შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჯადოსნური სამყაროს საწყისები

„ყველაზე ამაღელვებელი ფრაზა, რომელიც მეცნიერებაში ახალი აღმოჩენების მაუწყებელია, „ევრიკა!” კი არ არის, არამედ „რა თავშესაქცევი რამაა!
აიზეკ აზიმოვი
2008 წელია. გემის ფორმის უზარმაზარ შენობაში დავდივარ, თავი ზღაპარში მგონია, თვალებგაფართოებული ვათვალიერებ მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანებს, ტორნადოებისა და მიწისძვრის კაბინეტებს, ხმის შემცვლელებს და ენერგიის გამომმუშავებელ ველოსიპედებს. ერთ დარბაზში თეთრხალათიანი ახალგაზრდები ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებენ, მეორეში პატარა რობოტებს ტესტავენ, მესამეში სხვადასხვა ფორმის საპნის ბუშტებს ბერავენ. შიგადაშიგ ამ უცნაურ ექსპონატებთან მოფუსფუსე ბავშვების აღტაცებული შეძახილები მესმის და გული მწყდება, რომ ჩემი ხუთი წლის ძალიან ცნობისმოყვარე შვილი აქ არ არის. დავდივარ და ვფიქრობ, როგორ მოვუყვე მას ამ ყველაფერს საქართველოში დაბრუნებისას. ეს ზღაპარი ამსტერდამშია – სამეცნიერო ცენტრი „ნემო”…

მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა, აშშ-ში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემი შვილი გაიზარდა და უმცროს ძმასთან ერთად „ნემოს” მსგავსი არაერთი სამეცნიერო ცენტრი და საბავშვო მუზეუმი უნახავს. განსაკუთრებით ბევრ დროს სენტ ლუისის სამეცნიერო ცენტრში ვატარებთ, რომელიც ჩვენი პატარა ქალაქიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
დღეს აშშ-ში ექვსასზე მეტი სამეცნიერო ცენტრი და საბავშვო მუზეუმი მოქმედებს. ზოგს უბრალოდ სამეცნიერო მუზეუმს ან ცენტრს უწოდებენ, ზოგს კი ზღაპრული სახელი ჰქვია: „ექსპლორატორიუმი” თუ „მაგიური სახლი”, „აღმოჩენების ცენტრი” თუ „ჯადოსნური ლაბორატორია”. საბავშვო მუზეუმები, ჩვეულებრივ, უფრო მცირე ასაკის ბავშვების გართობა-განათლებაზეა ორიენტირებული. სამეცნიერო ცენტრები კი მთელი საბადოა ნებისმიერი ასაკის ადამიანის გონებისთვის – რამდენი რამის შემეცნება შეიძლება აქ თამაშ-თამაშით: ფიზიკის კანონების გააზრება თუ მათემატიკური თეორემების რეალური ასახვა, სპირალურ კიბეზე განაწილებული სამყაროს ევოლუცია თუ რობოტების დაპროგრამება, დიდი აფეთქება უზარმაზარ წრიულ ეკრანზე თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მოდელი, კოსმოსური ხომალდის მოდელში ფრენის სიმულაცია თუ ასტრონავტების საკვების გასინჯვა, ტელევიზიის ოთახში სიუჟეტის ჩაწერა თუ თხევადი აზოტით ღრუბლის გამოშვება, მულტფილმის შექმნა თუ ლაზერულ არფაზე დაკვრა… არჩევანი უზარმაზარია. მუდმივ გამოფენებს წელიწადში რამდენიმეჯერ სხვადასხვა თემატიკის დროებითი ექსპოზიციები ემატება… ერთი დღე სულ პატარა სამეცნიერო ცენტრის დასათვალიერებლადაც კი არ გეყოფა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სამეცნიერო ცენტრს ასე მიმზიდველს ხდის, არის ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობასა და მათთან ინტერაქციაზე გათვლილი გამოფენები. სამეცნიერო მუზეუმების ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება, მაგრამ პირველი ინტერაქტიული საინჟინრო ექსპონატები დოიჩეს მუზეუმში გამოიფინა, რომლის სრული სახელწოდება იყო „საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების შედევრთა გერმანული მუზეუმი”. დოიჩეს მუზეუმი მიუნხენში გერმანელმა ინჟინერმა ოსკარ ფონ მილერმა დააარსა 1903 წელს. ფონ მილერის მიერ დაინტერესებულ მეცენატთა მცირე ჯგუფმა 260 000 მარკა მოაგროვა, მიუნხენმა კუნძული გამოყო, პრინცმა ლუდვიგმა ამ საქმის მეურვეობა ითავა და ასე დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო მუზეუმის მშენებლობა, რომელიც 1927 წელს, ფონ მილერის დაბადების 70-ე წლისთავზე გაიხსნა, მანამდე კი მიუნხენის სხვადასხვა მუზეუმის მიერ გამოყოფილ საგამოფენო დარბაზებში შეიძლებოდა ინტერაქტიული ექსპონატების დათვალიერება.

დღეს სამეცნიერო ცენტრებსა და საბავშვო მუზეუმებში არსებული ექსპონატების მხოლოდ მცირე ნაწილია მოთავსებული დამცავი მინის უკან, დანარჩენებს კი მოჰყვება ღილაკები, პედლები, ხრახნები, სარკმლები, საკეტები და საქოქები, რასაც მნახველი აუცილებლად უნდა შეეხოს, გახსნას, შეძვრეს და ჩაძვრეს, დაატრიალოს და ამოატრიალოს, დაშალოს, შეკრას, ააშენოს, ჩასვას, ააწყოს, ზედ იცეკვოს ან იხტუნაოს.

ალბათ, არ არსებობს ბავშვი, ვისაც აღტაცებაში არ მოიყვანს ნატურალური ზომის ტირანოზავრი, რომელიც თავს ხრის, პირს აღებს და ბღავის, ან ბუზის დეტალური მოდელი, რომლის საცეცებზე აძვრომა შეიძლება. ეს სფერული ოთახი ადამიანის თვალია. ამ პატარა კაბინის კარს თუ გაიხურავთ, ნამდვილ ქარიშხალში აღმოჩნდებით. ეგზოტიკური მწერებით სავსე შუშის ყუთში დერეფანი გამჭვირვალე სფეროთი მთავრდება, საიდანაც მიკროსამყაროს ფუთფუთს სულ ახლოდან დაინახავთ. მაგნიტური ჯოხის ერთი აქნევა და ნანონაწილაკები ცეკვას იწყებენ. პედლების სწრაფად დატრიალებისას ჭერამდე ასული რკინის ლაბირინთი ცოცხლდება და ბურთებს აბზრიალებს. ბავშვის მიერ დაპროგრამებული პატარა რობოტი მთვარის მსგავს ზედაპირზე გადის და ნიმუშები ბაზაში მიაქვს. დაუჯერებელი ოპტიკური ილუზიები იოლად აიხსნება გვერდზე მიწერილი ინსტრუქციების წაკითხვით. დიდ კოსმოსურ ოთახში კი ყველაფერია ასტრონავტების ცხოვრების შესახებ – კბილის პასტის მსგავს ტუბებში მოთავსებული საჭმლით დაწყებული, უწონადობაში დასაბანად განკუთვნილი ნიჟარებითა და აბაზანებით დამთავრებული.

იოლი წარმოსადგენია, რა ხდება ამ დროს ბავშვის გონებაში, რა სისწრაფით და რა ორგანულად იღებს ის ამ ინფორმაციას, საით მიქრის მისი წარმოსახვა, როგორ ითვისებს ღრმა და მნიშვნელოვან ცოდნას ყოველგვარი ძალდატანებისა თუ მოსაწყენი ზუთხვის გარეშე და, რაც მთავარია, როგორ იბადება ჩვენ თვალწინ სამეცნიერო ინტერესის პირველი წვეთი, რომელიც მომავალში შეიძლება აღმოჩენების წყაროდ იქცეს.

იქნებ ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ ეს. აი, ასე, დავხუჭოთ თვალები და ხელშესახებად დავინახოთ ჩვენი შვილების სიხარული და აღფრთოვანება ასეთ შენობაში ყოფნისას. იქნებ ჩვენი წარმოსახვის, ჩვენი მოლოდინის ენერგია ერთად შეიკრიბოს და ვინმემ, მდიდარმა ადამიანმა, კერძო კომპანიამ, რაიმე ორგანიზაციამ მორიგი ბიზნესპროექტის განხილვისას მოულოდნელად გადაწყვიტოს, რომ კიდევ ერთი რესტორნის, დაბადების დღის ცენტრის ან სამშენებლო ობიექტის ნაცვლად სამეცნიერო ცენტრი გახსნას თბილისში…

… ჩავრთოთ ამ პროექტში უნივერსიტეტები, სამინისტროები და კომპანიები; თავისუფალ დროს სტუდენტები დასაქმდებიან, ლექტორები შაბათ-კვირას საინტერესო ამბებს მოჰყვებიან, კავშირგაბმულობის კომპანიები თავიანთ კუთხეებს მოაწყობენ სიგნალის მართვისა და გადაცემის უხილავი ამბების ასახსნელად, სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებები პატარა ლაბორატორიებს მოაწყობენ კვლევების გასაცნობად და მარტივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, კერძო სკოლები თითო ექსპონატის მეურვეობას ითავებენ, სუპერმარკეტები ყიდვა-გაყიდვის სათამაშო კუთხეებს მოაწყობენ, ტელევიზიები წამყვანებისა და ოპერატორების ოთახებს შექმნიან, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები ვიზუალური დაპროგრამებისა და რობოტიქსის საწყისი ელემენტების სასწავლო გაკვეთილებს გაუძღვებიან, გეოსაინფორმაციო სისტემების კომპანიები და ტურისტული სააგენტოები ვირტუალური მოგზაურობის კუთხეებს შექმნიან, გამომცემლობები პლაკატებსა და სამეცნიერო ბიბლიოთეკაზე იზრუნებენ, სამხატვრო აკადემია ცენტრის გაფორმებას ითავებს, ბანკები ფულის ისტორიის კუთხეს მოაწყობენ, საგზაო დეპარტამენტი ხიდების მშენებლობის სათამაშო მოდელებს დადგამს, სამშენებლო კომპანიები კონსტრუქტორებს და მაკეტებს მოიტანენ… 

ოცნებამ გამიტაცა? რთული რეცეპტია? იშვიათი ოპტიმიზმის ადამიანი ვარ და ასე ვფიქრობ: თუ სადმე რამე გაკეთდა, იმავეს გაკეთება საქართველოშიც შესაძლებელია. ზუსტად ასე, პატარა ჯგუფების ინიციატივების საფუძველზე დაარსდა ამერიკული სამეცნიერო ცენტრების უმეტესობა, მერე კი შემოწირულობების, კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობის ხარჯზე გაფართოვდა. ჰოდა, თბილისში რატომ ვერ უნდა იმოქმედოს ამ მიდგომამ? რამდენიმე წელიწადში კი მეორე ცენტრი ბათუმში გაჩნდება, მესამე – ქუთაისში, მეოთხე – თელავში და აი, ასე ჩაისახება და გაფართოვდება ჯადოსნური სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ყველაზე უცნაური და ჭკვიანური თავგადასავლები გადახდებათ თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი