ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის

” პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,
რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და
როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად”.
 
(Emily F. Calhoun, 1994)
 
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.[1] ამიტომ ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სკოლის დონეზე კი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პედაგოგების გუნდი, რომლებიც მოტივირებულები არიან ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე გააუმჯობესონ სასკოლო გარემო. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პრაქტიკული კვლევის გამოყენებაა.
საქართველოს განათლების სისტემაში პრაქტიკული კვლევის დანერგვა 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ,,განათლების ადმინისტრირება” შეიქმნა. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკული კვლევის მეთოდის გამოყენებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ცდილობენ მათ მოგვარებას. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2013 წელს „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების” ქვეპროგრამის პილოტირება დაიწყო. ქვეპროგრამის ფარგლებში იქმნება პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ როგორც საკუთარი, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ ჩართონ პედაგოგები პროფესიული განვითარების მრავალფეროვან აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის, როგორც ღირებულების ჩამოყალიბებას.
პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის ერთგვარი მეცნიერული გამოკვლევა, რომლის პროცესში თანამშრომლობის საფუძველზე ხდება ახალი ცოდნის გენერირება. ამ ტიპის კვლევის მთავარი პრინციპია გუნდურობა. შესაბამისად, საკვლევი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე მუშაობს საკითხით დაინტერესებული ადამიანების, მკვლევრების გუნდი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგზე  ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.
გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სწავლა-სწავლების პროცესი, რომლის ხარისხიანად წარმართვა შეუძლებელია სკოლის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარეშე. შესაბამისად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის პროცესში მკვლევარი შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი – დირექტორი, მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი, მოსწავლე და სხვა. მათ ყველაზე უკეთ იციან თავისი სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეები, იციან საქმიანობის რა ნაწილშია პრობლემა და ცდილობენ მის გადაჭრას.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს  შედეგი. 
რეალური შედეგის მიღწევისა და კვლევის ეფექტიანად განხორციელებისათვის მასწავლებლებმა რამდენიმე ძირითადი ეტაპი უნდა გაიარონ:
§  საკვლევი საკითხის შერჩევა – მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობისა და დაინტერესებისათვის აუცილებელია, შერჩეული პრობლემა აქტუალური იყოს  ჯგუფის ყველა წევრისთვის.
§  კვლევის მიზნის განსაზღვრა – კვლევის მიზანი უნდა გამომდინარეობდეს საკვლევი პრობლემის გადაჭრის მნიშვნელოვნებიდან და ემსახურებოდეს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
§  კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა – მკვლევრებმა უნდა ჩამოაყალიბონ ხერხები – როგორ შეისწავლიან მათ მიერ დასახელებულ პრობლემას. კვლევის ინსტრუმენტების შერჩევისას მკვლევარი სრულიად თავისუფალია და ირჩევს იმ ალტერნატივას, რომლის საშუალებითაც საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებს.  
§  ინტერვენცია – მონაცემთა გაანალიზებისა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ,  დგება ინტერვენციის ეტაპი, როდესაც მკვლევარს საშუალება აქვს, მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და გადაჭრას პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების განხორციელების შემდეგ მიღებული მონაცემები გაუმჯობესებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სტრატეგია მკვლევრებმა/მასწავლებლებმა სწორად შეარჩიეს. ამ გზით მკვლევარი თავად პოულობს პრობლემების გადაჭრის გზებს და ყოველი დაბრკოლების გადალახვა მისი პროფესიული ზრდის წინაპირობა ხდება.
§  შეფასება – ინტერვენციის შედეგების შეფასება მკვლევარს საშუალებას მისცემს გაიგოს, მიღწეულია თუ არა კვლევის შედეგი, გადაჭრილია თუ არა პრობლემა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში კვლევით სამუშაოებს გარკვეული კრედიტები ენიჭება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტატიის ან ანალიტიკური ნაშრომის მომზადება, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა, მიღებული გამოცდილება კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიაროს.
ამრიგად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
 
 
 
გამოყენებული ლიტერატურა:
1.      საქართველოს მთვარობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84  განკარგულება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცეცბის შესახებ”
2.      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის N90/ნ ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ”.
3.      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის  N1014  ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ”.
4.      Wayne K Hoy, Cecil G Miskel. Educational Administration: Theory, Research, and Practice. McGraw-Hill Humanities Social, 2004.
5.      Zeichner, Ken. “Educational Action Research.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 273-283. London: Sage Publications, 2001.
6.      Karlsen, Jan Irgens. “Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and Competence.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 143-158. London: Sage Publications, 2001.
7.      Passmore, William. “Action Research in the Workplace: The Socio-technical Perspective.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), 38-47. London: Sage Publications, 2001.
 
 
[1]საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის განკარგულება N84 „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების” დამტკიცების შესახებ, გვ.1.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი