სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

რას ვუყურებდი ბავშვობაში

როგორც წესი, შუქი არ იყო. დღისით და საღამოობით მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა რომელიმე დაფასებული კაცის ოჯახის წევრს აქორწინებდნენ ან ვინმე გარდაიცვლებოდა. ჩემს რაიონს პატარა ჰესიც აქვს, მაგრამ მისი სიმძლავრე მხოლოდ რაიონის ცენტრს და ცენტრის გარეთა რამდენიმე უბანს ფარავდა. ათასში ერთხელ ჩემს სოფელშიც უშვებდნენ ჰესის შუქს, მაგრამ ისე ბჟუტავდა, ვერაფერში გამოიყენებდი, შავ-თეთრ ტელევიზორსაც კი არ ჰყოფნიდა მისი სიმძლავრე დენის გამაძლიერებლის გარეშე. ამ შუქს „გესის შუქს“ ვეძახდით, დიდ, კაშკაშა შუქს კი – „სისტემის შუქს“. ჰოდა, როცა ვინმე გარდაიცვლებოდა ან ვინმეს აქორწინებდნენ, პურმარილი მიჰქონდათ ხოლმე რაიონის ჰესის ადმინისტრაციაში, რომელიც ენგურჰესში რეკავდა, იქიდან კი შუქს უშვებდნენ სოფელში ერთი ღამით ან მთელი დღე-ღამით. იყო შემთხვევები, როცა მთელი კვირაც კი იყო დენი. ამ შემთხვევაში პურმარილთან ერთად ფულიც უნდა გადაგეხადა.

ჩვენს მეწისქვილეს კოკი ერქვა. კოკი წისქვილიდან სამ კილომეტრზე ცხოვრობდა. ქორწილებისა და გასვენება-პანაშვიდების დღეების გარდა, შუქის მოსვლის პროგნოზირება, ცხადია, არავის შეეძლო, ამიტომ მოვიდოდა თუ არა შუქი, კოკი ადგებოდა და წამოვიდოდა წისქვილში, მაგრამ სანამ თავისი მტკივანი ფეხებით იქამდე მოაღწევდა, შუქი, როგორც წესი, ქრებოდა. სოფელში ხუმრობდნენ: „როცა ტოკია, კოკი არ არის. როცა კოკია, ტოკი არ არისო“. ზემოხსენებულ დღეებში კი კოკი ფაქტობრივად წისქვილში ცხოვრობდა და დაგროვილ საფქვავს უწყვეტ რეჟიმში ფქვავდა.

ჩაის პლანტაციის შუაგულში მინი სტადიონი გვქონდა. სტადიონის ზევით დაბალი ძაბვის სამსადენიანი ხაზი გადიოდა. საღამოობით, როცა ფეხბურთს ვთამაშობდით, შიგადაშიგ ვამოწმებდით ხოლმე, შუქი ხომ არ მოსულაო. შემოწმების ორიგინალური ხერხი გვქონდა: ერთი ჩემი მეზობელი ძაბვის ხაზის ქვეშ დადგებოდა ბურთით ხელში, ბურთს ფეხს ამოსცხებდა, ქვედა სადენს მოახვედრებდა, ქვედა სადენი ზედას ედებოდა და თუ შუქი იყო, ნაპერწკლები ცვიოდა. შუქი ათასში ერთხელ მოდიოდა, მაგრამ როცა იყო, ეს ხერხი ვიღაცის ნათურას უეჭველად შეიწირავდა ხოლმე, თუმცა ეს მაინცდამაინც არ გვადარდებდა – თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით, რომ რამისთვის გვეყურებინა.

რას ვუყურებდით – „გრენდაიზერს“, „უოკერს, ტეხასელ რეინჯერს“ (ამას მამაჩემიც უყურებდა სულ), „მაშველებს“ და „ბანდიტურ პეტერბურგს“. ამ ყველაფერს, თუ სწორად მახსოვს, რაიონის ტელევიზია „კოლხეთი 89“ უშვებდა. ეს ტელევიზია ინდურ ფილმებსაც აჩვენებდა ყოველ პარასკევს, ათ საათზე. ყოველ პარასკევს, ათ საათზე, შუქიც მოდიოდა ორი საათით. მიხაროდა პარასკევი, ჯერ ერთი – იმიტომ, რომ წინ ორდღიანი დასვენება მელოდა, მეორეც – ღამით ინდურ ფილმს ვნახავდი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ინდური ფილმების ქრონომეტრაჟი სამი-ოთხი საათია, ამიტომ თითქმის არც ერთი მათგანი არ მინახავს ბოლომდე. ის ორი საათიც შეუმჩნევლად გაიპარებოდა ხოლმე და შუქი ყველაზე საინტერესო მომენტში ქრებოდა. ერთხელ, როცა შუქი ჩაქრა, თვალები მაგრად დავხუჭე და ვიფიქრე: როცა გავახელ, შუქიც მოვა-მეთქი. არ ვიცი, ვის გადაუტრიალდა ტვინი, მაგრამ გავახილე და მართლა მოვიდა შუქი. მერეც ხშირად მოვცქეულვარ ასე, მაგრამ ამ ხერხს მეტად აღარ გაუმართლებია.

ჩემს მეზობელს ტელევიზორი მანქანის აკუმულატორზე ჰქონდა შეერთებული და სამხრეთამერიკული სერიალების საყურებლად მთელი სოფელი იქ ვიკრიბებოდით. ამ სერიალებს ერთნაირად უყურებდა ქალი, კაცი და ბავშვი. კაცები სათოხარიდან მოდიოდნენ ხოლმე, რომ სერიალისთვის ეყურებინათ. დიდი ვნებები ტრიალებდა. ერთ ჩემს ხანში შესულ მეზობელ კაცს დაახლოებით თავისი ასაკის ერთი მსახიობი ქალი წრფელი სიყვარულით უყვარდა, მის ცოლს კი სულაც არ სწყინდა ეს ამბავი. სამაგიეროდ, მეზობელ სოფელში ქმარმა ცოლს თავში ჯორკო ჩასცხო და სული გააფრთხობინა, ჩემზე მეტად ხუანი გიყვარსო. აკი ვთქვი, დიდი ვნებები ტრიალებდა-მეთქი.

იმ ოჯახის დიასახლისი, რომელიც მანქანის ბატარეაზე შეერთებულ ჯადოსნობას ფლობდა, ცოტა კაპასი ქალი იყო, ამიტომ მეზობელი ქალები ხშირად წაეჩხუბებოდნენ ხოლმე, მაგრამ მოსაღამოვდებოდა თუ არა, ხვდებოდნენ, რა ბებიამათისაც ჭამეს – როცა ჩვენ სერიალის საყურებლად ვიკრიბებოდით, ის ქალები ჭიშკართან, ტრიფოლიატს ამოფარებულები იცდიდნენ და თითებს იკვნეტდნენ. როცა რამე საინტერესო მოხდებოდა, ერთი მაყურებელთაგანი ქაღალდზე მალულად დაწერდა მომხდარ ამბავს და ჭიშკართან მომლოდინე დაქალებთან ატანდა შვილიშვილს. ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ ბებია-შვილიშვილი, რადგან დიასახლისთან ვინმე მაინც ყოველთვის უბრად იყო.

ხანდახან, როცა შუქი მოვიდოდა, „ფსიქოს“ ჩავუსხდებოდით ხოლმე (სხვა არაფერი იყო საყურებელი), მაგრამ მშობლები გვიშლიდნენ, გვახარია „სექსის კინოებს“ უშვებსო. შუაღამისას კი ვიპარებოდით იმ აკუმულატორიანი ოჯახის ჩვენხელა ბიჭთან, ჩემს მეგობართან, და ვიდეოზე პორნოფილმებს ვუყურებდით.

როცა „ბანდიტური პეტერბურგის“ მთავარი პერსონაჟები ერთდროულად ჩაცხრილეს, ძალიან განვიცადე. ცხონებულმა ბებიაჩემმა მანუგეშა: „ნუ ნერვიულობ, ბებო, მართლა კი არ დახოცილან, დამთავრდება თუ არა, ზეზე ადგებიან ეგენი, უბრალოდ, ასე წერია პიესაშიო“.

ნამდვილად ასე ეწერა პიესაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი