ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროსპერ ალპანუსი

მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი მწერალი, ერნსტ თეოდორ ჰოფმანი თავისი ეპოქის ავტორებისაგან ევროპული მითოლოგიისა და ფოლკლორის განსაკუთრებული, თანაბარი ცოდნით გამოირჩეოდა. რომანტიკოსი ცდილობდა, რომ ნაწარმოებებში ახალი საქმე გამოენახა ძველი ჯადოქრებისა და ფერიებისთვის, ტყის სულებისა და ჯუჯებისთვის, ურჩხულებისა და უცნაური მცენარეებისთვის. საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟს, პატარა ცახესს. პატარა ცახესი გონჯი ქონდრისკაცია. მას შეუძლია, რომ ხალხს ოსტატურად მოაჩვენოს სხვისი სიკეთე საკუთარ დამსახურებულ უპირატესობად. ერთხელ ჩემ თვალწინ ლატვიის დედაქალქში გაბრაზებულმა ჩინელმა პატივმოყვარე უელსელი, მის დაშოშმინებლად, ჰოფმანის კაცუნას სახელით მოიხსენია. აზიელმა თავის მიზანს წარმატებით მიაღწია. გლობალური მნიშვნელობის პერსონაჟების გარდა, გერმანელის ტექსტებში ვხვდებით ნაკლებად სახელმოხვეჭილ, მაგრამ გადამწყვეტი როლის შემსრულებელ გმირებსაც.

ჰოფმანის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და შთამაგონებელ სახედ დოქტორი პროსპერ ალპანუსი შეგვიძლია მივიჩნიოთ. დოქტორი ალპანუსი კეთილი ჯადოქარია. არაორდინარული ქცევების გამო მის შესაძლებლობებში ბევრს ეპარება ეჭვი. ბევრს ვერ გაუგია, ბევრს ვერ აუხსნია, თუ რატომ შრომობს უსათნოესი კაცი საერთო საქმისთვის. მოხუცი უგუნური, გაუაზრებელი, თავსმოხვეული, სუპერრაციონალური და ჰუმანიზმისგან დაცლილი ფსევდოგანმანათლებლობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტების მთავარი შემწე და ქომაგია. იგი მთელ თავის ძალას ხარჯავს იმისთვის, რომ ცახესის დამარცხებაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ შეუცნობელი, საკვირველი საიდუმლოების. პროსპერ ალპანუსი ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საკუთარ კერას უთმობს ქონდრისკაცის მძლეველ სტუდენტ ბალთაზარს და მის სატრფოს, თავად კი შორს მიდის ახალი სიბრძნეების შესასწავლად.

არ მჯერა, რომ პროსპერ ალპანუსის მსგავსი ფიგურები ჩვენს საუკუნეშიც არსებობენ. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ცოცხლობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი დოქტორის მაგალითით იკვალავენ გზას.

რამდენიმე თვის წინ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანის შესახებ შევიტყვე. საქართველოში ძალიან ცოტამ იცის, თუ ვინ არის იორგ ჰენლე. იორგ ჰენლე უკვე ჭარმაგი გერმანელი იურისტია, რომელიც საქართველოს პირველად 90-იან წლებში ეწვია. ადგილობრივი ინტელექტუალების დამსახურებით მან ბევრი რამ შეიტყო კავკასიის რეგიონის შესახებ. ჰუმანისტი რეგიონში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ დააფიქრა და გადაწყვიტა, რომ საოჯახო ფონდ „ჰორიზონტის“ დახმარებით ხელი გაემართა ომებითა თუ ეთნიკური დაპირისპირებებით გატანჯული კუთხისათვის, კავკასიონის მთის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ხალხისათვის.

საუკუნეთა მიჯნაზე სახელგანთქმული ფონდების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით, არჩევნების გამჭვირვალობის პრობლემებით, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლების დაფინანსებით იყო დაკავებული. ისინი ცდილობდნენ, რომ თავიანთი საქმიანობის შედეგად ძველი, საბჭოთა ნომენკლატურა მათი ხელშეწყობით დაწინაურებული პირებით ჩაენაცვლებინათ. ელიტათა რეკრუტირების იდეით შეპყრობილებს ბევრი რამ ავიწყდებოდათ, მაგალითად, პოსტკომუნისტურ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ბედი. სწორედ ამ პერიოდში, ჟურნალისტებისგან უჩუმრად ბ-ნი ჰენლე სვანეთის სოფლებში მოგზაურობდა და მესტიის მუნიციპალიტეტის უძველესი საყდრების შესახებ უმთავრესი ცნობების შეგროვებას ცდილობდა. მის არცერთ მოგზაურობას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1997-2005 წლებში იორგ ჰენლეს ხელმძღვანელობით ფონდმა „ჰორიზონტმა“ სვანეთის თოთხმეტი ეკლესიის (მათ შორის ლაღამი, ლატალი, კალა) რესტავრაცია დააფინანსა. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტის საფუძველზე შესაძლებელი გახდა უნიკალური ფრესკებისა და ჯვარ-ხატების განადგურებისგან გადარჩენაც.

ილიას ეპოქის შესახებ ვიზუალური წარმოდგენის შექმნა ჩვენ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების საშუალებით შეგვიძლია. წარმოშობით იტალიელმა ფოტოგრაფმა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ათასობით სურათი გადაიღო. ერმაკოვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კუთვნილების პირებიც და უძველესი არქეოლოგიური ობიექტებიც. 1997 წელს ჯანაშიას მუზეუმში ბ-ნი ჰენლეს დახმარებით შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. ლაბორატორია აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ჯამაგირი დაენიშნათ ლაბორატორიის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებს. ლაბორატორიის მუშაობის შედეგად მოხერხდა ერმაკოვის კოლექციის სრული რესტავრაცია-კონსერვაცია. უნიკალური გადარჩენილი ფოტომასალა „ჰორიზონტის“ დახმარებით მოწყობილ საცავებში დღემდე ინახება.

ბ-ნი ჰენლე და მისი ფონდი ოცი წელია ზრუნავს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის „კავკასიური სახლის“ ფუნქციონირებაზე. მაშასადამე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გერმანელი იურისტი მონაწილეობდა ყურანის ქართული გამოცემის მომზადების, „ვეფხისტყაოსნის“ ორ უცხო ენაზე გამოცემისა და ორასზე მეტი სხვა წიგნის გამოქვეყნების პროცესში. იორგ ჰენლეს სახელს უკავშირდება სმირნოვების მუზეუმის რეაბილიტაცია, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დღემდე მოქმედი საკვირაო სკოლის მოწყობა, კავკასიურ ენების შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება და ა.შ. კავკასიის დიდ ქომაგს არც სახლის აშენება დავიწყებია. დღეს რომ გალაკტიონის ქუჩაზე ქართველი მწერლებისა და პოეტებისთვის, მთარგმნელებისა და მეცნიერებისთვის, კავკასიელი და აღმოსავლელი ხალხებისათვის, ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მყუდრო, კეთილმოწყობილი შენობა დგას, ესეც ბევრისთვის უცნობი თავმდაბალი კაცის დამსახურებაა.

თუ კარგად მოიძიებთ იმასაც შეიტყობთ, რომ უკიდურესი გაჭირვებისა და სასოწარკვეთის წლებში ბ-ნი ჰენლეს გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ საქართველოს ორ სოფელში, შუაფხოსა და ნუკრიანში, სკოლების სარემონტო-სარაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა.

რა აქვთ საერთო პროსპერ ალპანუსსა და ბ-ნ ჰენლეს?

ორივენი პოეტებსა და ხელოვანებს უმართავდნენ ხელს. ორივემ ააშენა სახლი, რომელიც ჰუმანიტარული აზროვნების მქონე ადამიანებისათვის თავშესაფრად იქცა. არცერთი მათგანი არ დაემორჩილა უგუნური მოდერნიზაციის იდეას, მათ თავიანთი ძალისხმევა მიმართეს საერთო კეთილდღეობისთვის და არა მორჩილთა არმიების შექმნისთვის. რიგითი ტექნოკრატები ორივე დოქტორს გაკვირვებული აკვირდებიან. გაკვირვებულებს ტანჯავთ შეკითხვები – რატომ უნდა აჩუქოს თავისი ქონება ჯადოქარმა სტუდენტს? რატომ უნდა იზრუნოს მდიდარმა გერმანელმა ადიღური ენის გადარჩენისთვის?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი