პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები უცხო ტექსტის ანალიზისთვის

მესამე  წერილი 

ჩემი შვილების კლასელების მშობლები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს, როგორ ვერ აკითხებდნენ წიგნებს თავიანთ შვილებს. მე ეს პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, იმიტომ კი არა, რომ ჩემს შვილებს წიგნებს ვერ ვაგდებინებდი ხელიდან, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის წაკითხული წიგნების რაოდენობა არასოდეს ყოფილა მთავარი, მე ის უფრო მაინტერესებდა, რას და როგორ წაიკითხავდნენ ისინი. მე ხომ მათ ისეთი სატელევიზიო კონკურსებისთვის არ ვამზადებდი, რომლებიც აჩვენებს, რამდენად კარგად ახსოვს მოთამაშეს წაკითხული ნაწარმოებიდან პერსონაჟების სახელი ან მოქმედების ადგილი. ამგვარი კონკურსები მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობას ამოწმებს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშში მონაწილე კარგი მეხსიერებისა და სისხარტის გარეშე ფონს ვერ გავა. მაგრამ ამგვარი კონკურსები ვერ გვაგებინებს, როგორი სიამოვნება მიიღო მკითხველმა წიგნიდან. წიგნის წაკითხვის პროცესი ხომ პირველ რიგში ესთეტიკურ სიამოვნებას უკავშირდება, თუმცა არა მარტო მას. წიგნის კითხვა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ავითარებს ანალიტიკურ უნარებს, ავითარებს წარმოსახვას და ბოლოს, გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ენა, რომ ჩვენი სათქმელი მიზანს აღწევდეს. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა წიგნებს ვკითხულობთ და მერე ვიღაცასთან ერთად ვარჩევთ მას. ასე ვსწავლობთ, როგორ დავალაგოთ აზრები, როგორ შევარჩიოთ სიტყვები სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, გარდა ამისა წიგნის გარჩევისას ვხვდებით, თუ როგორ დაიწერა ესა თუ ის ნაწარმოები და, რაც მთავარია, რატომ დაიწერა. როდესაც ვამბობ, როგორ დაიწერა წიგნი, ნაწარმოების ბიოგრაფია კი არ მაინტერესებს, არამედ რომელი სიტყვები, მხატვრული საშუალებები გამოიყენა მწერალმა, როგორ გამოხატა სათქმელი, მოახერხა თუ არა, თავისი სათქმელი მკითხველამდე მიეტანა, შედგა თუ არა კომუნიკაცია მასსა და აუდიტორიას შორის.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ლიტერატურული კომენტარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ დაეხმარებათ, როცა ეროვნულ გამოცდაზე გავლენ, არამედ იმიტომაც, რომ ასე მათ საუკეთესოდ განივითარდებათ კრიტიკული ანალიზის უნარები.

რას ნიშნავს ლიტერატურული კომენტარი? ლიტერატურული კომენტარი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხატვრული ტექსტის ლიტერატურული ანალიზი, ესაა პროცესი, როდესაც კომენტატორი ზეპირად ან წერილობით ჩაერთვება ლიტერატურულ კრიტიციზმში, ე.ი. კრიტიკულად წაიკითხავს, გაარჩევს და შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებს, შეეცდება, ახსნას ტექსტი და შეძლებისდაგვარად მოახდინოს მისი ინტერპეტირება.

ამ წერილში შევეცდები, მიმოვიხილო, რა უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლემ, სანამ მხატვრული ტექსტის (პროზაული ამონარიდის ან დამოუკიდებელი პროზაული ნაწარმოების) ლიტერატურულ კომენტირებას შეუდგება. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ცოდნის დაგროვებას უნდა ეთმობოდეს, მაგრამ ცოდნის დაგროვება პრაქტიკულად უნდა ხდებოდეს, სხვაგვარად ეს ცოდნა ვერაფრით ვერ მოეხმარება ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში.

პირველ ეტაპზე აუცილებელია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ვერცერთ ტექსტს სრულყოფილად ვერ გავიგებთ, თუკი მას ერთხელ წავიკითხავთ. და კიდევ, არა აქვს მნიშვნელობა, გრძელია თუ მოკლე ტექსტი, ის ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავარჩიოთ.   მოსწავლეები ნელ-ნელა მიეჩვევიან ტექსტის მინიმუმ ორჯერ წაკითხვას, რადგან ლიტერატურული ანალიზის პროცესში დარწმუნდებიან, რამდენად აუცილებელია ეს მათთვის. ნუ დაგვავიწყდება, ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები: რა შევნიშნეთ პირველი წაკითხვის შემდეგ? პასუხი ძირითადად შინაარსის გაგების დონეზე იქნება. პირველი წაკითხვის შემდეგ გავიგებთ შინაარსს და ჩვენს ყურადღებას ენობრივი თავისებურებები მიიქცევს. აი ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი პროცესი, რომელსაც დეკოდირებას ვუწოდებთ, ანუ, როდესაც იწყება შეფუთულის გახსნა ანდა ნაწარმოების შრეებად დაშლა, ნაწარმოების სიღრმეებში ჩასვლა. კარგ მკითხველს სწორედ ეს უნდა აინტერესებდეს: რა დაგვხვდება შიგნით, რადგან მხოლოდ ამგვარი წაკითხვა განაპირობებს, რამდენად კარგად ჩაწვდი მწერლის სათქმელს; ისეც ხდება, რომ მეორე წაკითხვისას ხანდახან შინაარსი მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომაც წარმოუდგენელია ტექსტის დეკოდირება პირველივე წაკითხვისას.  მეორე წაკითხვამ უნდა გაგვაგებინოს, აგვახსნევინოს ის, რაც პირველ წაკითხვაზე შევნიშნეთ – განა მარტო როგორი ენა გამოიყენა მწერალმა, არამედ როგორ იყენებს ავტორი ამ ენას, რამდენად დახუნძლულია ის ტროპებით – მეტაფორებით, შედარებებით, იდიომებით, სიმბოლოებით; იყენებს თუ არა მწერალი ალეგორიას, ირონიას, ორაზროვნებას; შეინიშნება თუ არა ტექსტში გრადაცია, გამეორება. ამ ყველაფრის გაანალიზება მეორე წაკითხვის შემდეგ შეგვამზადებს უმთავრესისთვის, ამოვიცნოთ მწერლის სათქმელი. მწერლისა და მოცემული ტექსტის ენობრივი ანალიზი ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ მივხვდეთ, რატომ იყენებს სწორედ ამ ხერხებს ავტორი, მოახერხებდა თუ არა მათ გარეშე მწერალი სათქმელის გამოხატვას, შეიძლებოდა თუ არა სხვა, უკეთესი გზის გამოყენება. ენობრივმა ანალიზმა უნდა გაგვიყვანოს სათქმელამდე. აი, ამის შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ კონკრეტული ეპიზოდის ან ეპიზოდების, პერსონაჟის ან პერსონაჟების, მონოლოგების და დიალოგების ეტაპობრივი შესწავლა და დავადგინოთ: არის თუ არა ნაჩვენები პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარება და როგორ; კარგი იქნება, თუკი მოსწავლეებს ავუხსნით, მარტო პერსონაჟების ურთიერთობა კი არა, მწერლის და, თუ შესაძლებელია, მკითხველის დამოკიდებულებაც გაარკვიონ პერსონაჟის მიმართ. ამისთვის კი შეხედონ, ვინაა მთხრობელი, ვისი ხმა ისმის ტექსტში; ტექსტის სრულფასოვანი ანალიზისას აუცილებელია ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური ან  ეკონომიკური კონტექსტის დადგენაც. მოცემულ პროზაულ ტექსტში მოსაძებნი იქნება, გამოთქმულია თუ არა რომელიმე აქტუალურ საკითხზე გარკვეული შეხედულებები; იცავს თუ არა რაიმე კონკრეტულ ღირებულებებს ან ავტორი ან პერსონაჟი (თუ შესაძლებელია, იმაზეც ვიმსჯელოთ, ემთხვევა თუ არა პერსონაჟის და ავტორის პოზიცია ერთმანეთს) და ამ ყველაფერს გავყავართ თუ არა მნიშვნელოვან სათქმელზე. როდესაც გაარკვევენ, რისი თქმა უნდა პერსონაჟს, იქვე უნდა ავახსნევინოთ კიდეც, არის თუ არა ეს მწერლის ცენტრალური სათქმელიც; ასევე კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები დააკვირდებიან, აისახა თუ არა ნაწარმოებში რომელიმე საკითხთან მიმართებით შეშფოთება, ნაჩვენებია თუ არა გამოსავალი.

ხშირად სადავოა, სწორად ამოვიცანით თუ არა მწერლის სათქმელი. რთულია, ვამტკიცოთ, რომ შევძელით ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი ცოცხალი არაა და ვერ დავეკითხებით მას. ტექსტი ურთულესი ორგანიზმია და მასში არასოდეს გვეუბნება მწერალი პირდაპირ, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამას ის თითქმის ყოველთვის მინიშნებებით აკეთებს. ამისთვის კი ის მიმართავს სხვადასხვა ნაცად და მოულოდნელ ხერხებს. ამიტომაც ხანდახან კარგია, თუკი, იმის ნაცვლად, რომ ვამტკიცოთ, როგორ ამოვიცანით მწერლის სათქმელი, მოსწავლეებს ვურჩიოთ, წარმოადგინონ თავიანთი პერსპექტივა – აჩვენონ, რა დაინახეს, რას მიაგნეს და როგორ ხსნიან ამა თუ იმ ელემენტს ტექსტში.

ხშირად, როცა გამოცდაზე გასარჩევად მოდის პროზაული ნაწარმოების ერთი მონაკვეთი, ვრცელი ტექსტის მოკლე ნაწყვეტი, დგება შეკითხვა: უნდა იცნობდეს თუ არა აბიტურიენტი ამ ნაწარმოებს სრულად, სავალდებულოა თუ არა, მას თავიდან ბოლომდე წაკითხული ჰქონდეს ტექსტი მანამდე, შეძლებს თუ არა მის სწორად გახსნას ისე, რომ არ იცნობდეს მას. პასუხი უარყოფითია. პირიქით, ხანდახან წინარე ცოდნამ შეიძლება დააზარალოს კიდეც აბიტურიენტი. რადგან მას უკვე შექმნილი ექნება ე.წ. სწორი წარმოდგენა და ვეღარ შეძლებს ახლებურად შეხედოს მონაკვეთს. ასეთ დროს ყოველთვის უფრო გამართლებულია, მოცემული ამონარიდი ისე წაიკითხონ, თითქოს საქმე დამოუკიდებელ მოთხრობასთან ჰქონდეთ. გააფრთხილეთ თქვენი მოსწავლეები, თუნდაც კარგად ჰქონდეთ მანამდე ტექსტი შესწავლილი, ზედმიწევნით იცოდნენ სრული ტექსტი, მაინც ამგვარი მიდგომაა სწორი და გამართლებული: ამონარიდი ისე უნდა წაიკითხონ, თითქოს მას პირველად ხედავენ. თუკი ნაწარმოებს მანამდეც იცნობდნენ, მხოლოდ ბოლოს მიუთითონ, როგორ მიემართება ამონარიდი სრულ სურათს, დეტალი – მთელს.

როგორც აღვნიშნეთ, თითქმის არცერთ ნაწარმოებში მწერალი არ ეუბნება თავის მკითხველს, აი, ესაა მორალი, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამიტომაც ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის გარჩევისა და ახსნის შემდეგ მისასალმებელია მათი ინტერპრეტაციაც. სწორედ იმიტომ, რომ თავად მწერალი ღიად არ მიგვითითებს მკითხველთან გზავნილზე, ცენტრალურ მესიჯზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არც იმაში გვბოჭავს, ვიყოთ თავისუფალნი ნებისმიერი თამამი აზრის წამოყენებისას. ოღონდ ეს მოსაზრება ჰაერიდან ყურით არ უნდა იყოს მოთრეული და უნდა ეფუძნებოდეს თავად ავტორის ტექსტს – ხან სიტყვას, ხან რომელიღაც მხატვრულ საშუალებას. ე.ი. მწერლის ენის ახსნისას, თავში გამუდმებით ერთი შეკითხვა უნდა გვიტრიალებდეს, რატომ ეს და არა სხვა სიტყვა, რატომ ეს და არა სხვა ენობრივ-მხატვრული საშუალება.

პროზაული ტექსტის ანალიზისას უნდა გავიხსენოთ, რომ თავად მწერალი ნაწარმოების აგებისას აუცილებლად მისდევს რაღაც ტიპის ორგანიზაციას. ანუ, როდესაც მოსწავლე ტექსტს  გაარჩევს, უნდა აღნიშნოს, თხრობა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მიუყვება თუ მასში რეტროსპექტივაა გამოყენებული; ანდა მოვლენა ერთი მთხრობელის პერსპექტივაა თუ რამდენიმე კუთხიდანაა დანახული, იქნება ეს პერსონაჟების თუ ავტორის პერსპექტივა. ტექსტის გასაგებად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს თანმიმდევრულია თხრობა თუ მთხრობელი ერთი ამბიდან მეორეზე ხტება, თხრობისას არეულია დროები და ადგილები თუ ყველაფერი დალაგებულია? ნაწარმოების ანალიზისას მოსწავლე მუდმივად უნდა პასუხობდეს კითხვას „რატომ?“, ყოველ შემთხვევაში, შეეცადოს მაინც, უპასუხოს ამ კითხვას. მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ: ამოიცნეს, ვინაა პერსონაჟი? ახლა დააკვირდნენ მის სახელს, მის გარეგნულ მახასიათებლებს, მის სიტყვა-პასუხს, მის ქცევას. ხშირად პასუხის მოძებნას კითხვაზე, რატომ ეს და არა სხვა სახელი, რატომ ამგვარი და არა სხვაგვარი მეტყველება, რატომ ასეთი და არა სხვანაირი გარეგნობა, გავყავართ ავტორის ცენტრალური სათქმელის ამოცნობის გზაზე; ამოიცნეს მთხრობელი ანუ ნარატორი? იქვე გასცენ პასუხი კითხვას, დაეჯერება კი მას? მიკერძოებული ხომ არაა ნარატორი? სანდოა კი მისი მონათხრობი ანუ ნარატივი? ამოიცნეს მოქმედების ადგილი და დრო? იქვე უპასუხონ კითხვას, გადამწყვეტი ხომ არაა ეს ფაქტორი ნაწარმოების გასაგებად, ნაწარმოების გაგების საფუძველს ხომ არ ქმნის ის? ხშირად გამოცდაზე ტექსტის დაწერის თარიღია მითითებული. ავუხსნათ მოსწავლეებს, რატომ არ უნდა აერიოთ ერთმანეთში, როდის დაიწერა, როდის შეიქმნა ტექსტი და რომელი დროა ასახული ნაწარმოებში. ხანდახან თარიღს არა აქვს მნიშვნელობა ტექსტის გაგებისთვის, მაგრამ ხანდახან მას გადამწყვეტი როლი ეკისრება. ასევე ტექსტის გასაგებად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, სიტყვაძუნწია თუ სიტყვაუხვი ავტორი და რატომ. პასუხი განსხვავებულია. ხანდახან იმიტომაა ავტორი სიტყვაძუნწი, რომ მას სურს, მკითხველმა წარმოსახვა ჩართოს და ამოავსოს ბუნდოვანი ადგილები. ხანდახან კი იმიტომ, რომ  ის ცენზურას უფრთხის და თავდაცვის, თავის დაზღვევის მიზნით სიტყვებს მომჭირნეობით იყენებს. ხანდახან კი პირიქით, მწერალი ცენზურას რომ უფრთხის, იმიტომაცაა სიტყვაუხვი, იმიტომ იყენებს უხვად მხატვრულ საშუალებებს, რომ მკითხველმა ამ ყველაფრის ახსნით უნდა გახსნას ნამდვილი სათქმელი, რომელიც იმალება მათ უკან. ხანდახან სიტყვა სიტყვაა, მაგრამ ხანდახან სიტყვა მეტია თავად სიტყვაზე, ანუ ის სიმბოლოა. თითოეული სიმბოლო ფრთხილად უნდა გაიხსნას.

და ბოლოს, როდესაც პროზაული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზში გაიწაფებიან, თქვენი მოსწავლეები აუცილებლად შენიშნავენ, რომ ძალიან ხშირად ნაწარმოების თემა, პერსონაჟი ან რომელიმე სხვა ელემენტი იმავე ან სხვა მწერლის ნაწარმოებს წააგავს. ასწავლეთ, რომ ნუ შეშინდებიან ამგვარი კავშირების დანახვისას, თუმცა იმავდროულად არ დაავიწყდეთ ხოლმე, აღნიშნონ, რა კუთხით დაინახეს მსგავსება და როგორ ახსნიან ამ მიგნებას.

რჩევები აბიტურიენტებს: მინიმუმ ორჯერ წაიკითხეთ მოცემული უცხო ან თუნდაც ნაცნობი პროზაული ტექსტი. როდესაც ტექსტს მეორეჯერ წაიკითხავთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, რომლის პასუხებსაც მოცემულ მონაკვეთში მოიძიებთ. მეორეჯერ წაკითხვისას ხაზი გაუსვით პასუხს ან სიტყვა/სიტყვათა ჯგუფს, რომლებიც პასუხზე გაგიყვანთ (ფურცლის ველზე მიაწერეთ პასუხი, რომ მერე წერის პროცესში არ დაგავიწყდეთ მიგნება). გადახაზეთ ის პასუხები, როცა ნაწერში მათ ჩართავთ, რომ არ განმეორდეთ. გაითვალისწინეთ, რომ წერისას თქვენი ნაშრომი ორგანიზებული და თანმიმდევრული უნდა იყოს. თუ გინდათ, პირველივე აბზაცში გამოთვით თქვენი მოსაზრება, თუ გნებავთ, მეტი ინტრიგისთვის ის ბოლოს გამოთქვით. თქვენეული მოსაზრების დამტკიცებისას არ დაგავიწყდეთ ციტატის მოყვანა მოცემული პასაჟიდან. ანალიზისას არ დაგავიწყდეთ, პირველ რიგში აღნიშნოთ, რაზეა ტექსტი, ვინ ყვება მას, როგორია ენა, შემდეგ ახსენით ეს ყველაფერი და ბოლოს გააკეთეთ ინტერპრეტაცია. ე.ი. თქვენს ნაშრომში სამი ნაწილი მაინც უნდა იყოს: 1. ის, რაც ზედაპირული პირველი წაკითხვის შემდეგ გაიგეთ (ნაშრომში მხოლოდ ამ ნაწილის წარმოდგენით დაბალ ქულას დაიმსახურებთ); 2. ის, რასაც მეორე წაკითხვის შედეგად მიაგნებთ – ენობრივი მხარის, გმირების, მოქმედების, კონტექსტის ახსნა (ნაწერში ამის წარმოდგენით საშუალო ქულას დაიმსახურებთ – თუ ნაწილობრივად დაფარავთ ყველა ასპექტს, დაბალ საშუალო ქულას მიიღებთ, ხოლო, თუ სრულად ამოწურავთ ყველა ასპექტს, მაშინ მაღალი საშუალო ქულა გაქვთ გარანტირებული); 3. და ბოლოს, თუკი ამოიცნობთ და უფრო დიდ იდეაზე გახვალთ, ანუ, თუკი თქვენეულ ინტერპრეტაციას შემოსთავაზებთ თქვენი ნაწერის წამკითხველს/გამსწორებელს, უკვე მაღალ ქულას დაიმსახურებთ. ნაწერში შეგიძლიათ იმ ესთეტიკურ სიამოვნებაზეც თქვათ ორიოდე სიტყვა, ნაწარმოებმა რომ მოგანიჭათ. ტექსტის წაკითხვისას განცდილი ემოციები – შიში იქნება ეს თუ ემპათია – აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. ლიტერატურული ანალიზისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ნაწერის ენასაც, ყურადღებით შეარჩიოთ ტერმინები, რომლებსაც წერისას გამოიყენებთ. აი, ის ტერმინები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწერში:

პროტაგონისტი – ნაწერში ხშირად რომ არ გავიმეოროთ სიტყვა „მთავარი პერსონაჟი“, ზოგჯერ მას უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვა „პროტაგონისტი“;

ანტაგონისტი – ძალიან ხშირად ტექსტში მთავარ პერსონაჟს იდეებით, საქმიანობით, ღირებულებებით უპირისპირდება მეორე პერსონაჟი, რომელსაც „ანტაგონისტს“ ვუწოდებთ. ანტაგონისტის  როლი ხანდახან პროტაგონისტის ვნებაა ხან სიტყვით და ხანაც საქმით;

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – თავად განსაზღვრეთ, ვინაა ასეთი პერსონაჟი ტექსტში და გაითვალისწინეთ, რომ მისმა/მათმა იგნორირებამ, შეიძლება ვერ გაგვიყვანოს სრულფასოვან ანალიზზე;

სტატიკური პერსონაჟი და დინამიკური პერსონაჟი – ანალიზი გვიჩვენებს, იცვლება თუ არა პერსონაჟის თვალთახედვა, ვითარდება თუ არა ის, ამდენად, არის ტექსტები, რომელშიც პერსონაჟი სტატიკურია და არის ტექსტები, რომლებშიც პერსონაჟი დინამიკურია;

მახასიათებლები – პერსონაჟი სხვადასხვა მახასიათებლით შეიცნობა. ესაა ეპითეტები, რომლებიც მის გარეგნულ მხარეზე გვიქმნის შთაბეჭდილებას, ოღონდ ისეთ მხარზე, რომელიც ამ პერსონაჟის ხასიათის გასახსენლად გვჭირდება; ხანდახან ესაა სახასაითო მეტყველება, რომელზე დაკვირვებაც ბევრისმომცემია მკითხველისთვის;

ტროპები – ესაა ის მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიც ხან ფიგურალურ ენაშია მოცემული, ხან მეტაფორად, ხან შედარებად, ხან ჰიპერბოლად და ხანაც გაპიროვნებად გვევლინება ტექსტში;

სიუჟეტი – როდესაც სიუჟეტურად გაარჩევთ ტექსტს, დააკვირდით, გაქვთ თუ არა, როგორც მკითხველს, გაუგებრობის ან დაძაბულობის შეგრძნება, ხომ არ აფრთხილებს ავტორი თავის მკითხველს წინასწარ რაიმე მინიშნებით, რა მოხდება მომავალში. ასეთი მინიშნებები წინასწარ განწყობას, მოლოდინს უქმნის მკითხველს, აფიქრებინებს, რა მოხდება მომავალში. დააკვირდით, რომელმა სიტყვამ შეგიქმნათ ეს წინასწარი განწყობა ან მოლოდინი; ასევე სიუჟეტის განხილვისას დააკვირდით, არის თუ არა მასში კონფლიქტი. კონფლიქტი ორნაირია, პერსონაჟის შინაგანი კონფლიქტი ან გარეგანი კონფლიქტი, მისი უთანხმოება გარე სამყაროსთან. აუცილებელია თვალი მიადევნოთ მოქმედების განვითარებას და არ გამოგრჩეთ, როდის გაიხსნება კვანძი;

ნარატივი – სინონიმების ცოდნა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ტავტოლოგია. ბევრმა თქვენს ასაკში არც კი იცის, რომ მონათხრობი იგივე ნარატივია, ხოლო ნარატორი მთხრობელია. ნარატორი პროზაულ ტექსტში ხან თავად პერსონაჟია (ე.ი. პირველ პირში ყვება ამბავს), ხანაც ნარატორი ავტორია. ის მესამე პირში ყვება ამბავს და, როგორც წესი, ობიექტური ან ნეიტრალურია. ხანდახან ნარატორი მკითხველს კი არ გულისხმობს, არამედ პირდაპირ მიმართავს. ასეთ დროს ის მეორე პირს გამოიყენებს. ნარატორი შეიძლება იყოს ყოვლისმცოდნე ან გულუბრყვილო, უბირი. ამ კონტექსტში ეს არაა დასაძრახი სიტყვა, რადგან მწერლის მიერ უბირი და გულუბრყვილო პერსონაჟის გამოყვანა ერთგვარ უპირატესობას აძლევს თხრობას. ზოგჯერ ყველაზე უბირი მკითხველია, რომელმაც არ იცის, რითი დასრულდება ამბავი და მასთან შედარებით პერსონაჟებიც და ნარატორიც უპირატეს მდგომარეობაში არიან. ხანდახან ნარატორს მკითხველი განგებ შეჰყავს შეცდომაში. მკითხველის მიზანია, დროულად მიუხვდეს განზრახვას ავტორს/პერსონაჟს და გახდეს გამჭრიახი მკითხველი. ამგვარად ნარატორი (ხან ავტორიმ ხანაც პერსონაჟი) ან პირველ პირში ყვება ამბავს ან მეორე პირს მიმართვს ან მესამე პირი იყოს. ყველაზე ობიექტური სწორედ ეს მთხრობელია. მისი მოვალეობაა, არ წარმოადგინოს საკუთარი თვალთახედვა, არ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მოვლენების მიმართ. აი, პირველ პირში მონათხრობი კი სუბიექტურია და არაა თავისუფალი მიკერძოებისგან. ასეთ მთხრობელს არასანდო მთხრობელსაც უწოდებენ.

ტექსტის ანალიზი სხვა ტერმინების ცოდნასაც მოითხოვს, რომელთა შესწავლაც მხოლოდ კონტექსტშია შესაძლებელი. ამიტომ შეეცადეთ, იკითხოთ სანდო მკვლევრების პუბლიკაციები. ძალიანაც ნუ ენდობით ინტერნეტს და, თუ ხელი არ მიგიწვდებათ ნაბეჭდ ჟურნალებსა და კრებულებზე, უპირატესობა სამეცნიერო დაწესებულებების გამოცემებს მიანიჭეთ, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში ღიადაა განთავსებული და უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი