შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არ არსებობენ ცუდი ბავშვები

 

 

 (გაგრძელება)   

სტატიის პირველ ნაწილში მკითხველმა უკვე გაიცნო ჟანეტ ლანსბერგი – პედაგოგი, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი. ახლა გავიგოთ, ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ

რატომ იქცევიან ბავშვები „ცუდად“

 

ყველზე თავშეკავებულ მშობლებსაც კი შეიძლება თავგზა აუბნიოს პატარას უცნაურმა საქციელმა. მაგალითად, როდესაც სთხოვთ, არ გესროლოთ სათამაშოები, ის არ გისმენთ და იმავეს აგრძელებს. ნუთუ თქვენი შვილი ბუნებით ასეთი ავია? ან იქნებ თქვენ ხართ ისეთი უნიჭო მშობელი, რომ ბავშვმა უბრალოდ შეგიჯავრათ ამის გამო?

პატარები სამიდან ოთხ წლამდე ძალიან იმპულსურები და ემოციურები არიან. მათ საკუთრი სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვა შეუძლიათ სრულიად მოულოდნელი ხერხებით, რომლებიც ზოგჯერ შესაძლოა უხეში და უზრდელურიც კი მოგეჩვენოთ. მშობლებო, მინდა დაგამშვიდოთ: ბვშვებს არაფერი აქვთ პირადად თქვენი საწინააღმდეგო. ემოციურ აფეთქებებს პატარებში იწვევს ხასიათის ისეთი თავისებურება, როგორიცაა თავშეუკავებლობა, საკუთრი ემოციების მართვის არცოდნა. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ თავის ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებასა და პიროვნულ კონტროლზე, ნელი ტემპით ვითარდება.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილი შესანიშნავად ხვდება, რა არ მოგწონთ. ხვდება, რომ არ მოგწონთ, როდესაც ის სათამაშოებს აქეთ-იქით ისვრის, აწვალებს შინაურ ცხოველებს, ყვირის, ცუდ სიტყვებს ამბობს. უბრალოდ, თავის ტვინში წარმოქმნილი იმპულსები ძალიან ძლიერია და პატარებს უჭირთ მათთან გამკლავება. ამრიგად, როცა ბავშვი „ხულიგნობს“ და ცუდად იქცევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის განზრახ ცდილობს თქვენს გაბრაზებას.

პირველი წესი: როდესაც თქვენი პატარა ცელქობს, არ მიიღოთ ეს როგორც თქვენი შეურაცხყოფის, მწყობრიდან გამოყვანის მცდელობა. არავითარ შემთხვევაში არ გაბრაზდეთ. ბავშვებს სჭირდებით, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევიან თავად. თუნდაც დემონსტრაციულად გაგრძნობინონ, რომ არ სურთ თქვენი დანახვა და თქვენთან საუბარი. ეს მარტივი ჭეშმარიტება არასოდეს დაივიწყოთ, ეცადეთ, გამოიმუშაოთ ბავშვის ემოციურ აფეთქებებზე ბრძნული რეაგირების ჩვევა. ბავშვების სწორედ აღზრდის საფუძველი, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ეს არის.

ისწავლეთ ბავშვის პატივისცემა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჯერ პატარაა, ამიტომ თავის ხელში აყვანა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია.

ახლა, მოდი, ჩამოვთვალოთ მიზეზები, რომელთა გამოც პატარები ცუდად მოქცევას იწყებენ.

  1. როდესაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი იღლება ან შივდება, ამას ვერ აცნობიერებს, თუმცა მისი სხეული იწყებს განგაშის სიგნალების გამოცემას, რაც ჭირვეულობით, ცელქობით ვლინდება. მინდა, მოგიყვეთ რამდენიმე მაგალითს ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებიდან. მე და ჩემი ბიჭი ერთ-ერთ სემინარში ვმონაწილეობდით. გარკვეული ხნის შემდეგ პატარა გაჭირვეულდა, მიბღვერდა და ციცქნა მუშტებს მიშენდა. მივხვდი, რომ დაიღალა და შინ წასვლა უნდოდა. ვუთხარი, მივდივართ-მეთქი და როდესაც წასასვლელად მოვემზადეთ, სემინარის ერთ-ერთ მონაწილესთან შევჩერდი და გამოველაპარაკე. მცირე ხნის შემდეგ ჩემი შვილი ისევ გამიბრაზდა, რადგან შინ დაბრუნების ნაცვლად სხვა ადამიანთან გავაბი საუბარი და ბავშვი დროებით დავივიწყე.

აი, კიდევ ერთი შემთხვევა: ერთ დღეს, როდესაც მე და ჩემი ოჯახი სასეირნოდ ვიყავით, ჩემი ოთხი წლის გოგონა მოულოდნელად უხეშად დაელაპარაკა დედაჩემს, რამაც ძალიან გამაკვირვა, მაგრამ თავი შევიკავე და ვუთხარი პატარას, რომ ვუკრძალავდი ბებოსთან ასეთი ტონით საუბარს. გოგონა კონფლიქტის ადგილს გავარიდე, მაგრამ ის ვერა და ვერ დამშვიდდა. ამან, სიმართლე უნდა ითქვას, ძალიან გამაბრაზა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ ჩვენი მოგზაურობა უკვე შვიდი საათია გრძელდებოდა! რა თქმა უნდა, პატარა ძალიან დაიღალა და თავისი საქციელით თავისებურად, ბავშვურად ცდილობდა ჩემთვის აეხსნა, როგორ გრძნობდა თავს. მისი დადანაშაულება ამ შემთხვევაში არ იყო სწორი, დამნაშავე თავად ვიყავი.

ნებისმიერ მშობელს შეუძლია გაიხსენოს ისეთი შემთხვევა, როდესაც მისი პატარა აუტანლად იქცეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ დაიღალა ან ძალიან მოშივდა.

  1. ხშირად ბავშვები ცუდად იქცევიან, როდესაც ვერ იღებენ მკაფიო პასუხს კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა. ზოგჯერ მაშინაც კი არღვევენ წესებს, როცა უკვე ესაუბრეთ მათ ამ თემაზე. ისინი არკვევენ, დართავთ თუ არა წესის დარღვევის ნებას იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები შეიცვლება. მაგალითად: დღეს მშობელი სამართლიანი და მკაცრია ამიტომ წესების დაცვას ზედმიწევნით აკონტროლებს, მაგრამ ასევე მოიქცევა თუ არა ხვალ ან ზეგ, ან სულაც ხუთშაბათს, ან ქუჩაში, ან მაშინ, როდესაც თავად არის დაღლილი? ბავშვი რეგულარულად ამოწმებს, დაცულია თუ არა საზღვრები, რომლებიც მშობელმა დაადგინა. ეს პატარასთვის მნიშვნელოვანია, რათა თავი დაცულად იგრძნოს და მუდმივად ჰქონდეს უფროსის ნდობა. ბავშვმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეს, რას მოითხოვთ მისგან. ეს მოთხოვნები მკაფიო, უბრალო ენით უნდა ჩამოაყალიბოთ. პატარას საქციელზე, სიტუაციის შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვანაირი რეაგირება მოახდინოთ, მაგრამ ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ მთლიანად აკონტროლებთ სიტუაციას და მისი ცუდი საქციელი ვერ დაგაშინებთ, ვერ დაგაკარგვინებთ წონასწორობას.
  2. თუ მუდმივად მენტორული ტონით ჭკუას არიგებთ ბავშვს ან უბრალოდ დიდხანს ლაპარაკობთ მის „ცუდ“ საქციელზე, პატარა ამას უსიამოვნო რიტუალად აღიქვამს, რომლის ცენტრში ყოველთვის თავად არის, რადგან უკვე თავი მოაბეზრა მშობლებს თავისი აბეზარი ქცევით. მსგავსი რიტუალების შედეგად ბავშვები ზედმეტად მორცხვები და მშიშრები ხდებიან. მაშინაც კი, როცა არ უყვირით და მხოლოდ ხანგრძლივი ნოტაციებით შემოიფარგლებით, პატარას უჩნდება განცდა, რომ ის თანატოლებისგან განსხვავებული უზნეო არსებაა. სინამდვილეში კი ის მხოლოდ თავის ბავშვურ ემოციებს გამოხატავს, ისევე როგორც ამას სხვა პატარები აკეთებენ. როდესაც ჩემი გოგონა ბებიას უხეშად ელაპარაკებოდა, მე გავაცნობიერე, რომ ბავშვი უბრალოდ ემოციებს კი არ გამოხატავდა, არამედ დაღლილობის გამო ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა და ვის მიმართავდა. მე გამაბრაზა შვილის საქციელმა და ამიტომ დიდხანს ვარიგებდი ჭკუას, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შეიძლებოდა, უბრალოდ მასთან ვყოფილიყავი და არაფერი მეთქვა. აქვე გეტყვით, რომ კიდევ ერთ რამეს მივხვდი: ძალიან გამაბრაზა იმან, რომ ბავშვის აგრესია დედაჩემისკენ იყო მიმართული. გოგონას მე რომ ავერჩიე ემოციების სამიზნედ, ჩემი მრისხანება არ იქნებოდა ასეთი ძლიერი და არც შეურაცხყოფილი დავრჩებოდი. დიდი ალბათობით, ვაგრძნობინებდი პატარას, რომ მესმოდა მისი და, სავარაუდოდ, რამე ამდაგვარს ვეტყოდი: „ალბათ იმიტომ ბრაზობ, რომ უკვე დროა, შინ დავბრუნდეთ“.

წაახალისეთ პატარები, გამოხატონ გრძნობები და ემოციები. ბავშვებს აქვთ ქვეცნობიერი მისწრაფება, გამოცდა მოუწყონ მშობლებს, „გაწვრთნან“ ისინი, სხვადასხვანაირად მოიქცნენ, რათა გაარკვიონ, სად გადის ნებადართულის ზღვარი, რომელიც ოჯახმა დაუწესა მას.

  1. მოდი, წარმოვიდგინოთ, რაოდენ მძიმეა იმ ბავშვის ცხოვრება და პიროვნული განვითარება, რომელიც რეგულარულად უყურებს, როგორ კარგავენ წონასწორობას მისი მშობლები ობიექტური მიზეზით თუ უმიზეზოდ. პატარა ინტუიციურად ხვდება, რომ, მიუხედავად მშობლების ასაკისა და ფიზიკური ძლიერებისა, ისინი ლიდერებივით არ იქცევიან. ნამდვილი ლიდერი ხომ გაწონასწორებული და თავდაჯერებული მმართველია, რომელიც არც იუმორის გრძნობას არის მოკლებული. მშობლობას მუდმივი წვრთნა სჭირდება. და არ ინერვიულოთ, თუ შეცდომა მოგივიდათ – გარწმუნებთ, თქვენს შვილს ეს „არ გააფუჭებს“. მშობლური სიბრძნე დროთა განმავლობაში მოდის.

აი, რას წერდა მაგდა ვებერი თავის წიგნში: „კარგი მშობელი – ბრძნული დამოკიდებულება შვილების მიმართ“: „თქვენ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, რა იქნება მართებული და სასარგებლო თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თუ მშობელს არ აქვს მკაფიო წარმოდგენები, პატარა აღარ ენდობა მას და მისი ქცევა თანდათან გაუარესდება. ეს ყველაფერი მშობლებს უფრო და უფრო გააბრაზებს. საბოლოოდ დაძაბულობის ისეთ სტადიას მიაღწევთ, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ხშირად დაკარგავთ წონასწორობას, ხოლო პატარა გამუდმებით შიშში იქნება. მერწმუნეთ, ძნელია მერყევი, არასტაბილური, საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში მუდმივად დაეჭვებული მშობლების შვილობა“.

  1. ზოგჯერ ბავშვი იმიტომ არღვევს წესებს, რომ სტრესი დაუგროვდა, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. განურჩევლად გამოხატვის ფორმებისა, არ შეიძლება დავუშალოთ ბავშვს ემოციის გამოხატვა, თუმცა არც უკონტროლობა ივარგებს. ამ დროს პატარას გვერდით უნდა იყოთ და შეახსენოთ, რომ არსებობს წესები, რომელთა დაცვაზეც ადრე შეუთანხმდით. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი: ნებადართულია ყველა იმ ემოციისა და სურვილის გამოხატვა, რომლებიც განმუხტვის საშუალებას აძლევს პატარას, რათა უკიდურეს ემოციურ აფეთქებაში არ გადავარდეს“.
  2. ბავშვები ემოციურები და მგრძნობიარეები არიან. უფროსები გამუდმებით ახდენენ მათზე გავლენას, განურჩევლად იმისა, სურთ ეს თუ არა. პატარები უყურებენ უფროსების ქცევას, უსმენენ მათ და სწრაფად ისრუტავენ ცუდსაც და კარგსაც.

თუ ბავშვს უმალავთ სათამაშოებს, რადგან მიგაჩნიათ, რომ თამაში ბევრ დროს ართმევს, სულ მალე შემჩნევთ, რომ ის თავად დაიწყებს სხვა ბავშვებისგან სათამაშოების დამალვას.

თუ თავად ხართ სტრესულ სიტუაციაში, ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა ბავშვისთვის გაუგებარი და დამამძიმებელი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჩნდება ემოციური დისკომფორტი და, სავარაუდოდ, ცელქობას და მავნებლობას დაიწყებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად შეიძლება, ბავშვს მისთვის გასაგებად, მარტივი ენით მოუყვეთ, რა გაწუხებთ და რას განიცდით.

  1. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მას ყურადღებას აქცევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დადგენილ წესებს არღვევს, თანაც ნებისმიერ „კანონდარღვევას“ მოჰყვება თქვენი ხანგრძლივი ნოტაცია თემაზე: „კარგი ბავშვები ასე არ იქცევიან“, სავარაუდოდ, ის მალე განგებ დაიწყებს წესების დარღვევას, რათა ამ გზით მაინც მიიპყროს მშობლის ყურადღება.
  2. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ წესების დამრღვევი და აურზაურის მომწყობი ბავშვის ყურებისას ზოგჯერ ინტუიციურად მიხვდებით, რომ ის ამგვარად ცდილობს განდევნოს სულში დაბუდებული შიში და შფოთვა. სამწუხაროდ, ასეც ხდება მაშინაც, როდესაც მშობელი მკაცრად და ცივად ექცევა პატარას. ვფიქრობ, აქ ერთადერთი გამოსავალია, ხშირად მიეფეროთ ბავშვს და არ დაივიწყოთ: ყველაზე ეფექტური გზა, რომ პატარამ თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს, მისი პიროვნების პატივისცემაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი