ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბიჭი მაღალი სოფლიდან

„ადიგენში, სოფელ კიკიბოში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი სოფელია, გაკვეთილებს რკინის ვაგონში ატარებენ…და აქ მხოლოდ ერთი მოსწავლე რამინ გობაძე სწავლობს“…

პორტალ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც ეს ამონარიდია, ვიდეორგოლიც ახლავს. ბიჭი, რამინი, მორცხვად, ღიმილით საუბრობს. „რომელი საგანი მიყვარს და მათემატიკა და ქართული და ინგლისური და კიდე ბუნება. ადრე მასწავლებელი ძალიან იღლებოდა აქ, იმიტომ რომე ექვსი კლასი ვიყავით, ექვსი, ახლა…ახლა ერთი ვარ“.

რამინი იმასაც ამბობს, რომ პოლიციელი უნდა გამოვიდეს, რადგან „ქურდებს დეიჭირავს“, მერე კი აყოლებს, „ყველაზე მეტად მინდა მქონდეს…მოტოციკლეტი ან ველოსიპედი…“ტაჭკას“ გამოვაბამ, ვიკატავებ“.

შემთხვევაა თუ კანონზომიერება – არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ გაცხადებული სურვილები სრულდება ხოლმე და ასე მოხდა რამინის შემთხვევაშიც. სოციალურ ქსელში მრავალჯერ გაზიარებული ვიდეო ერთმა ადამიანმა ნახა. ნახვისთანავე გადაწყვიტა, შეეძინა მისთვის სანუკვარი ველოსიპედი და თავადვე ჩაეტანა მისთვის კიკიბოში. მთებში ჩაკარგულ, უგზო, ლამის მიუვალ სოფელში.

„ ამ ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორია, იყო ერთადერთი მოსწავლე სკოლაში? ბიჭს მეგობრები სჭირდება, თანამოაზრეები, შესვენებებზე გართობა და ანცობა…როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ჩემს ოჯახსაც ძალიან უჭირდა, დიდი და მოყვარული ოჯახი მყავს, ვოცნებობდი, წარმატებისთვის მიმეღწია, რომ ოჯახსაც დავხმარებოდი და სხვებსაც, ვისაც ეს სჭირდებოდა“.

ჰოდა, ისე მოხდა, რომ ამ პატარა ბიჭს  დიდი და მოყვარული ოჯახიდან თავისი სურვილი აუსრულდა, წარმატებული გახდა, საქართველოში მოხვდა და ამ პატარა ქართველი ბიჭის ამბავიც შეიტყო.

„ვიდეო ვნახე, ცხადია, ქართული არ ვიცი, მაგრამ ახსნაც არ სჭირდებოდა ამ ბავშვის თვალებს. გავიგე, რომ ველოსიპედზე ოცნებობდა და ბედნიერი ვარ, მისი ოცნების ახდენა რომ შემიძლია“ – ამბობს ალონ მოლაჰაიმიანი, ისრაელის მოქალაქე, რომელიც ორ წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს.

ალონს ბიჭთან დაკავშირებასა და სოფლამდე ჩაღწევაში დახმარებას დავპირდი. თან რედაქტორს, ნატო ინგოროყვას შევუთანხმე, ბლოგისთვის მასალასაც გავამზადებ-მეთქი და აქ მეორე ამბავი დაიწყო. ყოველ ჯერზე საოცარი სანახავია, როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო მიზნისთვის, როგორ არიან მზად თანადგომისა და დახმარებისთვის.

კოლეგიიდან ბევრმა გამოთქვა სურვილი, საჩუქარი გაეტანებინა ჩვენთვის. ასე დაუგროვდა რამინს უამრავი საჭირო და სასარგებლო ნივთი – ჩანთა, მთელი წლის სამყოფი საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული, ფეხსაცმელები, სათამაშოები, სახატავი რვეულები და ფანქრები, თბილი ტანსაცმელი, ფანარი და თერმოსი…მანქანაში ადგილიც კი აღარ იყო…

რამინი განსაკუთრებით გაახარა თბილისელი თანატოლის წერილმა, რომელიც მეგობრობას სთავაზობს მას „მადლობა, ყველას მადლობა გადეეცით, ვინც გეისარჯა“ – დაგვაბარა ბიჭმა.

რედაქციამ და „მასწავლებლის სახლმა“ უყურადღებოდ არც რამინის მასწავლებელი არ დატოვა. მას „მასწავლებლის სახლის“ გამოცემები, ჟურნალები და საკანცელარიო ნივთები გადავეცით. ნანა მაცაბერიძემ კიკიბოს სკოლაში მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და უგზოობისა და უამრავი პრობლემის მიუხედავად პროფესიის ერთგულია. წუხს, რომ სოფელში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რათა გაკვეთილები თუ კლასგარეშე აქტივობები უკეთ დაგეგმოს და განახორციელოს.

სოფელ კიკიბომდე დერცელისა და კიკიბოს სკოლების დირექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ მიგვაცილა ( კიკიბოს დაწყებითი სკოლა შერწყმულია დერცელის საჯარო სკოლასთან). მერაბ ბერიძის თქმით, გასულ წელს კიკიბოს სკოლაში ექვსი მოსწავლე სწავლობდა, მათგან ოთხმა დაწყებითი საფეხური დაასრულა და ისინი დერცელის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ერთი მოსწავლის ოჯახმა კი სოფელი დატოვა და საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.

„მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქში დღეს საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით – მაღალმთიანი სოფლებიდან. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერავის მოსთხოვ, ასეთ პირობებში გაჩერდეს და იცხოვროს. თავადაც ხედავთ, გზა როგორია. სოფელს გზა თუ არ აქვს, მოწყვეტილია ცენტრს და ამის გამო უამრავი პრობლემა ჩნდება, იცლება სოფელი“.

გზა დერცელამდეც საკმაოდ გაფუჭებულია, დერცელიდან კიკიბომდე კი მგზავრი იძულებულია „უგზოსა ვლიდეს გზებსა“. მოსახლეობას ხშირად ფეხით უწევს ექვს კილომეტრამდე მანძილის გავლა.

მერაბ ბერიძემ უამრავი საინტერესო და საყურადღებო რამ გვიამბო რეგიონის, სკოლისა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების და მათი პრობლემების შესახებ. მასთან ინტერვიუს მომდევნო ბლოგში ცალკე შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან სოფლებში შერჩენილი ადამიანების ხმა ისმოდეს – რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება ხმამაღლა.

დირექტორის თქმით, კიკიბოს სკოლის პრობლემების შესახებ ცნობილია რესურსეცნტრისთვისაც და სამინისტროსთვისაც, “ველოდებით მოგვარებას“ – დაამატა მან.

ამ ადამიანის მონდომება და სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული მდგომარეობა, ნამდვილად დასაფასებელია. თუ დერცელში ჩახვალთ და ხის ფინური ტიპის კოტეჯისმაგვარ შენობაში განთავსებული სკოლას მოინახულებთ, ამაში თავად დარწმუნდებით – თვალს ახარებს ხის სკოლის წინ ახალი სპორტული მოედანი, რომელზეც ზაფხულშიც, არდადეგების დროსაც არ წყდება ბავშვების ჟრიამული. სკოლის კედლები დამშვენებულია მათი ნამუშევრებით, ბატონი მერაბი კი დიდი სიამაყით ჰყვება დერცელის სკოლის მოსწავლეების წარმატებებების შესახებ.

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, ფოტოებისა და ტრანსპორტირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მაღალმთიანი სოფლის პრობლემებით მეტად დაინტერესდებიან ისინი, ვისაც ცვლილებები ძალუძს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი