პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მკითხველის ფაქტორი

ერთხელ მაინც თუ გიცდიათ საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანა და გაზიარება, აუცილებლად დაინტერესდებოდით, რას ფიქრობენ თქვენს ნაშრომზე ადამიანები, რომლებმაც მის წაკითხვას გარკვეული დრო დაუთმეს. თავად მწერალიც ხომ მკითხველია და ცხადად ხედავს ,,კარგ მთქმელსა“ და ,,კარგ გამგონეს“ შორის გაბმულ უხილავ ძაფს. ამას გარდა, იგი თავისი ნამუშევრის პირველშემფასებელიცაა, მაგრამ მხოლოდ ერთი, მის მიერვე შექმნილი რეალობის ამოკითხვა შეუძლია. თუ დიალოგი შედგა, ყოველი ახალი მკითხველი მის სამყაროს ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს.

დღეს მკითხველის მოზიდვა გაცილებით ადვილია. ავტორთან პირისპირ შეხვედრის დროს ან სოციალური ქსელების დახმარებით, ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების ღიად დაფიქსირება. ეს მომხიბლველი შესაძლებლობა არაერთ მკითხველს იზიდავს, მწერალს კი მისი ინტერესებისა და  დამოკიდებულებების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებას უადვილებს.

ვფიქრობ, შეუძლებელია მკითხველის ცნების რომელიმე ერთი შეხედულების ჩარჩოში მოქცევა. მას შეუძლია შუიდან წაგიკითხოს, თუ შენი დასაწყისი ზედმეტად გაწელილი მოეჩვენება, ან შეგამოკლოს – არასასურველ მონაკვეთებს წვიმის გუბეებივით გადაახტეს, მაგრამ ის შრომა, რაც კვანძის გახსნისთვის გასწიე, სათანადოდ დაგიფასოს. მას უფლება აქვს, მიგატოვოს, თუ რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგაც არ შეწყვეტ სიტყვების ფუჭად ღეჭვას და რულმორეულ აუდიტორიას ერთხელაც ვერ შეაჯანჯღარებ. მკითხველს უფლება აქვს, გაუფრთხილებლად გესტუმროს, შენი სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოიაროს, შენი ნივთები გადააადგილოს… მოკლედ რომ ვთქვათ, მასპინძელსა და სტუმარს შორის არსებული ზღვარი უნდა წაიშალოს, მეტიც, მკითხველს მწერლის სამყაროში მოხვედრისას შინ დაბრუნების განცდა უნდა დაეუფლოს.

ჩემი აზრით, სავარაუდო მკითხველის ინტერესების გათვალისწინება პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია. უცნობი აუდიტორიისთვის აქტუალური სასაუბრო თემის შერჩევა არც თუ ისე იოლი საქმეა. მწერალს მსმენელის როლის მორგება და მიმდინარე პროცესებზე ხანგრძლივად დაკვირვება შეიძლება დასჭირდეს. შემდეგ სასაუბრო თემას და მკითხველს სათანადო ლექსიკა და თხრობის მანერა უნდა მოარგოს, დაადგინოს დისკუსიის საზღვრები, შეარჩიოს დამხმარე თემები სამსჯელო საკითხის რაც შეიძლება მეტი პოზიციიდან გასაშუქებლად და ა.შ.

მკითხველმა პირველივე აბზაცში უნდა ამოიკითხოს მწერლის მიზანი და შეიქმნას სწორი მოლოდინი. თუ ჩვენი საკვლევი საკითხი გარკვეული ინფორმაციის დამუშავებას მოითხოვს, აუცილებლად გადამოწმებულ წყაროებს უნდა დავეყრდნოთ. ამას გარდა, ჩვენ მიერ გამოყენებული მასალები პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს სასაუბრო თემას, განმარტავდეს მას და მსჯელობას უფრო მრავალფეროვანს და დამაჯერებელს ხდიდეს. მთავარი თემისგან გადახვევა კი პოტენციურ გულშემატკივარს ყურადღებას გაუფანტავს.

მკითხველის ინფორმირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მაინც არ გახლავთ საკმარისი. ნაშრომის ლაკონურობაზე, აზრების თანმიმდევრულობასა და სიცხადეზე აღარ შევჩერდები, არც მიღებული ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების სიკეთეებზე ვიმსჯელებ, რადგან დღეს სკოლის ყველა გაკვეთილი სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით იგეგმება. აქედან გამომდინარე, ჩემს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ წაკითხულის გათავისება სიღრმისეული კითხვის თანამდევი პროცესი და წარმატების ძირითადი ფორმულაა. რაც შეეხება თხრობის ინტონაციას, მკითხველთა უმრავლესობას სტრიქონს მიღმა გულისხმიერი თანამოსაუბრის აღმოჩენა ახარებს და მისგან უკმეხ, ქედმაღლურ საუბარს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ძნელად თუ აიტანს. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ მკითხველს შეუძლია წიგნის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა და მისთვის უკვდავების მინიჭება.

ყველა მწერალს ჰყავს თავისი აუდიტორია და წიგნებში მას ხშირად მიმართავს. ამგვარი მიმართვების წყალობით მათი მონოლოგი დიალოგის სახეს იძენს. სავარაუდო მსმენელის პოზიციის გახმოვანებისა და მწერალსა და მკითხველს შორის არსებული უფსკრულის ამოვსების ამ მრავალგზის ნაცადი ხერხისთვის არაერთ სახელგანთქმულ მწერალს მიუმართავს. ზოგი მათგანი კი მკითხველს წიგნში განვითარებული მოვლენების შეცვლისა და სასურველი დასასრულის არჩევის უფლებასაც აძლევს. მიხაილ ენდე ,,დაუსრულებელ ამბავს“ გზააბნეული, მაგრამ თავდაუზოგავი მკითხველის დახმარებით თხზავს. მწერლის ფანტაზიაში მოგზაურობა ვუდი ალენის მკითხველებსაც შეუძლიათ. ,,პატარა პრინცის“ ავტორი თავის აუდიტორიად, ე.წ. დიდ ბავშვებს მოიაზრებს. მილორად პავიჩის თქმით, მისი რომანი ,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ მკითხველთა მომავლის განსაჭვრეტად დაიწერა. ილია ჭავაჭავაძე კი თავის ,,კაცია ადამიანში“ თავშესაქცევი ამბებით განებივრებულ, იმედგაცრუებულ მკითხველს მახინჯ სიმართლეს აჩეჩებს ხელში…

სავარაუდო აუდიტორიის განსაზღვრისთვის ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით შედგენილი კითხვარი შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  1. რას ეძებს მკითხველი?
  2. რას ელის იგი ჩემგან/ჩემი ნაშრომისგან?
  3. რა მაქვს მისთვის სათქმელი, ანუ რისი წაღება შეუძლია ჩემგან?
  4. რა მიზანი აქვს ჩემს კალამს, ანუ რის გაკეთებას მოვითხოვ მკითხველისგან?
  5. რა იცის მკითხველმა ჩემ მიერ შერჩეული თემის შესახებ? გავრცელებულია თუ არა საზოგადოებაში რაიმე სახის სტერეოტიპი ან ცრუ ინფორმაცია საკვლევ თემასთან დაკავშირებით?
  6. როგორ გავაკვირვო, ავაღელვო, გავაბრაზო, გავახარო… ანუ როგორ გამოვიწვიო მძაფრი ემოცია?
  7. ტრიბუნიდან ვესაუბრო, თუ მრგვალ მაგიდასთან სადისკუსიოდ მოვიწვიო?
  8. რა ტიპის სატყუარას წამოეგება? – ეფექტურ სათაურს, თხრობის თავისუფალ მანერას, წიგნის დასასრულით/კულმინაციით დაწყებას, თუ რომელიმე სხვა სამწერლო ხრიკს?
  9. სხვა (გააგრძელეთ საკუთარი თავის გამოკითხვა მანამდე, სანამ ყველა საჭირო ინფორმაციას არ დასტყუებთ).

ჩემი აზრით, მსგავსი კითხვარები სასურველი მკითხველის მოზიდვას და მათი ნდობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს. თან არარსებულ ნაშრომზე ერთგვარ რეფლექსიას დავწერთ და გარკვეული განსაცდელისგან მას ჯერ კიდევ დაბადებამდე ვიხსნით.

ვთქვათ, ჩემი კვლევის საგანია მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარე სამყარო ვერ ამჩნევს და ვერც თავად პოულობს საკუთარ ადგილსა და დანიშნულებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ ამ თემაზე, თქვათ, ნოველის დაწერა მსურს, ჯერ საკუთარ თავს უნდა გავესაუბრო:

  1. ჩემი მკითხველი დაინტერესებული უნდა იყოს მარტოსულობის თემით და გაუცხოების პრობლემას იკვლევდეს.
  2. თანამედროვე მკითხველი ჩემთან ჩოხელის ,,ადამიანთა სევდის“ ან ქარჩხაძის ,,იგის“ მსგავს მარტოობას არ დაუწყებს ძებნას. მას აქამდე ხელუხლებელი ამბის აღმოჩენა სურს.
  3. ყველა ადამიანი თავის წილ მარტოობას ეზიდება. მეც, გამოგონილი ან ნამდვილი ამბის გავლით, საკუთარი მარტოობის შესახებ უნდა მოვყვე. თხრობის პროცესი ნაცნობი ტკივილის სხვის სამფლობელოში აღმოჩენას უნდა ჰგავდეს და ჩემი მკითხველის ყოველდღიურ სირთულეებს ცოტათი მაინც უნდა ამსუბუქებდეს.
  4. მკითხველისგან გაზიარებას, ემპათიას ვითხოვ, ასევე – საკუთარი თავის აღმოჩენას.
  5. მარტოსულობის პრობლემა ადამიანის შექმნის დღიდან არსებობს და განიხილება, თუმცა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. აღნიშნულ თემაზე უამრავი წიგნი დაწერილა. აქედან გამომდინარე, ჩემი მკითხველი მრავალფეროვანი ინფორმაციით იქნება აღჭურვილი.
  6. მკითხველში მძაფრი ემოციის გამოწვევა ყურადღების მიპყრობის გავრცელებული, თუმცა საკმაოდ რთულად განსახორციელებელი მეთოდია. სათანადო ეფექტის მოხდენას დიდი ოსტატობა – მოქნილობა, მოხდენილობა, მოულოდნელობა, პირდაპირობა და ცოტაოდენი სიცელქეც კი სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მწერალი დროულად უნდა მიხვდეს, სად დასვას წერტილი და სად – სამწერტილი. ჩემ მიერ არჩეული თემის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, მკითხველში თავისთავად აღიძვრება სევდისა და იმედის ნაზავი, საკმაოდ მძაფრი ემოცია და ვფიქრობ, მისი ხელოვნურად გამოწვევა არ დამჭირდება.
  7. ამ შემთხვევაში არც ტრიბუნა გამომადგება და არც – მრგვალი მაგიდა, მე ჩემს მკითხველში უნდა ჩავსახლდე, მის ნაფეხურებში ჩავაბიჯო და მისი სიტყვებით ვისაუბრო.
  8. რაც შეეხება მკითხველის სატყუარას, ავტობიოგრაფიული პროზა, ანუ პირველ პირში მოყოლილი ისტორიები ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდა, ამიტომ, ე.წ. უნივერსალური ,,მე-ს“ შექმნას მეც შევეცდები და მკითხველს ჩემს ფანტაზიაში არეკლილი საკუთარი თავის დანახვის საშუალებას მივცემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი