პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რეზო ინანიშვილის თხრობის პოეტიკა

თხრობის სტილი ყოველ დიდ შემოქმედს თავისებური აქვს. რაც უფრო ინდივიდუალურია მწერალი, მით უფრო გამორჩეულია მისი თხრობის მანერა. ქართულ ლიტერატურაში, ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს რეზო ინანიშვილის თხრობის სურნელი, დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი. პროზის მისეული რიტმი მიმზიდველია,  ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი თხრობის პოეტიკის იმ ასპექტთა წარმოჩენა, რომლებიც მისი სტილის საოცარ მუხტსა და ენერგიას განაპირობებენ. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, პოეტური სული, რომელიც მსჭვალავს მის მოთხრობებს.

მწერლისთვის უთვალავფერიანი სამყარო იდუმალი ხმებითა და სახეებით არის სავსე, რომელთა მიყურადებისა და დანახვის გარეშე გაღარიბდებოდა სიცოცხლე. ამიტომაც მწერალი მოთხრობებში უხვად ხატავს ბავშვობის დროინდელ შთაბეჭდილებებს, ბებიის მონაყოლი ჯადოსნური ზღაპრებივით მიმზიდველს და ამდიდრებს თანამედროვე ადამიანის იდუმალებისაგან დაცლილ  ყოფას: „რა ლამაზ სამყაროს მიქმნიდა თავისი შეგონებებით: რა ლამაზები იყვნენ ქონიანი კატები, ცხრაბეწვა, კბილებდაკრეჭილი თავგლეჯელები, ქაჯები, ეშმაკები, ალები, ბოლოქანქარასავით მოსიარულე, თვით ყინულის ლოლუასავით გაცივებული ქალებიც კი… რა ლამაზი იყო ოცდათორმეტი თეთრი ბურჯი, მათ შორის მომწყვდეული ჩვენი უსაშინლესი მტრით“ („ბებიის შეგონებანი“). მისთვის ყოველივე არსებული მნიშვნელოვანია, ამიტომაც ხედავს და ხატავს სხვათათვის შეუმჩნეველს, თანაც, დიდი სიყვარულით. ის სიცოცხლისთვის მლოცველია. მის ნაამბობში, ცხოვრების ავკარგზე ფიქრთა ჩვეულებრივ მდინარებაში, უთუოდ გაკრთება ხოლმე მოულოდნელი და უცნაური, რაც მკითხველს ტკბილ-მწარე სევდას აღუძრავს. მის თხრობაში იშლება საზღვარი შინაგან და გარეგან სამყაროებს შორის. მას უყვარს ადამიანი და ამიტომაც გვიამბობს ადამიანური გულის საოცარ თავგადასავლებს. სიკეთე არის მისი სადა, უორნამენტო თხრობის მთავარი ძარღვი. მის მოთხრობებში, მართლაც, ბოროტება კი არ წარმოჩნდება, არამედ მხოლოდ სიკეთის მოკლება და რუსთველისეული რწმენა: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“. სიყვარულით, სინათლითა და რწმენით  სავსე მისი მოთხრობები ყოველდღიური, ყოველწამიერი ცხოვრების ფურცლებია, წარმავალსა და მარადიულს თანაბრად რომ ირეკლავენ, ამიტომ მისი თხრობა ექსპრესიულია და  შთამბეჭდავი.

მწერალი გაოცებული თვალებით შეჰყურებს სამყაროს და ამ ბავშვური გულწრფელობით მკითხველსაც ნუსხავს.  მისთვისაც, დოსტოევსკივით, მნიშვნელოვანია რწმენა, რომ სილამაზე იხსნის სამყაროს. სილამაზე მისთვისაც ღვთის ანაბეჭდია, მისი რწმენაა, ამიტომაც დაეძებს მას და ამ სილამაზეს ამჩნევს ყველგან, უპირველესად, უბრალო ადამიანთა სულში და მათი ცხოვრების დახატვით ზნეობრივ იდეალებს წარმოაჩენს, როგორც ყოფიერების აუტანელი ჭაობიდან თავდაღწევის გზებს: „კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას” (“მოხუცი მწერალი”). იგი წუხდა იმაზე, რომ “ჩვენ უკვე ნაკლებად გვჯერა სილამაზის ძალისა. ეს იმიტომ, რომ ვერ ვასწრებთ ჩავწვდეთ ნამდვილ სილამაზეს, ძალიან “დაკავებულები ვართ” რაღაც უფრო მნიშვნელოვანით” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

“მე მაინც დავწერ. არ ვიცი, ვისთვის, დიდებისთვის თუ პატარებისთვის, მაგრამ მაინც დავწერ…”, – ასეთი სიჯიუტით წარმოაჩენს წერის წყურვილს რეზო ინანიშვილი. მაინც ვის შესახებ სურს წერა? როგორც ნიკო ლორთქიფანიძე წერს “თავსაფრიანი დედაკაცის” ეპიგრაფში: “ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე… ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათებს… შემდეგ, ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე. მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე”. რეზო ინანიშვილის შემოქმედებაც სავსეა ასეთი თავსაფრიანი დედაკაცებით. ის წერს, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ ადამიანებზე, შეუმჩნეველზე იმიტომ, რომ ადამიანთა გაცვეთილი და დაბლაგვებული მზერა მხოლოდ ბრჭყვიალასა და თვალშისაცემს ამჩნევს, რეზო ინანიშვილი კი არა მხოლოდ ამჩნევს, არამედ წერს “ქალაქის განაპირა ხრიოკებში ტანჯვით მცხოვრებ ხეებზე. ადამიანთა მიერ ჩარგულ და მუდმივი ტანჯვისთვის განწირულ ხეებზე. ზედ შემომსხდარ ჩიტებზე. ნაადრევად დაცვენილ. მათ დახრუკულ ფოთლებზე. წყრომით დამავალ დიდ ჭიანჭველებზე” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). სწორედ ამგვარი ფიქრი გამოარჩევს რეზო ინანიშვილს სხვათაგან და აახლოვებს ვაჟა-ფშაველასთან.  იქნებ ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს დაჯდა და გადაწერა მთელი ორი გვერდი ვაჟას მოთხრობისა “ამოდის, ნათდება”: “მაინტერესებდა, როგორ დაიწერებოდა, როგორ მიიღებდა ჩემი სხეული ვაჟასეულ ფიქრებს და ფრაზებს. დიდი სიტკბო ვიგრძენი, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ მე მაინც ცოტა სხვანაირად დავწერდი, უფრო ნერვიულად, ალბათ” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ეს ნერვიული მანერა წერისა დამახასიათებელია მისთვის, თუმცა, ხშირად ერთ მოთხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მშვიდი და ნერვიული სტილი წერისა. მის თხრობაში ყურადღებას იქცევს, აგრეთვე, ერთგვარი, კინომონტაჟის სტილი, იმგვარი, თვითონვე რომ შენიშნავდა ჰემინგუეის ნაწერებში: “ჰემინგუეი – ჭვრეტითი, მაგრამ მტკიცე დისციპლინირებული! აღარავითარი – ძველი მთხრობელობისა. სულ იგრძნობა, რომ ქვეყნად უკვე არსებობს კინო” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მის თხრობაშიც, ასევე, შეიგრძნობა, რომ უკვე არსებობს კინო. რეზო ინანიშვილი ხომ კინოსცენარებსაც წერდა.

მის თხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მდორე და ექსპრესიული რიტმი, ერთგვარი დაღმავალი და აღმავალი ხაზები. ერთგან თვითონვე აღნიშნავდა ამის შესახებ: “თქვენ გაშფოთებთ დაღმავალი ხაზები ჩემს მოთხრობებში. მე, პირიქით, კმაყოფილი ვარ. არ არსებობს წრეზე უკეთესი სისრულე, წრე კი ორივეს შეიცავს, როგორც აღმავალ, ასევე დაღმავალ ხაზებსაც” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავენ პოეტური ნეოლოგიზმები, რომლებითაც ასე მდიდარია მისი პროზა. რეზო ინანიშვილი სწორედ ვაჟასნაირად მთლიანობაში აღიქვამს სამყაროს. ადამიანი მისთვის ბუნების  განუყოფელი ნაწილია და ამიტომაც ხატავს ხეებისა და ბალახების, ჩიტებისა და ცხოველების სატკივარს ისეთივე სიმძაფრითა და გატაცებით, როგორც ადამიანებისას: “მოხუცს მშვიდი მოფერება უნდოდა. ბალახებსაც უნდოდათ მოფერება, წახრილიყვნენ ალერსიანი ხელის მოლოდინში. მოხუციც დიდი სიამოვნებით შეუშვერდა ალერსიან ხელს, მაგრამ ასეთი ხელი არ ეგულებოდა ამ ქვეყნად” (“წვიმა”). აქ  ბალახებისა და მოხუცის სევდა თანაბარი ტკივილითაა წარმოჩენილი. მწერლისთვის ორივე მნიშვნელოვანია, ორივეს სიცოცხლე ღვთის შექმნილია, ორივეს და, მათი სახით, სიმბოლურად, მთელ სამყაროს ღვთის თვალი დასტრიალებს. მწერალი კი, როგორც შემოქმედი, როგორც უპირველესი განმახორციელებელი ღვთის ნებისა, მარადის გაგრძელდეს ქმნადობის პროცესი, ვალდებულია თვალყური ადევნოს, სიტყვით  უმფარველოს და უპატრონოს ყოველივეს, განურჩევლად იმისა, სულიერია თუ უსულო, რადგან მხატვრულ სამყაროში ხომ, მატერიალურისაგან განსხვავებით, ყოველივე სულიერდება.

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს ის, რომ, “სამყაროს პოეტური აღქმა წყაროა ტკივილებისა. სხვაზე რომ არაფერი ითქვას, მშვენიერება ხომ თვითონ შეიცავს ტკივილს, მაგრამ იგივე აღქმა წყაროა სიმტკიცისაც” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ეს შველოდა მწერალს, რომ, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ გაბოროტდა: “მამადავითის თავზე ხეების კენწეროზე წამოდებულ ნისლს შეუძლია ბევრი რამ მაპატიებინოს ბევრისთვის” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

რეზო ინანიშვილის თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს სულის ტკივილი. “რატომ მტკივა სული?”-  კითხულობს მისი ერთი პერსონაჟი, მწერლის ალტერ-ეგო  და თვითონვე ასე პასუხობს: “მეჩვენება, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს” (“ქარი ნოემბრის ტყეში”). ამიტომაც ცდილობდა თავისი მოთხრობებით შეევსო ეს ნაკლებობა სიყვარულისა. მართლაც, საოცარი სიყვარული ანათებს მის ნაწარმოებებში. სიყვარული აღგვამაღლებსო. ადამიანის სწორედ ამ გამაკეთილშობილებელ, გამამშვენიერებელ გრძნობაზეა რეზო ინანიშვილის მოთხრობა “ჩემი საწყალი სიყვარული”. მწერლობა, საზოგადოდ, ადამიანის გულში სიყვარულის, სიბრალულის, თანაგრძნობის გაღვივებას ემსახურება. მწერალი, რა საძულველ საგანსა და მოვლენაზეც უნდა წერდეს, რა ნაკლოვანებასაც უნდა ამხელდეს, მაინც მკითხველის მხარესაა. როგორც ილია წერს “კაცია-ადამიანში?!”: “მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს…”. ეს იმედი კი გულისხმობდა მკითხველის “გამოსწორებას”.

რეზო ინანიშვილს უყვარს მკითხველი და თავისი ყოველი მოთხრობით ცდილობს დაარწმუნოს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიყვარულს მოაქვს: ღვთის, მშობლების, მეგობრების, მიჯნურის, სამშობლოს სიყვარულს. ყურადღებას იქცევს სათაურში ეპითეტი საწყალი. რატომ უნდა იყოს სიყვარული საწყალი? მოთხრობის ბოლოს კი მკითხველი ხვდება, სიყვარული სიკეთეა, სინათლეა. იგი შარავანდედივით გამოაბრწყინებს ადამიანის სულს. საწყალი კი მხოლოდ იმათ თვალშია, რომელნიც  უარყოფენ თუ გაურბიან მას, თუმცა ამით პატარავდებიან, სუსტდებიან.

მოთხრობაში ორი თვალსაზრისი  დაუპირისპირა მწერალმა ერთმანეთს. მთხრობელს სოფელში ესტუმრა ქალაქელი მეგობარი, რომელიც უმტკიცებდა, რომ სიყვარულისგან გათავისუფლება იხსნიდა ადამიანს. მთხრობელი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მის ხასიათს კარგად წარმოაჩენს გალაკტიონის ცნობილი ლექსის “უსიყვარულოდ” სტრიქონთა ღიღინი: “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე…”. ჩანს იგი პოეტური, რომანტიკული სულის ადამიანია, ამიტომაც მისი ფიქრი სიყვარულზე განმტკიცებულია პოეზიით. ჩანს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი “სიყვარულო ძალსა შენსაც” კარგად იცის. მეგობართან საუბრისას წამიერად დაეჭვებული თვითონაც გაიფიქრებს: “იქნებ კაცობრიობა მართლაც უნდა გათავისუფლდეს ამ ტკბილ-მწარე ბანგისაგან, რომელსაც ხშირად მეფე მონის ყმად უქცევია, ბრძენი კი გაგიჟებულივით ურბენინებია ტყე-ველად”. თუმცა, ამ ეჭვს მალე მოიშორებს, რადგან გრძნობს, ამგვარი ფიქრი ცუდ გუნებაზე აყენებს. იგი ხედავს, რომ სიყვარულის უარყოფა ადამიანს აკნინებს, თრგუნავს, აბნელებს, ამიტომაც არის ქალაქისკენ მიმავალი ის ვაგონი უნუგეშოდ ჩაშავებული, თვითონ კი სიყვარულით სავსეა და ამიტომაც ელამაზება ირგვლივ ყველაფერი. უსიყვარულოდ კი მთელი სამყარო თითქოს ცარიელდება და იხურება ყველა კარი სიცოცხლის საიდუმლოებისა.

მწერალი წარმოაჩენს, რა სათუთი და ნაზია მთხრობელის დამოკიდებულება ბუნების მიმართ, რა სიხარული მოაქვს “სილურჯემდე მისულ ფოთლების სიმწვანეს” თუ “ნარინჯისფერ გამჭვირვალე ფოთლებს”. იმიტომ იძენს გარემო ფერებს, რომ მას აღტაცებული, სიყვარულით სავსე მზერით შესცქერის პერსონაჟი. იგი ამიტომაც თანაუგრძნობს მელას, გულსაკლავად რომ ხავის და წკმუტუნებს. მთხრობელი გრძნობს, რომ ირგვლივ ყოველივე სიყვარულს მოუცავს, სიყვარულს, რომლის დაკარგვა ბუნების შვილებსაც ისევე ამწუხრებს, როგორც ადამიანს. ამ ფონზე იხატება პერსონაჟი, სოფელს, მშობლიურ ფესვებს “ანგარიშით” მოწყვეტილი. ანგარიში გულისხმობს სიყვარულის ჩაკვლის ფასად რაღაც სხვის მოპოვებას; ეს იქნება წარმატება, სიმდიდრე, ძალაუფლება თუ სხვა რამ. მთხრობელი კი გრძნობს, რომ მას მშობლიური სოფლის სიყვარული აძლიერებს, ამიტომაც ფიქრობს, რომ აქედან არსად გაიქცევა და დარჩება “საწყალ მელებთან, ჩემს საწყალ ძეძვებთან”.

მწერალი შთამბეჭდავად ხატავს, როგორი სიყვარულით ეხუტება პერსონაჟი მიწას, რადგან ბიბლიური სამსონივით მისგან იღებს ძალას და გრძნობს, როგორ იჟღინთება “წმინდა, კეთილი, სხეულის ყოველი ნაკვთის დამამშვიდებელი, დამასვენებელი, იდუმალი, უსახელო შუქით”. ეს უსახელო შუქი სამყაროს შემოქმედი უფალია, რომელიც უჩინრად იქ არის, სადაც სიყვარულია. ეს სიყვარული კი დიდი ტანჯვიდან იბადება: “აი, ბეთჰოვენი; ჩემი ტანჯვისგან ვქმნი სხვათა სიყვარულს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

ის ყოველგვარი ტანჯვის თანამგრძნობელი იყო, თანაბარი თანალმობით აღწერდა ადამიანისა თუ ბუნების ტკივილს. ბებერ მუხას მონადირეებმა გასართობად ტყვიები დაუშინეს და ვერ ამჩნევდნენ, რომ “სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით”. მერე ეს ნაჭრილობევი ქარმა მიწით ამოავსო და “მუხის ნაჭრილობევში  მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა”. ეს საოცარი ჟრიამული სიცოცხლის ძლევამოსილებაზე მეტყველებს. გიორგი ლეონიძის დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამოსული იებიც გვახსენდება. გოგონამ მუხას ხელები შემოხვია და მიეხუტა. მონადირემ კი “უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა” (“მუხა”). ეს დუმილი გამოხატავს ღვთის წინაშე ლოცვას და ვედრებას, რომ შეუნდოს ადამიანებს სულიერი სიბრმავე და უსულგულობა.

რეზო ინანიშვილი მწერლის დანიშნულებას ადამიანთა შემწეობაში ხედავდა, ასე რომ, კარგად  ჰქონდა წარმოდგენილი რატომ, ვისთვის და რისთვის წერდა: “მწერალი უნდა წაგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ, აწყნარებდეს, მიწისკენ ეწეოდეს აღზევებულთ, აპარპაშებულთ” (“სამაგიდო რვეულებიდან”). მიხეილ ჯავახიშვილისთვისაც მთავარი ეს იყო: “მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის” (“როგორ ვმუშაობ”). სწორედ ამასვე აღნიშნავდა უილიამ ფოლკნერი თავის სიტყვაში, ნობელის პრემიის მიღებისას რომ წარმოსთქვა: “მწერლის ვალია შეეწიოს  ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, სიმამაცეს, თავგანწირვას”.

მისი აღწერილი ტანჯვა ნამდვილია. ის არასოდესაა ყალბი და პათეტიკური, მისი მრწამსი იყო: “ის ნამდვილი მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწერა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ერთმა კრიტიკოსმა თანამედროვე მწერალთა დაინტერესებას მოხუცების, ბავშვებისა და გიჟების ცხოვრებით, სპეკულაცია უწოდა, რეზო ინანიშვილი ამ აზრს ასე გამოეხმაურა: “თუ მწერლობა მიატოვებს ბავშვებს, მოხუცებსა და უმწეოებს, იგი მოსწყდება მიწას, ვითარცა ანთეოსი, და დაკარგავს თავის კეთილშობილურ ძალას” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ამიტომაც წერდა ასეთი გატაცებით ბავშვებსა და მოხუცებზე.

რეზო ინანიშვილი თავს “პროზაიკოს პოეტად” მიიჩნევდა. მისი აზრით, ასეთნი “ყოველდღიურად იტანჯებიან ერთი რამის შეგრძნებით: წუთებად და წამებად ათვლილ ჩვენს საუკუნეში ისინი ვერ მუშაობენ სტაბილურად, გეგმიანად. დადიან, დაყიალობენ და მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან სამუშაო მაგიდას, როცა მზა ლექსი, ანდა ნოველა ჩაწერასღა მოითხოვს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს მუდმივი ფიქრი წარუვალსა და მარადიულზე: “რას ვეძებ თქვენს ნაწერებში? რამდენად მაღალია მათში პოეტური სული, რომელიც ისე თრთის, თითქოსდა, სადაცაა გაიხსნება ცა და გამოჩნდება…  არაამქვეყნიური შუქი, რომლის არსებობას ყველა გრძნობს, მაგრამ კაცთა მოდგმიდან ჯერ არ დაუნახავს არავის” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მას შეეძლო არაფრისგან ამბავი შეექმნა, თანაც ფერადოვანი და შთამბეჭდავი, იმიტომ, რომ მუდმივად ბავშური ცნობისწადილი ედგა თვალებში. საიდუმლოს დაეძებდა ყოველივეში, ისევე როგორც მისი პერსონაჟი გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა: “გოგონას კიდევ ისიც შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა”…თვალებს დახუჭავდა – უუ! – მაშინ ათას უცნაურ რამეს დაინახავდა. დაინახავდა უკიდეგანო ლურჯ ოკეანეს, რომელსაც ქათქათაიალქნებიანი გემი მიაპობდა სიმღერით (იალქნები მღეროდნენ); დაინახავდა მზის სხივებით სავსე უღრან ტყეს, რომელშიც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავდნენ და ყველა თავის ხმაზე ეძახდა ერთმანეთს; დაინახავდა მაღალ, შუბის წვერებივით ალესილ მთებს, რომელთა მწვერვალებიდან მწვერვალებზე ყელმოღერებული ჯიხვები გადაქროდნენ შხივილით… გოგონა არაფერს ამბობდა; დიდი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ თუნდაც ეთქვა, რისთვისაც წავიდა ტყეში და რაც ნახა იქ, მაინც არ დაუჯერებდნენ. ის ხომ, მართლაც, ცოტა სხვანაირად ხედავდა სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო, და არ დაუჯერებდნენ.

ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია, როცა შენ რაიმე გჯერა და სხვები არ გიჯერებენ”.

რეზო ინანიშვილი გაჯერებთ სასწაულების არსებობაში, მას შეუძლია მკითხველი მიინდოს და ბოლომდე მიიყოლოს, რადგან მისი ფიქრი მუდმივად ადამიანის სულს დასტრიალებს: “კვლავ ვნახე ჩემი სანუკვარი სიზმარი – მაღალი, ნათელი, წაბლისფრად და თეთრად გაბრწყინებული თოვლიანი მწვერვალები. საიდან ქმნის ამ მწვერვალებს ჩემი სული! ისინი ხან ჩრდილოეთით დგანან (ხაშმიდან), ხან – აღმოსავლეთით  და ხანაც სამხრეთით, მშვიდნი, საოცრად ამაღლებულნი, ბედნიერნი. ხანდახან კიდევაც მივდივარ მათკენ, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვაღწევ მწვერვალამდე, მხოლოდ ერთხელ ავედი თოვლებამდე, ყინულებამდე. მერე რამდენიმე დღე სულ მესმოდა ნათელი ყინულების მსხვრევის ხმა” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მას ხიბლავს გამორჩეული, სხვა “დამღის ღვთის შვილები”, რომლებიც, ხშირად ეწირებიან მაღალ იდეალებს, მაგალითად, თავადი ვიტგენშტეინი მოთხრობაში “ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე” და აშფოთებს თანამედროვეთა უსულგულო, გულგრილი დამოკიდებულება ყოველივე ამაღლებულის მიმართ. ამიტომაც წერდა: “აი, ყველაზე  მკვეთრად რა უნდა ჩავუნერგოთ პატარას: ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, -სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობა საოცრად მგრძნობიარეა. ის აღტაცებული შესცქერის სიცოცხლეს და აღწერს მის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, ამიტომაც აღელვებს მკითხველს მისი ნაწერები, უბრალო, ადამიანური განცდები. მას ახარებდა, რომ “დედამიწა კვლავ ცოცხლობდა თავისი მრავალფეროვანი ჟრიამულით” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მასაც, თავისი პერსონაჟივით, როგორც სანუკვარი მუსიკა, ისე შეიძლება მოესმინა “ნაყოფთა ცვენის კანტიკუნტი ხმები” და მერე აღეწერა ეს ყოველივე მშვიდი, საოცრად სევდიანი რიტმით”. “შენ ოღონდ ყური მიუგდე და დააკვირდი!  ჭრიჭინებენ ჭრიჭინები, მირბი-მორბიან მსხვილ-მსხვილი ჭიანჭველები, დაფარფატებენ ფრთახატულა პეპლები, ბზუიან ფუტკრები… რაღაც ზეიმია, რაღაც ზეაღმტაცი თავისუფლება, სიმსუბუქე. ასე გგონია – დაიქნევ ხელებს და აფრინდები” (“წვიმასა და მზეში”).

ის თავისი მოთხრობის “სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე” მეზღაპრეს ჰგავს: “საღამოს… გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეჰკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავ-თავიანთ ამბებს. მოხუცს კიდევ – გადაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალ მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ – ზღაპრებს” (“სად ცხოვრობს მეზღაპრე”).  ამიტომაც არის, რომ ეს მოთხრობები შორეული, თეთრი ლამაზი მწვერვალებივით გიზიდავენ და გაოცნებებენ.

მისი მოთხრობების კითხვისას მკითხველს არ ტოვებს განცდა, რომ “ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია” (იოანე.1,5)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი