შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მივიწყებული ქართველი მწერლები სკოლას

ვფიქრობ, ჩემი, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლის, რაღაცნაირი მორალური ვალია ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზე გავიხსენო ქართული მწერლობის მივიწყებული კლასიკოსები. მასწავლებლებს შევახსენო, რომ გარდა ლიტერატურის სასკოლო პროგრამებში შეტანილი ტექსტებისა, ჩვენ გვყავს საოცარი მწერლები, რომლებიც მივივიწყეთ იმის გამო, რომ სასკოლო თემატურ გეგმებსა და საუნივერსიტეტო სილაბუსებში მათ სახელებს ვერ ვხვდებით, ხოლო ახალგაზრდებს უბრალოდ გავაცნოთ, გავაფართოვოთ მათი ცნობიერება, ქართულ ლიტერატურაზე მათი წარმოდგენა გავამრავალფეროვნოთ. სულ ვჩივით სასკოლო პროგრამების გადატვირთულობაზე, მაგრამ ეს ავტორები თავიანთი უკვდავი ტექსტებით ამ პროგრამებში კი არ უნდა შევიტანოთ, მათ უნდა ვაცნობდეთ ბავშვებს მკითხველთა კლუბებში, კლასგარეშე აქტივობებში, ვახსენებდეთ მათ სარეკომენდაციო საკითხავი ლიტერატურის ნუსხებში, რომელთაც ხშირად ვადგენთ ხოლმე მასწავლებლები მშობელთა თხოვნით. ხშირად მომისმენია, რომ მსგავსი სარეკომენდაციო ლიტერატურის მითითება აბსურდია, რადგან ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა ეძიოს, რა წაიკითხოს, მაგრამ ასე არ ვფიქრობ, რადგან არიან დაბადებით მკითხველები, რომლებიც რაღაცნაირი ამოუცნობი ინტუიციით პოულობენ საკითხავ ლიტერატურას, მაგრამ ასევე არიან ამ საქმეში ახალბედა, გამოუცდელი მშობლები და ბავშვები, რომელთაც სპეციალისტის რეკომენდაციები სჭირდებათ, რათა ბულვარული მწერლობა კლასიკურისგან განასხვავონ და ღირებულ ხელოვნებას ეზიარონ. თანაც დაკვირვებული ვარ ჩემი პრაქტიკიდან, რომ ათასჯერ წაკითხულ-მოსმენილი კლასიკოსების ტექსტების გვერდით, რომელთაც თეატრებსა და კინოფილმებში გაცოცხლებულსაც ხედავენ, ბავშვებს აქვთ სურვილი კი არა, დაუცხრომელი წყურვილი, რომ გაიცნონ ახალი მწერალი, რომელიც ყოველთვის შთაბერავს სულს მათთვის ახალ სამყაროს, ახლებურად იტყვის სათქმელს და მსოფლმხედველობრივ დიაპაზონებს გაუფართოვებს. განსაკუთრებით საშურია ასეთი ავტორების გაცნობა უფროსკლასელთათვის, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ახალ ტექსტებს და ახალ ავტორებს ეძებენ, სიამოვნებით ეცნობიან, იყენებენ ლიტერატურული პარალელებისთვის, ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის, ასევე ახალი ავტორი მათ ეხმარება ეპოქის კონტექსტებისა და პარადიგმების გაცნობაში, ლიტერატურული ჟანრებისა და მიმდინარეობების თავისებურებების წვდომაში.

ეს წერილი ჭოლა ლომთათიძეზე იყოს… ჩემი ჭოლა, ჩემი ჭლექიანი ჭოლა, ცნობიერების ნაკადის სტილის ელიტარული ღატაკი, იდეური, ანთებული, თავგანწირული, დაუოკებელი, ცოტა ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური ორიენტაციის (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი), მაგრამ უსაზღვროდ მომხიბვლელი, საკვირველად თანამედროვე, რომელიც არც სკოლაში მისწავლია, არც უნივერსიტეტში, მაგრამ ასპირანტურაში მისაღები გამოცდებისთვის რომ ვემზადებოდი შორეულ 1994 წელს, მაშინ თავიდან ბოლომდე წავიკითხე… თავიდან ბოლომდე რა – სულ ერთი წიგნია ჭოლა, მეტს რას მოასწრებდა? ობლობასა და სიღატაკეში გაიზარდა, ან სულ საპყრობილეში იყო, 36 წლისა კი გარდაიცვალა, 1915 წელს… მიყვარს ჭოლა თავისი ღრმად ფსიქოლოგიური წიაღსვლებით, რიტმული პროზით, მეამბოხე სულით… მისი ორი კრებული მაქვს, ძველი და ახალი გამოცემები…

თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ასპირანტურაში მისაღებ გამოცდას რომ ვაბარებდი მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (ეს იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში), საგამოცდო ბილეთში გიორგი ლეონიძის შემოქმედებასთან ერთად შემხვდა ასეთი საკითხი: ”ჭოლა ლომთათიძის ცხოვრება და შემოქმედება”… საგამოცდო კომისიას შევეცოდე, სრულიად უცნობი მწერალია, ალბათ არც გექნებათ წაკითხული და უფლებას გაძლევთ, ბილეთი გამოცვალოთო… გამეღიმა, რა გამოცვლა? ჭოლა ჩემი ავტორია-მეთქი… გაუკვირდათ… მის ცხოვრებასა და მოთხრობებზე იმდენი ვისაუბრე, ჯერ გაოცებული მისმენდნენ, ბოლოს უკვე მაჩერებდნენ… ჭოლა სულ ჩემთანაა. მისი ხმა სულ მესმის… დიდუბის პანთეონში იმდენ გენიოსს შორის ჭოლა მაინც სევდიანი და მარტოსულია, მაგრამ იქიდანაც იბრძვის, არ ეპუება მოცემულობებს… ალბათ უმრავლესობა არ იცნობთ ჭოლას… წუხელ თავიდან ვკითხულობდი მის მაგიურ ტექსტებს და აი, მის გასაცნობად ამ აბზაცს შემოგთავაზებთ: ”შემოდგომაზე სულ სხვა რიგად იცვლება ის… შავი ზღვა ეხვევა ნაცრისფერ ტანთსაცმელში, არაჩვეულებრივი კვნესითა და ქშენით გორაობს ის ბუდეში და ოხრავს, თითქოს გვერდები სტკიოდეს… ხან კი ღამით ასტეხს ღმუილს, ღმუის ხმამაღლა, გულდათუთქული, ღმუის, თითქოს ოცი ათასი მხეცი ერთად შეყრილიყოს და ღმერთს შესჩიოდეს – მხეცად რად გაგვაჩინეო… ფანჯარას მაგრად ვკეტავდი ასეთ ღამეებში, ვეხვეოდი საბანში, პირისახეს ვიმალავდი ბალიშში და ვიწყებდი ფიქრს, ვფიქრობდი იმაზე, ვინც მიყვარდა, ვინც ყველას მერჩია”…

რა მხატვრული სახეები! რა ტროპი, რა მეტაფორები, რა გაპიროვნება, რა შედარებები! იკითხეთ ჭოლა… წააკითხეთ ბავშვებს… ქორწინებაზე, სიყვარულსა და სექსზე ისეთ რამეებს წერს ას თხუთმეტი წლის წინ, რომ ჩვენი თანამედროვე გეგონება…

ჭოლას მოთხრობებს განსაკუთრებით ამშვენებს ფსიქოლოგიზმი, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული მწერლობისთვის არის დამახასიათებელი. მისი გმირის შინაგანი დიალოგი, ეჭვები, ბრძოლა, ღრმა გრძნობები, თავგანწირვისა და სიყვარულის საოცარი უნარი უზომოდ მომხიბვლელია. მისი პორტრეტების გალერეა ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევს უფროსკლასელებს სახეების ამოცნობისა და დახასიათების პროცესში, საინტერესო ლიტერატურული პარალელების გავლება შეეძლებათ, როცა კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელის, დავით კლდიაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტებზე იმუშავებენ. ჭოლა რიტმული პროზის ოსტატიც არის. სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ რიტმული ანუ ლირიკული პროზა მწერლისგან ვირტუოზულ ხელოვნებას მოითხოვს. ჭოლას ტექსტებს რიტმთან ერთად საოცარი ექსპრესია აქვთ. მისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური ეტიუდების სახით ეპიზოდების აგება, მისი გმირი აშკარად ავტორის ორეულია, ეს ცხადად იგრძნობა და ეს პროზაულ-ლირიკული ავტოპორტრეტები უაღრესად საინტერესოა მკითხველისთვის. მისი Magnum Opus-ები: „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“ და „ჰონორარი“ ამის ნათელ მაგალითებად გამოდგება.

თუ რამე მესმის მხატვრული ტექსტების ღირებულების შეფასებაში, დაბეჯითებით შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია კოლეგებსა და მოსწავლეებს, რომ ჭოლა ლომთათიძე უამრავ ნოვატორულ თემას, იდეას და სტილურ ხერხს შემოგთავაზებთ და მისი მემკვიდრეობის გაცნობა ნამდვილად ღირს. ვისაც წაუკითხავს მისი ტექსტები, ამაში დამეთანხმება, ხოლო ვისთვისაც უცნობია, მას ვასიკო კეჟერაძის მსგავსად შეგვიძლია ვუთხრათ: ბედნიერია, ეს სიამოვნება წინ რომ აქვს…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი