ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

აქტივობა „სასაცილო კაცუნები“

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები, გამოუმუშაოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

აღნიშნული უნარების განვითარებაზე მასწავლებელმა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა იზრუნოს. ეს შესაძლებელია როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სადამრიგებლო საათზეც.
გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პატარებს ხშირად უჭირთ სხვისი ემოციებისა და გუნება-განწყობილების ამოცნობა და იმის გააზრება, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს ემოციები. არადა, ცნობილია, რომ მეგობრული ურთიერთობა იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანს უჩნდება უნარი, თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს.
გთავაზობთ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ განვუვითაროთ ბავშვებს აღნიშნული უნარი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. სამუშაო ტექსტად ავიღეთ სადამრიგებლო საათის პროგრამაში წარმოდგენილი ზღაპარი „წითური კნუტი”.

გაკვეთილის სცენარის ნიმუში

კავშირი სტანდარტთან:

ქართ. III. 4

·თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;

·პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;

·ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას.

ქართ. III. 6

·ამოიცნობს პერსონაჟების გრძნობებს, ემოციებს;

·ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცნენ ასე) და აფასებს მათ საქციელს;

მიზანი:

·მოსწავლეები მოისმენენ, წაიკითხავენ მცირე ზომის ტექსტს, უპასუხებენ შეკითხვებს.

·მოსწავლეები მიადევნებენ თვალს, თუ როგორ იცვლება პერსონაჟის/პერსონაჟების განწყობა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად.

·მოსწავლეები ემოციების გამოსახულებებს შეუსაბამებენ მათ სახელებს.

·მოსწავლეები დაასახელებენ ემოციის გამომწვევ მიზეზებს.

მიმდინარეობა:

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სხვადასხვა ემოციის გამომხატველ კაცუნების გამოსახულებას. ეკითხება: „ბავშვებო, თქვენი აზრით, რას გავაკეთებთ დღეს გაკვეთილზე?” წერს მათ მოსაზრებებს დაფაზე, აჯამებს და ეუბნება: „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ემოციებზე, წავიკითხავთ ზღაპარს, ამოვიცნობთ პერსონაჟთა ემოციებს და გავაკეთებთ ჩანახატებს”.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა მოვლენისა თუ ამბის მიმართ ჩვენ სხვადასხვა ემოციას განვიცდით. ეკითხება: „რას ვრძნობთ, როდესაც საჩუქარს გვჩუქნიან?” სთხოვს რომელიმე მოსწავლეს, მიუთითოს შესაბამის კაცუნაზე (შეუძლია შემდეგი ტიპის კითხვების დასმაც: „რას ვიგრძნობდით, უეცრად კლასში დიდი ნიანგი რომ შემოვიდეს?” „რას იგრძნობდით, ხვალ კლასში მასწავლებლის ნაცვლად ჯამბაზი რომ დაგხვდეთ?”).

მასწავლებელი ზღაპარს ჯერ თავად უკითხავს მოსწავლეებს, შემდეგ უსვამს კითხვებს, რათა შეამოწმოს, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ტექსტი.

კითხვების მაგალითი:

1. რით განსხვავდებოდა პატარა კნუტი ქალაქის ბინადარი სხვა კატებისგან?

2. ვისთან მოუნდა თამაში პატარა კნუტს?

3. რატომ არ ეთამაშებოდნენ პატარა კნუტს სხვა კნუტები?

4. მოგწონთ სიამის კნუტების საქციელი? რატომ?

5. რა შეემთხვა თეთრ კნუტს?

6. როგორ მოიქცა წითური კნუტი?

7. რა რეაქცია ჰქონდათ წითური კნუტის საქცილზე სხვა კატებს?

8. როგორ განწყობაზე იყო წითური კნუტი ამბის დასასრულს? რატომ?

ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხკაციან ჯგუფებად. უხსნის, რომ ტექსტი პატარა ნაწილებად არის დაყოფილი. ურიგებს მოსწავლეებს დანომრილ ბარათებს და სთხოვს, ყველამ ხმამაღლა წაიკითხოს ნომრის შესაბამისი ფრაგმენტი (გაგრძელებითი კითხვა).

დიდ ჯგუფებში მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, ჯერ ჩუმად, თავისთვის წაიკითხონ ტექსტი, მერე კი ჯერ ერთ მოსწავლეს სთხოვს ერთი ნაწილის წაკითხვას, შემდეგ მეორეს – მომდევნო ნაწილისას და ა.შ.

თვალსაჩინოებისთვის მასწავლებელი ხაზავს მარტივ ცხრილს, სადაც ჩამოწერს: მარცხენა სვეტში – ტექსტის ნაწილებს, მომდევნოში – პერსონაჟებს, გამოყოფს აგრეთვე სვეტს ემოციებისა და ამ ემოციების მიზეზებისთვის.

წითური კნუტი

პერსონაჟები

ემოცია

მიზეზი

I

ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებსა და და-ძმებთან ერთად. ჩვენი კნუტი ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ან ნაცრისფერი გახლდათ ან ყავისფერი. ზოგი მუქი ნაცრისფერი იყო, ზოგი – ღია, ზოგიც – თეთრი, ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ არავინ, სულ არავინ იყო წითური.

ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს. როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდ ჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომლებიც მხიარულად თამაშობდნენ ბურთს.

წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა:

– თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია, შემოგიერთდეთ?

სიამის კნუტები

II

– არ ვიცით, – უპასუხეს კნუტებმა, – შემოგვხედე, რა ლამაზები ვართ, მუქი ყავისფრები, შენ კი რაღაც უცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს.

ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ნაცრისფერი, ძალიან ცელქი კნუტი შეუერთდათ. წითური კნუტი შეათვალიერა და უთხრა: „რა სასაცილო ხარ, წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?”

ძალიან ეწყინა პატარა კნუტს. სახლში მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა და ცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც დაანება თავი. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა, დედიკოს ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა, სინამდვილეში კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა.

ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილი იყო. ჟამი და ნაცრისფერი.

წითური კნუტი

III

ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კი გამოცოცხლდა. „რა კარგია მზე”, – გაიფიქრა კნუტმა თავისთვის, – „ის ყველას უყვარს, ათბობს და ახალისებს. მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუ მეც შემიძლია, გავახალისო კატები ჩემ გარშემო?” ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყიტა ეზოში ჩასვლა.

როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარა, თეთრი კნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო კატები შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, პატარა კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო.

წითური კნუტი

თეთრი კნუტი

IV

ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა კნუტი უვნებელი ჩამოიყვანა.

ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. „შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თან როგორი საყვარელია! პატარა მზეს ჰგავს!”

წითური კნუტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნა განსაცდელისგან და, როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს.

წითური კნუტი

სხვა კატები

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს მრგვალად გამოჭრილ ემოციების გამომხატველ ფორმებს. ჯგუფებს ევალებათ, ამ კაცუნების (ემოტიკონების) საშუალებით აღნიშნონ ემოცია, რომელსაც განიცდის პერსონაჟი ტექსტის თითოეულ ნაწილში, შეუსაბამონ ზედსართავი სახელი და ახსნან ემოციის გამომწვევი მიზეზი.

თუ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ეს რთული დავალება იქნება მოსწავლეებისთვის, ამუშავებს ჯგუფებს მხოლოდ ემოციების გამომხატველ ემოტიკონებზე.

მოსწავლეები წარმოადგენენ სქემას და შემდეგ მთელ კლასთან ერთად ასახელებენ შესაბამის ზედსართავ სახელებს (მაგალითად, მოწყენილი, შეშინებული) და ასახელებენ მიზეზებს.

აღნიშნული დავალების შეფასება შეიძლება რუბრიკის ან თვითშეფასების ტექნიკის „დაუმთავრებელი წინადადებების” მიხედვით.

რუბრიკის ნიმუში

ძალიან კარგი შესრულება

კარგი შესრულება

საშუალო შესრულება

მეტი მუშაობაა საჭირო

სწორად შეუსაბამებს ემოციას თითოეულ პერსონაჟს.

ყველა ემოციას სწორად შეუსაბამებს ზედსართავ სახელს.

სწორად ასახელებს თითოეული ემოციის გამომწვევ მიზეზს.

სწორად შეუსაბამებს ემოციას მხოლოდ ზოგიერთ პერსონჟს.

ზოგიერთ ემოციას სწორად შეუსაბამებს ზედსართავ სახელს.

ასახელებს ერთი ან ორი ემოციის გამომწვევ მიზეზს.

სწორად შეუსაბამებს ემოციას მხოლოდ ერთ პერსონაჟს.

მხოლოდ ერთ ზედსართავს შეუსაბამებს ემოციას.

სწორად ასახელებს მხოლოდ ერთ ემოციას.

ვერ შეუსაბამებს / არასწორად შეუსაბამებს ემოციას პერსონაჟს.

ვერ ახერხებს ემოციის სახელდებას.

ვერ ასახელებს მიზეზს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასურველია, პატარა მოსწავლემ თავიდანვე იგრძნოს პასუხისმგებლობა ჯგუფური მუშაობის დროს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა „დაუმთავრებელი წინადადებები”:

მაგალითები იმისა, თუ როგორ დავეხმარე ჯგუფს დავალების შესრულებაში:

1.

2.

დავალებაზე მუშაობისას ყველაზე მეტად მომეწონა…

დავალებაზე მუშაობისას გავიგე, რომ ….

დავალებაზე მუშაობისას გამიჭირდა…

შეფასების ეს საშუალებები ნათელ წარმოდგენას მოგვცემს იმის შესახებ, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა მოსწავლეებთან, რა დაძლიეს და რა არის მათთვის ჯერ კიდევ რთული.

აღნიშნული აქტივობისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ტექსტი, რომელშიც არის რამდენიმე პერსონაჟი და შესაძლებელია მსჯელობა მათ ემოციებსა და ემოციების გამომწვევ მიზეზებზე.

თანაც ეს აქტივობა ინტერდისციპლინურია, შეიძლება მისი დაკავშირება სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან. კაცუნების (ემოტიკონების) მაგივრად შეგიძლიათ ნიღბების გამოყენებაც, ოღონდ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ნიღბების დანიშნულების შესახებ და სხვადასხვა ტიპის ნიღბის ნიმუშების შეთავაზება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი