„ბარომეტრი“ – მსჯელობის მარტივი, საინტერესო ხერხი  

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან შეიძლება ვისწავლოთ, ის არის, რომ ადამიანები ისტორიის გაკვეთილებიდან არასოდეს სწავლობენ“ -ბერნარდ შოუ.

ეთანხმებით? არ ეთანხმებით? რამდენად მკაფიოა თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? როგორ დაასაბუთებდით თქვენს პოზიციას?

საკითხი საკამათოა და მასთან მიმართებაში ყოველთვის ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა. მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა ითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა განაპირობებს პროგრესს; სხვებისათვის კი მსოფლიო ომები, მოუგვარებელი კონფლიქტები იმის დასტურია, რომ ადამიანებს არ გამოაქვთ დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან. ბუნებრივია, მოსწავლემ საკუთარი პოზიცია რომ დააფიქსიროს, უნდა ჰქონდეს არგუმენტრებული მსჯელობის უნარი, ერკვეოდეს წარმოდგენილ საკითხში, შეეძლოს საკუთარი მოსაზრებების კონკრეტული ფაქტებით დასაბუთება.

მსგავსი პრობლემური საკითხების განხილვაში პედაგოგებს აქტიურად დაეხმარება სტრატეგია „ბარომეტრი“. მისი მეორე სახელწოდებაა – „დაიკავე პოზიცია“.  სტრატეგია ძირითადად საზოგადოებრივ და ფილოლოგიურ მიმართულებებში გამოიყენება, თუმცა საკამათო საკითხების განხილვისას, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებათა მრავალფეროვანი სპექტრი, ამ სტრატეგიით სარგებლობა ნებისმიერი საგნის პედაგოგს შეუძლია. მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იქნება  ესეიზე მუშაობის დაწყების წინ.

სტრატეგია „ბარომეტრი“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოხატონ პრობლემასთან თავიანთი დამოკიდებულება არა მარტო ვერბალურად, არამედ ფიზიკური განლაგებით. ისინი პრობლემასთან საკუთარი დამოკიდებულების მიხედვით დაიკავებენ პოზიციებს და შემდეგ არგუმენტირებულად დაიცავენ მას.  შესაბამისად, ისეთი მოსწავლეებიც კი, რომლებიც მსჯელობის დროს ნაკლებად აქტიური არიან, პროცესში ჩაერთვებიან, რადგან ყველა მათგანი იქნება ვალდებული, ახსნას დაკავებული პოზიცია.

 

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სტრატეგია?

 

  1. საკითხის შერჩევა

სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხის სწორად შერჩევას. განსახილველი პრობლემა გულმოდგინედ უნდა იქნას შერჩეული და უნდა იძლეოდეს განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობას.

პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს წინასწარ დაავალოს საკითხის მომზადება. ასევე, დასაშვებია, პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესში შესთავაზოს მოსწავლეებს პრობლემის მოცემული სტრატეგიით განხილვა, თუკი თვლის, რომ ისინი საკითხის გარშემო ინფორმირებული არიან და წინასწარ აქვთ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზრი.

სტრატეგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ თემის გავლის შემდეგ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ის. პოზიციის განმარტების დროს, მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს დიაგნოსტირება, აქვს თუ არა მოსწავლეს ცოდნა საკითხის გარშემო.

 

  1. სივრცის ორგანიზება

საკლასო ოთახში წინასწარ უნდა განისაზღვროს ადგილი, სადაც მოსწავლეებს U-ს მსგავსად განლაგების საშუალება ექნებათ. U-ს დაბოლოებები გამოხატავს ორ დაპირისპირებულ პოზიციას, ერთი ბოლო ნიშნავს –  „სრულად ვეთანხმები“, ხოლო მეორე კი „კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“.  გარდა ამისა, საჭიროების შესაბამისად, ერთ ბოლოში შეიძლება განვათავსოთ ნებისმიერი განაცხადი, რომელიც თანხვედრაში იქნება პრობლემასთან, ხოლო მეორეში კი – მისი საპირისპირო. სასურველია, პედაგოგმა იზრუნოს სტრატეგიის ვიზუალურ გაფორმებაზე და განაცხადი თვალსაჩინოდ იქნას გაკეთებული ფლიპჩარტის ფურცლებზე.

სტრატეგიის ორგანიზებისათვის, შესაძლებელია, წინასწარ მოვაწესრიგოთ სკამები ან მერხები და განვალაგოთ U-ს ფორმით; ასევე მოსწავლეებს ფეხზე მდგომებს შეუძლიათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ცარცით გავლებული ხაზის გასწვრივ. ეს საკითხი, ძირითადად, ფიზიკური სივრცის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

 

  1. წესების შემუშავება

სტრატეგიის მართვა საკმაოდ რთულია, რადგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციების დაცვა შესაძლოა მოსწავლეებს შორის ურთიერთშეურაცხმყოფელ ქცევებსა და ხმაურში გადაიზარდოს. წინასწარ უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ისეთ ქცევის წესებზე შეთანხმება, რომლებიც განამტკიცებენ ურთიერთპატივისცემას, უზრუნველყოფენ განსხვავებული აზრის მოსმენასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას. როდესაც მოსწავლეები საკუთარ აზრს სთავაზობენ თანატოლებს ან თავიანთ პოზიციას იცავენ, ისინი უნდა საუბრობდნენ „მე“-ს პოზიციიდან და არა გამომწვევად იყენებდნენ ნაცვალსახელს – „შენ“.

შემუშავებულმა წესებმა ხელი უნდა შეუწყოს სტრატეგიის მშვიდ კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას, მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას და თავიდან უნდა აგვაცილოს ცალკეულ მოსწავლეთა დომინირება.

 

  1. აზრების ფორმულირება

მოსწავლეებს უნდა მივცეთ რამდენიმე წუთი, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება საკითხთან მიმართებაში და დააფიქსირონ თავიანთ პოზიცია (ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან წინასწარ მომზადებულ განაცხადს). მათ, რა თქმა უნდა, მოიყვანონ შესაბამისი არგუმენტები. სასურველია, მოსაზრებები ჩამოაყალიბონ წერილობითი სახით, იფიქრონ წამოჭრილ შეკითხვებსა და სავარაუდო პასუხებზე.

ბუნებრივია, მოსწავლეებს გაკვეთილზე არ დასჭირდებათ დრო პოზიციის დასასაბუთებლად, თუკი მისი მომზადება სახლში ექნებათ დავალებული.

 

  1. პოზიციების დაკავება

პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს, დაიკავონ თავიანთი პოზიცია წინასწარ მომზადებული ხაზის (U) გასწვრივ. ისინი ხაზზე დგებიან საკითხთან მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით. რაც უფრო უკიდურეს პოზიციებს იკავებენ საპირისპირო მხარეებზე, მით უფრო მკვეთრად ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მტკიცებას. თუკი აღმოჩნდებიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი პრობლემასთან მიმართებაში, თავდაპირველად შესაძლებელია ისინი შუაში განლაგდნენ და განსაზღვრული დრო მიეცეთ ერთმანეთთან საკითხის განხილვისათვის. დროს გასვლის შემდეგ მათ  უნდა დაიკავონ პოზიციები, წარმოსახვითი ბარომეტრის რომელიმე მხარეს.

 

  1. პოზიციების დასაბუთება

მას შემდეგ, რაც ხაზის გასწვრივ ადგილებს დაიკავებენ, პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს დაასაბუთონ, რატომ დაიკავეს ესა თუ ის პოზიცია, მოუწოდებს მოიყვანონ მაგალითები და სხვა სახის მტკიცებულებანი. საწინააღმდეგო მხარეს განლაგებულ მოსწავლეებს რიგრიგობით უნდა მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ რომელიმე მათგანის დომინირება. ოთხი-ხუთი აზრის გამოთქმის შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არავის სურს პოზიციის შეცვლა. თუკი მსურველი გამოჩნდება, მან უნდა მოიყვანოს არგუმენტი, რატომ სურს გადაადგილება. ყველა მოსწავლის პოზიცია უნდა იქნას მოსმენილი და რომელიმე მათგანს არ უნდა მივცეთ დომინირების საშუალება.

 

7 . შედეგების შეჯამება

შედეგების შეჯამების მრავალი გზა არსებობს. პედაგოგს შეუძლია „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ არგუმენტები დაფაზე ჩამოწეროს და მთელ კლასთან ერთად განიხილოს. გარდა ამისა, დაავალოს მოსწავლეებს წერილობით ჩამოაყალიბონ, შეიცვალა თუ განმტკიცდა მათი პირველადი მოსაზრებები სტრატეგიის განხორციელების შემდეგ.

სასურველია, სტრატეგიის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს დავავალოთ ესეის დაწერა. მოსწავლეები შეაჯერებენ მსჯელობის დროს მოსმენილ არგუმენტებს და ჩამოაყალიბებენ წერილობითი ფორმით.

 

სტრატეგიის  ვარიანტები:

  1. პედაგოგი ხმამაღლა კითხულობს განცხადებას. ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეები თავად განლაგდნენ ხაზის ირგვლივ, ის სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. მოსწავლეები, რომლებიც განცხადებას ეთანხმებიან, ოთახის ერთ მხარეს განლაგდებიან, საპირისპირო პოზიციის მქონენი – მეორე მხარეს, ხოლო ვინც საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ არის – შუაში. პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, დაასაბუთონ, რატომ დგანან დაკავებულ პოზიციებზე. თუკი არგუმენტების მოსმენის შემდეგ რომელიმე მოსწავლე ადგილი შეცვლას მოისურვებს, ამის საშუალება უნდა მიეცეს.
  2. პედაგოგი U-ს მსგავს ხაზს ხაზავს დაფაზე, შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს საკითხთან თავიანთი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხაზის გასწვრივ დაწერონ თავიანთ მოსაზრებები, საბოლოოდ კი მოსწავლეები ასაბუთებენ მათ მიერ დაფაზე გაკეთებულ შენიშვნებს. ეს მიდგომა კარგი საშუალებაა პრობლემასთან კლასის დამოკიდებულების ილუსტრირებისათვის.

 

  • სტრატეგია „ბარომეტრი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიული პირების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, ლიტერატურული პერსონაჟების შეხედულებების განხილვისათვის. თავდაპირველად მოსწავლეების წინაშე დასვით კონკრეტული საკითხი, შემდეგ კი დაავალეთ, შეისწავლოს ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის (ისტორიული პირები, ფილოსოფოსები, სწავლულები და სხვ.) დამოკიდებულება ამ საკითხთან.  ისინი ხაზთან დაიკავებენ ადგილს მათ მიერ შესწავლილი პირების პრობლემასთან დამოკიდებულების მიხედვით და მოიყვანენ არა საკუთარ, არამედ ამ პირების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებს.

 

 

 

რატომ უნდა გამოვიყენოთ სტრატეგია „ბარომეტრი“?

  • სტრატეგიის ორგანიზების ფორმა საინტერესოა და ახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას;
  • სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას კონკრეტული, პრობლემური საკითხის გარშემო;
  • მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, აზრების გაზიარებას, განსხვავებული მოსაზრებების მიღებას;
  • სტრატეგია დაგვეხმარება საკლასო გარემოს ერთფეროვნების დაძლევაში, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

 

 

 

გამოყენებული მასალები:

https://www.facinghistory.org

http://civiceducator.org/take-a-stand-method-controversial-issues/

https://eleducation.org/resources/take-a-stand

http://www.davestuartjr.com/hook/

 

 

 დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

 

კომენტარები

comments