ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დიდი წიგნების სასწაულებრივი ძალა

„არაფრის იმედი მაქვს, არაფრის მეშინია, თავისუფალი ვარ“  – ამ ეპიტაფიას ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის საფლავზე წაიკითხავთ, კუნძულ კრეტაზე. გულისგამხეთქ ეპიტაფიას. ისეთსავე გულისგამხეთქს, როგორიც მისი შემოქმედებაა – მისი დიდი და მანათობელი წიგნებია.

თუკი სამყაროს რწმენის მარაგი საბოლოოდ ამოეწურა, ხსნა მაინც მოვა – სწორედ ამ და ასეთი წიგნებიდან. კაცობრიობას შეუძლია მშვიდად იყოს – მასზე უკვე იზრუნეს დიდმა მწერლებმა, მათ თავიანთი ენერგიით, სიტყვითა და გამოცდილებით სამყაროში კიდევ ერთი სიცოცხლის ათასწლეული განაახლეს.

ნიკოს კაზანძაკისმა წერა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა მსოფლიო ურწმუნობის სევდამ მოიცვა. როცა ფიქრი ღმერთზე, მის ყოფნა-არყოფნაზე  – კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად გადაიხედა. ნიცშეანური სულისკვეთებით გამსჭვალულმა ფილოსოფიურმა აზრმა ყოფაშიც შეაღწია – ცოცხალი ღმერთი ტექნიკის ღმერთით ჩაანაცვლა, შეუძლებელი შესაძლებლად აქცია, საკრალური – ფარდაახდილ სიცრუედ და ილუზიად.

კაზანძაკისის შემოქმედება ადამიანებისთვის იმ ღმერთის დაბრუნების თავგანწირული მცდელობაა, რომელიც მათთვისვეა ყველაზე სათნო და კეთილისმყოფელი. ეს ღმერთი აღადგენს მათში ყველაზე მშვენიერს, ძვირფასს, სასურველს – ადამიანს, და თვითონვე აქცევს ღმერთად. ეს ერთი შეხედვით რთული აქტი კი, სინამდვილეში საშინლად უბრალო და ბუნებრივი რამეა, დამუნჯებამდე ბუნებრივი და ყოფითი. აი, რომ გაიოცებ – ეს ხომ მეც შემიძლია!..

კაზანძაკისის რომანებს შორის ბოლო „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებაა“ – წიგნი ადამიანის განღმრთობის საიდუმლოზე. ეს რომანი ცოტა ხნის წინ ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ აკრძალული წიგნების“ სერიით გამოსცა. წიგნი თათია მთვარელიძემ თარგმნა. თავისთავად, ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის ავტორის თარგმნა უკვე დიდი გამოწვევაა. მით უფრო, რომ კაზანძაკისის რამდენიმე რომანის არაჩვეულებრივი თარგმანები უკვე გვაქვს – თამარ მესხის და მაია კაკაშვილის.

სახარებისეული სიღრმე, არქაულ–ბიბლიური ენობრივი ატმოსფერო, ფილოსოფიური სიმსუბუქე – ეს ყველაფერი ქართული ენისთვის ბუნებრივი და ავთენტური ადეპტებით გადმოცემული, მხატვრული ოსტატობა და შინაგანი სილაღე, რომელშიც სწორედ მთარგმნელის ხელწერა იკითხება – თათია მთვარელიძემ ამ თარგმანით უდავოდ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ქართულ მთარგმნელობით სკოლაში.

დაუღალავად და გაუთავებლად შემიძლია ვისაუბრო ამ რომანზე. თუმცა, ჩემს შთაბეჭდილებებზე მეტად, მე ახლა სწორედ მთარგმნელთან დიალოგი მირჩევნია. კითხვებიც დამიგროვდა.

თათია მთვარელიძეს ვუსმენ…

ნ.ს. – „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებამგონი შენი პირველი პროზაული თარგმანია? (თუ, ვცდები?) რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი თარგმნა გადაწყვიტე?

თ.მ – თუ მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობთ, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ჩემი მეორე პროზაული თარგმანია. პირველი დიმიტრის დიმიტრიადისის მცირე რომანი – „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ იყო, რომელიც თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად ითვლება. გარდა ამისა, გასულ წელს გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგიური ნაშრომის ქართული თარგმანი – იოანის კარავიდოპულოსის „პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტება“. ორივე ეს წიგნი ძალიან მიყვარს სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა გამო, თუმცა ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებასთან“ მაინც სხვა განზომილების სიყვარული მაკავშირებს.

ამ წიგნთან ჩემი პირველი შეხვედრა სტუდენტობის წლებს უკავშირდება. ზუსტად არ მახსოვს რა ვითარებაში, მაგრამ რომელიღაც ლექტორისგან მისი ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ შევიტყვე და დავინტერესდი. თუმცაღა, რაკი მაშინ ეს რომანი ქართულად არ იყო ნათარგმნი, კაზანძაკისის ორიგინალში წაკითხვას კი იმ დროს ჩემი ბერძნულით ნამდვილად ვერ შევძლებდი, დიდად აღარც მიცდია წიგნთან მიახლოება, ეგ კი არა, დავივიწყე კიდეც მისი არსებობის შესახებ. ბევრი წელი გავიდა მას მერე. თავისთავად მოხდა ისე, რომ ახალი ბერძნული ენა შემომესწავლა და ერთ მშვენიერ დღეს, თესალონიკში სტუდენტობის პერიოდში, დროის მოსაკლავად ბიბლიოთეკაში შევიარე. დავუარე თაროებს და გაუაზრებლად გადმოვიღე ერთ-ერთი წიგნი. დავხედე: კაზანძაკისი იყო, სწორედ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. მაშინ გამიღვივდა ისევ ის, სტუდენტობის დროინდელი ინტერესი. ახლა უკვე შემეძლო მისი ბერძნულად წაკითხვა და გადავშალე. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო – უკვე გამოცემულ, ბეჭდურ ტექსტში ხელით გადაშლილი ანუ „გადაჯღაბნილი“ მონაკვეთები იყო, ე.წ. სახალხო ცენზურის შედეგი. ცხადია, ამან კიდევ უფრო მეტად გამიცხოველა ინტერესი და ჩვეულებისამებრ, წიგნის ბოლო ნაწილის კითხვა დავიწყე. სწორედ ბოლო ნაწილი იყო ის იმპულსი, რამაც იქვე გადამაწყვეტინა, ეს წიგნი მეთარგმნა. იმ საღამოს რაღაც მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყველაფერი აირია: წიგნი ბიბლიოთეკიდან ვითხოვე, მთელი ღამე ვკითხულობდი და მთელი ღამე ვტიროდი. მაშინვე ვთარგმნე ბოლო მონაკვეთი, აი, ის – რომელმაც წიგნის სრულად წაკითხვის გარეშეც გამანადგურა და საბოლოოდ მიმაჯაჭვა ამ ტექსტს. ასე ნაწილ-ნაწილ ვთარგმნიდი მთელი ექვსი წლის განმავლობაში. ვთარგმნიდი იმ ეპიზოდებს, რომლებიც განსაკუთრებულად მომწონდა, მაგრამ გამოცემაზე არ მიფიქრია მანამ, სანამ ქართულ საგამომცემლო სივრცეში გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გვანცა ჯობავას წყალობით, ჩემი აზრით, სრულიად არაჩვეულებრივი და ძალზე ღირებული პროექტი არ გამოჩნდა – „აკრძალული წიგნების თარო“. ძალიან მეამაყება, რომ ამ სერიით გამოცემული საოცარი ტექსტების ქართულ თარგმანებს შორის აღმოჩნდა კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, რისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე მადლობელი ვიქნები გამომცემლობა „ინტელექტისა“ და მისი ზებუნებრივი ძალების მქონე გუნდისა.

ამ წიგნის სათარგმნი მიზეზი კი ზუსტად იმდენია, რამდენი მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ღმერთზე ფიქრისა, საკუთარი არსებობის მნიშვნელობასა თუ უმნიშვნელობაზე ფიქრისა. შესაბამისად, მეც ბევრი მიზეზი მქონდა – უმთავრესად სუბიექტური მიზეზები და არა მგონია, სხვებისთვის საინტერესო იყოს მათზე საუბარი. ერთი კია, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ჩემი ცხოვრების წიგნია, ამაზე მნიშვნელოვანი რა მიზეზი უნდა მქონოდა?!

ნ.ს. –  ახლა, როცა მთავარი შრომა გაწეულია, როგორ აფასებ იმ პერიოდტექსტზე მუშაობის, თარგმანის ალქიმიის? რამდენად რთული იყო ან იქნებ არც იყო რთული?..

თ.მ. – ზოგადად, კაზანძაკისის თარგმნა არ არის მარტივი. ეს ყველამ იცის და ამაზე საუბარი ზედმეტი გარჯა იქნება. ახლა რომ დავფიქრდი, თარგმნის პროცესის ტექნიკური დეტალებიდან თითქმის აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ შეგრძნებები შემომრჩა. ისე მოხდა, რომ 33 წლის ასაკში დავასრულე ამ თარგმანზე მუშაობა. ეს ალბათ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ მე ასეთი დამთხვევებისა მჯერა. ემოციურად იმდენად რთული იყო ჩემთვის ტექსტის სიღრმეებთან გამკლავება, რომ თარგმნის პროცესში, ძალიან მიჭირდა წიგნის სამყაროდან რეალურ სამყაროში, ყოველდღიურობაში გადმონაცვლება. მეც იმ ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, ვისაც სჯერა დიდი წიგნების სასწაულებრივი ძალისა. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ წიგნს შეუძლია ადამიანი შეცვალოს, ძირფესვიანადაც კი. მე ამ წიგნის თარგმნამ შემცვალა, როგორ ან საით შემცვალა, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ რომ შემცვალა, ეს ზუსტად ვიცი.

თარგმნის პროცესი ისეთი ინტიმური რამ არის, ალბათ უხერხულიც კია ამაზე საუბარი. ეს იგივეა, რომ შენი ცხოვრების ძალიან დელიკატურ მომენტებზე მოურიდებლად ისაუბრო. ტექსტთან მთარგმნელის ურთიერთობა ჩემთვის სხვა განზომილების ინტიმია, რომელიც ინტიმად უნდა დარჩეს. ტექნიკურ დეტალებზე შეგიძლია ისაუბრო, მაგრამ ემოციურ მხარეზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. აი, მაგალითად, ხომ შეიძლება ვინმემ არასწორად გაიგოს, თუ ვიტყვი, რომ ტექსტის თარგმნისას განუწყვეტლივ მეტირებოდა? არადა, ეს ასე იყო. ამიტომ მოდი, თარგმანის ალქიმიის დეტალებს აღარ ჩავუღრმავდეთ, დავტოვოთ ინტიმად.

ნ.ს. – თუ გაქვს წიგნში განსაკუთრებულად საყვარელი ეპიზოდი,  პასაჟი,  ფრაზა ან პერსონაჟი?..

თ.მ. – ცხადია, და არაერთი. როგორც აღვნიშნე, სწორედ საყვარელი ეპიზოდების თარგმნით დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა. „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ სრულიად გენიალური პროლოგი აქვს. მხოლოდ მისი წაკითხვაც კი კმარა კაზანძაკისისა და მისი ამ ტექსტის სიდიადის გასააზრებლად. მაგრამ წიგნის ბოლო თავები, რომლებშიც ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებაა აღწერილი, დღემდე ყველაზე საყვარელ მონაკვეთად რჩება ჩემთვის. მგონია, რომ იშვიათად იწერება ასეთი ფინალის მქონე ტექსტები. ნებისმიერ დრამატურგს რომ შეშურდება, ისეთი დასასრული აქვს – როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

ძალიან მიყვარს იესოსა და მაგდალინელის შეხვედრის სცენები, შეუძლებელია არ აგეტიროს ამ პასაჟებზე. სულისშემძვრელია იესოს დედის – მარიამის განცდების ამსახველი ეპიზოდები და კიდევ სიზმრები, საოცარი სიზმრებია ამ წიგნში. ასევე პილატესა და იესოს დიალოგები, ასისთავ რუფუსთან და მის ასულთან დაკავშირებული სცენები, იოანე ნათლისმცემლისა და იესოს საუბრები, იესოს უდაბნოში გასვლის ეპიზოდი მთელი თავისი სიღრმეებით და კიდევ უამრავი, მაგრამ მაინც იესოს მთლიანი ამბავი მიყვარს განსაკუთრებულად – ამბავი კაცისა, რომელმაც შეძლო და ღმერთად იქცა. იშვიათი სინატიფითა და სიღრმითაა აღწერილი ტექსტში იესოს ეს მრავალწახნაგოვანი, ცდუნებებით აღსავსე მეტამორფოზა და მისი ადამიანობიდან ღმერთობაში გადასვლის პროცესი. თუმცა ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ამ წიგნში იუდაა, ქრისტეს გამორჩეული და ყველაზე სანდო მოწაფე, რომლის გარეშეც იესო ქრისტედ ვერ იქცეოდა. ერთი დიალოგია იუდასა და იესოს შორის, რომელზეც ხშირად მეფიქრება: იესო სთხოვს იუდას, დაეხმაროს და ის ჩაიდინოს, რასაც, ცხადია, ვერავინ გაუგებს. იუდა ჰკითხავს – შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას, გასცემდი შენს მოძღვარსო? იესო დაფიქრდება და ამბობს, რომ არა, ვერ შეძლებდა – ამიტომაც დამინდო ღმერთმა და უფრო ადვილი ვალი დამაკისრა, ჯვარს ვეცვაო. ჩემი აზრით, იუდას როგორც წიგნის პერსონაჟის (და არა მხოლოდ) მნიშვნელობას, ისევე როგორც სიკეთისა და ბოროტების არსის არაერთმნიშვნელოვნებასა და მათი ადამიანური ინტერპრეტაციების სწორხაზოვნებას ამ სიტყვებზე უკეთ ვერაფერი ახსნის.

ფრაზებიდან კი სულ მახსოვს ერთი – „რაც უფრო მეტი დემონია ჩვენში, მით მეტ ანგელოზად შეგვიძლია გადავაქციოთ. ანგელოზები მონანიე დემონებია“.

ნ.ს. –  დღეს როგორი დამოკიდებულებაა საბერძნეთში კაზანძაკისის და ამ კონკრეტული (თავის დროზე აკრძალული) წიგნის მიმართ?

თ.მ. – დღეს თუ ვინმეთი ამაყობს თანამედროვე საბერძნეთი, უპირველესად ეს არის – კაზანძაკისი. კრეტაზე ვიყავი ამ ზაფხულს და იქ ყველგან კაზანძაკისს შეხვდებით, ჰერაკლიონის, ე.წ. სტრიტ-არტიდან დაწყებული, წიგნის მაღაზიებით დამთავრებული. „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ რაც შეეხება, დამოკიდებულება ამ წიგნის მიმართ დღეს არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს – ყველა ვერ კითხულობს, მაგრამ ვინც კითხულობს და ვინც არ კითხულობს, მათაც იციან მისი ღირებულება. რელიგიურ აღქმას თუ ვგულისხმობთ, ჩვენი არ იყოს, არც საბერძნეთს აკლია რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ვითომ მორწმუნეები, მაგრამ მათაც კი იციან, რომ ძალიან სასაცილოა, თავს ქრისტიანს უწოდებდე და კაზანძაკისის წინააღმდეგ გაილაშქრო ან „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ რამე დასწამო. სინამდვილეში, ამაზე უფრო ქრისტიანული წიგნი მხატვრულ ლიტერატურაში პირადად მე არ მეგულება, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, თავის დროზე ვერ გაუგეს – ალბათ იმიტომ, რომ წაკითხული არ ჰქონდათ ან იმიტომ, რომ თავად კაზანძაკისი უსწრებდა დროს აზროვნების სიღრმით.

ნ.ს. – ჩვენი საზოგადოება დღეს მეტნაკლებად გახსნილია და რელიგიური ფანატიზმიც, ცალკეული მცდელობების გარდა, საბედნიეროდ, ფეხს მაინც ვერ იკიდებს და ვერც მოიკიდებს ჩვენს სულიერკულტურულ და ინტელექტუალურ სივრცეში. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებაარის წიგნი, რომელსაც რაღაც შინაგანი სამზადისი მაინც სჭირდება, რათა სრულიად მიიღოს და გაითავისოს მკითხველმა. შენი აზრით, როგორ შეხვდ(ებ) მას ქართველი მკითხველი?

თ.მ. – მე ქართველ მკითხველზე ძალიან მაღალი აზრის ვარ. ამიტომაც მეშინოდა და დღემდე მეშინია თითოეული თარგმანის გამომზეურებისა. ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს კი, რომელიც ზემოთ ახსენე, ერთი უცნაურობა სჭირს: როგორც დავაკვირდი, უცხოელი მწერლების და შესაბამისად, თარგმანების, უცხოელი რეჟისორების, მსახიობების, მათი ცხოვრების წესისა თუ განსხვავებული აზრების მიმართ ძალიანაც შემწყნარებელია. აი, ქართველმა თუ „გაბედა“ რამე მსგავსი, წამში გარდაიქმნება ხოლმე მათი შემწყნარებლობა უკიდურეს აგრესიად. კომპლექსების ამბავია, სხვებთან სილაჩრისა და შენიანთან დიდგულობის ამბავი, ან კიდევ უფრო ღრმა კომპლექსებისა. ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი. წარმომიდგენია, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ რომელიმე თანამედროვე ქართველ მწერალს რომ დაეწერა, რა მოხდებოდა – ცეცხლითა და მახვილით გაილაშქრებდნენ მის წინააღმდეგ. მაგრამ კაზანძაკისი ბერძენია, თან ახალი წიგნი არ არის, თან უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა ამ წიგნის სიდიდე და შესაბამისად, ალბათ მხოლოდ სულელი თუ გაბედავს საქართველოში კაზანძაკისის წინააღმდეგ გალაშქრებას. ისე, კი იყო შემთხვევები, წიგნის წაუკითხავად რომ შემოჰკრეს განგაშის ზარს – ეს რამ გათარგმნინათ, ქრისტეს როგორ შეიძლება ცდუნება ჰქონოდაო და ა.შ. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო ასეთი, საბედნიეროდ.

მართლა მკითხველს რაც შეეხება, ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამ წიგნის მიმართ, განუწყვეტლივ მწერდნენ მეც და გამომცემლობასაც, ეჩქარებოდათ წაკითხვა. ივნისის დასაწყისში გამოიცა წიგნი და როგორც დინამიკიდან ჩანს, მკითხველის მხრიდან ინტერესი არ ნელდება. შეფასებებსაც ვხვდები დროდადრო და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ფარული შიშები არ გამართლდა: ქართველმა მკითხველმა ზუსტად ისე მიიღო ეს ტექსტი, როგორც უნდა მიეღო – დიდი ინტერესით.

ნ.ს –  რომ მოგცემოდა იმის საშუალება, პირადად გცნობოდა კაზანძაკისი, რას ჰკითხავდი მას?..

თ.მ. – არ ვიცი რამეს, ვკითხავდი თუ არა. არა მგონია, დიდ მწერლებს პასუხები ჰქონდეთ თუნდაც ყველაზე მარტივ შეკითხვებზე. კაზანძაკისიც ხომ ასეთი მწერალია, ძირითადად თვითონ სვამს კითხვებს და მერე ვის რა პასუხი ექნება მათზე, ცალკე თავსატეხია ხოლმე მთელი სამყაროსთვის.

თუმცა ცნობისმოყვარეობის ამბავში, მაინც ვკითხავდი – მისი აზრით, არსებობს თუ არა ღმერთი. ასე მგონია, ვიცი, რასაც მეტყოდა. ალბათ იმას, რომ სულ არა აქვს მნიშვნელობა ღმერთი არსებობს თუ არა, მთავარია – არსებობს ადამიანი. მოკლედ, საკუთარ თავს გადავამოწმებდი კაზანძაკისის ცოდნაში, ეგოისტური ამბავია, მაგრამ თუ რამეს ვკითხავდი, მხოლოდ ამ მიზნით.

ნ.ს. – ხომ არ მუშაობ კიდევ მის სხვა ტექსტებზე?

 

თ.მ – კაზანძაკისის სხვა ტექსტებზე არ ვმუშაობ და არც ვაპირებ. სხვები მუშაობენ, ძალიან კარგი მთარგმნელები, რომელთა თარგმანებსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ჩემთვის კაზანძაკისის მთავარი ტექსტი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებაა“ – როგორც აღვნიშნე, სუბიექტური მიზეზები მაკავშირებს მასთან. მისი მთარგმნელის სტატუსი მყოფნის, ეგ კი არა – მეტისმეტი პატივიც კი მგონია ჩემთვის. კაზანძაკისის სხვა ტექსტებს ალბათ არასდროს ვთარგმნი, არ მაქვს საამისო ნებისყოფა და სულიერი სიმტკიცე. ამ ტექსტმა რაც დამმართა, ისიც მეყოფა. ახლა ესქილეზე ვმუშაობ და ვხვდები, რომ ოლიმპიელ ღმერთებთან გაცილებით ადვილია ურთიერთობა და მეც მარტივ ურთიერთობებს ვარჩევ ამ ეტაპზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი