პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კითხვები სასწავლო წლის დასაწყისში

სულ ცოტა დრო რჩება სექტემბრის იმ დღემდე, როცა შვილებს ტანისამოსს გავუწიკწიკებთ, თაიგულებს დავაჭერინებთ, ჩანთებს ავკიდებთ, სკოლაში გავყვებით და სოციალურ ქსელებს მათი ბედნიერი ფოტოებით ავაჭრელებთ.

მთელი სასწავლო წელი მის პირველ დღეს რომ ჰგავდეს, ბავშვებისთვისაც ბედნიერება იქნებოდა და მშობლებისთვისაც, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში პირიქითაა. როგორც კი გაკვეთილების ცხრილი და სხვა წვრილმან-მსხვილმანი დალაგდება, სწავლა-სწავლების პროცესი რუტინად იქცევა და დაიწყება: სკოლაში – „გამოდი დაფასთან!“ სახლში – „აბა, გაკვეთილები ჩამაბარე“ და „მითხარი, რა მიიღე!“

მანამდე კი სკოლის ეზოში შეკრებილ მრავალფეროვან საზოგადოებას მიკროფონმომარჯვებული დირექტორი სიტყვით მიმართავს, პირველკლასელებს გზას დაულოცავს. ყველაზე ყოჩაღი და გამბედავი მოსწავლეები ლექსებსაც იტყვიან, სიმბოლურად ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარიც დაირეკება და მშობლებიც დაუბრუნდებიან ოჯახებს და სამსახურებს.

ეს – ჩვენს სინამდვილეში, თორემ სწავლის დაწყების დღე და კვირა სწორედ ის დროა, როცა სკოლამ და მშობლებმა პირველი კომუნიკაცია უნდა დაამყარონ. ორმხრივი პოზიტიური ურთიერთობის სწორად დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

საუკეთესო შემთხვევაში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ უნდა უზრუნველყოს კლასების მიხედვით მშობლებთან შეხვედრები, რომლებზეც მათ გააცნობენ ცალკეული საგნების მასწავლებლებს. პედაგოგები წარადგენენ სასწავლო პროგრამებს, განიხილავენ შეფასების ინსტრუმენტებს, გააცნობენ მშობლებს წლის განმავლობაში მისაღწევ მიზნებს. დამრიგებელი ისაუბრებს დისციპლინურ ნორმებზე, სკოლის მიზნებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, მოსალოდნელ შედეგებზე. აქვე მოხდება კომუნიკაციის რეგულარული გრაფიკის წარდგენაც, რათა ყოველმა მშობელმა, დასაქმებულმა თუ უმუშევარმა, წინასწარ იცოდეს, როდის არის სასურველი პედაგოგებთან შეხვედრა და გასაუბრება. როგორ ურჩევნია, დაუკავშირდეს ამა თუ იმ მასწავლებელს და ა.შ.

ასეთი შეხვედრების შედეგად მშობლები მეტად მობილიზებულები ხდებიან, მეტად  მონდომებულები, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებაში. ამგვარი აქტივობები მათ იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რომ სკოლის თანასწორუფლებიანი პარტნიორები არიან და ნათლად დაანახებს, რა მიზანი დგას თითოეული ნაბიჯის უკან.

თუ სკოლას მსგავსი არაფერი დაუგეგმავს, მშობელს კითხვების დასმის უფლება მაინც აქვს.

რა შეიძლება აინტერესებდეს მას სასწავლო წლის დასაწყისში?

მაგალითად:

  • სასწავლო პროგრამების შინაარსი; რამდენად ადვილი ან რთული პროგრამა ელით მათ შვილებს ამა თუ იმ საგანში;
  • სწავლება აზროვნებაზეა ორიენტირებული თუ ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებაზე;
  • ექნებათ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალებები;
  • დაეხმარონ თუ არა შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში და როგორ დაეხმარონ;
  • უთანხმებენ თუ არა მასწავლებლები ერთმანეთს, ვინ რამდენი დავალება მისცეს მოსწავლეს შინ შესასრულებლად.
  • რა სისტემით წერს მასწავლებელი შეფასებას, როგორია შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები, რა ფასდება ყველაზე მეტად;
  • იყენებს თუ არა მასწავლებელი ტრადიციულთან ერთად სწავლების თანამედროვე, ორიგინალურ მეთოდებსაც;
  • რა პერიოდულობით და მეთოდებით ამოწმებს სკოლა მოსწავლის განათლების დონეს; ტესტირება ჩატარდება თუ ზეპირი გამოცდა;
  • ექნებათ თუ არა ბავშვებს გასვლითი გაკვეთილები;
  • რა იგეგმება სასწავლო წლის განმავლობაში არაფორმალური განათლების მიმართულებით;
  • როგორ წარმოუდგენია მასწავლებელს მშობლის ჩართულობა;
  • კომუნიკაციის რა ფორმაა უფრო მოხერხებული პედაგოგისთვის – ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელი, ტელეფონი თუ პირისპირ შეხვედრა;
  • რა მეთოდებს იყენებს მასწავლებელი რთული ყოფაქცევის მოსწავლეებთან.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა პედაგოგებს გააცნონ თავიანთი ხედვა და მოლოდინები, რადგან ყველა მშობელს საკუთარი წარმოდგენა აქვს სკოლისა და სწავლების შესახებ. თუ ისინი მასწავლებელს გაუზიარებენ თავიანთ აზრს, კომუნიკაცია უფრო გულახდილი იქნება, რაც შედეგიანი თანამშრომლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მიღებული პასუხები მოსწავლეთა მშობლებს ადეკვატური მოლოდინის შექმნაში დაეხმარება და თავიდან ააცილებს გაურკვევლობით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

მშობლებისა და სკოლის წარმატებული პარტნიორობა განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემათა შემადგენელი ნაწილია. როგორც სკოლას, ასევე მშობელსაც აქვს უფლება, თავაზიანად და კორექტულად გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც კრიტიკული. მშობელი სკოლის თანაბარუფლებიანი პარტნიორია და სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ ასწავლის მის შვილს, რას ასწავლის, როგორ ასწავლის, როგორ აფასებს და რა მიზანს აღწევს ამ მეთოდებით ბავშვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი