შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობელი-მასწავლებელი – საფრთხილო კავშირი

ინტერნეტგაზეთში რამდენიმე სტატიის წაკითხვამ მაფიქრებინა, რომ ყოველი მასწავლებლის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ მშობლები. ხშირად მათთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე ზრუნვას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. რა დასამალია – მასწავლებლების დიდ ნაწილს სურს, მშობლებზე გავლენა ჰქონდეს. უმთავრესად იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი არასათანადოდ არიან ჩართულნი შვილების სწავლა-აღზრდის პროცესში. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტად შორდება მშობელი სკოლას. ეს მასწავლებლების უკმაყოფილებას იწვევს. ისინი ითხოვენ, მეტი ბერკეტი ჰქონდეთ სასკოლო ცხოვრებაში მშობლების დასაბრუნებლად.

მშობელთა მოზიდვის სურვილი იმით აიხსნება, რომ მათ მართლაც შეუძლიათ დადებითი როლის შესრულება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში და ამაზე არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევა მიუთითებს. ამ კვლევების მთავარი იდეა ასეთია: რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი შვილს განათლების მნიშვნელობაზე, მით უკეთესად აღწევს მოზარდი აზროვნების მაღალ დონეს და აკადემიურ წარმატებას.

მშობელს სწავლის ურთულეს ლაბირინთში ხელის შეწყობასთან ერთად ხელის შეშლაც შეუძლია. აქვე უნდა ითქვას, რომ ესეც კეთილი განზრახვით მოსდის. მას სურს, იამაყოს შვილის წარმატებით. აქ გასათვალისწინებელია, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მეგობრების აზრი. შესაძლოა, მან არ მოისურვოს უფროსების მიერ დადგენილი წესების დაცვა და წარმოიშვას კონფლიქტი. მშობელს კი სურს, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება შვილსაც გაუზიაროს, რათა ამ უკანასკნელმა ისწავლოს მის შეცდომებზე, ოღონდ გაუზიაროს საკუთარი შეცდომის უღიარებლად.

მშობლის ეს დიდაქტიკური სურვილი მოსწავლისთვის არცთუ ადვილი ასატანია. ის ცდილობს, გაიფართოოს დამოუკიდებლობის საზღვრები, რაც მშობელს არცთუ უსაფრთხოდ მიაჩნია და ამიტომ შვილისადმი უფრო და უფრო მეტ მზრუნველობას იჩენს.

გარდა ამისა, ხშირად მშობელი რეალურად ვერ აფასებს შვილის შესაძლებლობებს, რაც ხელს უშლის მოზარდს, განვლოს საკუთარი გზა. 

მოზარდები სრულყოფილებისკენ არიან მიდრეკილნი, ცდილობენ, შეესაბამებოდნენ განსაზღვრულ სტანდარტებს, შეუსაბამობამ კი შესაძლოა იმედგაცრუება წარმოშვას. ამის კვალობაზე, მაღალი მოლოდინი დამთრგუნველია მოზარდისთვის, რადგან ის საკუთარი შედეგებისადმი შიშით განეწყობა, ხვდება, რომ შეცდომის უფლება არ აქვს, სურს, მშობლის მოლოდინი გაამართლოს, თუმცა შიში ხელ-ფეხს უბოჭავს, არ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივი მოსინჯვის საშუალებას, ვიდრე იპოვიდეს იმ ოპტიმალურ ტემპსა თუ სტილს, რომელიც მისთვის იქნება ეფექტიანი.

საკვანძოა მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა საერთო მიზნის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები – მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ დანახული მასწავლებლის როლი.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთ სამუშაო ვერსიაში წავაწყდი ჩანაწერს, რომ „მასწავლებელი ზრუნავს მშობლებისთვის საჭირო პედაგოგიური ცოდნის მიწოდებაზე”, ასევე „მასწავლებელი ეხმარება მშობლებს მათი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებასა და რეალიზებაში”, და წარმოვიდგინე, რა აბსურდული შეიძლება გახდეს მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, ნაცვლად იმისა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ითანამშრომლონ. აქტიური და უტაქტო მასწავლებლის ხელში ეს შესაძლოა განუსაზღვრელი ძალაუფლების ასპარეზად იქცეს; თუ უტაქტობას უვიცობაც დაემატა, ურთიერთობა შესაძლოა კრახითაც დასრულდეს.

მშობლის გადაჭარბებული ჩართულობა ხშირად მისი ზედმეტი ინიციატივებითაც გამოიხატება. არა მგონია, მასწავლებელს სურდეს,  საკუთარი გეგმის მიყოლის ნაცვლად ყოველი მშობლის ინიციატივებს დაუთმოს დრო. ამდენად, ვიდრე მშობლის პედაგოგიზაციას და მისი ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტდეთ, დაფიქრდით, ვაითუ ამან სხვა პრობლემა წარმოშვას და მიზნის მიღწევის შემდეგ უკვე სასწავლო პროცესიდან მისი დისტანცირება გახდეს თქვენი მთავარი საზრუნავი.

ხშირად მასწავლებელს აღიზიანებს მშობლის უყურადღებობა და ავიწყდება, რომ შესაძლოა მას სკოლის მიღმაც უამრავი საზრუნავი ჰქონდეს. სოციალურად დაუცველ, მოწყვლად ჯგუფებში მასწავლებლები ხშირად აძლევენ შენიშვნას გამოუძინებელ ბავშვებს და მშობლებს შეახსენებენ, რომ მოზარდს ძილი სჭირდება, რომ დღის რეჟიმის დარღვევა ასუსტებს კონცენტრაციის უნარს, ნერვულ სისტემას, მაგრამ მშობლისთვის ეს პრობლემა შესაძლოა ძნელი მოსაგვარებელი აღმოჩნდეს – არის შემთხვევები, როცა ბავშვს და-ძმასთან ერთად, საერთო საწოლში სძინავს, ანდა საერთო ოთახში მშობლებთან ერთად. ასეთ პირობებში მას სამეცადინოდ განმარტოების საშუალება არ აქვს. ასეთ დროს, ნაცვლად მშობლის ჩართულობაზე ზრუნვისა, სკოლამ უმჯობესია გამონახოს გზები, რათა მოსწავლეს სამეცადინო პირობები შეუქმნას.

კატცის მოდელის მიხედვით, მასწავლებლის როლი სპეციფიკურია და სწავლებით შემოიფარგლება, ხოლო მშობლისა – უნივერსალური; მას ეხება ბავშვის განვითარების ყველა ასპექტი.

მასწავლებელი მოსწავლეთა ცხოვრებაზე განსაზღვრული ხნის განმავლობაში აგებს პასუხს, ისიც – მხოლოდ სასკოლო მოცემულობაში. მისი როლი გაცილებით ობიექტურია. ის იმდენად არ არის „მიბმული” თითოეულ ბავშვს, უფრო რაციონალურია და ინარჩუნებს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვის უნარს. მასწავლებლის როლი ყველა ბავშვზე პროფესიული ცოდნით შემოიფარგლება, მაშინ როდესაც მშობელი გამუდმებით პასუხისმგებელია საკუთარ შვილზე, მიჯაჭვულია მას და ხშირად ირაციონალურადაც ეკიდება შვილთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ცოდნა შემოფარგლულია საკუთარი შვილით.

ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ მათ არცთუ დიდი არჩევანი აქვთ სკოლასთან მიმართებით. ზოგს ჰგონია, რომ მათი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს; ზოგი სკოლას ბიუროკრატიულ დაწესებულებად მიიჩნევს; ზოგს არ სურს, სკოლა პირად ცხოვრებაში შემოუშვას; ზოგის თვალთახედვით კი სკოლა პროფესიონალთა ერთობაა, რომელმაც თავად უნდა იზრუნოს ყველაფერზე, რაც მოსწავლეს, მის სწავლა-აღზრდას შეეხება. განსხვავებული წარმოდგენების კვალობაზე, მშობლების მოლოდინიც მრავალფეროვანია.

ის, თუ როგორ წარმოუდგენია მშობელს მასწავლებელთან ურთიერთობა, განსაზღვრავს მომავალში მის როლს. მისი როლური კონსტრუქცია შესაძლოა ფოკუსირებული იყოს საკუთარ თავზე, სკოლაზე ან თანამშრომლობაზე. პირველ შემთხვევაში მშობელი იდეალური მზრუნველია, მისი ქმედება მიზნად ისახავს შვილის წარმატებას. შვილის სწავლის პროცესში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს – მისი წაქეზება-გამხნევებით, მხარდაჭერით, საჭირო ინფორმაციის დროული შეხსენებით თუ სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნით; სკოლაზე ფოკუსირებისას მშობელი მთელ პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს; მესამე შემთხვევაში კი ორივე მხარეს ეკისრება თავ-თავისი წილი პასუხისმგებლობა მოსწავლის მიღწევების კუთხით.

მასწავლებელსაც აქვს თავისი კონსტრუირებული როლი, რომელიც ასევე შეიძლება მშობელზე, სკოლაზე ან თანამშრომლობაზე იყოს ფოკუსირებული. პირველ შემთხვევაში მასწავლებელი რთავს მშობელს სასწავლო პროცესში, ცდილობს მის მაქსიმალურად მოზიდვას და მასთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ფაქტობრივად, მასწავლებელს სურს, მშობელი სწავლა-სწავლების პროცესის აქტიურ მონაწილედ აქციოს. ასე ხშირად ხდება ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამებში. სკოლაზე ორიენტირებულ მასწავლებელს სჯერა, რომ სკოლა და ოჯახი ფუნქციურად ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული. ასეთი მიდგომა ჭარბობს უფრო მაღალ საფეხურებზე და ასეთი მასწავლებლები მშობლების მაღალ ინტერესს ხშირად ხელის შემშლელადაც მიიჩნევენ. ისინი მოსწავლეზე არიან ორიენტირებულები და მისგან გაცილებით მეტს მოითხოვენ, ვიდრე მშობლისგან, რომელიც პროცესის მხოლოდ ირიბი მონაწილეა. კოოპერაციაზე/თანამშრომლობაზე ფოკუსირებული ურთიერთობა უკანასკნელი საგანმანათლებლო მიდგომების გამოძახილია. იქ, სადაც ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები არ არის, ხდება მშობლის მუდმივი ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში კი მასწავლებელი ოჯახთან თანამშრომლობს.

სად გადის ოქროს შუალედი და რა მანძილი უნდა იყოს მასწავლებელსა და მშობელს შორის?

მასწავლებლის სანიშნი

Øმოუსმინეთ მშობელს, გაარკვიეთ, რა აწუხებს მას

.

Øხშირად გაუზიარეთ ინფორმაცია, მიაწოდეთ ანგარიში, შეფასებები შვილის პროგრესის შესახებ, გაუზიარეთ მომავლის გეგმები, სიახლეები, რომლებიც სასწავლო პროცესს, სკოლას და განათლების პოლიტიკას ეხება.

Øეცადეთ, მიწოდებული ინფორმაცია – სულერთია, წერილობითი თუ ზეპირი – იყოს გასაგები, მკაფიო. კარგი იქნება, თუ კრებაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ დაუგზავნით ელფოსტის მეშვეობით ან მოსწავლეების ხელით. ამ შემთხვევაში კრებაზე გარემო გაცილებით კონსტრუქციული იქნება.

Øმშობელმა შვილის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. თუ საქმე არც ისე კარგად არის, დროულად დაურეკეთ, მისწერეთ, შეატყობინეთ. თუ პრობლემა ადვილად მოგვარდა, მით უკეთესი; თუ გაჭიანურდა და გამძაფრდა, მშობლების ჩართულობა მრავალ სირთულეს აგაცილებთ თავიდან.

Øთუ მშობელს თქვენი ნახვა სურს, ნუ გადადებთ შეხვედრას – შესაძლოა, მან ისეთი რამ გაცნობოთ, რაც ვითარების გაუარესებას გადაგარჩენთ.

Øხშირად მშობლები ითხოვენ მათ შვილებთან ინდივიდუალურ მუშაობას, რადგან ეს ჰგონიათ სწავლასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარების გზა. თქვენი მოვალეობაა, გააცნოთ სხვა გზები, რომლებიც უეკთეს შედეგს გამოიღებს.
Øეცედეთ, მეტი შეიტყოთ თითოეული ოჯახის კულტურულ თავისებურებებზე. ეს დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისადმი სპეციფიკური მიდგომების შემუშავებაში.

Øროდესაც მშობელს შვილზე ესაუბრებით, ეცადეთ, საუბარი სხვების თანდასწრებით არ გაიმართოს. ჯერ მოსწავლის ძლიერი მხარეები აღნიშნეთ და მერეღა გადადით პრობლემებზე. იყავით ტაქტიანი და გულღია. მშობლისთვის მნიშვნელოვანია, მის შვილს განიხილავდეთ როგორც ინდივიდს და სხვებს არ ადარებდეთ.
მშობლის სანიშნი

Øმასწავლებელის პატივისცემა, მისი პროფესიის დაფასება, გაცნობიერება, რამდენ მოსწავლესთან აქვს მას კავშირი – უმთავრესია.

Øთუ მშობელს ნამდვილად სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს სკოლაში, მასწავლებლისადმი პატივისცემა მხოლოდ პირადად მასთან საუბრისას კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ შვილთან საუბრის დროსაც. მასწავლებლის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შვილის თანდასწრებით მოსწავლის მოტივაციას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

Øმასწავლებელი მშობლის მხარესაა, რადგან მასაც ძალიან უნდა, მის მოსწავლეებს ჰქონდეთ პროგრესი. მასწავლებელი ცდილობს, დროულად მოაგვაროს პრობლემები, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის უპირველეს მოვალეობას – სწავლებას.

Øმშობელი უნდა ენდოს მასწავლებლის უკუკავშირს. თუ მის კომენტარებში აღწერილი ბავშვის ამოცნობა გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ მოსწავლეები არცთუ იშვიათად სხვადასხვანაირად იქცევიან სკოლასა და სახლში, რადგან სასკოლო და ოჯახური გარემო ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. სხვადასხვა გარემოში ისინი ხშირად სხვადასხვა წესებს მისდევენ.

Øთუ მშობელი შვილის წარმატებით უკმაყოფილოა, ამის გამო ყოველთვის მასწავლებელს არ უნდა მოსთხოვოს პასუხი. ყურადღებით წაიკითხეთ მასწავლებლის ანგარიშები, მისი განმავითარებელი შეფასებები, გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე და გაარკვიეთ, რა უჭირს მას ყველაზე მეტად, იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს.

Øგააცნობიერეთ, რომ სკოლაში ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვერ წარიმართება. განათლება გუნდური მუშაობაა. მზად იყავით უკან დასახევად. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენ გინდათ, ყოველთვის საუკეთესო არ არის თქვენი შვილისთვის (ამის მაგალითია ინდივიდუალური გაკვეთილები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას).

Øსკოლის პერსონალთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოსწავლე წლებს ატარებს.

Øთუ მასწავლებლის ნახვა გსურთ, უმჯობესია, ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოთ, უთხრათ, რაზე აპირებთ მასთან საუბარს. ამით ხაზს გაუსვამთ მისდამი პატივისცემას და მისცემთ დროს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.

Øთუ რამე გაწუხებთ, მასწავლებლის გვერდის ავლით ადმინისტრაციას ნუ მიმართავთ – ჯერ მასწავლებელთან ერთად სცადეთ პრობლემის მოგვარება.

Øშვილთან ურთიერთობით ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში. ეს საუკეთესო გზაა, ესაუბროთ შვილს, გქონდეთ მასთან ნდობით აღსავსე დამოკიდებულება. ადრეულ ასაკში შეუმოწმეთ დავალებები, ესაუბრეთ ქცევით პრობლემებზე, იარეთ მშობელთა კრებებზე, დაეხმარეთ დროის ორგანიზებაში.

Øთუ მზად ხართ, შვილს დავალებების შესრულებაში დაეხმაროთ, მოეთათბირეთ მასწავლებელს – ზოგჯერ ეს არ ეთანხმება სწავლების მისეულ მეთოდს, ასევე ხელს უშლის მოსწავლეს, მეტად დამოუკიდებელი გახდეს.

Øრაიმე ინტერესის გასატარებლად იპოვეთ თანამოაზრე მშობლები – ამის წყალობით თქვენს წინადადებას უფრო ადვილად გაითვალისწინებენ.
მშობლის ინტერესი მხოლოდ ნიშნების მიმართ არ არის მართებული. მან უნდა გაარკვიოს: 

Øრა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის შვილს;
Øსვამს თუ არა კითხვებს და პასუხობს თუ არა კითხვებს გაკვეთილზე, ერთვება თუ არა სხვადასხვა აქტივობაში;
Øკმაყოფილია თუ არა, ანდა კარგად ეგუება თუ არა სკოლას, ხომ არ სჭირდება დახმარება;
Øროგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან, ხომ არ ჩაგრავენ ან თავად ხომ არ ჩაგრავს ვინმეს;
Øრამე ცვლილება ხომ არ შეინიშნება მის ქცევაში, რის გამოც თადარიგის დაჭერა ჯობს;
Øსწავლობს თუ არა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში;
Øადვილად ასრულებს თუ არა ტესტებს;
Øრა საკითხებს ან საგნებს იწყებს, რით ჯობს ხელშეწყობა შინიდან;
Øესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის;
Øრით შეიძლება შეუწყოთ ხელი მის პროგრესს.
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც შეუძლია, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. დაბოლოს, მათ შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ პედაგოგი ყოველგვარი სირთულის გამო მშობელს არ მიმართავს, მისდაიმ უფრო მეტ ნდობას გრძნობს. მოსწავლე რწმუნდება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას არავინ ეცდება, რომ საკუთარ საქციელზე, საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე თვითონვეა პასუხისმგებელი. ეს ხელს უწყობს მისი პასუხისმგებლობის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაზო სკოლის ბოლო წლებში და საშუალო სკოლაში, ანუ იმ ასაკში, როდესაც მოსწავლეს თანდათან უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი