ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცოცხალი ხარ? მაშინ გახსოვდეს სიკვდილი!

ყველამ ვიცით, რომ ანალიტიკური უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლიტერატურის მასწავლებლებს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ საპროგრამო მასალის გაცნობა და მასზე მსჯელობა არ არის საკმარისი. საპროგრამო მასალა აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და არა მარტო მათ. კარგია, თუკი მოსწავლეებს მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენასაც შევაჩვევთ და ისეთი ფილმების ყურებასაც ვასწავლით, რომლებიც ლიტერატურულ ტექსტებზე ნაკლებად არ გვეხმარებიან საინტერესო დისკუსიების წამოსაწყებად. ამ გზით მოსწავლეები ხელოვნების შედევრების ერთმანეთთან დაკავშირებას ისწავლიან და მიხვდებიან, რას გულისხმობს დიდ მოაზროვნეებს შორის საუკუნეების მანძილზე გამართული დიალოგი ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე; გაიგებენ, რომ ამგვარი დიალოგის დროს ხომ ხშირ შემთხვევაში საკითხის წამომწევი და მოპასუხე მხარე სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან. მაგრამ, სანამ ჩვენს მოსწავლეებს ვურჩევთ ამა თუ იმ ხელოვნების შედევრის გაცნობას, ჩვენც კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მიზანი გვაქვს და რა შედეგის მიღება გვსურს. კარგად მომზადებაში ვგულისხმობ ჩვენს სინამდვილეში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გაცნობასაც, რადგან უკეთ გავიაზროთ, სად ვიყავით, სად ვართ, რა უძღოდა წინ რომელიღაც თემის დამუშავებას, როგორ ესმოდათ მანამდე და როგორ გვესმის ის ახლა.

როგორც წესი, ნაწარმოების სწორად გაგებას კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, რელიგიური ასპექტების გათვალისწინება სჭირდება სხვა, ასევე მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად. როცა წიგნს ვკითხულობთ, ძირითადად ამ ფაქტორზე არც კი ვფიქრობთ, რადგან ეს ასპექტები საკმაოდ ნაცნობია ხოლმე ჩვენთვის. საქმე მაშინ რთულდება, როდესაც არაქართველი მწერლების ნაწარმოებებს ვეცნობით ანუ იმ ავტორების ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში შეიქმნა ანდა სულაც იმ მწერლების ნაწარმოებებს, რომლებიც სხვა ეპოქასა და დროში დაიწერა. თუკი მოსწავლეებს საზღვარგარეთის ლიტერატურის ნიმუშებს ანდა ტექსტებს შორეული წარსულიდან ვაცნობთ, აუცილებლად ვუყვებით ან ვთხოვთ, მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია იმ ასპექტის გასაგებად, ნაწარმოების კონტექსტს რომ ქმნის და, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სიღრმეებში ჩასვლა. დღევანდელ სამყაროში, როდესაც მსოფლიო იმდენად დაპატარავდა, რომ ინტერნეტით ყველანაირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თითქმის არ არსებობს ისეთი ასპექტი – კულტურული იქნება ეს, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, რელიგიური თუ სხვა – რომელიც გაგვაკვირვებს თავისი განსხვავებულობით ან თუნდაც უცნაურობით. ამიტომაც ტექსტის გაგების ეს მხარე საკმაოდ გაიოლებულია და მკითხველის გზიდან აცდენაც თითქმის წარმოუდგენელი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ალბათ ყურადღებით ადევნებენ თვალს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებს, რომლებიც მარტო უცხოეთში კი არა, ჩვენთანაც იმართება. ერთ-ერთი ასეთია ლიტერატურული კონკურსი „საბა“. შარშან ჟიურიმ, ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი, გამარჯვებულად ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ გამოაცხადა. ჩემი ახლობლები, ფილოლოგებიც და არაფილოლოგებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც და ლიტერატურის მოყვარულებიც დიდხანს განიხილავდნენ ამ რომანის ავკარგიანობას. ნაწილს, როგორც ხდება ხოლმე, საშინლად არ მოეწონა ტექსტი და ჟიურის არჩევანი დაიწუნა, ნაწილმა კი ჟიურის გადაწყვეტილება მოიწონა. ვინაიდან რომანი გამოქვეყნებისთანავე ვერ წავიკითხე, დისკუსიებში ვერ ვერთვებოდი, ხმას ვერ ვიღებდი, პოზიციას ვერ ვაფიქსირებდი და ჩემი მოსაზრებით ვერცერთ მხარეს ვერ ვემხრობოდი. მერე ერთმა მეგობარმა არ დაინანა და წიგნი მათხოვა. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ „საბაში“ გამარჯვებული რომანი სწორედ იმ კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას მოითხოვდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენში გამჯდარისგან.

ახლა ორიოდე სიტყვით შევეხები ნაწარმოების შინაარსს, ვეცდები, იმდენად ზედაპირულად შევეხო მას, რომ არ ჩაგიკლათ ინტერესი, თუკი ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ რომანი. ერთი შეხედვით, ტექსტი არაფრით გამორჩეულ ამბავს გადმოსცემს. ამ ამბავს ფონად ეკონომიკური სიდუხჭირე გასდევს, რომელიც გაუგებარი ვერ იქნება თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის. რომანის ცენტრალური პერსონაჟია დედა, რომელიც კვდება. არა და არ დადგა მოახლოებული სიკვდილის წამი, ამიტომაც ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ტკივილს,  ტვირთად რომ დააწვა ოჯახის წევრებს, ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებით გამოწვეული აუტანელი სირცხვილის გრძნობაც ემატება. ხუმრობა ხომ არაა პამპერსისთვის გამოყო თანხა, როცა ლუკმაპურისთვის იბრძვი, ხუმრობა ხომ არაა მომაკვდავ დედას სასთუმალთან დაუჯდე, როცა გროშ-კაპიკი არა გაქვს ჯიბეში და საშოვარზე უნდა გახვიდე.

როცა ამ უმძიმეს თემაზე იწყებს ფიქრს, მკითხველს უამრავი მაგალითი გონებაში. გაახსენდება ისიაც, რომ სხვადასხვა კულტურა განსხვავებულად გამოხატავს პატივისცემას მშობლის მიმართ. არავინ მოსულა ამქვეყნად სამუდამოდ, ყველა იცის, რომ, ადრე თუ გვიან, მოკვდება, მოკვდებიან მშობლები, ახლობელი ადამიანები. დიოგენე ლაერტელის ცნობით, როცა ფილოსოფოსმა ანაქსაგორამ შეიტყო, რომ მასაც და მის ვაჟიშვილებსაც სიკვდილით დასჯიდნენ, არც დამწუხრებულა, ისე თქვა: „დიდი ხნის წინ მოგვისაჯა ბუნებამ მეც და ჩემს მსაჯულებსაც სიკვდილი. ხოლო შვილები რომ მეყოლა, მაშინვე ვიცოდი, რომ ისინი უკვდავები არ იყვნენო“. ჰოდა, როცა თვალს გაუსწორებს ამ სამწუხარო რეალობას, მკითხველი ხვდება, იმაზე წუხილსა და დარდს, რასაც მაინც ვერ უშველი, უფრო მნიშვნელოვანია, სიკვდილთან მებრძოლი ახლობლის აქაური ყოფა გაახალისოს და აჩვენოს, რომ მზად არის, ღირსეულად გაისტუმროს იმქვეყნად. მაგრამ ამაზე მთავარი მაინც ის არის, სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანმა იცოდეს, რომ მისი სახელი ემახსოვრებათ, მას არ დაივიწყებენ. ეს კი უკანასკნელ გზაზე შემდგარს მხოლოდ მაშინ ეცოდინება, თუკი დაინახავს, რომ მომაკვდავის მომავალ ჭირისუფლებს სიკვდილთან მიმართებით სწორი დამოკიდებულება აქვთ. „სწორი“ იმას ნიშნავს, როცა ახლობლები ხვდებიან, სიკვდილს ვერ შეეჯიბრები, მას ვერ გაუძალიანდები, მას ვერ აჯობებ, ამიტომ ლამაზად უნდა დანებდნენ. ლიტერატურაში გარკვეულ ადამიანს, რომელიც ამ სამზადისზე კითხულობს, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“ გაახსენდება. გაახსენდება, როგორ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, როცა აღმოაჩინა, რომ დედამიწაზე არის ისეთი ადგილები, სადაც, შეიძლება, ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს და მისი ოჯახის წევრები უკვე ისეთ დავალებებს ასრულებდნენ, ტაბუირებული რომაა და მომაკვდავს პირდაპირ რომ არ ეუბნებიან ხოლმე. ფოლკნერის პერსონაჟი, ედი ბანდრენი, ხუთი შვილის დედა, ლოგინად ჩავარდნილა და სიკვდილს ელოდება. ბანდრენების ოჯახში, როგორც ალეკო შუღლაძის რომანში, სიმართლეს არ ერიდებიან და მას დაუფარავად აშიშვლებენ. მომაკვდავი ედის შვილი, რომელიც დურგალია, კუბოს თავისი ხელით რანდავს ლოგინად ჩავარდნილი დედის ფანჯრის ძირას, ხერხავს და აჭედებს იმ წყეულ კუბოს. უნდა თუ არა, დედა ხედავს კეშს, რომელიც თითქოს ეუბნება კიდეც, შემომხედე, რა კარგ კუბოს გიკრავო. წყეული ხელეჩოც სულ უფრო ნელა და ნელა გადის და გამოდის. კეშს ყოველი ფიცარი ფანჯარასთან მიაქვს, რომ ედიმ დაინახოს და ნამუშევარი მოუწონოს. არ ერიდება დედას. ხანდახან კარგად გაშალაშინებულ ფიცარს კმაყოფილი სახით აწევს ხოლმე და დედას ფანჯრიდან დაანახებს, ხომ მაგარი ბიჭი ვარ, ხომ მოგწონს, როგორ სამუდამო სამყოფელს გიმზადებო, თავისუფალი ხელით კი მომავალი კუბოს კონტურს ხაზავს ჰაერში. თუმცა ეს ყველაზე უწყინარი მოქმედებაა. უფრო შემაწუხებელი ის ხმაა, კეშის საქმიანობას რომ გულისცემასავით გასდევს: ხან ფიცრების დახერხვის, ხან მათი გაპრიალების, ხანაც ლურსმნების ჩაჭედების. ეს ხმა, კუბოს დამზადებისას რომ გაისმის მთელ არემარში, შემაწუხებულია ყველასთვის. მეზობლები აღნიშნავენ, განუწყვეტლივ გვესმის კეშის ხელეჩოსა და ხერხის ხმა. ყრუებიც რომ ვყოფილიყავით, ხერხის ხმას მაინც გავიგონებდით, გვესმის, როგორ გადი-გამოდის ხერხი ფიცარშიო. მთელ რომანში „ისმის“ ეს ხმა, სანამ სულამომდინარი ედი არ დატოვებს ამ ქვეყანას. თავდაპირველად დაკვირვებული მკითხველი, მეზობლების მსგავსად, უკმაყოფილოა, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ამაში არაფერია გასაბრაზებელი. რადგან ყველა ადამიანი მოკვდავია და მოკვდავი ადამიანების ცხოვრებას დაბადებიდან აედევნება სიკვდილი. ზოგს ადრევე ესმის ადევნებული სიკვდილის ხმა, ზოგი ბოლომდე სმენადაქვეითებულად რჩება, ზოგი წაუყრუებს ამ ხმას, ზოგი კი ამ ხმას უწყობს თავის ცხოვრებას. ედი ის ადამიანია, მამამ რომ ასწავლა, სიკვდილისთვის მოემზადეო. ამიტომაც, ლოგინად ჩავარდნილი ქალისთვის ეს გაბმული პულსირება სრულიად ბუნებრივი რამაა: „მზერა არც სამდურავს გამოხატავს და არც მოწონებას“. თუმცა ალბათ შვილის მადლობელი უფროა, დედის დროებითი საცხოვრებელისთვის ასეთი გულმოდგინებით რომ არ ზრუნავდა, სამუდამო საცხოვრებელს კი ასეთი რუდუნებით რომ უწესრიგებს. ედიმ იცის ის სიბრძნე, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის, მაგრამ ჯიუტად არ უშვებს ახლოს, თავიდან იცილებს ამაზე ფიქრს და ისე გაურბის, თითქოს გაქცევით მართლა თავს უშველიდეს; ედიმ იცის, რომ „ადამიანი თავისი სახლის ან ქალაქის მხოლოდ მდგმურია და ბოლოს აქედანაც მიდის“. ამიტომაც, თუკი სხვა ადამიანები ვითომ ვერ ხედავენ დურგალს, ვითომ არ ესმით მისი ხელეჩოსა და ხერხის დაჟინებული ხმა, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.

ფოლკნერის რომანში დურგალი მეტაფორაა და ის, ერთი შეხედვით, სიკვდილია. მაგრამ სინამდვილეში დურგალი სიკვდილის მეტაფორა კი არაა, ის სიცოცხლეა, რომელიც სიკვდილის სამზადისისკენ მოუწოდებს გარშემომყოფებს. სიკვდილისთვის სიცოცხლეშივე უნდა ვემზადოთ, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილისთვის მზადება. სიცოცხლე თუ მოგვეცემა, სიკვდილისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. „დურგლის“ საქმიანობას ფასი დაეკარგება, თუკი სიკვდილი სიცოცხლის საბოლოო განაჩენი არ იქნება. აი სიკვდილის მეტაფორა კი ალბათ ხმაა. მას, სიკვდილს, ვერ ხედავ, მას ხელით ვერ შეეხები, ამიტომაც ხმა საუკეთესო მხატვრული საშუალებაა, აღწერო სიკვდილი. როგორც ვიცით, ხმას ყველაზე ადვილად ეგუება ადამიანი, იმდენად, რომ ის თითქოს აღარ ჟღერს მისთვის. ასეთივე ხმაა საათის წიკწიკი ოთახში, რომელიც ხანდახან გვაღიზიანებს, მაგრამ ბოლოს იმდენად ვეჩვევით, რომ აღარც კი გვახსოვს მისი არსებობა. ასეთივე ხმაა გულისცემა. მარტოდ დარჩენილები, თუკი მივაყურადებთ, გავიგონებთ, როგორი გამალებით ცემს გული, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავით გადატვირთულებს გვავიწყდება და აღარ ვუსმენთ საკუთარ გულისცემას, თითქოს სულ უნდა პულსირებდეს, არა აქვს გაჩერების უფლება. საათიც და გულიც სიცოცხლეს გვითვლის, მაგრამ, როდესაც საათი მართლა გაჩერდება და საათის ხმა მართლა აღარ გაისმება, როდესაც გულისცემა შეწყდება, სიცოცხლეც დასრულდება. სიკვდილის ხმა სიცოცხლესთან ერთად არსებობს. სრულდება სიცოცხლე და ხმაც ჩაჩუმდება.

„ადამიანის ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა“ – ეს ფრაზა, რომელიც მომაკვდავ დედას, ედი ბანდრენს, ოდესღაც მამამისმა ასწავლა, რომანის ლაიტმოტივიცაა. იგივე ფრაზა მრავალი სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ლაიტმოტივიცაა. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუკი ვურჩევთ ჩვენს მოსწავლეებს ზემოთ ჩამოთვლილი ორი ტექსტის წაკითხვას და ერთ გაკვეთილს მაინც დავუთმობთ სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე საუბარს. პირადად მე, სანამ ამ თემაზე მიძღვნილ გაკვეთილს ჩავატარებდი, მოსწავლეებს ვთხოვე, სახლში ენახათ იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე“. თუკი ამის საშუალება არ არის და არც თქვენ გინახავთ ეს ფილმი, არა უშავს. ფილმიდან ვიგებთ, რომ მშობლისთვის სასურველი სიკვდილია, თუკი ახლობლების გარემოცვაში კი არ მოკვდება, არამედ შვილი ასაკოვან მშობელს ზურგზე მოიკიდებს და მთაზე მარტო დატოვებს. ურთულესი გასავლელია ეს გზა, მოხუცი მშობელი ვისაც ჰყავს, ის არც თავადაა ახალგაზრდა და ძალ-ღონეც აღარ ერჩის. არც შვილებს სულაც არ უხარიათ ამ გზის გავლა, მაგრამ ტრადიცია – ტრადიციაა. ზოგ ქვეყანაში ქელეხში მოწვეულ სტუმართა რაოდენობა განსაზღვრავს მშობლისადმი პატივისცემას და ზოგ ქვეყანაში ის, გაივლი თუ არა ზურგზე მოკიდებული მშობლით მთის წვერზე მიმავალ აღმართს. ამ გზის გავლა მარტო იმას კი არ აჩვენებს, რამდენად სცემ პატივს მშობლებს და რამდენად ღირსეული შვილი ხარ, არამედ იმასაც, როგორი რთულია ორივე მხარისთვის ტრადიციის შესრულება – ერთს სირცხვილი წვავს, რომ ის უძლურია და ტრადიცია ამას ავალდებულებს, მეორეს კი გაბრაზება, რომ ისიც უძლურია და ტრადიციას ვერ ცვლის. ყველა საზოგადოებას განსხვავებული მიდგომა აქვს მშობლის პატივისცემის გასაზომად. არაერთგან ის იმით კი არ იზომება, როგორ ექცეოდი ცხოვრებაში მშობელს, შესძელი თუ არა სიღარიბე აგერიდებინა მისთვის, სიხარული მიგენიჭებინა მისთვის, არამედ იმით, შეძლებ თუ ვერა, სიკვდილის გზაზე სწორად გაისტუმრო საყვარელი ადამიანი. ნარაიამას გზაზე შემდგარ შვილს საგზალიც კი დაამძიმებს, ამიტომ მთაში მარტოდ დატოვებული მშობელი ულუკმაპუროდ რჩება. ბედნიერებაა, თუკი მთაში გათოვდება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მოხუცი მალე გაიყინება და მას არ მოუწევს მშიერ მხეცებს ჩახედოს თვალებში ანდა გაუგრძელდეს სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა. ორი აზრი არაა, როგორ ჰგავს ერთმანეთს ეს ფილმი და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“, როცა რომანის პერსონაჟი ალეკო დედას მოიპარავს (დიახ, ნუ გაიკვირვებთ ამ ზმნას) და მას სხვა მხარეში გადამალავს. ვის ან რას გადაუმალავს შვილი მშობელს? პასუხი სიღრმისეულ დაფიქრებასაც არ მოითხოვს.

და ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ, სანამ სიკვდილ-სიცოცხლის თემის განხილვას გაკვეთილს დავიწყებდით, მოსწავლეებს კლასში ჩავურთე გიორგი სვირიდოვის მუსიკალური ნაწარმოები „დრო“ სხვადასხვა შესრულებით

ნაწარმოების სათაური არ გავუმხილე, ვთხოვე, თვალები დაეხუჭათ და ეთქვათ, რას წარმოიდგენდნენ მელოდიის მოსმენისას. ვიღაცამ მატარებელი წარმოიდგინა, ვიღაცამ ადამიანი, რომელიც გარბოდა. სწორედ ეს პასუხები მჭირდებოდა, რომ გაკვეთილი დამეწყო. როგორც კი სათაური ვუთხარი,  დავურიგე ტერენტი გრანელის ლექსი „ღამის სტრიქონები“ და ვთხოვე, ყურადღება მიექციათ სტრიქონებისთვის: „ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს… მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ და გავაღო დაკეტილი კარი… ალბათ მოვა ჯიბგირი და ქურდი… იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს… და მე რა ვქნა, შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!“

სიკვდილის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები უამრავია. სიკვდილის განხილვა მოჭრილი დროისა და სიცოცხლის კონცეპტთან ერთად და ამ საკითხების სწორად გასააზრებლად დამატებითი მასალების გაცნობა და შემდგარი დისკუსია გააფართოვებს თქვენი მოსწავლეების ცოდნას და საშუალებას მისცემს, სიღრმისეულად დაფიქრდნენ ისეთ თემებზე, რომლების არაერთი მწერლის შემოქმედების ამოსავალი არის. ალბათ ვერ დამისახელებთ ვერცერთ დიდ მწერალს, რომლის სათქმელიც საბოლოო ჯამში სიკვდილ-სიცოცხლის თემატიკას არ უკავშირდებოდეს. სიცოცხლეს ხომ ფეხდაფეხ მისდევს სიკვდილი: ჩნდება სიცოცხლე, იქვეა სიკვდილიც, არ გაჩნდება სიცოცხლე, არ გამოჩნდება სიკვდილიც. სიკვდილი ხმასავით აედევნება ადამიანს, რომელსაც იმდენად ეჩვევა ადამიანი, რომ უკვე ვეღარც კი ამჩნევს. სიკვდილი საიქიოში გადაიყვანს ადამიანს. საიქიოსთვის და იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადებაა ეს ცხოვრება. ამ საქმეში კი მომაკვდავებს (ანუ ნებისმიერ ადამიანს) დახმარება სჭირდება და ამ დროს ახლობლები – ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები (ჭირისუფლები) შეუცვლელნი არიან. მეტაფორები, რომლებიც ამ სათქმელს გამოხატავენ, მრავალნაირია, მათ შორის დურგალი, ხმა, კუბო, საათი, მატარებელი, მეეტლე, ქურდი, ჯიბგირი და სხვ.

გამოყავით გაკვეთილი უფროსკლასელებთან, დაუთმეთ დრო ამ თემებზე საუბარს ლიტერატურული ნიმუშებისა და ხელოვნების შედევრების დახმარებით და, მენდეთ, თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი დაუვიწყარი იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი