ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ასერტული ქცევის კონცეფცია საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი II)

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ასერტული ქცევის განხორციელებისას ადამიანი იცავს საკუთარ მოსაზრებებს, გამოთქვამს აზრებს და გრძნობებს პირდაპირ, ღიად, ამავე დროს პატივს სცემს სხვების შეხედულებებს. ასერტული ადამიანი მოქმედებს ზედმეტი მღელვარებისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. ის პასუხისმგებელია თავის ქცევასა და არჩევანზე. წარუმატებლობის შემთხვევაში მას შესაძლოა დაეუფლოს იმედგაცრუება, თუმცა ამით მისი თვითაღქმა და თვითშეფასება არ ზარალდება. ასერტულ ადამიანს თავისუფლების განცდა აქვს, რადგან მოქმედებს საკუთარი საჭიროებების და არა სხვათა მოლოდინის შესაბამისად. მას აქვს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება, თუმცა იცის, რომ მუდამ გამარჯვებული ვერ იქნება. ასერტული ქცევის ადამიანი ფლობს აქტიური მოსმენის ტექნიკას (ამ უკანასკნელის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ კიდეც), კოლეგიალურია და ხშირად იყენებს თანამშრომლობის გამომხატველ ფრაზებს, მაგ.: „რას ფიქრობთ ამის შესახებ?” – და სხვა.
როგორ იქცევიან ასერტული მასწავლებლები?
1. ასერტული მასწავლებლები მოქმედებენ სწრაფად, ენერგიულად, მართავენ მოსწავლეების ქცევას ყველა საჭირო შემთხვევაში და ურთიერთობის ყოველ ეტაპზე; მათ არ მიაჩნიათ, რომ ცუდ საქციელს აქვს მისაღები მიზეზი (ბიოლოგიური ფაქტორით გამოწვეული გამონაკლისის გარდა).
2. ასერტულ მასწავლებლებს მკაფიოდ აქვთ გააზრებული ცუდი ქცევის ნეგატიური შედეგები და მოქმედებენ შემუშავებული წესების შესაბამისად. ისინი მართავენ შეხვედრებს მოსწავლეებთან, წერენ დაფაზე წესებს და უხსნიან, ამოწმებენ, გაიგეს თუ ვერა, განმარტავენ, რა საჭიროა ამ წესების შემოღება და დაცვა. მთელი წლის განმავლობაში (პროგრამის ამოქმედებიდან მალევე) გადახედავენ მათ, რათა შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. სთხოვენ მოსწავლეებს, ჩაიწერონ ისინი და წაიღონ სახლში, აჩვენონ მშობლებს, ხელი მოაწერინონ. ამის შემდეგ წესები ძალაში შედის.
3. წესები ფორმულირებული უნდა იყოს შემდეგნაირად: გაიწეროს, რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ (და არა პირიქით – რა არ უნდა გააკეთოს). მოსწავლეები, რომლებიც არღვევენ წესებს, ისჯებიან. აღსანიშნავია, რომ დასჯა არ გულისხმობს უპატივცემულობას, მტრობას და დამცირებას; ის გულისხმობს მოსწავლისთვის დისკომფორტის შექმნას. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მან გააკეთა არასწორი არჩევანი, როდესაც დაარღვია წესი და ამით ხელი შეუშალა სწავლაში თანაკლასელებსაც და საკუთარ თავსაც. მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ არჩევანს, დაიცვან ან არ დაიცვან წესები. პოზიტიური შედეგი დგება მათთვის, ვინც იცავს წესებს და ნეგატიური – მათთვის, ვინც თავს არიდებს. არჩევანის უფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ ქცევაზე.
4. მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ მკაფიო და ზუსტ მითითებებს – ეუბნებიან მათ, რისი გაკეთებაა საჭირო. მაგ., „იყავით ყურადღებით” არაეფექტიანი მითითებაა. უმჯობესია თქვათ: „მინდა, შეწყვიტოთ მოძრაობა, შემომხედოთ და მომისმინოთ ჩუმად, როცა ამ მნიშვნელოვან თემას გიხსნით”. ასერტულ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მითითებები მოსწავლეებს სწორი ქცევის განხორციელებაში ეხმარება. ისინი არ ეძებენ შემთხვევას, რომ მოსწავლეები ცუდ საქციელში „გამოიჭირონ”, პირიქით, ყოველთვის მზად არიან, ხაზი გაუსვან მათ კარგ ქცევას. მასწავლებლები აჩვენებენ მოსწავლეებს, რომ ისინი თანასწორი პარტნიორები არიან და არა მოწინააღმდეგენი. კანტერები გვირჩევენ, არ მივმართოთ სასჯელს, თუ ბავშვებთან საუბარი სიტუაციის განმუხტვაში დაგვეხმარება.
5. კარგი ქცევის მქონე მოსწავლეები აღიარებულნი არიან და იმსახურებენ მადლობას წესების დაცვისთვის. ვერბალურ ქებასთან ერთად მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას, წამახალისებელ პრიზს, მოსწავლემ შეიძლება მიიღოს ქების ფურცელი, რომელსაც აჩვენებს მშობლებს. გამოიყენება ჯგუფური ჯილდოებიც. მაგალითად, კარგი ქცევისთვის ჯგუფის ყულაბაში იყრება კენჭები. ყულაბის გავსების შემდეგ ტარდება სპეციალური ღონისძიება. ასერტული მასწავლებელი ყოველი ასეთი ღონისძიებისთვის არჩევს შესაბამის აქტივობას, მაგ., „კინოს/თეატრის დღე” და სხვა. 
6. ქცევის ასერტული მართვის პროგრამები უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხოებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სწავლის პროცესი ხორციელდება უსაფრთხო გარემოში. რასაკვირველია, მოსწავლეები უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როცა მასწავლებლები კომპეტენტურად მართავენ კლასს. ასერტულ მასწავლებლებს ახასიათებთ მაღალი სოციალურ პასუხისმგებლობა, ისინი მუდმივად ეკონტაქტებიან მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ მათი შვილები სწავლობენ სამართლიან, მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
კანტერები გამოყოფენ სამ სტილს ან ფილოსოფიურ პოზიციას, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ კლასის მართვისას:
1. პასიური მასწავლებლები, რომლებიც ხშირად არიან არათანმიმდევრულნი და არ აქვთ სურვილი, გავლენა მოახდინონ მოსწავლეთა ქცევაზე. ისინი მკაფიოდ ვერ აყალიბებენ, რა სურთ მოსწავლისგან და რა არის მიუღებელი მათთვის. წესების დამკვიდრებისას მათ ახასიათებთ თხოვნის (და არა მოთხოვნის) ტენდენცია. ასეთი მასწავლებლები მოსწავლეებში იწვევენ დაუცველობისა და ფრუსტრაციის განცდას (Charles, Senter, 2011). მოვიყვანთ პასიური მასწავლებლის პასუხების მაგალითებს: „იქნებ შეწყვიტო საუბარი, როცა გაკვეთილს ვხსნი (მუდარის ტონით)”; „რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?”; “ანა, წესები მკაფიოდ არის დაწერილი კედელზე. არ ვიცი, რატომ არ იცავ”.
2. პასიური სტილის მასწავლებლებისგან განსხვავებით, აგრესიული სტილის მასწავლებლები ყვირიან, იმუქრებიან, მიმართავენ სარკაზმს. შედეგი შეიძლება იყოს წამიერი, მაგრამ ურთიერთობის ეს სტილი მოსწავლეს ემოციურად აზიანებს, შეურაცხყოფს. აგრესიული პედაგოგი ხშირად კარგავს მოთმინებას და მისი ქცევა ლახავს მოსწავლეთა გრძნობებს, იწვევს მისდამი მოსწავლეთა უპატივცემულობას და აღვივებს შურისძიების გრძნობას. ასეთი მიდგომის ყველაზე უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს მოსწავლეთა ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლისა და, საზოგადოდ, სკოლისადმი. 
მასწავლებლის აგრესიული პასუხის მაგალითები: „დაჯექი და გაჩუმდი”; „დადე ეგ ნივთი, თორემ საერთოდ აღარ გექნება”; „კიდევ ერთხელ მოიქცევი ასე და ნახავ, რასაც მიიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. აგრესიული მასწავლებელი განიხილავს სიტუაციას, როგორც „მე მათ პირისპირ”. ის ყველაფერს პიროვნულად იღებს.
3. პასიური და აგრესიული (ზოგჯერ მტრული) მიდგომების ნაცვლად, კანტერები უპირატესობას ანიჭებენ ურთიერთობის ასერტულ სტილს – მასწავლებელს, რომელიც ნათლად უხსნის მოსწავლეებს შეზღუდვებისა თუ წახალისების არსს. წარმოგიდგენთ ასერტული მასწავლებლის კომენტარის ერთ მაგალითს: 
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი მიდის იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ხმაურობენ. მასწავლებელი მათ მიმართავს: „ნინო და გიორგი, კლასის წესები გვეუბნება: როცა ერთი ადამიანი ლაპარაკობს, მთელი კლასი ჩუმადაა და უსმენს მას. მე მინდა, შეწყვიტოთ საუბარი, შეტრიალდეთ და ყურადღება გაამახვილოთ გაკვეთილის თემაზე”. ამ დროს მასწავლებელი მოქმედებს მშვიდად, თავდაჯერებულად და საქმიანად. 
ასერტული მასწავლებლები ხშირად იყენებენ „გაფუჭებული ჩანაწერის” ტექნიკას, რაც გულისხმობს იმავე ან მსგავსი მოთხოვნის რამდენჯერმე გამეორებას, მაქსიმუმ სამჯერ. ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლის მოთმინების გამოცდა. ამ დროს მასწავლებელი ცვლის ქცევას და წესებიდან გამომდინარე მოქმედებს. 
„გაფუჭებული ჩანაწერის” ტექნიკა ხშირად უფრო ჭრის, ვიდრე მუქარა, ხელის გადასმა და მოსყიდვის მცდელობა. 
ასერტული მასწავლებლები არა მარტო ელიან მათი მოლოდინის ასრულებას, არამედ სიამოვნებით წაახალისებენ სასურველი ქცევის შედეგებს, რაც შემდგომ მოტივაციას უმაღლებს ცუდი ქცევის მქონე მოსწავლეების.
ასერტული მასწავლებლის საკლასო ოთახში სითბოსა და მხარდაჭერის ატმოსფეროა, რასაც დაცულობის შეგრძნებამდე და სწავლისა და სწავლებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნამდე მივყავართ.
რა დაგვეხმარება ასერტულობაში?
1. დაგეგმვა. დაგეგმვას და მასალების წინასწარ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძნელია იყო თამამი და თავდაჯერებული ლიდერი, თუ მოუმზადებელი წარდგები კლასის წინაშე.
2. თანმიმდევრულობა. მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი მოლოდინი და იმედი კლასის მიმართ. თუ მკაფიოდ არ ჩამოაყალიბებთ წესებს და განუხრელად არ დაიცავთ მათ, იმავეს უნდა მოელოდეთ მოსწავლეებისგანაც. არ არის მისაღები ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
3. იმიჯი. პროფესიისთვის ადეკვატური გარეგნობა დამაჯერებლობას მატებს მასწავლებლის ქცევას. ჩვენ უფრო ასერტულად ვიქცევით მაშინ, როცა გამოვიყურებით საუკეთესოდ, რადგან მეტ თავდაჯერებას ვგრძნობთ.
4. ნაკლები საუბარი და მეტი აქცენტი არავერბალურ კომპონენტზე. მასწავლებლებმა უსასრულოდ არ უნდა ილაპარაკონ პრობლემაზე. ეს კონტრპროდუქტიულია. როდესაც მეტი ასერტულობა გჭირდებათ, დაამყარეთ თანამოსაუბრესთან კონტაქტი თვალებით, ილაპარაკეთ მშვიდად და მკაფიოდ. ასერტულობა არ გულისხმობს ხმამაღალ ლაპარაკს. თუმცაღა ასერტულობა გარკვეულწილად სითამამეს მოითხოვს, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი მყვირალა უნდა იყოს. ეს, როგორც აღვნიშნეთ, კონტრპროდუქტიულია. ასერტული მასწავლებელი კლასს ხელმძღვანელობს სხეულის ენის გამოყენებით, თვალებით კონტაქტით.
გაკვეთილისთვის სათანადო მომზადება, თანმიმდევრულობა, შესაფერისი იმიჯი, მკაფიო მეტყველება ეხმარება მასწავლებელს, იყოს უფრო ასერტული (La Fon,A. 201
რა შეიძლება იყოს დაბალი ასერტულობის მიზეზი?
1. დაბალი თვითშეფასება; 
2. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაფიქსირებული განწყობები: „იყავი საუკეთესო”, „ყველას უნდა მოსწონდე” და სხვა;
3. თუ მიიჩნევთ, რომ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ეგოიზმის გამოვლენაა;
4. თუ მიგაჩნიათ, რომ ირგვლივ მყოფებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ თქვენი; 
5. თუ მიგაჩნიათ, რომ გრძნობების გულწრფელი და დაუფარავი გამოხატვა მიუღებელია;
6. თუ გწამთ, რომ შეხედულებები არ უნდა შეიცვალო;
7. თუ შიშობთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში დაკარგავთ მეგობრებს; 
8. თუ შიშობთ, რომ დაკარგავთ მეგობრებს გრძნობების ღიად გამოხატვის გამო;
9. თუ თქვენი კრედოა: „არავის არასოდეს არაფერი ვთხოვო!”
ბუნებრივია, ასერტული მიდგომის მიმართაც არსებობს კრიტიკა. კერძოდ, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ დასჯას, რომელსაც გარკვეული სიფრთხილითა და დოზირებით, მაგრამ მაინც იყენებს ეს მიდგომა, არ მოაქვს სათანადო შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში. წახალისებისა და დაჯილდოების იდეაც ერთგვარად მანიპულაციურ ქმედებას წარმოადგენს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სიტუაციები, როდესაც მასწავლებელი „სჯის” მოსწავლეს, მაგ., რაიმე აქტივობაში ჩაურთველობით. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს მოსწავლისთვის ჯილდო უფროა, ვიდრე სასჯელი, რადგან მას იმთავითვე არ სურდა ამ პროცესში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, იგი ხშირად მოიქცევა ასე  (Ketteringham, 2007). 
ასერტულ მიდგომას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ყველა პრობლემის მიზეზად, რაც კი საკლასო ოთახში წარმოიშობა, მიჩნეულნი არიან მოსწავლეები, რომლებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ (Curwin and Mendler, 1989). 
კანტერები არსად მიუთითებენ, რომ ქცევითი პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს სწავლების დაბალი ხარისხით (Crockenberg, 1982). კლასის მართვის სხვა მოდელები ითვალისწინებენ ამ კრიტიკას და გვთავაზობენ ლიბერალურ (კ. როჯერსი. მ. მარლენდი) ან შედარებით ლიბერალურ (ი. კუნინი, რ. დრეიკერსი) მიდგომებს, რომელთაც, თავისთავად, ასევე აკრიტიკებენ. არ არსებობს უნიკალური მიდგომა, რეკომენდაცია, რომელიც ყველა მასწავლებლისა თუ მოსწავლისთვის, ყველა სიტუაციისა თუ შემთხვევისთვის გამოდგება. ყველა მათგანი სერიოზულ გააზრებასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი