჩვენებელი 10%-ზე დავიდა. ხედავთ ტენდენციას? მათ გამოსცადეს 200 000 ზრდასრული, 25 წელს გადაცილებული ადამიანიც – ერთხელ, საკონტროლოდ. რა შედეგს ელით? – 2%!

მე გამუდმებით ვიხსენებ, რომ თუ ბიზნესში მუშაობ, ეს ის ხალხია, ვისაც დაიქირავებ. საინტერესო სურათია, რადგან ამის წარმოდგენა პირუკუც შეიძლება: იწყებ მუშაობას და არც ისე კარგი ხარ, შემდეგ, რაც ასაკი გემატება, უფრო და უფრო უკეთესი ხდები. მაგრამ ექსპერიმენტი სხვა რამეს გვიჩვენებს: ერთი, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს უნარი (დივერგენტული აზროვნება – ლ.ა.) და მეორე – ასაკთან ერთად იგი უმეტესად ქრება.

უამრავი რამ გადახდათ ამ ბავშვებს, სანამ იზრდებოდნენ. მაგრამ ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ მათ განათლება მიიღეს. მათ 10 წელი დახარჯეს სკოლაში, სადაც ეუბნებოდნენ, რომ პასუხი ერთია. ეს პასუხი წიგნის ბოლოში წერია და არ უნდა შეხედო! არ გადაიწერო! ეს მოტყუებაა. სკოლების გარეთ ამას კოლაბორაცია ჰქვია, მაგრამ სკოლებში (სიცილი)… იმიტომ როდი ხდება ასე, რომ მასწავლებლებს ასე სურთ; უბრალოდ, ხდება. იმიტომ, რომ ეს განათლების სიტემას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი და მისი ტრასფორმირებისთვის სხვაგვარად ფიქრია საჭირო. სხვანაირად უნდა შევხედოთ ადამიანის უნარს. ეს ჩემს წიგნშიც, სათაურით “The Element”, მიწერია. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ძველ კონცეფციას აკადემიურის, არააკადემიურის, აბსტრაქტულის, თეორიულისა და პროფესიულის შესახებ და დავინახოთ რომ ეს მითია. მეორე, რაც გასაკეთებელია: ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სწავლა ყველაზე უკეთ მიმდინარეობს ჯგუფურად და თანამშრომლობა წარმოადგენს ზრდის ფაქტორს. თუ ადამიანებს დავშლით ერთეულებად და შევაფასებთ განცალკევებით, მივიღებთ გათიშულობას მათსა და მათ ბუნებრივ სასწავლო გარემოს შორის.

მესამე საკითხი: ჩვენი ინსტიტუციების კულტურა, ინსტიტუტების თვისებები და გარემო.

ამას წინათ ერთ შესანიშნავ გამოთქმას გადავეყარე, რომელიც ჩვენსა და სხვა სახეობებს შორის განსხვავებაზე იყო: “და ყველა ადამიანი ორ ფეხზე დამდგარი მაიმუნისგან გაჩნდა და არა დაცემული ანგელოზისგან. მაშ, რა გვიკვირს? ჩვენი მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, ჩვენი რაკეტები თუ ჩვენი სიმფონიები? კაცობრიობის სასწაული ის კი არ არის, სადამდე დავეშვით, არამედ ის, რა შთამბეჭდავად გავიზარდეთ. ჩვენ ვარსკვლავებს შორის მოვხვდებით არა ჩვენი სხეულებით, არამედ ჩვენი პოემებით”.

მე მჯერა, რომ ამ სიტყვებში დიადი სიმართლეა. ჩვენ ეს თვისება გვაქვს და შეგვიძლია, ჩვენი წვდომით შევქმნათ განათლების სისტემა, დამყარებული განსხვავებულ პრინციპებზე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავცილდეთ განათლების ინდუსტრიულ მეტაფორას და ვიმოძრაოთ, ჩემი აზრით, სასოფლო-სამეურნეო მეტაფორისკენ. თუ დააკვირდებით კომპანიებისა და ორგანიზაციების უმეტესობის საორგანიზაციო სქემებს, დაინახავთ, რომ ისინი მავთულხლართებიან დიაგრამას ან ერთმანეთთან შეერთებულ ყუთებსა და ნივთებს მოგაგონებთ, თუმცა ადამიანთა ორგანიზაციები მექანიზმებივით არ გამოიყურებიან. ადამიანების ორგანიზაცია უფრო ორგანიზმს ჰგავს.

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს ორგანიზაცია დამოკიდებულია გრძნობებსა და ურთიერთობებზე, მოტივაციებსა და ფასეულობებზე, თვითშეფასებაზე, იდენტობასა და თემზე. ჩვენ ვიცით, რომ როგორ ვმუშაობთ სამსახურში, ბევრად არის დამოკიდებული მისდამი ჩვენს გრძნობებზე. ამიტომაც, ვფიქრობ, ინდუსტრიულზე უკეთესია სასოფლო-სამეურნეო ან ორგანული მეტაფორა. ახლა ამ იდეაზე ვმუშაობ ოკლაჰომის შტატში, სადაც ვცდილობ, განვავითარო ეს იდეები მთელი შტატის მასშტაბით.

დასაწყისში ლას-ვეგასი ვახსენე. ლას-ვეგასიდან არც ისე შორს არის ადგილი, რომელსაც სიკვდილს ველი ჰქვია. სიკვდილის ველი ამერიკის ყველაზე ცხელი ადგილია. იქ თითქმის არაფერი ხარობს, რადგან არასოდეს წვიმს. 2004 წლის ზამთარში ამ ველზე რაღაც განსაკუთრებული მოხდა. იწვიმა. 7 დუიმამდე წვიმა მოვიდა და 2005 წლის გაზაფხულზე საოცარი მოვლენის მომსწრენი გავხდით – სიკვდილის ველის მთელი ფართობი გაზაფხულის ყვავილებით მოირთო.

ფოტოგრაფების, მეცნიერებისა და ბოტანიკოსების ჯგუფები მთელი ამერიკიდან ჩავიდნენ იქ, რათა ეს საოცრება საკუთარი თვალით ენახათ, რადგან ასეთი რამ შესაძლოა მეტად აღარ მოხდეს. ამ მოვლენამ ყველას ანახა, რომ სიკვდილის ველი არ იყო მკვდარი, მას ეძინა. მიწის ქვეშ უამრავი თესლი იყო, რომლებიც ზრდისთვის პირობებს ელოდნენ და მჯერა, რომ ასევეა ადამიანებთან მიმართებითაც: თუ შევქმნით სწორ პირობებს ჩვენს სკოლებში, სწორ სტიმულებს, თუ ყველა მოსწავლის შესაძლებლობებს დავაფასებთ – დაიწყება ზრდა (გამოტოვებულია ფრაზები ვიდეოს ჩვენებაზე).

მიმაჩნია, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ინდუსტრიულ პარადიგმას და ორგანულზე გადავერთოთ. მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციების გააზრება ინდივიდუალურად და არა სისტემის ფარგლებში. მათში მხოლოდ დაწესებულებას კი არ უნდა ვაფასებდეთ, არამედ პატივს ვცემდეთ და ხელს ვუწყობდეთ მათში არსებულ სასიცოცხლო ძალებს, ორგანიზაციის ენერგიას და ტრანსფორმაციულ პოტენციალს. სწორხაზოვნად კი არ მივუდგეთ, არამედ დავინახოთ მათი კრეატიულობა, მრავალფეროვანი არჩევანის უფლება და იქ მყოფი ყველა ადამიანის მრავალგვარი შესაძლებლობები. ეს არის იდეა არა კონფორმიზმისა და დამორჩილების, არამედ მრავალფეროვნებისა და ინდივიდის მოთხოვნების გათვალისწინების შესახებ. ეს არის სიკვდილის ველი 2005 წლის გაზაფხულზე. ვფიქრობ, შესაძლოა ყველა ჩვენი სკოლა ასეთი გახდეს.

ვიღაცას უთქვამს: “ადამიანის პრობლემა ის კი არ არის, რომ მეტისმეტად მაღლა ვუმიზნებთ და შემდეგ მაღლიდან ვემარცხებით ძირს; პრობლემა ის არის, რომ მეტისმეტად დაბლა ვუმიზნებთ და ამ მიზანს ვაღწევთ”. ვფიქრობ, უილიამ შიფლისა და ბენჯამენ ფრანკლინს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მაღლა ვუმიზნებთ. ფრანკლინმა თქვა: “ადამიანები სამი ტიპისანი არიან: ისინი, ვისაც ვერ დაძრავ, ისინი, ვისაც მოძრაობა შეუძლიათ და ისინი, ვინც მოძრაობენ”. სამეფო საზოგადოების ყველა წევრს მოგიწოდებთ: იმოძრავეთ. გმადლობთ.
(II ნაწილის დასასრული)

ლონდონი, RSA-ს შენობა, 2008 წლის 16 ივნისი

მომხსენებელი: სერ კენ რობინსონი

შენიშვნა: თარგმანის ტექსტი ეყრდნობა კენ რობინსონის ლექციის არარედაქტირებულ სტენოგრამას.

თარგმანი და კომენტარები ლევან ალფაიძისა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი