ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ეს მიწა ღვთისაა!“

კომანის ტრაგედიის შესახებ გვიან გავიგე, ორი თუ სამი წლის შემდეგ. ის გაზეთიც მახსოვს და ის ფოტოც – მამა ანდრიასი და წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრისა, სადაც ამ გულისშემძვრელი ამბის შესახებ ეწერა. ამბავზე, რომელიც თავის თავზე მეტი აღმოჩნდა.

ასეთი ამბები ქმნის ისტორიას, სამყაროს ჯაჭვს, რომლითაც ის შეუცნობლის უღრან სინათლეს ებმის და ტოვებს ადამიანის ნაფეხურებს სამყაროში. შესაძლებლის, აღსრულებულის უტყუარ ანაბეჭდებს.

1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ერთ მშვენიერ სოფელში მოხდა ეს ამბავი. კომანი ჩვეულებრივი სოფელი არ ყოფილა – ეს სამგზის სიწმინდით მონიშნული ადგილია მსოფლიო საქრისტიანოში: აქ განისვენებს წმინდა იოანე ოქროპირის ლუსკუმა, აქ მოედინება წმინდა ვასილისკოს წყარო და იგია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ალაგიც. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი (კომანის დაცემის შემდეგ მტერმა ადვილად შეძლო სოხუმამდე გზა გაეკაფა) სწორედ ამ სოფელს უკავშირდება.

წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარში შეფარებულ ქართველებს შორისაა აფხაზი იური (გიორგი) ანუა და მისი ცოლ-შვილი. იური ანუა ქართველების „მხურვალე სიყვარულში ისედაც შენიშნულია“, ბოლო დროს კი, სეპარატისტულად მოაზროვნე ბრბოსთვის კატეგორიულად მიუღებლად იქცევა – სწორედ მისი ფინანსური და ყოველმხრივი ხელშეწყობით განახლდა ეს ტაძარი. იური ანუა აგებდა ეკლესიებს, იდგა ქართველების გვერდით და სიკვდილამდე ქადაგებდა ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების ერთად ყოფნის გარდაუვალობას. ჩვენს ძმობას, ნათესაობას.

ტაძარში შეჭრილმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა იური ანუა გაიყვანეს და წამებით მოკლეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

ტაძრის წინამძღვარი, 27 წლის მამა ანდრია (ყურაშვილი) კი, ტაძარში თავშეფარებული ადამიანების თვალწინ დახვრიტეს. ყველაზე მძაფრი ამ ამბავში მამა ანდრიასა და მკვლელებს შორის გამართული უკანასკნელი დიალოგია. ისინი მუხლებზე დააჩოქებენ ახალგაზრდა ბერს და აიძულებენ, კითხვაზე – თქვი, ეს ვისი მიწაა, გასცეს მათთვის სასურველი პასუხი. მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობს – ეს ღმერთის მიწაა. ვისი მიწაა, ქართველების თუ აფხაზების? _ ისევ ჩასძახიან და იარაღს საფეთქელთან უტრიალებენ. ღმერთის მიწაა – არის პასუხი. და ასე, სამჯერ. სამგზის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და გასამყარებლად…

მამა ანდრიას ზურგში ესროლეს და პირქვე კი არ ჩაემხო, ზურგითვე გადავარდა და გული კომანის ცას მიუშვირა. სამი დღე სდიოდა სისხლი ცხედარს.

ტაძარში მყოფმა იური ანუას ცოლ-შვილმა, რამდენიმე კაცის დახმარებით, შეძლო მისი დასაფლავება.

მამა ანდრია ყურაშვილის საფლავი დღესაც აფხაზეთშია. ღმერთის მიწაზე.

ეს – ამბავი ამბად, და მე კიდევ ორჯერ წავიკითხე ის, უკვე ტექსტებად ქცეული. გულისგამგლეჯ ტექსტებად: ცირა ყურაშვილის „ხიზნები კომანის მონასტრიდან“ და შორენა ლებანიძის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდაათი დღე“.

ცირა ყურაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. მასთან კომანზე და მამა ანდრიაზე საუბარს კი სულ ვეკრძალვი, რადგან ვიცი, რა ტკივილები აეშლება და რამდენ ხანს გასტანს მის ყურთასმენაში ამ ქაოსურად მოჟღრიალე ტკივილების  რეზონანსი. მამა ანდრია ცირას უმცროსი ძმაა. მრავალშვილიანი ოჯახის დედმამიშვილების ცხოვრებაში, პაატას (მამა ანდრიას) მოწამებრივმა აღსასრულმა ყველაფერი შეცვალა, ახალი ფურცლიდან დაიწყო. თითქმის ყველა და-ძმა სასულიერო გზას შეუდგა, ცირა კი ერში მუშაკობს, იწვის სანთელივით. სხვა მეტაფორა არც მახსენდება, მასზე რომ ვფიქრობ, მის ერში მონასტრულ ცხოვრებაზე, მის სოფელზე, უთავალავ საქმეზე, ხშირად ათი კაცის ძალისხმევა რომ სჭირდება; მის შემოქმედებაზე – ამ ღონიერ მოვლენაზე ჩვენს ლიტერატურაში, მის ცისფერ თვალებსა და სევდაზე, თავშლის ბოლოსავით რომ აქვს უცხო თვალისთვის უხილავად, თავისთავში შეხვეული და წუთისოფლის პაპანაქებას იმით იჩრდილებს…

წელს, 5 ივლისს 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან. მე მაინც გავბედე და ცირა ყურაშვილს მამა ანდრიაზე დაველაპარაკე…

 

ნ.ს.:  მამა ანდრიას ბავშვობაზე გვიამბე, ცირა. შენს ნოველებში და მოთხობებში იგონებ კიდეც ცალკეულ დეტალებსრა ჰქონდათ საერთო ბავშვ პაატა ყურაშვილს და ბერ მამა ანდრიას და როგორ გაიარა ეს გზა მან, ბავშვობიდან ბერობამდე?

ც.ყ.:  მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ამ მრავალშვილიან ოჯახში დამბადა და ამ გარემოში გავიზარდე… სიტყვა ,,ძმა“ და ,,ძმები“ ჩემთვის უტოლდება საღვთო გზას, ჭეშმარიტების ძიებას და ამ გზაზე მზრუნველობას, ბოლომდე ტვირთვას, მხარში შედგომას, რაც უნდა ვაღიარო – ოქროს დუმილზე მეტად მხატვრული ნაწარმოების შექმნის ვერცხლისფერ იმპულსებად ტრიალებს ჩემს არსებაში და გამოვლენას ელის…

ვფიქრობ, მამა ანდრიას განსაკუთრებული  მეტამორფოზა არ გაუვლია ამ გზაზე, რადგან მასში ბავშვობიდანვე იყო სულიერი სათნოებების გამოკვეთილი ნიშნები. უბრალოდ მან ბერობაში  ღვაწლი გააასკეცა. ეს ჩვეოდა – საოცარი სიმტკიცე და გულმოდგინება არჩეულ გზაზე, არა ნელთბილობა, რაც თანამედროვე ადამიანებს გვახასიათებს, არამედ ბოლომდე დახარჯვა მიზნის მისაღწევად.  მიზანი კი  იყო არა განღმრთობის ის ფორმა, რომელიც წმინდა ადამიანში ღვთაებრივი სასწაულების ქმნის უნარად ვლინდება, არამედ ის, რაც ამ ღვაწლს მოჰყვა -გოლეულივით გატკბა მის ბაგეზე ღვთის სახელი და უკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა  ნარკოტიკს მიმართოს, როცა ღვთის სიტკბოება ისე ღვენთავს სულს და სხეულს, თითქოს თაფლის ათას ნაკადებად გაედინები…

ამიტომ პაატა – მამა ანდრია ჩემთვის ერთი მთლიანი პიროვნებაა და ისე ვერ განვიცდი, როგორც ბერობის საიდუმლო ითხოვს. ხდები ბერი – კვდება შენი ძველი ხორციელი ,,მე“ და ახალ სიცოცხლეს ედება საწყისი.

ნ.ს.: მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრულიშენთვის, მწერლისთვის, ალბათ მხატვრული აქტიცაა რაღაცით. დღეს როგორ საუბრობ ამაზე?

ც.ყ.: მამა ანდრიას აღსასრული ჩემთვის არის ახალი, მარადიული სიცოცხლის დასაწყისი. ამ ჩემთვის ერთდროულად ზარდამცემმა და სადღესასწაულო აქტმა უნებლიეთ გაჟონა მხატვრულ ნაწარმოებებში. ადამიანი ამ მოვლენის სიღრმეს  თავისთავში რომ იტევდეს, გაცილებით უკეთესია მისთვისაც და სხვისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მსუბუქი ბუნება  ასეთი ღვაწლისთვის არ აღმოჩნდა მზად. თან როცა ვსაუბრობ, მგონია, ეს მაგალითი ვინმეს გამოადგება, რადგან ჩემს თავს დავკვირვებივარ, ზოგჯერ ერთ სიტყვას გავურიდებივარ ბოროტს, შეუცვლია გადაწყვეტილების მიმართულება.

ნ.ს.: მისი საფლავიშენი და შენი ოჯახის დამოკიდებულება მისი საფლავის მიმართ

ც.ყ.: მამა ანდრიას საფლავი უნდა იყოს იქ, სადაც არის, რომელი ადგილისკენაც ის მთელი არსებით ისწრაფვოდა და არა მარტო თავისთვის სურდა ასე, არამედ ჩემი უმცროსი ძმის (ახლა მღვდელ-მონაზონია) და დედის წაყვანაც უნდოდა ამ წმინდა ადგილას…

ნ.ს.: 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან და აფხაზეთის კონფლიქტიდან. რას ეტყოდი დღეს აფხაზებს?ფაქტობრივად – მამა ანდრიას და იური ანუას მოწამეობრივი აღსასრული არის მაგალითთა მაგალითი, ყველაზე დიდი ნიმუში ჩვენი ბედისწერული და ბუნებრივი ერთადყოფნისა…

ც.ყ.: დიახ, 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან, ამ კონფლიქტიდან და თუ არ მეშლება ამ უთანხმოებამ ორივე მხარე თანაბრად დააზარალა, ხელიდან გამოაცალა საუკეთესო გენოფონდი, შეუფერხა განვითარება, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად გააზრება და მიზეზთა პოვნა სჭირდება. ადამიანის სიცოცხლე მეტად ხანმოკლეა, ერიც თავისი განშტოებებით მარადიულად არ იარსებებს, ის ოდესღაც აუცილებლად შეწყვეტს სიცოცხლეს… მისი სიცოცხლისუნარიანობა კი პირდაპირ კავშირშია იმ ენერგეტიკის ჰარმონიულობაზე, სიგნალებზე, რომელსაც სამყაროს, კოსმოსს უგზავნის… სწორედ სიცოცხლის ეს შეზღუდულობა, ხანმოკლეობა, წარმავლობა უნდა იყოს დამაფიქრებელი ყველასთვის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის, რადგან რაზეც ვდგავართ, ეს მიწა ღვთისაა და ყველაფრისთვის პასუხი მოგვეკითხება…

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი