ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კერძო დამატებითი სწავლება: მისი მოდელებისა და შედეგების შედარებითი ანალიზი

რეპეტიტორობა დიდხანს იყო დამახასიათებელი
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის
 – ისეთებისთვის,
როგორებიც არიან იაპონია, ჰონკონგი, სამხრეთი კორეა, ტაივანი. ბოლო დროს მან იმატა
აზიის სხვა ნაწილშიც, ასევე – აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს რეპეტიტორობის ზრდაზე, სხვადასხვანაირია, მაგრამ ის ყველგან
მნიშვნელოვნად აისახება სწავლებასა და ოჯახის შემოსავლებზე. მაღალშემოსავლიან ოჯახებს
საშუალება აქვთ, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი დამატებითი სწავლება შესთავაზონ
შვილებს. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ, უკეთესად ისწავლონ სკოლაშიც და საბოლოოდ მაღალანაზღაურებადი
სამსახურიც იშოვონ. დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილები კი, რომელთაც ამის საშუალება
არ აქვთ, შეიძლება ჩამორჩნენ თანატოლებს და ზოგიერთმა თავიც კი დაანებოს სწავლას. კერძო
მომზადება უშუალო გავლენას ახდენს რეპეტიტორების ხელფასებზე, ხელს უწყობს პროფესიონალების
დასაქმებას და შემოსავლის ზრდას.

რეპეტიტორობა განათლების სისტემის
ჩრდილოვანი მხარეა. ასეთად ის რამდენიმე მიზეზის გამო განიხილება.


პირველესად, ის არსებობს მხოლოდ
იმიტომ, რომ არსებობს საყოველთაო განათლების სისტემა.


მეორე – ის ასახავს საყოველთაო განათლების სისტემის მდგომარეობას; განათლების სისტემის
ცვლილება სტრატეგიის ან ხელმისაწვდომობის მიმართულებით უმალვე ცვლის ჩრდილოვან სისტემასაც.


მესამე – თითქმის ყველა საზოგადოებაში მეტი ყურადღება ექცევა ძირითად სისტემას და არა
ჩრდილოვანს.


მეოთხე – ჩრდილოვანი სისტემის მახასიათებლები ნაკლებად მკაფიოა, ვიდრე ძირითადის.

რეპეტიტორობა მსხვილი ინდუსტრიაა აზიის ქვეყნების უმრავლესობაში
და ვითარდება აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. განსაკუთრებით შესამჩნევია
ეს ფენომენი განათლების სტადიის გარდამავალი ეტაპებისთვის, როდესაც მოსწავლე გადადის
დაწყებითი კლასებიდან შუალედურში ან შუალედურიდან მაღალში.

რეპეტიტორობა მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს სწავლის ხარისხსა და შემოსავლებზე. ზოგ მოსწავლეს დამატებითი დახმარების გარეშეც
შეუძლია სწავლა, მაგრამ ოჯახები მეტი კონკურენტუნარიანობისთვის მაინც აგრძელებენ მათ
მომზადებას. მეორე მხრივ, სხვებს, რომლებიც არცთუ კარგად სწავლობენ, ეშინიათ, არ ჩამორჩნენ,
თუ რეპეტიტორების დახმარება არ გამოიყენეს. აქ ჩნდება კითხვები სამართლიანობის შესახებ.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეპეტიტორის დახმარება არა მარტო განათლების პროცესში
მაღალ მიღწევებს უწყობს ხელს, არამედ მომავალში ამ ბავშვების შემოსავალზეც ახდენს გავლენას.

ეს საქმიანობა განსაზღვრავს თავად
რეპეტიტორების შემოსავალსაც. ბევრი დამკვირვებელი კრიტიკულადაა განწყობილი რეპეტიტორობის
ინსტიტუტისა და მისი შედეგებისადმი, მაგრამ მისი დადებითი მხარეებია მასწავლებლების
(და ამ სფეროში მოღვაწე სხვა პირების) დასაქმება და შემოსავალი.

 

რეპეტიტორობის
მოდელები და ვარიანტები

ძნელია, ჩრდილოვან განათლებაზე მონაცემების
მოძიება, რადგან მას ძირითადად არაფორმალური ხასიათი აქვს. რეპეტიტორები ხშირად არ
არიან რეგისტრირებულნი, რათა გადასახადებს თავი აარიდონ და მოსწავლეთა რაოდენობაც ცვალებადია.
მოსწავლეებიც ხშირად არ ახმაურებენ ამ ფაქტს – ერიდებათ, რომ დახმარება სჭირდებათ ან
არ სურთ, ხაზი გაუსვან მათ კონკურენტულ უპირატესობას თანაკლასელების მიმართ, მაგრამ
კვლევებმა გარკვეული მოდელები და ვარიანტები მაინც გამოავლინა.

მშობელთა დიდი ნაწილისთვის რეპეტიტორთან
ბავშვის მიყვანა მშობლიური მზრუნველობის გამოხატულებაა. რეპეტიტორების დაქირავება უფრო
დიდი სტრატეგიის ნაწილია – როდესაც მშობლები დიდ იმედებს ამყარებენ განათლებაზე, მათთვის
მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც ბავშვებს შემეცნებით აზროვნებას უვითარებს და საერთოდ,
ყურადღებას აქცევენ შვილების სწავლას. ასეთი მიდგომები დამახასიათებელია ამბიციური
და ელიტური ოჯახებისთვის. მათი ინვესტიცია ადამიანურ და სოციალურ კაპიტალში მართლაც
უწყობს ხელს სწავლის ფასეულობის განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად
უზრუნველყოფს დახარჯული საშუალებების უკან დაბრუნებას. ბავშვები, რომლებიც ასეთ დამატებით
განათლებას იღებენ, წესისამებრ, უკეთ სწავლობენ სკოლაში და განათლების სისტემის უფრო
მაღალ სააფეხურზე აგრძელებენ სწავლას.

მათთან მკვეთრ კონტრასტს ქმნიან დაბალშემოსავლიანი
ოჯახები, რომლებიც მასწავლებლების მხრივ მუდმივად აწყდებიან მათი შვილების „დახმარების”
მოთხოვნას. მაგ., კამბოჯაში მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ
კერძო გაკვეთილებზე სიარულს სთხოვენ. ეს თითქოს არ არის სავალდებულო, მაგრამ მშობლებმა
იციან, რომ თუ შვილები ამ დამატებით გაკვეთილებზე არ ატარებს, მათ არა მარტო არ ეცოდინებათ
ის, რაც პროგრამით უნდა იცოდნენ, არამედ მასწავლებლის მხრივ ცუდ მოპყრობასაც შეეჯახებიან,
პრობლემები შეექმნებათ კლასიდან კლასში გადასვლისას.

ორი განსხვავებული მაგალითი ერთსა
და იმავეზე მეტყველებს: მშობელმა უნდა გათვალოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ
დაიფაროს განათლების სისტემის ნაკლი. ეგვიპტეში საბაზო სკოლის დამამთავრებელი ეროვნული
გამოცდის შედეგები განსაზღვრავს, ვინ მოხვდება პროფესიული განათლების არაპრესტიჟულ
სასწავლებლებში და ვინ წავა ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში, საიდანაც სახელმწიფო უნივერსიტეტში
მოხვედრა გარანტირებულია. კარგშემოსავლიანი ოჯახები ინვესტიციას დებენ რეპეტიტორებში,
რომ დაეხმარონ შვილებს გამოცდების ჩაბარებაში და საშუალო სკოლაში მოხვედრაში. ასეთი
ოჯახები იგებენ იმით, რომ ადრეულ დანახარჯს იბრუნებენ უნივერსიტეტებში – სახელმწიფო
სუბსიდირების, ხოლო შემდგომ, მუშაობის დაწყებისას, შედარებით მაღალი ხელფასების ხარჯზე.

ამ მაგალითებიდან შეიძლება გამოვიტანოთ
დასკვნა, რომ ზოგიერთ ოჯახს იმედგაცრუება ეუფლება, რადგან განათლება მოითხოვს ხარჯებს,
რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ამ მიზეზით შეიძლება სკოლაც კი მიატოვებინონ ბავშვს.
გარდა ამისა, მშობლები გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვის სქესის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში
მიაჩნიათ, რომ ინვესტირება ბიჭის განათლებაში ჯობს, რადგან ის უფრო იოლად იშოვის სამსახურს.

 

რეპეტიტორობის
ეფექტურობა

თუ რეპეტიტორობას ინვესტიციის კუთხით
განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ დანახარჯი ყოველთვის არ იძლევა შედეგს. ბევრი რამ დამოკიდებულია
არა მხოლოდ რეპეტიტორობის ხარისხსა და ორიენტაციაზე, არამედ მოსწავლის მოტივაციასა
და უნარებზეც, ასევე – განათლების სისტემის სტრუქტურასა და კონტექსტზე. ამ მხრივ არც
ისე ბევრი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ რაც ჩატარდა, ყურადღებას იმსახურებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად,
მავრიკიაში რეპეტიტორობა ზემოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალებაა კითხვის უნარის
განსავითარებლად. საბერძნეთში ასევე გამოვლინდა დადებითი კორელაცია კერძო რეპეტიტორობასა
და აკადემიურ მიღწევებს შორის. გერმანიაში რეპეტიტორებთან მოსიარულე ბავშვებს უფრო
მაღალი მაჩვენებლები და მოტივაცია აქვთ. იგივე სურათია კენიაში, სადაც იშვიათობაა,
როდესაც მოსწავლე მეორე წელსაც რჩება კლასში და საერთოდ, ბავშვები იქ მაღალ აკადემიურ
შედეგებს აჩვენებენ.

სხვა კვლევები, პირიქით, იმაზე მეტყველებს,
რომ რეპეტიტორობა კორელაციაში არ არის აკადემიურ მიღწევებთან. ეგვიპტეში ის გავლენას
არ ახდენს მოსწრებაზე. გამოითქვა ვარაუდი, რომ სკოლაში აკადემიური მიღწევების განმსაზღვრელი
ფაქტორია მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი და არა რეპეტიტორთან მეცადინეობა.
სინგაპურის ელიტურ ოჯახებში გამოვლინდა უარყოფითი გავლენა ბავშვთა გადატვირთულობის
გამო. ინგლისში აღმოჩნდა, რომ გოგონები ბიჭებზე ნაკლებად აუმჯობესებენ შედეგებს.

კვლევების შედეგებს სიფრთხილით უნდა
მოვეკიდოთ, რადგან სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეებისთვის გამოიყენება
რეპეტიტორობის განსხვავებული ფორმები. რეპეტიტორობის ზოგიერთი ფორმა მიმართულია სიტუაციის
გამოსწორებისკენ, ზოგი – დახმარებისკენ, რომ თანატოლებს არ ჩამორჩნენ, ზოგან კი მას
ცოდნის გაფართოებისთვის იყენებენ. ამასთან, რეპეტიტორებად მუშაობენ როგორც კვალიფიციური
პროფესიონალები, ისე სტუდენტები და სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებიც კი. ბევრი რამაა
დამოკიდებული ბავშვისა და მშობლის მოტივაციაზეც. ზოგჯერ კერძო მასწავლებელთან ბავშვი
წამხედურობის გამო დაჰყავთ, ზოგჯერ კი იმისთვის, რომ უსაქმოდ არ იყოს. მოტივაციისა
და რეპეტიტორობის ფორმების ასეთი მრავალფეროვნების დროს მოსალოდნელია, შედეგები განსხვავებული
იყოს. და მაინც, გონივრულად მიგვაჩნია, ვურჩიოთ შეძლებულ ოჯახებს, თანხა რეპეტიტორებში
დააბანდონ, რადგან ეს საგრძნობლად ზრდის მათი შვილების შედეგებს სასკოლო სისტემაში.

 

სოციალური
გადანაწილება (სტრატიფიკაცია) და ხელისუფლების რეაქცია

იმის გათვალისწინებით, რომ კერძოდ
მომზადების რაოდენობა და ხარისხი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული, რეპეტიტორობა უდაოდ
წარმოადგენს სოციალური სტრატიფიკაციის დახმარებისა და გაძლიერების მექანიზმს. გარდა
ამისა, ის უმთავრესად ქალაქებშია ხელმისაწვდომი. მიზეზთა გამო ხელისუფლებას აშფოთებს
რეპეტიტორობის არსებობა და სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს ამ ფაქტზე.

ზოგიერთი ხელისუფლება უძლურია, რამე
მოიმოქმედოს რეპეტიტორების წინააღმდეგ. ეს დამახასიათებელია იმ ქვეყნებისთვის, სადაც
პედაგოგები იძულებული არიან, მცირე ხელფასების გამო დამატებითი შემოსავალი ეძებონ.
მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, ვიეტნამში. მრავალი პედაგოგისთვის
რეპეტიტორობა საარსებო წყაროა. ხელისუფლება უკმაყოფილოა, მაგრამ მას არ გააჩნია რესურსი
მასწავლებლისთვის სათანადო ხელფასის გადასახდელად.

ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება აკრძალვასაც
მიმართავს. მაგალითად, მავრიკიაში სადაც რეპეტიტორობას სუსტი განათლების სისტემა წარმოშობს.
სკოლა ვერ უზრუნველყოფს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ამიტომ მოსწავლეებს რეპეტიტორის
დახმარება სჭირდებათ. ხელისუფლებამ აკრძალა ეს საქმიანობა, მაგრამ უშედეგოდ. ასეთივე
სურათია სამხრეთ კორეაში. ორივეგან ხელისუფლება აკრძალვის მთავარ მიზეზად ასახელებდა
სკოლებს შორის უთანაბრობის შემცირებას, მაგრამ ამ მეთოდებმა არ იმუშავა. პირიქით, აკრძალვამ
რეპეტიტორობა უფრო მოთხოვნადი გახადა.

იაპონიაშიც მსგავსი სიტუაციაა. იქ
არსებობს
juku
„აუცილებელი ორგანიზაცია” იმ ნაპრალის ამოსავსებად, რომელიც არსებობს იაპონიის განათლების
სისტემაში სახელმწიფო სკოლებში სწავლებასა და მისაღები გამოცდების მასალას შორის. წარჩინებულ
ბავშვებს იქ ცოდნის გასაღრმავებლად გზავნიან, ხოლო ჩამორჩენილებს – იმისთვის, რომ თანაკლასელებს
დაეწიონ.

სხვა ქვეყნებში დინამიკა განსხვავებულია.
დიდ ბრიტანეთში რეპეტიტორობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია სახელმწიფო სასკოლო სისტემის
მზარდი სტრატიფიკაცია მისთვის დამახასიათებელი რეიტინგების გასაჯაროების, რესურსების
უზრუნველყოფის, წახალისებისა და უკმაყოფილების სისტემით. ლონდონში რეპეტიტორობის ბუმია.
ის ბავშვის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ უღიარებელი ფაქტორია. ის არასახარბიელო
მდგომარეობაში აყენებს საშუალო ფენის ოჯახების ბავშვებს და, ამასთან, ამახინჯებს მაჩვენებლებს,
რომლებიც სხვადასხვა რეიტინგში სკოლაში სწავლების ხარისხს ასახავს. შესაბამისად უსარგებლოს
ხდის სახელმწიფოს სტრატეგიას, რომელიც სტანდარტების ამაღლებისკენ არის მიმართული. ხელისუფლებამ
ამ საკითხის იგნორირება მოახდინა, თუმცა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც 2002
წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი თავისი შვილებისთვის რეპეტიტორებს
ქირაობდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველგან ცდილობს, აკონტროლოს რეპეტიტორობა.

 

დასკვნა

კერძო რეპეტიტორობას დიდი ხნის ისტორია
აქვს, ბოლო დროს კი მან ძალზე ფართო მასშტაბი შეიძინა. მისი მამოძრავებელი ძალაა კონკურენტული
გარემო და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობის
ძლიერი რწმენა. აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეპეტიტორობის არსებობის მიზეზია
დამატებითი შემოსავლის საჭიროება. რეპეტიტორობა ხელს უწყობს და ავითარებს სოციალურ
სტრატიფიკაციას. ის ასევე ზრდის ნაპრალს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის, ზოგან
კი გოგონებსა და ბიჭებს შორისაც. ოჯახები, რომლებიც ფულს რეპეტიტორობაში აბანდებენ,
უკეთეს სტარტს აძლევენ შვილებს, მაგრამ ამან შესაძლოა ბავშვების გადატვირთვა გამოიწვოს.
რეპეტიტორობა ყოველთვის არ იძლევა სათანადო შედეგს, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული
თვითონ ბავშვზეც, მის მოტივაციაზე, ასევე – ოფიციალური განათლების სისტემის სტრუქტურასა
და კონტექსტზე. რეპეტიტორობა ზოგან ეკონომიკის სოლიდურ სექტორად იქცა.

ჩრდილოვან განათლებას უდიდესი გავლენა
აქვს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტ ყურადღებას მოითხოვს ხელისუფლებისა
და მკვლევარების მხრივ. რეპეტიტორობის მიზეზებისა და შედეგების შედარებითი ანალიზით
ბევრი რამ ხდება გასაგები, ამას კი, თავის მხრივ, შესაბამის პოლიტიკურ რეაქციებამდე
მივყავართ.

 

გამოყენებული
ლიტერატურა:


1.                 

Марк Брэй. ЧАСТНОЕ ДОПОЛНИТЕЛЬНОЕ ОБУЧЕНИЕ (РЕПЕТИТОРСТВО):
СРАВНИТЕЛЬНЫЙ АНАЛИЗ МОДЕЛЕЙ И ПОСЛЕДСТ
ВИЙ. 2007. пер. с англ. Е. Фруминой


2.                 

Bray Mark. Private Supplementary Tutoring: Comparative Perspectives on
Patterns and Implications

// A
Journal of Comparative Education. 2006.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი