ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი პედაგოგიური მრწამსი – რა არის სკოლა. განათლების შინაარსი

მუხლი მეორე. რა არის სკოლა

მე მჯერა, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური ინსტიტუტია. იმდენად, რამდენადაც განათლება სოციალურ პროცესს წარმოადგენს, სკოლა უბრალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომელშიც ყველა ის საშუალება იყრის თავს, ბავშვს რომ კაცობრიობის მიერ დანატოვარი რესურსის გაზიარების საშუალებას ყველაზე ეფექტური გზებით შეაძლებინებს და საკუთარი ძალების საზოგადო მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება.

მე მჯერა, რომ სკოლა მიმდინარე ცხოვრების რეპრეზენტაციას უნდა წარმოადგენდეს – იმდენად რეალურს და ცოცხალს ბავშვისთვის, რამდენადაც რეალურია მისი შინ, სამეზობლოსა თუ სათამაშო მოედანზე ცხოვრება.

მე მჯერა, რომ ყოველთვის განათლება, რომელიც სათავეს არ იღებს ცხოვრების იმ ფორმებიდან, რომელთა განცდაც თავისთავად ღირებულია, უტყუარი სინამდვილის უხეირო შემცვლელია და შეზღუდვისა და ჩახშობისკენაა მიდრეკილი.

მე მჯერა, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუტი, არსებულ საზოგადოებრივ ყოფას უნდა ამარტივებდეს – მის ჩანასახობრივ ფორმამდე უნდა დაჰყავდეს იგი. არსებული რეალობა იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია ბავშვი მას დაბნეულობისა თუ შფოთვის გარეშე შეეხოს; ის ან მიმდინარე მოვლენათა მრავალრიცხოვნებით ისე გადაიტვირთება, რომ თავად დაკარგავს თანმიმდევრული უკუქმედების უნარს, ან იმდენად აღეგზნება ამ მრავალფეროვნებით, რომ თავისი უმწიფარი ძალებით დროზე ადრე ჩაებმება ამ თამაშში და გაუმართლებლად სპეციალიზირდება, ან უმიზნოდ ფანტავს საკუთარ შესაძლებლობებს.

მე მჯერა, რომ როგორც გამარტივებული საზოგადოებრივი ყოფა, სასკოლო ცხოვრება ეტაპობრივად, ოჯახური ცხოვრებიდან თანდათან უნდა გამომდინარეობდეს; მან უნდა მოიცვას და გააგრძელოს ის აქტივობები, რომელთაც ბავშვი შინიდანვე იცნობს.

მე მჯერა, რომ სკოლამ ეს აქტივობები ისე უნდა აღადგინოს და ბავშვს ისე უნდა წარმოუდგინოს, რომ მან მათი მნიშვნელობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზროს და ამ აქტივობებში მონაწილეობა თავადვე შეეძლოს.

მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიურ აუცილებლობაა, რამდენადაც იგი ბავშვის თანმიმდევრული ზრდის უზრუნველყოფის ერთადერთ გზას წარმოადგენს და სკოლაში წარმოდგენილი ახალი იდეებისთვის წარსული გამოცდილების წასამძღვარებლად ერთადერთი საშუალებაა.

მე მჯერა, რომ ეს აგრეთვე სოციალური აუცილებლობაცაა, რამდენადაც ოჯახი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომლის ფარგლებშიც ბავშვი იზრდება და რომელთან კავშირშიდაც ზნეობრივად იწვრთნება. სკოლის ამოცანას წარმოადგენს გააღრმავოს და განავრცოს იმ ღირებულებათა გაგება, რომელთაც ბავშვი ოჯახში ეზიარება.

მე მჯერა, რომ თანამედროვე განათლების დიდი ნაწილის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ამ ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფაა – განიხილავდეს სკოლას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმას. არსებული გაგებით, სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეს განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, სადაც კონკრეტული გაკვეთილები უნდა ისწავლებოდეს ან სადაც გარკვეული ჩვევები უნდა ყალიბდებოდეს. მათი ღირებულება, ამ მოსაზრებით, შორეულ მომავალში გამოჩნდება; ბავშვმა ეს ყველაფერი უნდა აკეთოს იმიტომ, რომ მომავალში კიდევ რაღაც გააკეთოს – ეს უბრალოდ სამზადისია. შედეგად, ყოველივე ამას არ შესწევს უნარი ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს, ამდენად იგი ჭეშმარიტად საგანმანათლებლო ხასიათს მოკლებულია.

მე მჯერა, რომ ზნეობრივი აღზრდა-განათლება სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმის ამ გაგებაზე კონცენტრირდება; რომ საუკეთესო და ყველაზე საფუძვლიანი მორალური წვრთნა არის სწორედ ის, რომელსაც სხვებთან განსჯისა თუ საქმიანობის პროცესში გაერთიანებით მიღებული მჭიდრო ურთიერთობით ვიღებთ. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემები, იმდენად, რამდენადაც სპობენ თუ უგულებელყოფენ ამ ერთიანობას, ნამდვილ, რეგულარულ მორალურ აღზრდას ართულებენ ან შეუძლებელს ხდიან.

მე მჯერა, რომ ბავშვის საქმიანობის სტიმულირება და კონტროლი თავად საზოგადოების ყოფით უნდა ხორციელდებოდეს.

მე მჯერა, რომ არსებულ პირობებში სტიმული და კონტროლი მასწავლებლიდან ზედმეტად მომდინარეობს, რისი მიზეზიც სწორედ სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმისიდეის უგულებელყოფაა.

მე მჯერა, რომ სკოლაში მასწავლებლის ადგილის და საქმიანობის განსაზღვრაც სწორედ ამ საფუძვლებიდან უნდა ხდებოდეს. მასწავლებელი არ არის სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვს გარკვეული იდეები მოახვიოს თავს ან ესა თუ ის ჩვევა ჩამოუყალიბოს; არამედ საზოგადოების წევრია, ვინც ის გავლენები უნდა გამოყოს, რომლებიც ბავშვზე ზემოქმედებენ და მიეხმაროს მას ჯეროვნად უპასუხოს ამ გავლენებს.

მე მჯერა, რომ სკოლაში დისციპლინა სასკოლო ცხოვრების მთლიანობიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უშუალოდ კონკრეტული მასწავლებლისგან.

მე მჯერა, რომ მასწავლებლის საქმეა მხოლოდ უპირატეს გამოცდილებასა და ზრდასრულ სიბრძნეზე დაყრდნობით განსაზღვროს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ბავშვი ცხოვრებისეულ დისციპლინას.

მე მჯერა, რომ ბავშვის შეფასებასა და [საფეხურეობრივ] დაწინაურებასთან დაკავშირებული ყველა საკითხიც იმავე სტანდარტის შესაბამისად უნდა წყდებოდეს. გამოცდები საჭიროა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მზაობის ხარისხს ადგენს და ცხოვრებაში მის იმ ადგილს გამოავლენს, სადაც ის ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება და სადაც ის ყველაზე მეტად შეძლებს დახმარების მიღებას.

მუხლი მესამე. განათლების შინაარსი

მე მჯერა, რომ ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრება მის წვრთნასა დაზრდაში კონცენტრაციისა თუ მიმართებების მთავარი საფუძველია. სოციალური ცხოვრება არაცნობიერ დონეზე აერთიანებს და განაპირობებს მის ძალისხმევასა და მიღწევებს.

მე მჯერა, რომ სასკოლო კურიკულუმის შინაარსი სოციალური ცხოვრების პრიმიტიული არაცნობიერი ერთიანობიდან საფეხურეობრივ გამოცალკევებას უნდა ასახავდეს.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვარღვევთ ბავშვის შინაგან ბუნებას და ეთიკის კუთხით საუკეთესო შედეგების მიღწევას ვართულებთ იმით, რომ ზედმეტად მეყსეულად ვაწვდით მას სპეციალიზირებული საგნების მთელ რიგს, კითხვას, წერას, გეოგრაფიას და ა.შ., ისე, რომ ამას კავშირი არ აქვს მის სოციალურ ცხოვრებასთან.

მე მჯერა, რომ სასკოლო საგნებს შორის ურთიერთმიმართების ნამდვილი ცენტრი არა ბუნებისმეტყველება, ლიტერატურა, ისტორია ან გეოგრაფია, არამედ თავად ბავშვის სოციალური საქმიანობებია.

მე მჯერა, რომ არ შეიძლება განათლება მხოლოდ ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სწავლებაში ან ე.წ. ბუნებისმეტყველებაში გაერთიანდეს, რადგან ადამიანის საქმიანობის გამოკლებით, ბუნება თავისთავად არ არის სრული; ბუნება, თავისი არსით, სივრცესა და დროში არსებულ მრავალ განსხვავებულ საგანს წარმოადგენს და თუ შევეცდებით იმას, რომ ის ცენტრალურ სამუშაო საგნად ვაქციოთ, სინამდვილეში კონცენტრირების ნაცვლად, გაფანტვის პრინციპს დავამკვიდრებთ.

მე მჯერა, რომ ლიტერატურა არის სოციალური გამოცდილების ანარეკლი და ინტერპრეტაცია; ამიტომაც, ის ამ გამოცდილების თანმდევი უნდა იყოს, ნაცვლად იმისა, რომ წინ უსწრებდეს მას. მაშასადამე, ის ვერ იქნება საფუძველი, თუმცა შეიძლება საფუძვლების მოკლე აღწერილობად მოგვევლინოს.

მე მჯერა, აგრეთვე, რომ ისტორია საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია იმდენად, რამდენადაც ის სოციალური ცხოვრების და განვითარების ფაზებს აღწერს. ის სოციალურ ყოფასთან თანხვედრის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ მას ავიღებთ, როგორც უბრალოდ ისტორიას, მას შორეულ წარსულში გადავისვრით, რის გამოც უსიცოცხლო და ინერტული გახდება. ხოლო, თუ მას განვიხილავთ, როგორც ადამიანის სოციალური ყოფისა და განვითარების ამსახველ ჩანაწერს, ის უკვე მნიშვნელობით ივსება. მიუხედავად ამისა, ისტორიის ამგვარად გამოყენება არ მიმაჩნია მართებულად თუ მისი საშუალებით ბავშვი სოციალურ ცხოვრებას პირდაპირი გზით არ ეზიარება.

მე მჯერა, რომ განათლების ძირითადი საფუძველი ბავშვის იმ შესაძლებლობებშია, რომლებიც მიყვება იმავე შემოქმედებით გზებს, რომლებმაც ცივილიზაციის განვითარება გამოიწვია.

მე მჯერა, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ მიეხმარო ბავშვს საკუთარი სოციალური მემკვიდრეობა გააცნობიეროს, მისთვის ქცევის იმ ფუნდამენტური ტიპების აღსრულებისთვის საჭირო საშუალების მიცემაა, რომლებიც ქმნიან ცივილიზაციას ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, მაშასადამე, გამომხატველობითი და შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობისა, რომლისკენაც ყურადღება უნდა იყოს მიმართული.

მე მჯერა, რომ ამგვარი მიდგომა განსაზღვრავს საზომს რომლის მიხედვითაც, მზარეულობისთვის, კერვისთვის, ხელსაქმისთვის, ა.შ. მოიძებნება ადგილი სკოლაში.

მე მჯერა, რომ ეს არ არის ის სპეციალური საგნები, რომლებსაც მოსწავლეები უამრავი სხვა საგნებზე დამატებით უნდა ეცნობოდნენ, როგორც განტვირთვისა და დასვენების ან დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებებს. მე მჯერა, რომ, როგორც ტიპები, ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური ფორმებია; მჯერა, რომ შესაძლებელი და სასურველია ბავშვი კურიკულუმის სხვა უფრო ფორმალურ საგნებს ამ აქტივობათა გაშუალებით გაეცნოს.

მე მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლა საგანმანათლებლო ხასიათისაა იმდენად, რამდენადაც იგი იძლევა ცოდნას იმ საშუალებებისა და პროცესების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას განაპირობებენ ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, რომ მეცნიერების თანამედროვე სწავლების ერთერთი უდიდესი დაბრკოლება მასალის წმინდა წყლის ობიექტური ფორმით წარმოდგენა ან სრულიად ახალი და განსაკუთრებული სახის გამოცდილებად მიჩნევაა, რომელიც ბავშვმა მის უკვე არსებულ გამოცდილებას უნდა დაუმატოს.რეალურად, მეცნიერება ფასობს იმით, რომ უკვე არსებული გამოცდილების ინტერპრეტირებისა და წარმართვის საშუალებას იძლევა. მას უნდა ეცნობოდნენ არა როგორც სრულიად ახალ შინაარსს, არამედ როგორც წინარე გამოცდილებაში არსებული ფაქტორების გამოაშკარავების და ამ გამოცდილების უფრო იოლი და ეფექტური რეგულირების საშუალებას.

მე მჯერა, რომ ჩვენ ლიტერატურისა და ენის შესწავლის კუთხით სწორედ სოციალური ელემენტის უგულებელყოფით ბევრ ღირებულს ვკარგავთ. ენას პედაგოგიურ სახელმძღვანელოებში თითქმის ყოველთვის მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალებად განიხილავენ. მართალია, რომ ენა ლოგიკის საშუალებაა, მაგრამ იგი ძირითადად და პირველ რიგში სოციალური ინსტრუმენტია. ენა ურთიერთობის, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაზიარების საშუალებაა. როდესაც ენას მხოლოდ კერძო ინფორმაციის მიღების ან ცოდნით თავის მოწონების საშუალებად განვიხილავთ, ის თავის სოციალურ მოტივს და მიზანს კარგავს.

მე მჯერა, რომ იდეალურ სასწავლო პროგრამაში სასწავლო საგნების არანაირი საფეხურეობრივი თანმიმდევრულობა არ არსებობს. თუ განათლება ცხოვრებაა, მთელ ცხოვრებას მეცნიერული, ხელოვნების, კულტურული და საკომუნიკაციო თვალსაზრისები დასაბამიდანვე აქვს; გამომდინარე აქედან, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს აზრი, რომ ერთ საფეხურზე შესწავლისთვის შესაფერის საგნებად უბრალო წერა-კითხვა მოიაზრებოდეს და მხოლოდ შემდგომ დონეზე შემოდიოდეს ლიტერატურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროგრესის პირობას წარმოადგენს არა საგნების თანმიმდევრულობა, არამედ გამოცდილების ფარგლებში ახალი დამოკიდებულებებისა და ახალი ინტერესების განვითარება.

და ბოლოს, მე მჯერა, რომ განათლება გამოცდილების უწყვეტი რეკონსტრუქციის პროცესს უნდა გულისხმობდეს; რომ განათლების პროცესი და მიზანი ერთი და იგივეა.

მე მჯერა, რომ რაიმე მიზნის განათლების გარეთ დასახვა, როგორც მისი ძირითადი ორიენტირისა და სტანდარტისა, განათლების პროცესისთვის მნიშვნელობის წართმევის ტოლფასია და ეს განგვაწყობს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ყალბ და გარეგან სტიმულებს დავეყრდნოთ.

დასაწყისი: ჯონ დიუი – ჩემი პედაგოგიური მრწამსი – რა არის განათლება

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი