პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თამაში ადამიანურობისთვის

რატომ იყო მონადირე-შემგროვებლებისთვის შრომა თამაში?  (მეორე ნაწილი)

ავტორი: პიტერ გრეი, ფსიქოლოგიის დოქტორი

  1. თამაში არასდროს არის იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ან ვინმეს სურს;

ანთროპოლოგები მონადირე-შემგროვებლების საზოგადოების შესახებ ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შრომა უამრავ უნარს საჭიროებს, თუმცა არც ისე შრომატევადია.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მონადირე-შემგროვებლები კვირაში საშუალოდ 20-დან 40 საათამდე მუშაობენ, იმის გათვალისწინებით, თუ რას ვუწოდებთ სამუშაოს. უფრო მეტიც, ისინი საათობრივად არ შრომობენ; მათი სამუშაო მაშინ იწყება, როცა ის შესასრულებელია და ამისთვის „მზად“ არიან.

მონადირე-შემგროვებლების ცხოვრებაში უამრავი დროა გართობა-დასვენების ღონისძიებებისთვის, რომლებიც მოიცავს თამაშებს, სახალისოდ მოწყობილ რელიგიურ რიტუალებსა და ცერემონიებს, მუსიკას, ცეკვებს, ნაცნობ ტომებთან სტუმრად სიარულს და უბრალოდ, დასვენების საათებს.

შეიძლება ითქვას, რომ მონადირე-შემგროვებლების ცხოვრება წააგავს ჩვენსას, როდესაც შვებულებაში ვართ ხოლმე ბუნების წიაღში, ჩვენს მეგობრებთან ერთად.

როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ეს განსაცვიფრებელია.

10,000 წლის მანძილზე ჩვენს ცივილიზაციაში სოფლის მეურნეობის გაჩენისა და ინდუსტრიის შექმნის შემდეგ, ადამიანებმა უამრავი მექანიზმი შექმნა შრომის ხანგრძლივობის შესამცირებლად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ შრომის ხანგრძლივობა ამით არ შემცირებულა.

დღეს ადამიანების უმეტესობა მეტ დროს ატარებს სამუშაოზე, ვიდრე მონადირე-შემგროვებლები.

3.თამაშს, როგორც წესი, სოციალური კონტექსტი აქვს – იგი მეგობრებთან ერთად მიმდინარეობს.

ადამიანები, უაღრესად სოციალური (საზოგადოებრივი) ბიოლოგიური ჯიშია.

ჩვენ გვიყვარს სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებით მათთან, ვისაც კარგად ვიცნობთ; მოგვწონს იმის კეთება, რასაც ჩვენი მეგობრები აკეთებენ. მონადირე-შემგროვებლებიც ჩვენ მსგავსად უაღრესად სოციალურ ცხოვრების წესს მისდევენ. მათი აქტივობების უმეტესობა საჯაროა.

მათი სამუშაოს უდიდესი ნაწილი თანამშრომლობით კეთდება. ისეთი სამუშაოც კი, რომელიც ინდივიდუალურ შრომას გულისხმობს, საზოგადოების წიაღში სხვების თანდასწრებით სრულდება… და იმის გამო, რომ მონადირე-შემგროვებლები ძალიან მობილური საზოგადოებაა – ისინი, ვისაც არ მოსწონს თავისი ტომი, სოფელი ან საზოგადოება, ხშირად მეზობელ საზოგადოებასა და ჯგუფს უერთდება და იქ პოულობს მეგობრებს. ფაქტობრივად, მონადირე-შემგროვებლების ჯგუფები მართლაც „სამეგობრო“ ჯგუფებია.

ზოგადად, ის აქტივობები, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები მეგობრებთან ერთად ან ერთობლივად,  კოლეგებთან და თანამშრომლებთან ან სხვა პირებთან ერთად ვასრულებთ, უფრო თამაშის ნიშნითაა აღბეჭდილი, ვიდრე ის საქმიანობები, რომელსაც მარტო ვაკეთებთ.

მამაკაცები, ჩვეულებრივ, გუნდურად ნადირობენ. იგივე ეხება ქალებსაც, რომლებიც საკვების შესაგროვებლად ან ველური ბუნების მოსავლის ასაღებად, ასევე ჯგუფურად მიდიან.

ქალების ერთად შრომის შესახებ ვანენბურგი აღნიშნავს შემდეგს: „ჯუ-ჰოანსის ხალხის ტომებში, ყველა შემგროვებლური ექსპედიცია-ღონისძიება, სახალისო და გასართობ მოვლენად ითვლება“.

ალფ ვანენბურგი ასევე წერს შემდეგს: „ჯუ-ჰოანსის ბუნებრივი ნიჭის დამსახურებით, ნებისმიერი დღიური სამუშაო სოციალურ მოვლენად გადაიქცევა ხოლმე – ეს ექსპედიციები უფრო პიკნიკებს წააგავს, ბავშვების თანხლებით“.

  1. მონადირე-შემგროვებლების შრომა თამაშის მსგავსია, იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს, როდის და როგორ გააკეთოს საქმე, ან საერთოდ, გააკეთოს თუ არა.

ახლა, შეიძლება ითქვას, რომ მივადექით თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – არჩევნის შეგრძნებას.

როგორ ინარჩუნებენ მონადირე-შემგროვებლები არჩევნის გრძნობას იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც აკეთებენ?

რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შრომა ვერ იქნება თავისუფალი ნების საკითხი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ ჯგუფურად უწევთ ნადირობა, შეგროვება, იარაღების დამზადება, საცხოვრებლის შენება და სხვა საქმიანობა.

მიუხედავად ამისა, უმეტესწილად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დღეს, გადაწყვეტილება მონაწილეობის თაობაზე მის არჩევნად რჩება.

როგორც ადრე მოგახსენეთ, მონადირე-შემგროვებლები ყველგან გულმოდგინებით იცავენ პერსონალური ავტონომიის ეთიკას. ისეთი გულმოდგინებით, რომელიც საზოგადოების სტანდარტებით რადიკალურად გამოიყურება.

მაგალითად, მათთვის წესია, არაფერი თქვან (ან არაფერი მიუთითონ) სხვის ქცევაზე, შრომის დროს თუ სხვა სოციალურ კონტექსტში. ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის უფროსია.

მონადირე-შემგროვებლების სოფელში, სანადირო ან საშემგროვებლო ექსპედიცია, შეიძლება ნებისმიერ დღეს შეიკრიბოს.

ნადირობისა და შეგროვების ქსპედიციაში მხოლოდ ისინი იღებენ მონაწილეობას, ვისაც ეს სურს იმ კონკრეტულ დღეს.

სანადირო თუ საკვების შეგროვების ამოცანას ჯგუფი კოლექტიურად წყვეტს და კოლექტიურადვე დგება ამოცანის განხორციელების სტრატეგია და ტაქტიკა.

ნებისმიერი პირი, ვისაც არ მოსწონს მიღებული გადაწყვეტილება, უფლებამოსილია, შეკრიბოს სხვა ჯგუფი, წავიდეს მარტო სანადიროდ (ან შესაგროვებლად), ან მთელი დღით  დარჩეს ბანაკში, ან აკეთოს ის, რაც სხვებს ხელს არ შეუშლის.

მონადირე-შემგროვებლებში არ არსებობს სასჯელი არმონაწილეობისთვის.

პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას ნადირობაში, შეგროვებასა თუ სხვა აქტივობაში, კვლავ მიიღებს ნადავლის წილს.

ასეთი სტრატეგიის გამოყენებით, მონადირე-შემგროვებლები თავიდან იცილებენ იმ ზარალს/დანაკლისს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვინმეს დაძალებით ყოფნამ ჯგუფური საქმიანობის დროს.

გარდა ამისა, ამ სტრატეგიით, ტომის ყველა წევრს აქვს იმის განცდა, რომ ნადირობა ან შეგროვების ექსპედიცია თამაშია.

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს, ტომის ყველა წევრს შეუძლია შეუერთდეს შეგროვების ჯგუფს, წავიდეს მეგობართან სხვა სოფელში/ბანაკში, ან უბრალოდ დარჩეს თავის ბანაკში და დაისვენოს, იმის მიხედვით, თუ რისი კეთება სურს ან არ სურს მას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დიდი ხნის განმავლობაში უქმად ყოფნა შეუძლია. თუმცა ასეთი შემთხვევები უაღრესად იშვიათია ან საერთოდ არ ხდება.

ბევრად უფრო სახალისოა სხვებთან ერთად სანადიროდ წასვლა ან საკვების შეგროვება, ვიდრე მთელი დღეები ბანაკში უქმად ყოფნა.

ის გარემოება, რომ შრომა ნებისმიერ დროს პირის არჩევანზეა დამოკიდებული და მის მიერვეა მართული, შრომას თამაშის ხასიათს სძენს.

დარწმუნებული ვარ, რომ საკვების მოპოვების ან სხვა საქმის შესრულების აუცილებლობა უბიძგებს ადამიანებს, რომ საქმე გააკეთონ, თუმცა აუცილებლობის შეგრძნება ყოველდღიურობაში დომინანტური არ არის, რაც, თავის მხრივ, არ არღვევს თამაშის შეგრძნებას.

ვფიქრობ, მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების საოცარი სტილი, გამომდინარეობს ამოცანების გადაწყვეტის უნარიდან და აუცილებლობიდან, ყოველი ადამიანის თავისუფალი არჩევნის მაქსიმალურად გათვალისწინებით, რაც თამაშის სულისკვეთების შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

მონადირე-შემგროვებლები ამოცანების შესრულებას აღწევენ ყველაფრის გაზიარების განსაკუთრებული სურვილით, რაც აქრობს ყველა კავშირს შრომასა და სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებს შორის.

თვით ყველაზე დახელოვნებული და წარმატებული მონადირეები თუ შემგროვებლები, იღებენ იმდენს, რამდენსაც ბანაკის სხვა წევრები.

ალბათ იგრძენით, ამ განსხვავებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რომელიც უცხოა ჩვენთვის!

ჩვენთან, როცა ვინმეს მეტის კეთება შეუძლია, ასეთ დროს შრომის თანაბარი გადანაწილება, ფაქტობრივად ცოდვის ტოლფასია. მაგრამ ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ, შრომას, მხოლოდ „მძიმე საქმედ“  აღვიქვამთ.

თუ ვინმე ზარმაცობს და არ შრომობს, მას არაფერი ეკუთვნის! ეს ჩვენი სამართლის კონცეფციაა.

მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ შრომა, რომელსაც ვეწევით, თამაშია. ეს არის აქტივობა, რომელსაც იმიტომ მივდევთ, რომ ეს სახალისო და სასიამოვნოა.

ასეთი დამოკიდებულებით, შეიძლება ვიკითხოთ: რატომ უნდა მიიღოს თამაშიდან სხვებზე მეტი მან, ვინც მასში ყველაზე მოხერხებულია და ყველაზე მეტად მოსწონს მასში მონაწილეობა?

ეკონომისტებისა და ქცევის ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა უმეტესობა დაახლოებით მსგავსად ფიქრობს – მათთვის ცხოვრება გაცემა-მიღების, შემოსავალ-გასავლისა და მცდელობა-საჩუქრის სქემით განიხილება.

ამ თვალსაზრისით შრომა ის ქმედებაა, რომლის მეშვეობთაც რაღაც სიკეთეებს იღებ. თუ ვინმე შრომის გარეშე იღებს სიკეთეს, ნიშნავს, რომ აქ რაღაც არასწორია.

იგივე ფსიქოლოგები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთია ადამიანის ბუნება. მაგრამ ისინი ცდებიან.

რაც კაცობრიობა არსებობს, მონადირე-შემგროვებლები ადრეც ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დღეს – გაწეული შრომისათვის არ იღებენ ჯილდოს – და ეს წარსული სოფლის მეურნეობის გაჩენამდე ასობით ათას წელს მოიცავს.

მონადირე-შემგროვებლები ცხოვრებას არ განიხილავენ ხარჯი-მოგების პრიზმაში. პირიქით, ისინი ცხოვრებას უყურებენ როგორც სახალისო თავგადასავალს. მათი შეხედულებით, ადამიანი საქმეებს აკეთებს სიამოვნებისთვის, თანაბრად უნაწილებს მონაგარს ყველას, ვისაც იცნობს, მიუხედავად იმისა, გაწიეს თუ არა ამ ადამიანებმა შრომა.

ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო, ადამიანები საკუთარი სურვილითა და ხალისით ასრულებენ საქმეს და ეს ყველაფერი, ამავე დროს, თამაშის ნაწილია.

ასეთი ცხოვრების წესზე ფიქრისას გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი ემყარება ნდობას.

მონადირე-შემგროვებლებს უბრალოდ სჯერათ, რომ, თუ შრომა თამაშია, თუ ადამიანებს კეთილგანწყობით ეპყრობი და პატივს სცემ მათ გადაწყვეტილებებს, ადამიანების უმრავლესობა სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას და შეიტანს თავის წვლილს ჯგუფის საქმიანობაში, როგორც შეუძლიათ.

მე არ გთავაზობთ მონადირე-შემგროვებლების მიდგომის იმპორტს დღევანდელობაში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ მონადირე-შემგროვებლების მიდგომებისა და მათი მსოფლმხედველობის გათვალისწინება ყველა ჩვენგანის ცხოვრების ზოგიერთ სფეროს გააკეთილშობილებს.

პირადად მე, როდესაც საქმეს სხვებთან ერთად ვინაწილებ, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ სხვებზე მეტი ვაკეთო, ყოველგვარი ზედმეტი ჯილდოს გარეშე.

მგონია, რომ თამაშისგან მიღებული სიკეთე, თვითონ თამაშის პროცესში მდგომარეობს და არა თამაშის შედეგში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი