ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი ბავშვობის უკურნებელი ჭრილობები

ჩვენი შვილების სასკოლო განათლება 12 წელი გრძელდება. თუ დავაჯამებთ მხოლოდ გაკვეთილებზე გატარებულ დროს, გამოვა, რომ ცხოვრების 7 წელს ბავშვები სკოლაში ატარებენ. მხოლოდ ესეც კი მოწმობს, რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია სკოლას მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. სკოლა საზოგადოების მცირე მოდელია. აქ მიღებული გამოცდილება პიროვნული მახასიათებლების სახით მთელი ცხოვრება მიჰყვება ბავშვს. მოცემული კვლევა მძაფრად წარმოაჩენს საჯარო განანთლების პრობლემებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე.

მასწავლებლის პროფესია მძიმე და დაუფასებელია, მაგრამ ის, ვინც სკოლაში მუშაობას გადაწყვეტს, იღებს სერიოზულ პასუხისმგებლობას ჩვენი შვილების პიროვნების ჩამოყალიბებაზე. აქ დაშვებულ შეცდომებსა და არასწორ პედაგოგიურ მიდგომებს ვერ გაამართლებს დაბალი ხელფასი და სოციალური მდგომარეობა. ნუ დავივიწყებთ  – საქმე ჩვენს შვილებს ეხება.

სამწუხაროდ, ამ კვლევაში წამოჭრილი პრობლემები აქტუალურია საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლესობისთვის.
კირსტენ ოლსონი არის მკვლევარი განათლების საკითხებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, კონსულტანტი და მწერალი, თავისი საქმის ენთუზიასტი. მას ძალიან აწუხებს პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ბავშვები სწავლის პროცესში და, საზოგადოდ, სკოლებში არსებული გარემო. ეს ქალბატონი გახლავთ „ამერიკის დემოკრატიული განათლების ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი. მისი ბოლო წიგნია „სკოლაში ტრავმირებულნი: როგორ დავაბრუნოთ სწავლის ხალისი და ძველი სკოლების კულტურა”.

„სკოლაში ტრავმირებულნი” – ეს არის შედეგები კვლევისა, რომელიც ოლსონმა ჯერ კიდევ ჰარვარდის ასპირანტობის დროს წამოიწყო. ოლსონს ყოველთვის უყვარდა სწავლა და მაღალ შეფასებას აძლევდა განათლების სისტემას, ამიტომ უნდოდა, თავისი კვლევები მიეძღვნა იმ სახალისო აღმოჩენებისთვის, რომლებიც სკოლაში სწავლასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ როდესაც ხალხის გამოკითხვა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათი მოგონებები არცთუ სასიამოვნოა და ძირითადად უარყოფითი ემოციებით არის დატვირთული. ოლსონის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სარა ლოურენს-ლაიტფუტი, მისი წიგნის ანოტაციაში წერს: „კვლევის დასაწყისში ოლსონმა გამართა ინტერვიუები ცნობილ არქიტექტორებთან, გამოჩენილ პედაგოგებთან, ნიჭიერ მწერალებთან, ტოპმენეჯერებთან. ის დარწმუნებული იყო, რომ მხიარული და ნაყოფიერი სწავლების ისტორიებს მოისმენდა, სადაც სერიოზულობა შეხამებული იქნებოდა თავგადასავალსა და კმაყოფილებასთან, მუშაობა – გართობასთან, ოცნება – ყოველდღიურ მუშაობასთან. ნაცვლად ამისა, მან აღმოაჩინა, რომ სკოლის მოგონებები დაკავშირებულია ტკივილთან, იმედგაცრუებასთან და ცინიზმთანაც კი. ეს ისტორიები ამხელდა არა მხოლოდ ძველ, უკვე მოშუშებულ და დავიწყებულ ჭრილობებს, არამედ აღვიძებდა იმ იარებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ სტკიოდათ და კვლავ და კვლავ ამახინჯებდა პირად და პროფესიულ თვითშეფასებას.

ოლსონის პროექტი თანდათან ფართოვდებოდა. მან გააგრძელა სხვადასხვა ასაკის პირთა, სხვადასხვა პროფესიული და სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის გამოკითხვა. ის გააოცა იმ გულწრფელმა ემოციამ, რომლითაც ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ სკოლაში მიღებული და მრავალი წლის შემდეგაც შეუხორცებელი ჭრილობების შესახებ. ეს ქალბატონი იყო პირველი, ვინც ასე მიუახლოვდა იმას, რა გავლენას ახდენს სკოლა ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე.

თავის წიგნში ოლსონმა გამოყო ტრავმირების სამი სახე და თვალსაჩინოებისთვის გამოიყენა ციტატები ინტერვიუებიდან. შემდეგ აღწერა, როგორ შეუძლიათ მზრუნველ მშობლებს, მასწავლებლებს და თვითონ ბავშვებსაც ამ ტრავმების თავიდან აცილება და მათგან განკურნება.

ტრავმირების პირველი ოთხ სახეს იწვევს ის შეზღუდვები, რომლებსაც სკოლა უწესებს მოსწავლეებს და სწავლების პროცესს. ლაპარაკია სასწავლო გეგმაში შესაძლებელი მეთოდებისა და ტესტების შეზღუდულ არჩევანზე, სადაც ყოველ კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს და წესებზე, რომელთა შექმნაშიც მოსწავლეები არ მონაწილეობენ. აი, როგორ ტრავმებთან მივყავართ ამ ყველაფერს:
1. შემოქმედებითი აზროვნების ტრავმირება

სკოლა თრგუნავს შემოქმედებით უნარებს და ეს ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა. მოსწავლეთა ინტერესები და გატაცებები, როგორც წესი, უყურადღებოდ რჩება. თუ მოსწავლე სთავაზობს დავალების ამოხსნის საკუთარ, განსხვავებულ მეთოდს ან აქვს არასტანდარტული პასუხი, რომელიც არ შეესაბამება „სწორ, მასწავლებლის პასუხებს”, გადაღლილი მასწავლებლები „ვერ ხვდებიან” ამას და დაბალ შეფასებას აძლევენ. დაზეპირება და ერთი სწორი პასუხის მქონე ტესტები ადგილს არ უტოვებს შემოქმედებით აზროვნებას. ზოგიერთმა თუ შემდგომ შემოქმედებითი პროფესია აირჩია, ეს სრულიადაც არ ყოფილა სკოლის დამსახურება. მათ დასჭირდათ იმ შემოქმედებითი აზროვნების აღდგენა, რომელიც ოდესღაც, სკოლამდე, ასე ბუნებრივი იყო მათთვის. სავარაუდოდ, ბევრი არც კი დაფიქრებულა სკოლაში დაკარგულ შემოქმედებით პოტენციალზე, ზოგს არც კი შეუმჩნევია, რა დაკარგა. არიან ისეთებიც, რომლებმაც შეინარჩუნეს შემოქმედებითი მუხტი იქ, სადაც არ იყო სკოლა, მაგრამ უარი თქვეს მასზე ყველგან, სადაც სასწავლო გეგმას აწყდებოდნენ. საინტერესოა, რამდენმა დაკარგა ინტერესი მათემატიკისადმი იმის გამო, რომ ამ საგანს უინტერესოდ ასწავლიდნენ სკოლაში…
2. კონფორმიზმის ტრავმა 

სკოლაში მოსწავლეები გამუდმებით წესებს უნდა დაემორჩილონ. სავალდებულო დავალებები არანაირად არ არის დაკავშირებული მათ ინტერესებსა და მოთხოვნილებებთან. ბავშვები, როგორც წესი, ვერ ბედავენ სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო მას, ვინც ბედავს, თავხედს ეძახიან. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ბავშვები იძულებული არიან, ბრმად დაემორჩილონ წესებს, ბრმა მორჩილება კი ის არ არის, რაც დემოკრატიულ ქვეყანას სჭირდება. დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ დადგენილ წესებს და ებრძოლონ უსამართლო და სულელურ კანონებს. გარდა ამისა, სკოლაში ბავშვები ეჩვევიან იმ აზრს, რომ ჩარჩოებიდან გასვლა საშიშია.
3. „მოჯანყის” ტრავმა

ზოგიერთი მოსწავლე თავს მოხვეულ წესებსა და დავალებებს არ ემორჩილება და ჯანყდება. მათ აბრაზებთ სისტემა, რომელმაც წაართვა დამოუკიდებლობა და ღირსება, აბრაზებთ პედაგოგები, რომლებიც ამ სისტემას ცხოვრებაში ატარებენ, აბრაზებთ მორჩილი მოსწავლეები, რომლებიც ყველაფერს ეგუებიან. ასეთი ბავშვები ბოლო მერხებზე სხდებიან, მუდამ ცინიკურად ხუმრობენ, შეგნებულად არღვევენ წესებს და ხშირად, თუ ყოველთვის არა, არ ასრულებენ საშინაო დავალებებს, რითაც თავიანთ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ზოგ შემთხვევაში ჯანყი უფრო ჯანსაღი რეაქციაა, ვიდრე მორჩილება, მაგრამ თუ ის ჩვევად ექცათ, შესაძლოა, გაცილებით დიდი ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს. დაბალმა მოსწრებამ შესაძლოა პერსპექტივა წაართვას ადამიანს და სკოლაზე გაბრაზებამ ბავშვი სწავლის სრულ უარყოფამდე მიიყვანოს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ პროტესტი ხანდახან ანადგურებს როგორც თვითონ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითგამოხატვის ფორმა ხდება ნარკომანია, უწესრიგო სექსი და დანაშაულებრივი ქმედებები.
4. უგრძნობლობის ტრავმა

სკოლაში მუდმივი დაზეპირება, ერთი და იმავე მოსაწყენი და უინტერესო დავალებების შესრულება, სკოლის წესების დაცვა – ყოველივე ამას შეუძლია, ბავშვი ინტელექტუალურ უგრძნობლობამდე მიიყვანოს. ოლსონის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ სკოლაში ისინი ხან „თიშავდნენ” და ხან „რთავდნენ” ტვინს. სკოლაში შესანიშნავ ინსაიტებს მასწავლებლები იშვიათად აჯილდოებენ ქებით, მათგან განსხვავებით, ვინც კარგად იზეპირებს, მორჩილია და ყოველთვის მოცემულ დროში ასრულებს ყველაფერს. თუ ერთ საგანს გადასარევად ისწავლი და მეორეს – არა, გექნება დაბალი და მაღალი ქულები, ხოლო თუ ორივე საგანს კარგად დაიზეპირებ, მაშინ ორივეში უმაღლესი ქულა გექნება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ კლავს სკოლა ბავშვის ინტელექტუალურ ენთუზიაზმს.
დანარჩენი ტრავმები, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, თუ როგორ აფასებენ მოსწავლეს და რომელ „კატეგორიაში” ხვდება ის. იმისდა მიხედვით, წარჩინებულად ითვლება ბავშვი, საშუალოდ თუ ჩამორჩენილად, ის ერთი, მეორე ან მესამე მეთოდით ტრავმირდება. 

5. დაბალი შეფასების ტრავმები

ინტერვიუების დროს ოლსონმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ტრავმას აყენებდა დაბალი შეფასება. მათ სხვაზე უარესად მიიჩნევდნენ რასის, სოციალური წარმომავლობის, სქესის ან იმ ტესტების შედეგების გათვალისწინებით, რომლებსაც, პედაგოგის ჩანაფიქრით, მათი ინტელექტი და უნარები უნდა გამოევლინა. ზოგჯერ დაბალ შეფასებასთან შეგუება უფრო იოლია, ვიდრე მისი გაპროტესტება. ეს ნიშნავს, რომ ერთ ან რამდენიმე საგანში დაბალი მოსწრების გამო მოსწავლემ შესაძლოა უარი თქვას საკუთარ მოწოდებაზე. ბიოლოგობაზე მეოცნებე ირჩევს ნაკლებად საინტერესო კარიერას მეცხრე კლასში მიღებული დაბალი შეფასების გამო. მას, ვისაც მწერლობა უნდოდა, მიაჩნია, რომ საამისოდ ნიჭი არ ეყოფა – ენის მასწავლებელი მას დაბალ შეფასებას უწერდა, რადგან არ გააჩნდა უნარი, ბავშვის თხზულებაში ნიჭის ნაპერწკალი და წინადადებების არასტანდარტული წყობის მშვენიერება დაენახა. მოსწავლეებმა რომ იცოდნენ, რამდენი დიდი ადამიანი იღებდა დაბალ შეფასებას სკოლაში სწორედ იმ დისციპლინაში, რომელშიც შემდგომ წარმატებას მიაღწიეს! კარგი იქნებოდა, ეს თავად პედაგოგებსაც ახსოვდეთ.

6. პერფექციონიზმის ტრავმა

ინტელექტის ტესტებში მაღალმა შეფასებამაც შეიძლება დააზიანოს ბავშვი. მოსწავლემ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ის ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე უნდა იდგეს და ყველაფერში მაღალი შედეგის ჩვენება მოსთხოვოს საკუთარ თავს. ცხრიანი ან სკოლის სპექტაკლში მეორეხარისხოვანი როლიც კი ასეთმა ბავშვმა შესაძლოა საშინელ მარცხად მიიჩნიოს. მარცხია იმის შესაბამისად ცხოვრება, რას ფიქრობენ შენზე სხვები ან რას ფიქრობ თავად შენ საკუთარ თავზე. პერფექციონიზმის ტრავმა ხსნის, რატომ არის, რომ ასე ბევრი წარიჩებული მოსწავლე იწერს სხვისგან ან სარგებლობს „შპარგალკით” მაშინ, როდესაც მიაჩნიათ, რომ უნდა მიიღონ ის შეფასება, რომელსაც მათგან ელიან. როდესაც ნიშანი ხდება სრულყოფილების საზომი, ყველაფერი კეთდება მხოლოდ ნიშნისთვის. სკოლაში „სრულყოფილება” და ინტელექტუალური ჩაკეტილობა ხშირად მედლის ურთიერთსაპირისპირო მხარეებს წარმოადგენს.
7. საშუალოების ტრავმა

საშუალო მოსწავლეებს, რომლებიც არც მეტისმეტად ცუდად სწავლობენ და იქცევიან, მაგრამ ვერც კარგი სწავლითა და ქცევით იპყრობენ მასწავლებლის ყურადღებას, შესაძლოა შეუმჩნევლობის პრობლემა აწუხებდეთ. გამოკითხვისას ისინი ამბობდნენ, რომ თავი შეუმჩნეველ ადამიანებად მიაჩნდათ, რომლებზეც არაფერია დამოკიდებული, უარეს შემთხვევაში კი თავს მიიჩნევდნენ უმნიშვნელო ადამიანებად, რომლებსაც არაფერი ახლისა და საჭიროს შექმნა არ შეუძლიათ.

ეს ყველაფერი არასწორია! განათლება, როგორც უკვე ითქვა, არ ითხოვს მკაცრ სასწავლო გეგმას, იძულებით დავალებებსა და შეფასებებს ან ბავშვების დახარისხებას. მაშინ, როდესაც მოსწავლეები მართავენ თავიანთ სწავლას, თითოეული მათგანი ამჟღავნებს საკუთარ ინტერესებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს. არ არის საჭირო ერთიანი საზომი, რომლითაც მოსწავლეებს შეაფასებენ და ერთი მათგანი მეორეზე უკეთესი აღმოჩნდება. ასეთი სკოლა უფრო მეტად ჰგავს რეალურ ცხოვრებას, ვიდრე სტანდარტული სკოლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რეალურ სამყაროს, იმისთვის, რომ ვითარდებოდეს, მასში ცხოვრება კი სახალისო იყოს, სჭირდება სხვადასხვანაირი ადამიანები განსხვავებული უნარ-ჩვევებითა და ნიჭით. 
თარგმნა კახა ჟღენტმა
გამოყენებული წყაროები:
https://freeedu.ru/modx/kak-travmiruet-shkola
https://www.kirstenolson.org/wounded.php
https://www.democraticeducation.org/index.php/about-us/staff-board-advisors/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი