ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„მუსიკა სიხარულის თანამგზავრი და მწუხარების მკურნალია“

ჰოლანდიის ხელოვნების „ოქროს“ ხანა

XVII საუკუნის ჰოლანდიის ხელოვნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ურთიერთდამოკიდებულება მუსიკასა და ფერწერას შორის. მკვლევართა მტკიცებულებით ამ საუკუნეში შექმნილ ტილოთა დიდი ნაწილი მუსიკალურ თემას ეძღვნება.

იმ დროისათვის ნიდერლანდებში მუსიკა ცხოვრების არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მუსიკას გაიგონებდით ყველგან: დღესასწაულებსა და ოფიციალურ ღონისძიებებზე, ლუდხანებსა თუ სამეფო სასახლეებში, ეკლესიებში, საცეკვაო დარბაზებსა და საცხოვრებელ სახლებში. ადვილი მისახვედრია, რომ მუსიკა გართობებს შორისაც ერთ-ერთი წამყვანი იყო. ის ადამიანებს სევდას უქარწყლებდა და არსებობას უფერადებდა.

განსაკუთრებით გავრცელებული იყო საოჯახო კონცერტები. მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ერთ ან რამდენიმე საკრავზე უკრავდა, მუსიკას აჟღერებდნენ ოჯახურ წრეებში და მეგობრებთან.

საშუალო ფენის ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის სწავლება გავრცელებული პრაქტიკა იყო. საოჯახო კონცერტების დროს ტრადიციული სიმღერების ენთუზიაზმით მომღერალ ბავშვებს მონეტებითა და ტკბილეულით გულუხვად ასაჩუქრებდნენ.

ბევრ ქალაქში არსებობდა, ეგრეთ წოდებული, მუსიკალური კოლეგია. შეძლებული მოქალაქეებისგან შემდგარი სამოყვარულო ანსამბლები პრაქტიკაში „სერიოზულ მუსიკას“ – იტალიურ მადრიგალებს ან ლათინურ მოტეტებს ნერგავდნენ. მუსიკალური კოლეგია თავყრილობებს ანსამბლის რომელიმე წევრის სახლში ან ქალაქის მიერ გამოყოფილ დარბაზში მართავდა და პროფესიონალ მუსიკოსთა ხელმძღვანელობით საკვანძო საკითხებს წყვეტდა.

შეძლებულ ჰოლანდიელებს არა მხოლოდ იტალიაში ან საფრანგეთში დამზადებული საუკეთესო საკრავების შეძენა შეეძლოთ, არამედ შეკვეთით დამზადებული საკრავის მოპოვებაც. საკრავის ზომა და დეკორაცია შემკვეთის გემოვნებას  შეესატყვისებოდა. სასურველი საკრავის მოსართავად იყენებდნენ სპილოს ძვალს, აბანოზის ხეს, სადაფს, ოქროს. ძვირფას შენაძენს აფორმებდნენ ნატიფი ორნამენტებით, სადაც პეიზაჟური და ჟანრული სცენები დომინირებდა.

ჰოლანდიელი მხატვრების რამდენიმე ტილოზე გამოსახულია საკრავი ვირჯინალი (XVII-XVIII საუკუნეებში ნიდერლანდებსა და ინგლისში პოპულარული კლავესინის სახესხვაობა), რომლის სახურავზე ლათინური წარწერა გვამცნობდა: „მუსიკა სიხარულის თანამგზავრია და მწუხარების მკურნალი“ ან ასეთი წარწერა: „მუსიკა მანუგეშებელია შრომის დროს“, „მუსიკა კურნავს მელანქოლიისგან და ამშვიდებს მწუხარებისას“.

საკრავი გაიგივებული იყო სუფთა სიყვარულთან, ოჯახურ ჰარმონიასთან.

 

სტატუსი

მუსიკალური ტალანტისა და ძვირფასი საკრავების მფლობელები, ერთი მხრივ, პრესტიჟული სტატუსით სარგებლობდნენ და სოციალურ ყოფაში მათი როლი საკმაოდ მაღალი იყო; მეორე მხრივ, წარჩინებული, მაგრამ დილეტანტი შემსრულებლის ვირტუოზულად დაკვრა ან სიმღერა მიუღებლად მიიჩნეოდა, რადგან საზოგადოებას ის პროფესიონალ შემსრულებლად არ ჩაეთვალა. იმისათვის, რომ მდიდარ დილეტანტსა და პროფესიონალ შემსრულებლებს შორის განსხვავება მკაფიოდ გამოხატულიყო, პროფესიით მუსიკოსებს განსაკუთრებული – კაშკაშა, მკვეთრი ფერის სამოსი უნდა ეტარებინათ.

XVII საუკუნის ნიდერლანდებში გოგონები და ქალები თავიანთ ძლიერ ნახევრებს მუსიკალურ გართობებში არ ჩამორჩებოდნენ. ქალის ერთ-ერთ ინტელექტუალურ ღირსებად შეფასებული, დაკვრისა და სიმღერის ცოდნა, იმ დროს, ყოველნაირად წახალისებული იყო. პოეტურად განმარტოებული ქალბატონი მუსიკის დაკვრის პროცესში არაერთ ტილოზეა გამოსახული.

„ვირჯინალთან მჯდომი გოგონა“

ფლირტი

სხვათა შორის, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა და სიმღერა ასევე შესანიშნავი საბაბი იყო ფლირტისთვის. იმ შორეულ წლებში გაუთხოვარ გოგონებსა და დაუოჯახებელ ყმაწვილებს განმარტოებით დარჩენის უფლება იშვიათად თუ ეძლეოდათ. სწორედ მუსიკის დაკვრისა თუ მოსმენის პროცესი იყო ამის იშვიათი ბედნიერი შესაძლებლობა. ადვილი წარმოსადგენია მუსიკალური განმარტოების საათები შეყვარებულთა მიერ რა აქტიურად იქნებოდა გამოყენებული. ყოველივე ეს კარგად იკითხება ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებში. ბევრია ორაზროვანი შინაარსის ნახატი, ამიტომ ყოველთვის თვალსაჩინო არ არის, რა სახის დამოკიდებულება აკავშირებდათ გმირებს: მუსიკის გაკვეთილი, რომანტიკული პაემანი თუ ორივე ერთად.

ვინაიდან ვიოლინო ფორმით ქალის აღნაგობას მოგვაგონებს, მისი გამოსახულება მიგვანიშნებს ნახატზე გამოსახულ პერსონაჟებს შორის ეროტიკულ დამოკიდებულებაზე. ვიოლინო აგრეთვე საცეკვაო მუსიკასთან ასოცირდებოდა, ცეკვა კი, მოგეხსნებათ, ბუნებით ეროტიკული არსისაა.

იან ვერმეერი

ნიდერლანდელი ფერმწერი იან ვერმეერი (1632-1675) „ჰოლანდიის ოქროს ხანის“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ნამდვილი მარგალიტი გახლდათ. მან მხოლოდ 43 წელი იცხოვრა. ცოტა რამის დახატვა მოასწრო.. გარდაიცვალა უცნაურ გარემოებაში. აღიარეს მოგვიანებით – ორი საუკუნის შემდეგ. ასეც ხდება, XIX საუკუნის შუა წლებამდე დიდი მხატვრის ნამუშევრები რიგით კერძო კოლექციებში იმტვერებოდა. ვერმეერის ხელახალი შეფასება მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. ხელოვნებათმცოდნეები არ გამორიცხავენ იან ვერმეერის 66 ტილოს არსებობის შესაძლებლობას.

მრავალშვილიანი ღატაკი მხატვარი
იან ვერმეერის მეუღლე კატარინას ბევრი ორსულობიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 15 შვილი შერჩა – ახალშობილები ხანდახან იღუპებოდნენ.

პროტესტანტულ ოჯახში დაბადებულ ვერმეერს ხისტი და შეუვალი სასიდედრო ქალიშვილთან ქორწინების უფლებას იმ შემთხვევაში აძლევდა, თუ ის კათოლიკობას მიიღებდა და ახალშექმნილი ოჯახი მასთან დასახლდებოდა. მხატვარი სიდედრის მკაცრმა ხასიათმა მთელი ცხოვრება გასტანჯა. გარდა ამისა, მომთხოვნ ქალბატონს ვერმეერის დაბალი შემოსავალი არ აკმაყოფილებდა, განსაკუთრებით მისი შრომის „შენელებული“ სტილი (მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერმეერმა სულ 40-45 ნამუშევარი შექმნა (ნაწილი დაკარგულია), მაშინ, როცა მისი კოლეგები საარსებოდ თვეში რამდენიმე ტილოს ქმნიდნენ). ოჯახის რჩენისა და სიდედრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იანი იძულებული იყო, გაეყიდა თითქმის ყველა დარჩენილი ნამუშევარი.

1672 წლის ომმა ნახატების ბაზრის ფუნქციონირება სრულიად შეცვალა. აიკრძალა ნახატების ყიდვა-გაყიდვა და მხატვრები შეკვეთების გარეშე აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, სიღატაკის ზღვარზე მყოფ ვერმეერს კრედიტებით სარგებლობა არაერთგზის მოუწევდა.

სამი წლის შემდეგ, 1675 წელს იან ვერმეერი მოულოდნელად გარდაიცვალა. თანამედროვენი მიიჩნევდნენ, რომ სწრაფი და ადრეული გარდაცვალების მიზეზი მხატვრის ნერვული გამოფიტვა ოჯახურ პრობლემებთან და სიღატაკესთან იყო დაკავშირებული. ვერმეერის ქვრივი დედის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა და კრედიტორებისთვის ვალები დაებრუნებინა. კატარინა დღიურში წერდა: „იანის გარდაცვალების მიზეზი სირცხვილის მძაფრი განცდა იყო გაკოტრების გამო“.

სიმბოლოები და ნიშნები მხატვრის შემოქმედებაში
ვერმეერის ნამუშევრებში უდიდეს როლს თამაშობს სიმბოლოები და ნიშნები. მხატვარი მათი საშუალებით ხშირად დაშიფრულად გადმოსცემდა ბიბლიურ ალეგორიებს – ზნეობისა და სიყვარულის საკითხებს. მაგალითად, ნახატი „ქალი სასწორით“ სიცოცხლის დასასრულის, ღვთის სამსჯავროს სიმბოლოა, რომელზეც ყველა ზრახვა და საქციელი იქნება „აწონილი“.
საყურადღებოა, რომ იან ვერმეერის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მუსიკას უკავია. მას ყველაზე ცოტა 12 ნახატი აქვს შექმნილი, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური საკრავია გამოსახული, ან რომელთა გმირებიც მუსიკას უკრავენ.

დღეისთვის მხატვრის ოცდათოთხმეტი ნამუშევარია ცნობილი და კიდევ სამი ტილო, რომელსაც ვერმეერს მიაწერენ: „ვირჯინალთან მჯდომი გოგონა“, „წმ. პრაქსედა“ და „გოგონა ფლეიტით“.


„გოგონა ფლეიტით“


ვერმეერის ნახატი „კონცერტი“ ბოსტონის მუზეუმიდან 1990 წელს იქნა მოპარული. სამწუხაროა, რომ მისი ბედი დღემდე გაურკვეველია.

ვერმეერის გამორჩეული ტილო „მუსიკის გაკვეთილია“ – ოსტატის, რომლის სინათლით გამსჭვალული ფერწერა თვით მუსიკაა. ვერმეერთან სინათლე და ჰაერი მატერიალურია, ხოლო „სრულყოფილი ფუნჯით“ შესრულებული ადამიანები და საგნები ერთნაირადაა გასულიერებული. გეომეტრიულმა რაციონალურობამ და ნახატების აგებულების სიაშკარავემ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გააოცა XX საუკუნის მოდერნისტები, რომლებმაც იან ვერმეერი „მცირე ჰოლანდიელებიდან“ ყველაზე უდიდეს, აბსტრაქციონიზმის მამად აღიარეს.

ვერმეერის შემოქმედებას ჭადრაკის თამაშს ადარებენ, რომელშიც წესების ზუსტი მიმდევრობა თავისუფალ იმპროვიზაციასთან არის გადახლართული, ხოლო ზედმიწევნით გააზრებული კომპოზიციები – ვირტუოზულ-იუველირულ ტექნიკასთან.

ტილოების იდეალურ სივრცეს ვერმეერი რეალური საგნებიდან და პერსონაჟებიდან აგებს. ფუნჯის გაბედული მოსმით მოქსოვილი ეს სამყარო თავისი ცხოვრებით სუნთქავს, სინათლის სარკმლიდან მუსიკის ნაკადი ჟღერს და ადამიანების სახესა და ხელებს გარს ევლება.

ვერმეერი სინათლესთან მუშაობის უბადლო ოსტატად არის მიჩნეული. მის მსგავსად სინათლისა და ჩრდილის სინატიფის გადმოცემა ვერასდროს ვერავინ შეძლო. უცნობია, როგორი ტექნიკური აღჭურვილობითა და „უნიკალური“ საღებავებით აღწევდა ყოველივეს „სინათლის გენიად“ წოდებული მხატვარი.
P.S. მოგეხსენებათ, იან ვერმეერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გოგონა მარგალიტის საყურით“. ტილო ჰააგის მუზეუმის საკუთრებაა (ნახატის გასტროლები იაპონიასა და აშშ-ში წლების განმავლობაში გრძელდება).

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი